18%-იანი უმუშევრობის პარალელურად ბიზნესი კადრების დეფიციტს უჩივის
ბოლო წლებში საქართველოში მოქმედი დამსაქმებლები აქტიურად საუბრობენ სამუშაო კადრების დეფიციტზე. თუ რამდენიმე წლის წინ ეს პრობლემა უფრო კვალიფიციური კადრების ნაკლებობას ეხებოდა, დღეისათვის ბევრი ბიზნესმენი ზოგადად მუშა ხელის დეფიციტს განიციდიან. განსაკუთრებული პრობლემა შეიქმნა პროფესიული განათლების მქონე ადამიანებში და დაბალანაზღაურებად სამსახურების მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უმუშევრობის მაჩვენებლით ერთ-ერთი ბოლოა ევროპის მასშტაბით სულ უფრო მეტი ბიზნესმენი საუბრობს სამუშაო ძალის ნაკლებობაზე.
2022 წლის მეორე კვარტლის შრომის ბაზრის ინდიკატორები ასე გამოიყურება:
სამუშაო ძალა – 1 551 500 ადამიანი;
დასაქმებული – 1 269 900 ადამიანი;
დაქირავებით დასაქმებული – 867 900 ადამიანი;
თვითდასაქმებული – 401 200 ადამიანი;
უმუშევარი – 281 600 ადამიანი;
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე – 51.5%;
დასაქმების დონე – 42.2%;
უმუშევრობის დონე – 18.1%;
საშუალო ნომინალური ხელფასი – 1541 ლარი და 30 თეთრი.
სამუშაო ძალის ნაკლებობაზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ დისტრიბუტორები, სასტუმროები, ჰორეკა სექტორი (ბიზნესის ის სახეობა, რომელიც აერთიანებს საკვების დამამზადებელ ინდუსტრიას, ასევე იმ დაწესებულებებს, სადაც ხდება საკვებითა და სასმელებით გამასპინძლება) და მშენებლები, თუმცა ბოლო პერიოდში მუშა ხელის დეფიციტზე სხვა სფეროებიც ალაპარაკდნენ.
„ნებისმიერ სფეროში, რომელი ბიზნესის წარმომადგენელსაც არ უნდა დაელაპარაკოთ, ყველა დაგიდასტურებთ, რომ არათუ პროფესიონალი ჭირს, არამედ კადრები ჭირს ზოგადად. გამოწვევას რაც შეეხება, ძალიან საღად ვუდგებით, ბაზარზე მოთხოვნა როცა იზრდება და მიწოდება ნაკლებია, ხელფასებს ვზრდით. არის მეორე მომენტიც, გააჩინო მეტი მოტივაცია თანამშრომლებისთვის, რათა არ მოხდეს კადრების გადინება, მათ შორის ქვეყნიდან. თანამშრომლებს აუცილებლად უნდა შევთავაზოთ პირობები, რომელიც ქვეყნის გარეთ გადინებას გააჩერებს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ახალი წლიდან მეტი შემართებითაც. გამომდინარე მაღალი ინფლაციიდან, გვაქვს დათქმა, რომ განსაკუთრებით კომპანიის ქვედა რგოლში, ყოველწლიურად იქნება სახელფასო ზრდა, ინფლაციის ტოლფასი მინიმუმ“, – განაცხადა NOVA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ზვიად აბულაძემ. მისი თქმით, კომპანიამ მუშაობა 8 ადამიანით დაიწყო, ახლა უკვე 800 თანამშრომელი ჰყავს და წლის ბოლომდე 900 გახდებიან.
„კადრების დეფიციტი არა მარტო სამშენებლო სფეროში, არამედ ყველა სფეროში შეინიშნება“ – ამის შესახებ ,,არსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ აღნიშნა, მისი თქმით დღეს არა მარტო პროფესიული კადრების, არამედ ზოგადად კადრების პრობლემა დგას, ამის მიზეზი კი ქვეყნიდან კადრების გადინება და პროფესიული სასწავლებლების არარსებობაა.
