მიზანი, რომელიც არ ამართლებს საშუალებებს
2003 წელს, ვარდების რევოლუციის შემდგომ ხელისუფლებაში მოსულმა მთავრობამ აგრესიული საპრივატიზაციო პოლიტიკა წამოიწყო. რისი ერთ-ერთი მიზანიც რაც შეიძლება ბევრი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოზიდვა იყო. აღსანიშნავია, რომ 2004-05 წლებიდან საქართველოში მკვეთრად გაიზარდა FDI-ის ოდენობა. მას შემდეგ, ხელისუფლება აქტიურად საუბრობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმთავრეს როლზე ეკონომიკური ზრდის პროცესში.
ბოლო ათწლეულია უცხოური ინვესტიციები თითქმის ყოველთვის წელიწადში 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს, თუმცა განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზრდას და დაპირებულ კეთილდღეობას მოსახლეობა ამაოდ ელის.
2007-2016 წლებში სულ 12,990 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ყველაზე მეტი FDI-ი 2007 წელს შემოვდა, როცა პირველად და ჯერ-ჯერობით უკანასკნელად ინვესტიციებმა 2 მლრდ. დოლარს გადააჭარბა (2,014 მლრდ. აშშ.). ყველაზე ცოტა კი 2009 წელს – 658 მილიონი დოლარი, როდესაც მსოფლიოსა და საქართველოში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა.
2007-08 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17% პრივატიზაციაზე მოდიოდა, ხოლო მომდევნო წლებში ამ მიმართულებით FDI-ის რაოდენობა შემცირდა და ბოლო წლებში მთლიან მაჩვენებლის 1%-საც კი არ შეადგენს. აღსანიშნავია, რომ თუ 2006-07 წლებში უცხოური ინვესტიციების დინამიკა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდასთან მოდის კორელაციაში, როდესაც ამ პერიოდში საშუალოდ წლიურად 11%-იანი ზრდა გვქონდა. 2011 წლიდან ვითარება შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 3 წელიწადში 2014-16 წლებში იმაზე მეტი FDI-ი შემოვიდა ვიდრე ნებისმიერ სხვა სამწლედში, თუმცა საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2014-16 წლებში საშუალოდ 3,4%-ს შეადგენს.
საყურადღებოა, რომ 2007-2016 წლებში საქართველოში განხორციელებული 12,9 მლრდ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციიდან, ყველაზე მეტი 3,155 მლრდ. (მთელი FDI-ის 24%) ტრანსპორტსა და კავშრგაბულობაში ჩაიდო, ხოლო ყველაზე ცოტა სოფლის მეურნეობაში 134 მილიონი (მთელი FDI-ის 1%) განხორციელდა. თუ მშპ-ს ზრდის სტრუქტურას ჩავხედავთ აღმოჩნდება, რომ ბოლო 10 წელიწადში ყველაზე მაღალი ზრდის ტემპით საფინანსო სექტორი გამოირჩევა, რომელიც 2-ჯერ უსწრებს ტრანსპორტისა და კავშრგაბმულობის მიმართულებას, სადაც თავის მხრივ ორჯერ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო.
2006-2016 წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ წლიურად 4,4%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საფინანსო სფეროზე („ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასება“ + „საფინანსო საქმიანობა“) მოდის. საფინანსო სფერო წლიურად საშუალოდ 25%-ით იზრდებოდა, რომელსაც „სამთომოპოვებითი მრეწველობა“ მოსდევს 8,2% და „ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა“ 8,1% წლიური საშუალო ზრდით.
