ფოტო: Flickr.com
კორეის ხსენებისას ჩვენ თვალწინ წარმოგვიდგება ბირთვული ომის საფრთხე, რეგიონული კონფლიქტები და სხვა აპოკალიპტური სურათები. თუმცა, ამგვარი წარმოდგენების მიღმა, არსებობს სხვა კორეაც, რომელიც სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასთან და კეთილდღეობასთან ასოცირდება.
სამხრეთ კორეა დამოუკიდებლად 1948 წლიდან არსებობს. ამ დროს კორეა ორ ნაწილად – კომუნისტურ ჩრდილოეთად და ამერიკელების კონტროლირებად სამხრეთ კორეად დაიყო.
სამხრეთ კორეა ძალიან ღარიბი ქვეყანა იყო და ცხოვრების დონით უთანაბრდებოდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომელიც დღემდე ყველაზე ღარიბ ქვეყნად რჩება. 1950-იან წლებში კორეის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენდა 64 აშშ დოლარს. სიცოცხლის ხანგრძლივობა 57 წელი იყო, ხოლო მოსახლეობის 60%-ი კი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა ცხოვრობდა. თუმცა, დღეს სამხრეთ კორეა ყველაზე განვითარებული ქვეყნების კლუბში შედის.
სამხრეთ კორეის დრამატულ აღმავლობას მრავალი ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ. არსებობენ მკვლევრები, რომლებიც ამბობენ, რომ სამხრეთ კორეა განათლებაში ფულის ჩადებით განვითარდა. მართლაც, სამხრეთ კორეა, განსაკუთრებით 1960-იანი წლებიდან მოყოლებული დიდ ყურადღებას უთმობდა განათლებას. ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი და კორეის მკვლევარი ალის ამსდენი მოგვითხრობს რომ მასწავლებლის პროფესია კორეაში უაღრესად დაფასებული იყო: მისი ანაზღაურება არმიის კაპიტნის ხელფასთან იყო გათანაბრებული, სამხედროების ანაზღაურება კი მუდმივი ომის საფრთხის გამო ძალიან მაღალი იყო.
ზოგიერთი კომენტატორი, სამხრეთ კორეის განვითარებას ამერიკის დახმარებას მიაწერს. კომუნისტური საფრთხიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა სამხრეთ კორეას. 1946-1978 წლებში მხოლოდ ამერიკამ 60 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია სამხრეთ კორეას გრანტებისა და კრედიტის სახით. შედარებისათვის, მთელმა აფრიკის კონტინენტმა, იგივე პერიოდში 68,8 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო.
თუმცა, ბუნებრივია ვერცერთი ფაქტორი განყენებულად ვერ მოუტანდა სამხრეთ კორეას განვითარების ამხელა ტემპს. განვითარების კორეული საიდუმლო, სახელმწიფოს ჩარევის ცენტრალურობაშია, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს ეროვნულ ინტერესს და არა ვიწრო პოლიტიკურ თუ ბიზნესს ინტერესებს. სწორედ ამიტომაც, კორეული ეკონომიკური განვითარება იყო არამხოლოდ სწრაფი, არამედ თანაბარი და ინკლუზიური. კერძოდ, სამხრეთ კორეის განვითარების პროცესში შემოსავლები მეტწილად თანაბრად ნაწილდებოდა, რაზეც მიუთითებს ჯინის ინდექსის დაბალი მაჩვენებელი დინამიკურ ჭრილში.