“პროფესიული სასწავლებლის მიმართ კიდევ მეტი ინტერესი უნდა გაჩნდეს, თუმცა მანამდე სასწავლებლები უნდა იყოს და მერე რაღაცნაირად პოპულარული უნდა გახდეს ისინი, იმიტომ რომ ვისაც არ უნდა კითხო დღეს, ან იურისტობა უნდა, ან ეკონომისტობა ან ექიმობა და ა.შ. და არავინ არ ამბობს, რომ უნდა მშენებელი იყოს. რაღაცნაირად სახელმწიფოს მხრიდან მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს პროფესიულ სწავლებაზე, სახელმწიფომაც უნდა იცოდეს თუ რა სახის კადრები სჭირდება გრძელვადიან პერსპექტივაში. შეიძლება საერთოდ არ გვჭირდება ამდენი ეკონომისტი და ა.შ. ასე ვერ შეზღუდავ, მაგრამ რაღაცით წახალისება უნდა მოხდეს ხალხის, მანამდე კი სასწავლებლები უნდა არსებობდეს, გამოსავალი ეს არის, ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ“, – აღნიშნა ბესო ორთოიძემ.
სამუშაო ძალის დეფიციტზე საუბრობენ ე.წ. დასაქმების მაძიებელთა საიტებიც. “პანდემიის შემდეგ სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი შემცირებულია და კომპანიიდან გადინება გაზრდილია” – ამის შესახებ დასაქმების სააგენტო ეიჩარის რეგიონულმა მენეჯერმა ინგა შახბაზიანმა ისაუბრა. მისი თქმით თუ პანდემიამდე თუ ერთ ვაკანსიაზე 50 – მდე რეზიუმე შედიოდა დამსაქმებელს, დღეს ეს მაჩვენებელი ათჯერ ნალებია.
„ეს არ არის განპირობებული არც საიტების რეიტინგით, არც ვაკანსიის გავრცელების არეალით, ზოგადად მოთხოვნა დაკლებულია, კონკურენცია დიდია, დღეს სამუშაოს მაძიებლები, მეტნაკლებად უფრო არჩევენ ვაკანსიებს, უყურებენ სამუშაო პირობებს, მოთხოვნა და ისე აკეთებენ არჩევანს და აგზავნიან სივს. რა თქმა უნდა გვაქვს კადრების დეფიციტი და ეს ყველაზე მწვავედ ეხება ჰორეკა სექტორს, იმიტომ რომ ჰორეკა სექტორი ყველაზე მტკივნეულად აღიქვამს ამ პრობლემას, მთელი სეოზნის მანძილზე ვერ ახერხებდნენ კადრების დაკომპლექტებას და ამაზე ძალიან ბევრი ორგანიზაცია საუბრობდა“, – აღნიშნა ინგა შახბაზიანმა.
პოლიგრაფიულ საწარმო „კოლორ ჯგუფისთვის“ კადრების დეფიციტი მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. როგორც კომპანიის გაყიდვების ხელმძღანელმა, მარიამ მუხიგულმა განაცხადა, „კოლორ ჯგუფი“ ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით, მათთან მუშაობის დაწყების მსურველთა პროფესიულ გადამზადებას თავად უზრუნველყოფს. „ჩვენი საწარმო 400-მდე თანამშრომელს აერთიანებს. ამის მიუხედავად, კადრების დეფიციტი ჩვენთვისაც პრობლემას წარმოადგენს. ჩვენთან, საწარმოში ადამიანს კონკრეტული მიმართულების შესწავლა და დასაქმება შეუძლია, თუმცა ახალი კადრების მოძიება მაინც ძალიან გვიჭირს. სულ ძიების რეჟიმში ვართ. ამ პრობლემის გადაჭრისთვის სხვადასხვა მეთოდს ვიყენებთ, მათ შორის, ინტენსიურ ტრენინგებს ვატარებთ“, – აცხადებს მუხიგული
„მუშა რომ დაგჭირდეს, ყველანაირი კვალიფიკაციის გარეშე, ვერ ნახავ, ან ორი წლის წინანდელთან შედარებით, სამჯერ მეტი უნდა გადაიხადო“,- ამის შესახებ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ ზურა უჩუმბეგაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კადრების დეფიციტი ერთ-ერთი წინაპირობაა იმისაც, რომ სამომავლოდ პროდუქტი გაძვირდება.
“მუშახელზე აღარ მაქვს საუბარი. მეცინება, როდესაც ამბობენ ქვეყანას უმუშევრობის პრობლემა აქვსო. მუშა რომ დაგჭირდეს, ყველანაირი კვალიფიკაციის გარეშე, ვერ ნახავ, ან ორი წლის წინანდელთან შედარებით, სამჯერ მეტი უნდა გადაიხადო. სოფელში კაცი აღარ დარჩა, ზოგი ემიგრაციაშია წასული, ზოგი მშენებლობაზე. მუშას ვერ ნახავ”, – აღნიშნავს ზურა უჩუმბეგაშვილი.