რაც შეეხება გასული 10 წლის მანძილზე ყველაზე ნაკლებად ზრდად სფეროებს, მათ შორის დიდი დისტანციით სოფლის მეურნეობა ლიდერობს, რომლის წლიური ზრდის ტემპი 1%-საც კი ვერ აღწევს. ასე მაგალითად, 2006-2016 წლებში „სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა; თევზჭერა, მეთევზეობა“ წლიურად საშუალოდ 0,7%-ით იზრდებოდა.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მონაცემებით დასაქმებულთა 48% სოფლის მეურნეობის სფეროზე მოდის, სადაც იმავე წლის მაჩვენებლების თანახმად საშუალო ხელფასი 578 ლარია. მაშინ, როცა ქვეყანაში საშუალო ხელფასი 900 ლარს შეადგენდა. მათ შორის ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო საქმიანობაში ფიქსირდება 1 691 ლარის ოდენობით. მაშინ როცა საფინანსო სფეროში მთლიანი დასაქმებულების მხოლოდ 4,95% მოდის.
თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების დინამიკასა და სიღარიბეს შორის პარალელებს გავავლებთ, ვნახავთ რომ 2006-08 წლებში როდესაც საქართველოს ეკონომკაში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო და მშპ-ს ყველაზე მაღალი ზრდა ფიქსირდებოდა, უმუშევრობა, სიღარიბე და ჯინის კოეფიციენტი გაიზარდა. ასე მაგალითად, ჯინის ინდექსი 2007 წელს 0,38-დან 0,40-მდე გაიზარდა მომდევნო წლებშიც შენარჩუნდა. უთანასწორობის (ჯინი) შემცირება 2011 წლიდან დაიწყო, როდესაც საქართველო არც მაღალი ეკონომიკური ზრდითა და არც დიდი უცხოური ინვესტიციებით გამოირჩეოდა.
ამასთან, 2007-08 წლებში ზრდა დაფიქსირდა, როგორც უმუშვერობის 13,3-დან 16,5%-მდე, ასევე სიღარიბის მაჩვენებლის გაუარესებაც 2006-07 წლებში 34,7-დან 37,4%-მდე. საყურადღებოა, რომ ბოლო სამ წელიწადში, როდესაც ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო (წლიურად საშუალოდ 3,4%) გაუმჯობესება ფიქსირდება როგორც დასაქმების ისე სიღარიბის და უთანასწორობის შემცირების კუთხით.
საინტერესოა რა სარგებელი ნახეს იმ რეგიონებმა სადაც ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო. თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეგიონების მიხედვით გადანაწილებას გადავხედავთ, ვნახავთ რომ ბოლო 8 წლის მანძილზე საქართველოში განხორციელებული მთელი FDI-ის (9,4 მლრდ. აშშ დოლარი) 73,6% თბილისზე მოდის 6,9 მლრდ. დოლარი. ანუ, მთლიანი FDI-ის ¾ საქართველოს დედაქალაქში კეთდება. მეორე მესამე ადგილებს უცხოური ინვესტიციების ოდენობით 2009-2016 წლებში აჭარა და სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურია იკავებს, შესაბამისად 875 მლნ. (მთელი FDI-ის 9%) და 500 მლნ. (5%) დოლარით. გამოდის რომ სხვა ყველა დარჩენილ რეგიონზე მთელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 12% მოდის.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისი მთელი FDI-ის ¾-ს ისრუტავს საქართველოს დედაქალაქში ყველაზე მაღალია უმუშევრობის დონე და ის 22%-ს (2016 წ. წყარო „საქსტატი“) შეადგენს. თბილისის შემდგომ დასაქმების პრობლემა ყველაზე მწვავედ აჭარაში დგას, სადაც უმუშევრობა 13%-ს უტოლდება. საყურადღებოა, რომ ორ უცხოელ ინვესტორთათვის ყველაზე მიმზიდველ რეგიონებში უმუშევრობა ყველაზე მაღალია და ორჯერ და მეტჯერ აღემატება კახეთს, სადაც შიდა ქართლის მერე, ყველაზე ცოტა FDI-ი განხორციელდა 52 მლნ. დოლარი, რაც მთლიანი მაჩვენებლის 0,5%-ია. თუ დასაქმების მაჩვენებელს გადავხედავთ, წინა წლებში რეგიონების ჭრილში იგივე ტენდენცია იყო რაც 2016 წელს.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეგიონების მიხედვით(ათასი აშშ დოლარი) | ||