სამხრეთ კორეის აღმავლობა 1961 წლიდან იწყება, როდესაც ხელისუფლება ხელთ იგდო გენერალმა პარკ ჩუნ ჰიმ. სწორედ მისი ძალისხმევით, 1961 წლიდან 1979 წლამდე, საფუძველი ჩაეყარა კორეის სწაფ განვითარებას. პარკ ჩუნ ჰის გეგმა მეტისმეტად კომპლექსური და თანმიმდევრული იყო, იგი ეფუძნებოდა ხუთწლედებს და მთავარი აქცენტი კეთდებოდა ადამიანების არაპროდუქტიული სექტორიდან, პროდუქტიულ სექტორში გადაყვანაზე. სამხრეთ კორეის პოლიტიკური ელიტა 20 წლის განმავლობაში ატარებდა ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკას, რისთვისაც სხვა ქვეყნებს საუკუნეები დასჭირდათ. სამხრეთ კორეის ეკონომიკური განვითრების გეგმა შემდეგ ძირითად კომპონენტებს ეფუძნებოდა:
- ინდუსტრიალიზაცია: სამხრეთ კორეა განვითარების პირველ ეტაპზე აქცენტს აკეთებდა იმპორტის ჩანაცვლებაზე, იმპორტულ პროდუქციას ბეჯითად ანაცვლებდნენ ადგილობრივი ნაწარმით. თუმცა, ძალიან მალე იმპორტის ჩანაცვლება შეიცვალა ექსპორტის წახალისებით. მთავრობა მსხვილ კომპანიებს უკეთებდა საგადასახადო შეღავათებს, აძლევდა უზარმაზარ სუბსიდიებს და შეღავათებს იმ პირობით, რომ ისინი გაზრდიდნენ ექსპორტს. როცა ადგილობრივი კომპანიები თავს არიდებდნენ რისკიანი ბიზნესის წამოწყებას, კორეის მთავრობა თავად აფუძნებდა სახელმწიფო კომპანიებს, განსაკუთრებით მძიმე მრეწველობის მიმართულებით. ამის კარგი მაგალითია, კომპანია POSCO, რომელიც პრივატიზაციამდე მეორე ადგილს იკავებდა მსოფლიოში უმსხვილეს ფოლადის მწარმოებელ კომპანიებს შორის.
- “ჩებოლები”: დღეს ხშირად საუბრობენ მცირე ბიზნესის განვითარების მნიშვნელობაზე, თუმცა სამხრეთ კორეის განვითარების მოდელი საპირისპირო რამეზე მეტყველებს. სამხრეთ კორეა აქცენტს აკეთებდა მსხვილ კომპანიებზე, ე.წ. “ჩებოლებზე”, რომლის უკან მსხვილი ოჯახები იდგნენ. მსხვილი წარმოებები ქმნიდნენ მასშტაბისა (economy of scale) და მრავალფეროვნების ეკონომიას (economy of scope). „ჩებოლები“ იაფად და ხარისხიანად აწარმოებდნენ ინდუსტრიულ პროდუქციას და უფრო ადვილად ნერგავდნენ ინოვაციებს. მთავრობისა და ბიზნესის კოორდინირებული მოქმედებითი კორეული “ჩებოლები” მსოფლიო ბრენდებად იქცნენ ( მაგ. Samsung, Hyundai, LG electronics). უნდა აღინიშნოს, რომ მსხვილ ბიზნესთან სახელმწიფო კომპრომისზე მიდიოდა, გარკვეული დათმობების სანაცვლოდ. მაგალითად, სახელმწიფო „ჩებოლებს“ აძლევდა გარკვეულ პრეფერენციებს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაზრდიდნენ ექსპორტს, დასაქმებას ან დანერგავდნენ მაღალ-ტექნოლოგიურ წარმოებას.
სამხრეთ კორეის სწრაფ განვითარებას პრობლემების გარეშე არ ჩაუვლია. დრამატული ეკონომიკური ზრდის პარალელურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, ავტორიტარული რეჟიმები ერთმანეთს ცვლიდნენ და კორუფცია ყვაოდა. თუმცა, უკვე დღეს, სამხრეთ კორეის დამოუკიდებლობიდან 70-ი წლის შემდეგ, სამხრეთ კორეული სასწაული რეალობად იქცა. დღეისათვის, ამ ქვეყანაში ეკონომიკური განვითარება და დემოკრატია გვერდიგვერდ განაგრძობენ არსებობას.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.