„კადრების დეფიციტის თვალსაზრისით ჩვენთან კატასტროფული ვითარებაა, კადრების შენარჩუნება ძალიან გვიჭირს“ – ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ ისაუბრა. მისი თქმით, პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ, როდესაც მიტანის სერვისი პოპულარული გახდა დისტრიბუციის სექტორში კადრების დეფიციტი შეიქმნა.
„ჩვენი მუშა ხელის ძალიან დიდი რაოდენობა მიტანის სერვისში სამუშაოდ გადავიდა, ხოლო მეორეს მხრივ საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდა. სადაც ხელფასები არც თუ ისე დაბალია. თავისთავად ცხადია, რომ როდესაც ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში მაღალია ხელფასების მატებაც უნდა ხდებოდეს. ჩვენ სფეროში ხელფასები 1000 ლარიდან 1500 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ყველა სამუშაოს სჭირდება ადაპტაცია. შესაბამისად საწყის ეტაპზე კომპანიები 700-დან 1000 ლარამდე ანაზღაურებას სთავაზობენ დასაქმებულებს, რაც გარკვეულ წყენას იწვევს“, – აღნიშნა ივა ჭყონიამ.
რამ გამოიწვია კადრების დეფიციტი, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში და როგორ უნდა მოხდეს მათი შენარჩუნება ბიზნესმენებს საინტერესო მოსაზრებები აქვთ. მათ შორის სასტუმრო „კოსტეს“ დამფუძნებელი თამარა ბაღდავაძე ამბობს, რეალურად სასტუმრო და სარესტორნო სექტორმა პანდემიის დროს კადრები მიატოვა და თვითგადარჩენაზე იზრუნა, ტურიზმის აღდგენის შემდეგ კი ამ ბიზნესიდან წასულ თანამშრომლებს უკან დაბრუნება აღარ სურთ.
„როდესაც პანდემიის შემდეგ ტურიზმი ისევ გაიხსნა, სარესტორნო და სასტუმრო სექტორი იყო პირველი, სადაც დღის წესრიგში კადრების დეფიციტის საკითხი დადგა. რეალურად, ჩვენ ისინი პანდემიის დროს მივატოვეთ. მართალია, 2 თვე შევძელით მათი შენარჩუნება, მაგრამ სამწუხაროდ, პანდემიის დროს თვითგადარჩენაზე ზრუნვა მოგვიწია. მაგ პერიოდში კადრები გადავიდნენ სხვა სექტორში, ძალიან ბევრმა საქართევლო დატოვა. უკან დაბრუნებაზე უნდობლობა გაუჩნდათ ამ სექტორის მიმართ. შეიძლება ცოტა განაწყენებულიც არიან, რომ ვერ შევინარჩუნეთ ისინი”, – განაცხადა თამარა ბაღდავაძემ.
“კოსტეს” დამფუძნებელი ამბობს, რომ ახალი კადრების მოზიდვის პროცესში სექტორს დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევს. „ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა ჩავდოთ ახალი კადრების გაზრდაში. მათ ახალი მოთხოვნები უნდა დავუკმაყოფილოთ – უნდა ჰქონდეთ უსაფრთხოების შეგრძნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს არ ვეტყვით, რომ ვეღარ გადავუხდით ხელფასს და ა.შ”, – თქვა ბაღდავაძემ.
“კადრების დეფიციტი შეიძლება არსებობს, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს დეფიციტი უნდა შეავსოს ბიზნესმა,“ – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განაცხადა. მისი თქმით, ბიზნესმა უნდა გადაამზადოს კადრები, საჭიროების შემთხვევაში უცხოეთში, რადგან, ღირსეულ ანაზღაურებასთან ერთად, სწორედ ესაა კადრების შენარჩუნების გზა.
„ბიზნესმა უნდა მოამზადოს კადრები. არსებობს უამრავი მიმართულება – შეიძლება მოამზადო კადრები ევროპაში, სპეციალურად შენთვის, შეიძლება მოამზადო აქ, შეიძლება ჩამოიყვანო ტრენერი, მაგრამ ჩემი აზრით, კადრების შენარჩუნების და გაზრდის ერთადერთი გზა არსებობს – ღირსეული ანაზღაურება. თუ ადამიანს ღირსეული ანაზღაურება აქვს, სწავლის დიდი მოტივაცია აქვს და სწავლასთან ერთად, კარიერული განვითარებაც ექნება, მაშინ საერთოდ სხვა სფეროში აღმოჩნდება,“ – განაცხადა თემურ ჭყონიამ. მისივე თქმით, დასაქმების სფეროში დღემდე პრობლემურია ნეპოტიზმი, რაც ხელს უწყობს კადრების ქვეყნის გარეთ გადინებას.