რეგიონი | FDI 2009 – 2016 წ. | უმუშევრობა2016 წ. |
სულ საქართველოში | 9,411,899 | 11,8% |
ქ. თბილისი | 6,929,509 | 22% |
აჭარა | 875,260 | 13% |
სამეგრელო-ზემო სვანეთი დაგურია | 500,290 | 10% |
ქვემო ქართლი | 473,133 | 8,6% |
იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემოსვანეთი | 301,774 | 10,8% |
სამცხე-ჯავახეთი | 250,797 | ??? |
კახეთი | 52,327 | 5,4% |
შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი | 28,806 | 9,2% |
საერთაშორისო გამოცდილება
ზოგადად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირეა შიდა ინვესტიციებთან შედარებით, თუმცა ბოლო წლებში მათ წილი და მნიშნელობა იზრდება. მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში 2000 წლიდან მოყოლებული პირველ ათწლეულში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი მშპ-ს თან შედარებით 2,2%-დან 3,6%-ის ფარგლებში მერყეობდა. 1990-იან წლებში ეს მაჩვენებელი 1%-ის ფარგლებში იყო, ხოლო 80-იან წლებში 1%-ზე ნაკლები. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ნაკლებ სტაბილურად ითვლება შიდა ინვესტიციებთან შედარებით, თუმცა კერძო ინვესტიცების ერთ-ერთი საუკეთესო ფორმაა.
FDI-ს როგორც წესი ბუნებრივი რესურსები აინტერესებს, საიდანაც მოკლე პერიოდში მაღალი მოგების მიღებაა შესაძლებელი ან/და სტაბილური გარემო იზიდავს, საიდანაც გრძელვადიან პერიოდში შესაძლებელია დაბალრისკიანი მოგების მიღება. უცხოური ინვესტიციები ნაკლებად სენსიტიურები არიან ეკონომიკური კრიზისების მიმართ ბანკებთან შედარებით. ასე მაგალითად, FDI როგორც წესი ჩადებულია შახტებში, ფაბრიკებსა და ქარხნებში, შესაბამისად კრიზისი არ ახდენს მათზე სწრაფ ზემოქმედებას. მაშინ, როცა კრიზისის დასაწყისშივე საბანკო კრედიტები მკვეთრად ეცემა ხოლმე.
FDI-ს მიერ დასაქმებული მოქალაქეების რაოდენობა მთლიან მაჩვენებელში, განვითარებად ქვეყნებში საშალოდ 5%-ს შეადგენს. ერთის მხრივ FDI-ი ორიენტირებულია დაბალი ხარჯებით მაქსიმალური ეფექტის მიღებაზე, ანუ დაბალი ხელფასები და სამუშაოს ცუდი პირობები. თუმცა მეორეს მხირვ პრაქტიკიდან ჩანს, რომ საერთაშორისო ფირმებში დასაქმებული მოქალაქეთა, როგორც საშუალო ხელფასი ისე სამუშაო პირობები ბევრად უკეთესია ვიდრე ადგილობრივი ფირმების შემთხვევაში.
FDI-ი ხელს უწყობს ეკონომიკაში სპეციალიზაციას. FDI-ი ორიენტირებულია ისეთი პროდუციის წარმოებით რომელიც შემდეგ ექსპორტზე გავა და მოგებას მოიტანს. შესაბამისად ხდება ისეთ სფეროებში თანხების ჩადება, რომლებიც მეტნაკლებად კონკურენტული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. FDI-ს სარგებელთა შორის შეგვიძლია განვიხილოთ უცხოური კაპიტალთან ერთად, გამოცდილების, ტექნიკის, იდეების იპორტირება, რომელის გამოყენების შემთხვევაში ეს კომპანიები ქვეყნებს ეხმარებიან საერთაშორისო ბაზრზებზე გასვლაში. ამასთან ხდება დასაქმებულების და მენეჯერების გადატრენინგება.
განვითარებადი ქვეყნების ხელისუფლებები როგორც წესი იყენებენ სამი ტიპის პოლიტიკას უცხოური ინვესტიციებისგან მაქსიმალური შედეგის მისაღწევად. ასე, მაგალითად:
ზოგადად საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ინვესტორებისთვის, რომელიც გამოიხატება ინფრასტრუქტურის განვითარებით, არაეფექტური რეგულაციების შემცირებით და მუშა ხელის ხარისხის ამაღლებაში.
FDI-ისთვის სპეციალური ხელშემწყობი პოლიტიკის შემუშავება, როგორიც შეიძლება იყოს საგადასახადო სამოთხეების შექმნა, დასაქმებულთა გადატრენინგება, იმპორტის შეზღუდვა ან/და ექსპორტის ხელშეწყობა.
საერთაშორისო კომპანიებისთვის რეგულაციების დაწესება, როგორიც შეიძლება იყოს წილების ფლობაზე ან მოგებაზე შეზღუდვების დაწესება, რათა რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს მათგან ქვეყანამ.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისგან მაქსიმალური სარგებლის მიღების იმედით ბევრი ქვეყნის ხელისუფლება სხვადასხვა სახის შეზღუდვებსა და რეგულაციებს უწესებს საერთაშორისო კომპანიებს. მათ შორის შეზღუდვები შეიძლება იყოს მფლებელებზე, დასაქმებულთა ოდენობაზე, მოგების ზედა ზღვრის დაწესება და ა.შ. შესაძლებელია, რომ მკაცრი რეგულაციების პოლიტიკამ ქვეყნისათვის FDI-ისგან მისაღები სარგებელი გაზარდოს, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხშირ შეთხვევაში ასეთი ქმედებები უკუშედეგს იწვევს.
თუკი განვიხილავთ საქართველოს ეკონომიკის მსგავს ქვეყნებს, სად რა შედეგები მოიტანა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყანას ბევრად კარგი მაჩვენებლები აქვს FDI-ის კუთხით, თუმცა შედეგი ნაკლები. ასე მაგალითად, სომხეთში 2006-2016 წლებში სულ 5,8 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შევიდა. ამ პერიოდში FDI-ის წილი მშპ-სთან მიმართებაში წლების მანძილზე 1-9%-ის ფარგლებში მერყეობდა. მისი ეკონომიკის ზრდამ საშუალოდ 3,9%-ი შეადგინა. 2006-2007 წლებში კი როდესაც საქართველოში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა და მშპ-ს ზრდაც ისტორიულად მაღალი იყო (საშუალოდ 11%), ჩვენი მეზობლის ეკონომიკა 2006-07 წლებში საშუალოდ 13,5%-ით გაიზარდა. ეს იმ ფონზე, რომ ამ წლებში სომხეთში სულ 1,15 მლრდ. დოლარის FDI-ი შევიდა, ხოლო იმავე პერიოდში საქართველოში 3-ჯერ მეტი 3,2 მლრდ. აშშ დოლარის.
დასკვნის სახით
საყურადღებოა, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და ეკონომიკურ ზრდას შორის კორელაცია საქართველოს შემთხვევაში არ ფიქსირდება. 2006-07 წლებში როდესაც მაღალი იყო მშპ-ს ზრდა და ინვესტიციები, მაშინ მთელს რეგიონში მაღალი ეკონომიკური განვითარების ტემპი იყო. ბოლო ბოლო სამ წელიწადს, 2014-16-ის პერიოდს, როდესაც საქართველოში სამწლიან პერიოდში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა ჩვენი ეკონომიკური ზრდა ისეთივე დაბალი იყო (3,4%) როგორც რეგიონის ქვეყნების. ამასთან, საყურადღებოა, რომ ინვესტიციების ბუმმა 2006-07 წლებშ არ გამოიწვია უმუშევრობის და სიღარიბის შემცირება, არამედ პირიქით ამ კუთხით მდგომარეობა რადიკალურად გაუარესდა.
მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ საქართველოს ბოლო 15 წლის საინვესტიციო პოლიტიკა დაახლოებით ასე ჟღერს – „მთავარია უცხოური ინვესტიცია იყოს, აზრი არ აქვს ვინ არის, რა სფეროში ჩაიდება, რა პირობების დაკმაყოფილება მოუწევს ინვესტორს ან ამისათვის რა ქონების ჩუქება მოგვიწევს კერძო მეწარმისთვის“. შედეგად, მივიღეთ სიტუაცია, როდესაც სახელმწიფომ გასცა უამრავი ქონება, ხშირ შემთხვევაში ღირებულებაზე დაბალ ფასად იმ იმედით, რომ იქ უცხოელი ინვესტორი ფულს ჩადებდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზთა გამო მან ეს არ გააკეთა, ხოლო რამდენიმე წელიწადში ხელისუფლებამ ინვესტირების ვალდებულებაც გაუუქმა. ასეთი უამრავი შემთხვევა იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში.
კვლევებით დასტურდება, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციები ძირითადად პოზიტიურად აისახება ქვეყნის განვითრებაზე. თუმცა გასული 10 წლის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საზოგადოებაში შექმნილი მოლოდინებს არაფერი აქვს საერთო იმ შედეგთან რაც FDI-იმ საქართველოს მოუტანა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს არ აქვს საინვესტიციო პოლიტიკა, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ხდება ფრაგმენტული ნაბიჯების გადადგმა. ასე მაგალითად, მაშინ გამოაქვს სახელმწიფოს ქონება აუქციონზე თუ ლარის კურსი უფასურდება და დოლარს მოზიდვა უნდა. ასეთ დროს აბსოლუტურად გაუგებარი ნაბიჯებიც იდგმება ხოლმე, როგორიც იყო ეკონომიკის სამნისტროს შენობის პრივატიზაცია. დღესაც შენობის გაყიდვიდან 2 წლის შემდეგ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ნაქირავებში ცხოვრობს. ანდა უცხოელ ინვესტორს ნებიმიერ ადგილს შეუძლია დაადოს ხელი საყიდლად ოღონდ მან ფულის დაბანდების პირობა დადოს. მაგალითად, ანაკლიაში ხელისუფლებამ რამდენიმე კერძო მეწარმეს მიწა ჩამოართვა იმ მიზეზით, რომ მეორე უფრო მსხვილ ბიზნესს უნდა გადასცეს, რომელიც იყო მსხვილი ინვესტიციის ჩადების პირობა დადო. ანუ, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ბევრი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა და ამის გამო ნერბიმიერ ქმდედებაზეა ხელისუფლება წამსვლელი. შედეგად ამ მიზნის მისაღწევად ხშირად უფრო ბევრს თმობს სახელმწიფო ვიდრე რეალურად ფასეული იყოს ესა თუ ის FDI-ის ქვეყნის ეკონომიკისთვის. დღეს არ არის განსაზღვრული თუ რა ტიპის ინვესტიციები ჭირდება საქართველოს, რომელ სფეროში უფრო მეტ სარგებელს მოიტანდა, იქნებ ღირდა, რომ ზოგიერთი სექტორში ინვესტირებაზე დამატებითი წახალისება გაეკეთებინა ხელისუფლებას, ან თუნდაც ისეთი FDI-ისთვის, რომელიც ადგილობრივ წარმოებას შექმნის, განავითარებს ან ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. ფაქტი ერთია, რომ დღეს საქართველოს არ აქვს საინვესტიციო პოლიტიკა, შესაბამისად ქვეყანა ვერ იღებს იმ პოტენციურ სარგებელს რაც FDI-ისგან განვითარებადმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.