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, საქართველო განსაკუთრებული ფენომენია იმ კუთხით, რომ ერთი მხრივ, არის უმუშევრობის საკმაოდ მაღალი დონე, ხოლო მეორე მხრივ, ბიზნესები ვერ პოულობენ საჭირო კადრებს. მოლინეუსის თქმით, პირველი რაც უნდა გაკეთდეს ეს არის განათლების სისტემის რეფორმა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კვალიფიციური კადრების მომზადება, რათა ამ ადამიანებმა დააკმაყოფილებენ ბიზნესის მოთხოვნები. ამასთან, აუცილებელია, რომ ბიზნესმა შექმნას მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილები, რომ საზღვარგარეთ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი წავიდეს სამსახურის საძებნელად.
“უნდა დაახლოვდნენ ბიზნესები და საგანმანათლებლო სისტემები, რადგან კვალიფიციური კადრები გადამზადდნენ, ამასთან პროფესიული ტრენინგებიც მნიშნვნელოვანია, თუმცა მაინც უმთავრესია, რომ მაღალხელფასიანი სამუშაო ადგილები შეიქმნას, რომ ადამიანებმა არჩიონ საქართველოში დარჩენა, ვიდრე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა,”- აცხადებს სებასტიან მოლინეუსი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი.
დასასრულისკენ უნდა აღინიშნოს, რამდენიმე ფაქტორი რამაც ეკონომიკა დღევანდელ პრობლემის წინაშე დააყენა. ანუ, რამ გამოიწვია უმუშევრობის მაღალი დონის მიუხედავად სამუშაო ძალის დეფიციტი.
- კოვიდის პერიოდში ბევრი საწარმო დაიხურა ან/და გაჩერდა, რა დროსაც ბიზნეს საკუთარი მუშა ხელის შენარჩუნებაზე არც უფიქრია, შეიძლება ზოგ შემთხვევაში მეწარმეებიც თავად გადასაჩენი იყვნენ, მაგრამ დასაქმებულების ქუჩაში გაყრამ, ყოველგვარი კომპენსაციების გარეშე ამ ადამიანებს ბიზნესისადმი ნდობა დაუკარგა. ზოგმა ახალი სამსახური იშოვა და შესაბამისად ძველ არასანდო დამსაქმებელთან დაბრუნების სურვლი არ აქვს, რაგად არასტაბილურ გარემოში მუშობა არავის სურს.
- 2019 წლის მეორე ნახევრდან მოყოლებული საქართველოში ორნიშნა ინფლაციაა, ანუ ფასების საშუალო დონე ყოველ წელს მინიმუმ 10%-ით იზრდება. გამომდინარე აქედან ადამიანი ვინც 4 წლის წინ 1000 ხელფასს იღებდა, დღეს ამ გასამრჯელოს ღირებულება 500-600 ლარამდეა შემცირებული. შესაბამისად დასაქმებულმა იგივე სამუშოს შესრულებაში 40-50%-ით მეტი ანაზღაურება უნდა მიიღოს 2019 წელთან შედარებით, რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობა თუნდაც იგივე დონეზე დარჩეს, რასაც ბიზნესმა ფეხი ვერ აუწყო. ქვეყანაში სადაც ორნიშნა ინფლაციაა ხელფასები უნდა იზრდებოდეს ყოველწლიურად მინიმუმ ინფლაციის დონის შესაბამისად, თორემ გამოდის, რომ დასაქმებულების ყოფა წლიდან-წლამდე უარესდება. დასაქმებული კი, რომელიც ამას ხედავს არ უღირს ისეთ ადგილზე მუშაობა სადაც შესაბამის ანაზღაურებას ვერ მიიღებს.
- ვიზა-ლიბერალიზაციის შემდგომ გაადვილდა საზღვარგარეთ ემიგრაცია, რამაც ადამიანებს, რომლებიც მიუხედავად მძიმე დატვირთვით მუშაობისა ვერ ახერხებდა ღირსებული ანაზღაურების მიღებას, ხელ-ფეხი გაუხსნა უფრო განვითარებული ქვეყანაში წასასვლელად. სადაც ბევრად მეტს გადაუხდიან იმ ხელობის ცოდნაში რაც საქართველოში იაფად ფასობდა.
- განათლების სისტემის სრული უსუსურობა, უპასუხოს იმ გამოწვევებს რაც ბიზნესს აქვს. იმ პოლიტიკით რაც საქართველოს განათების სექტორში არსებობს, შეუძლებელია ეკონომიკის მოთხოვნების დაკმაყოფილება. ეკონომიკის განვითარება და განათლება აბსოლუტურად აცდენილია ერთმანეთ, რადგან არ არსებობს არანაირი საერთო ხედვა ან სტრატეგია. როცა ეკონომიკაში ჩნდება რაიმე პროფესიაზე მოთხოვნა განათლების სიტემა მხოლოდ შედეგ ახდენს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე რეაგირებას და სანამ კადრებს მოამზადებს შესაბამისი მიმართულებით, შეიძლება უკვე აღმოჩნდეს, რომ ეკონომიკაში სულ სხვა პროფესიებზე გაჩნდა ამ პერიოდში მოთხოვნა. შესაბამისად თუ არ მოხდა ამ ორი მიმართულების საერთო სტრატეგიის ქვეშ განვითარება განათლება ვერასდროს დაეწევა ბიზნესის მოთხოვნებს.
- ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა. სამუშაო ეს მხოლოდ დასაქმების ადგილი არაა, სადაც ადამიანი მიდის ხელფასს იღებს და მოდის. იქ ხდება მისი სოციალიზაცია და სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. ადამინი უნდა გრძნობდეს რომ ის საჭირო და ღირებული აქტივია კომპანიისთვის, თუნდაც მხოლოდ მინიმალური საქმის გაკეთება უწევდეს. დასაქმებელმა უნდა გაითვალიწინოს თავისი მუშა ხელის პრობლემები და უნდა ეცადოს მასიმალურად კომფორტული გარემო შეუქმნას. ხელფასს თან უნდა სდევდეს სოციალური დაცვის პაკეტი, როგორიც შეიძლება შედგებოდეს სიცოცხლის და სატრანსპორტო საშუალების დაზღვევისგან, საპენსიო დანაზოგისგან თუ სხვა. უნდა ქონდეს ღირსებული შვებულების აღების საშუალება და არ უნდა უწევდეს დღეში თუნდაც კანონით დადგენილი 8 საათზე მეტის მუშაობა, ასევე კვირაში დასვენების დღეებით სარგებლობის უფლება.
სამწუხაროდ დღეისათვის საქართველოში ბიზნეში იშიათია ის გამონაკლისები, რომლებიც დასაქმებულთა კომფორტზე ზრუნავენ. თუ გადახედავთ ბიზნესმენების გამონათქვამებს ხშირად დასაქმებულებს ზევიდან უყურებენ და მიაჩნიათ, რომ მათ საკუთარ ფულს ჩუქნიან მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების გარეშე ვერც ისინი მიიღებდნენ მოგებას. საქართველო ახალგაზრდა ქვეყანაა, სულ 30 წელია რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და ძნელია ბიზნეს-წრეებში თანამედროვე მიდგომების მქონე პირების პოვნა. უმუტესად სახეზე გვყავს მთავრობასთან სიახლოვით გამდიდრებული ადამიანების, რომლებსაც ცხოვრებაში არ გაუგიათ რა არის კონკურენცია და რომ მისი კომპანიის წარმატება დასაქმებულთა კეთილდღეობაზეა დიდ წილად დამოკიდებული. ქართულ ბიზნესს დასაქმებულთა ელემენტარული უფლებების დამცველი შრომის კოდექსიც კი ვერ მოუნელებიათ და დღემდე იმაზე წუწუნებენ, რომ როცა მოუნდებათ მაშინ ვერ უშვებენ საკუთარ თანამშრომლებს უმიზეზოდ. თუმცა მეორეს მხრივ ევროპასა და ევროპისკენ მისწრაფებაზე იჭრიან ვენებს, ოღონდ ევროპულ ღირებულელებს ნუ გააგონებთ და პრაქტიკაში დანერგვას ნუ მოსთხოვ. ევროპული ღირებულებები კი სწორედ ამაზე დგას, რომ დასაქმებულის უფლებები დაცულია და არ შეიძლება ადამიანი ზეგანაკვეთურად მათხოვროლ ხელფასზე ამუშაო იმის გამო, რომ ქვეყანაში უმუშევრობა მაღალია და რახან გაგდის რატო უნდა გადაუხადო მათ მეტი.
ასე რომ, სანამ ბიზნესიც თავად არ მიხვდება რომ არ შეიძლება ადამიანი ზეგანაკვეთურად მათხოვროლ ხელფასზე ამუშაო, უკონტრაქტოდ და ამასთან როცა გინდა უმიზეზოდ სახლში გაუშვა, არც დასაქმებულები მოიკლავენ თავს მათ გასამდიდრებლად.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას