საბაზრო ეკონომიკის აღმასვლა და მარცხი

[I. Satanic Mill,

ანუ, ეშმაკის წისქვილი]

მესამე თავი

„ეკონომიკური წინსვლა საცხოვრებელი პირობების საპირწონედ”

XVIII საუკუნის ინდუსტრიული რევოლუციის საფუძველს საწარმოო საშუალებების არნახული გაუმჯობესება წარმოადგენდა, რასაც უბრალო ხალხის საცხოვრებელი პირობების კატასტროფული გაუარესება მოყვა თან.

ჩვენ შევეცდებით ამ ცვლილებების ხასიათის განმსაზღვრელი ფაქტორების გამოვლენას. ცვლილებებისა, რომელთაც ყველაზე ნეგატიური გამოვლინება ინგლისში დაახლოებით ერთი საუკუნის წინ ჰპოვეს. უნდა ავხსნათ, რას წარმოადგენდა ის “ეშმაკის წისქვილი“ – “satanic mill” – რომელიც ადამიანებს სრესდა და ერთიან, განურჩეველ მასად აქცევდა? რამდენად იყო ეს გამოწვეული ახალი ვითარებით? ან თუნდაც იმ ეკონომიკური დამოკიდებულებებით, რომლებიც ახალ ვითარებაში წარმოიქმნენ? რა მექანიზმი იყო ის, რა მიზეზითაც დაირღვა ძველი სოციალური ქსოვილი და განხორციელდა ადამიანისა და ბუნების ინტეგრაციის ახალი, თუმცა კი წარუმატებელი მცდელობა?

ლიბერალურ ფილოსოფიას არსად განუცდია ისეთი აშკარა კრახი, როგორც ცვლილების პრობლემის გააზრებისას. სპონტანურობის ემოციური რწმენით გულანთებულმა მისმა იდეოლოგებმა, ცვლილების შესახებ საღი აზრით ნაკარნახევი შეფასებები უარყვეს და მის სანაცვლოდ, გამოააშკარავეს მისტიური მზაობა უპირობოდ მიეღოთ ეკონომიკური წინსვლის ნებისმიერი სოციალური შედეგი. პოლიტიკის მეცნიერებისა და სახელმწიფო მოხელეობის ელემენტარული ჭეშარიტებები თავდაპირველად ეჭვქვეშ დადგა, შემდგომ კი –  დავიწყებას მიეცა. ბევრი განსჯა არ უნდა სჭირდებოდეს იმას, რომ უმართავი ცვლილების პროცესი, რომელიც ზედმეტად სწრაფად მიმდინარეობს, შეძლებისდაგვარად უნდა შენელდეს საზოგადოების კეთილდღეობის დაცვის მიზნით. ტრადიციული პოლიტიკისა და სახელმწიფო მმართველობის შესახებ არსებული ასეთი ბანალური ჭეშმარიტებები, რომლებიც ხშირად უბრალოდ ირეკლავდნენ ძველთაგან შემორჩენილ სოციალური ფილოსოფიის მოძღვრებებს, XIX საუკუნეში უხეშმა უტილიტარიზმმა განათლებული საზოგადოების აზროვნებიდან ამოძირკვა და უკვალოდ გააქრო. უტილიტარიზმთან ერთად, ადამიანთა გონებაში დაისადგურა შეუვალმა რწმენამ გაუკონტროლებელი ეკონომიკური ზრდის რეგენერაციული თვისებების არსებობის შესახებ.

ეკონომიკურმა ლიბერალიზმმა არასწორად გაიგო ინდუსტრიული რევოლუციის ისტორიის არსი, ვინაიდან, იგი ჯიუტად ცდილობდა სოციალური მოვლენების ეკონომიკური თვალსაზრისით შეფასებას. ამ მოსაზრების თვალსაჩინოებისათვის განვიხილავთ მოვლენას, რომელიც, ერთი შეხედვით, შესაძლოა სრულიად განსხვავებულ საკითხად მოგვეჩვენოს: ინგლისში, ტიუდორების მმართველობის ადრეულ პერიოდში, ვრცელი მინდვრების ღობით შემოსაზღვრისა და სახნავ-სათესი მიწების საძოვრებად გადაქცევის მიზნით, ლორდებმა უზარმაზარი სივრცეები და საერთო მიწები შემოღობეს. შედეგად, მთელ საგრაფოებს დეპოპულაციის საფრთხე დაემუქრა. როდესაც შემოღობვის შედეგად გასაჭირში ჩავარდნილი ხალხის მდგომარეობას ვიხსენებთ, ორი მიზანი გვამოძრავებს: ერთის მხრივ, გვსურს პარალელი გავავლოთ საერთო მიწების (საბოლოო ჯამში სასარგებლო) შემოღობვის გამანადგურებელ შედეგებსა და იმ ზიანს შორის, რომელიც ინდუსტრიულ რევოლუციას მოყვა; ხოლო მეორეს მხრივ – და უფრო ზოგადი თვალსაზრისით –  გვინდა ცხადვყოთ ის ალტერნატივები, რომლიც ხელში შერჩა დაურეგულირებელი ეკონომიკური განვითარების მარწუხებში მყოფ საზოგადოებას.

მიწის შემოღობვა აშკარა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მათ საძოვრებად არ გადააქცევდნენ. შემოღობილი მიწის ფასი, შემოუღობავთან შედარებით ორმაგი, და ხანდახან სამმაგიც კი იყო. იმ ადგილებში, სადაც სახნავ-სათესი სავარგულები შენარჩუნდა, დასაქმება არ შეწყვეტილა, ასევე საგრძნობლად იმატა საკვების მარაგმა. ამავე დროს, თვალსაჩინოდ გაიზარდა მიწისგან მიღებული სარგებელი, განსაკუთრებით კი იმ ადგილებში, სადაც მიწა იჯარით იყო გაცემული.

თუმცა, გარშემო მცხოვრებთათვის სახნავ-სათესი მიწების ცხვრების საძოვრებად გადაქცევაც არ ყოფილა ბოლომდე საზიანო მიუხედავად იმისა, რომ ამით სამოსახლოები განადგურდა და სამუშაო ადგილები შემცირდა. შინამრეწველობა, ანუ  კოტეჯების ინდუსტრია – cottage industry – XV საუკუნის მეორე ნახევრიდან ვითარდებოდა და ერთი საუკუნის შემდეგ, ის ინგლისური სოფლის მახასიათებლად იქცა. ცხვრების ფერმებში მატყლის წარმოება სამუშაოთი უზრუნველყოფდა იმ წვრილ მოიჯარეებსა და უმიწაწყლო კოტეჯერებს, რომელთაც სახნავ-სათესები დაატოვებინეს. მატყლის ინდუსტრიის ახალი ცენტრები კი უამრავი ხელოსნისათვის იქცა გარანტირებული შემოსავლის წყაროდ.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ასეთი საკომპენსაციო მექანიზმის გარანტიის ქონა, მხოლოდ საბაზრო ეკონომიკის პირობებშია შესაძლებელი. ასეთი სისტემის არარსებობის შემთხვევაში კი, ცხვრის მოშენებისა და მატყლის გაყიდვის სარფიანი საქმიანობა შესაძლოა ქვეყნისათვის დამღუპველიც კი გახდეს. ცხვრებს, რომელთაც „ქვიშა ოქროდ“ აქციეს, ამავე წარმატებით შეეძლოთ „ოქროს ქვიშად“ გადაქცევა. საბოლოოდ, სწორედ ეს ბედი ეწია საუკუნის ესპანეთის მიწის რესურსს, როდესაც მეცხვარეობის საქმიანობის მეტისმეტი განვითარების გამო ნიადაგი გამოიფიტა და აღარაფერი ეშველა.

1607 წლის სამეფოს ლორდთათვის მომზადებულ ოფიციალურ დოკუმენტში,  ცვლილების პრობლემა ერთი შთამბეჭდავი ფრაზით იყო გადმოცემული: „ღარიბ ადამიანს თავისი მიზანი – ანუ საცხოვრებლის პრობლემა – უნდა დაუკმაყოფილდეს; ხოლო ჯენტლმენებს არ უნდა შეეშალოთ ხელი თავიანთი მისწრაფებების – ანუ წინსვლისა და განვითარების მიზნების განხორციელებაში“. როგორც ჩანს, ეს ფორმულა უკრიტიკოდ იზიარებდა წმინდა ეკონომიკური პროგრესის თვისებას, რომ ეკონომიკური განვითარება სოციალური ცხოვრების მოშლის ხარჯზე უნდა მოხდეს.

თუმცა, ეს ფრაზა ასევე მიანიშნებდა იმ ტრაგიკულ აუცილებლობაზე, რომლითაც ღარიბი კაცი თავის ქოხს ებღაუჭება, ხოლო მისი ბედი განპირობებულია მდიდარი კაცის საზოგადოებრივი განვითარებისადმი მისწრაფებებით, რომელსაც სარგებელი მხოლოდ მისთვის მოაქვს.

საერთო მიწების შემოღობვის პროცესს მართებულად უწოდეს მდიდრების რევოლუცია, მიმართული ღარიბების წინააღმდეგ. ლორდებისა  და წარჩინებული საზოგადოების სურვლებმა სოციალურ წესრიგში არეულობა შემოიტანა: ისინი არღვევდნენ ტრადიციულ წესებსა და ჩვეულებებს ხანდახან ძალის, უფრო ხშირად კი – ზეწოლისა და დაშინების მეშვეობით. საერთო მიწიდან წილის წართმევით, ისინი პირდაპირი მნიშვნელობით, ძარცვავდნენ ღარიბებს და ანგრევდნენ მათ სახლებს, რომელთაც ღარიბები აქამდე დაურღვეველი ადათ-წესების თანახმად, დიდი ხნიდან მიიჩნევდა თავისად და მისი მემკვიდრეების საკუთრებად. საზოგადოების ქსოვილი მოირღვა: გავერანებული სოფლები და ადამიანთა საცხოვრისების ნანგრევები იმას მოწმობდა, თუ როგორ  მძვინვარებდა რევოლუცია, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის თავდაცვას, აცამტვერებდა მის ქალაქებს, ანადგურებდა ქვეყნის მოსახლეობას, მტვრად აქცევდა მის გამოფიტულ ნიადაგს, აკნინებდა და შეურაცხყოფდა ხალხს, და მიწის დამმუშავებელ, მშრომელ და წესიერ ადამიანებს მათხოვრებისა და ქურდების ბრბოდ აქცევდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესები მხოლოდ ზოგიერთ ადგილას ხდებოდა, ისინი შესაძლოა ყოვლისმომცველ კატასტროფად ქცეულიყვნენ[1]. მეფე და მისი მრჩევლები, კანცლერები და სამღვდელო პირები, გაპარტახებისაგან იცავდნენ საზოგადოების სიმდიდრეს. ამით, ისინი ასევე იცავდნენ საზოგადოების ადამიანურ და ბუნებრივ არსს. 1940-იანი წლებიდან ვიდრე 1640-იან წლებამდე, ფაქტობრივად, საუკუნენახევრის განმავლობაში, ისინი შეუჩერებლად იბრძოდნენ დეპოპულაციის პროცესების წინააღმდეგ. კონტრრევოლუციამ, რომელმაც კანონთა კრებულიდან გააქრო კანონები შემოღობვის შესახებ  და მესაქონლე ლორდების დიქტატურა დაამყარა, შეიწირა ლორდ პროტექტორ სომერსეტის სიცოცხლეც. ეს მოხდა „კეტის აჯანყების“ ჩახშობის შემდეგ, რომელსაც რამდენიმე ათასი გლეხის სიცოცხლე ემსხვერპლა. სომერსეტს ბრალი არც თუ უსაფუძვლოდ იმაში დასდეს, რომ მან მიწის შემოღობვის დაგმობით, ამბოხებული გლეხები შეაგულიანა.

მხოლოდ ასი წლის შემდეგ მოიკრიბეს იმავე მოწინააღმდეგეებმა ძალა და ერთმანეთს ისევ დაუპირისპირდნენ. თუმცა, ამჯერად შემოღობვის ინიციატორები ლორდები და დიდგვაროვნები კი არ იყვნენ, არამედ, მათ მეტწილად ვაჭრები და სოფლის მდიდარი ჯენტლმენები წარმოადგენდნენ. დიდი პოლიტიკა, საერო თუ საეკლესიო დონეზე, ახლა უკვე ჩართული იყო მონარქის მიერ კარგად დაგეგმილ პროცესში, რისი საშუალებითაც მონარქი მის პრეროგატივას იყენებდა შემოღობვის პროცესების თავიდან ასაცილებლად. არანაკლებ კარგად იყო დაგეგმილი პროცესი, რომლის საშუალებითაც შემოღობვის საკითხის გამოყენება ხდებოდა მსხვილ და საშუალო ბურჟუაზიასთან – ჯენტრისთან – კონსტიტუციურ ბრძოლაში მონარქის პოზიციების გასაძლიერებლად. ეს სწორედ ის ბრძოლა იყო, რომელმაც პარლამენტის ხელით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა სტრაფორდსა და ლოდს. მაგრამ მათი ეს პოლიტიკა არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურადაც რეაქციული იყო; მეტიც, შემოღობილი მიწები ადრინდელისგან განსხვავებით, ახლა უკვე არა საძოვრებად, არამედ სახნავ-სათესად უნდოდათ. მალევე, სამოქალაქო ომის ტალღამ სამუდამოდ შთანთქა ტიუდორებისა და სტიუარტების ადრეული პერიოდის საზოგადოებრივი პოლიტიკა.

XIX საუკუნის ისტორიკოსები ერთხმად გმობდნენ ტიუდორებისა და სტიუარტების ადრეული ხანის პოლიტიკას და თუ პირდაპირ რეაქციულს არ უწოდებდნენ, დემაგოგიურად მაინც მიიჩნევდნენ მას. ბუნებრივია, მათ სიმპათიას პარლამენტი იმსახურებდა, ხოლო ეს ორგანო შემომღობველთა მხარეს იყო. ჰენრი დე ბელტენგს გიბინსი, მიუხედავად იმისა, რომ უბრალო ხალხის გულმხურვალე მხარდამჭერი იყო, წერდა: „ასეთი დამცავი კანონები, როგორც ზოგადად, დამცავი კანონების შემთხვევაში ხდება ხოლმე, სრულიად ფუჭი აღმოჩნდა.[2]“ ინესი თავის შეფასებაში კიდევ უფრო მკაფიო იყო: „როგორც მოსალოდნელი იყო, მაწანწალათა დასჯის ჩვეულმა ზომებმა, მცდელობამ, რომ ინდუსტრია ძალით გადაეტანათ მისთვის შეუფერებელ სფეროში, და სამუშაო ადგილების უზრუნველსაყოფად კაპიტალის მიმართვამ ნაკლებად მომგებიან ინვესტიციებზე- არ გაამართლა.[3]“ გერდნერი თავისუფალი ვაჭრობის ცნებებს  უყოყმანოდ მიიჩნევდა „ეკონომიკურ კანონად:“ „თავისთავად ცხადია, რომ მაშინ ეკონომიკური კანონებისა არა გაეგებოდათ რა,“ – წერდა ის, – „ამიტომ იყო, რომ კანონმდებლობა ცდილობდა თავიდან აეცილებინა მშრომელების საცხოვრებლების დანგრევა მიწის მესაკუთრეთა მხრიდან, რომელთათვისაც სარფიანი იყო სახნავი მიწის საძოვრებად გადაქცევა მატყლის ოდენობის გასაზრდელად. ამ საკანონმდებლო აქტების ხშირი და გამეორებითი მიღება მხოლოდ იმას ადასტურებს, თუ რამდენად არაეფექტური იყო ისინი პრაქტიკაში.“[4] სულ ახლახანს, ისეთი ეკონომისტი, როგორიც ჰეკშერია, დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მერკანტილიზმი, დიდწილად იმ გაუგებრობით უნდა აიხსნას, რომელიც თან ახლავს ეკონომიკური ფენომენის სირთულეს. ვინაიდან, ადამიანის გონებას ამ საგნის სიღრმისეული გაგებისა და დაუფლებისათვის აშკარად სჭირდებოდა კიდევ რამდენიმე საუკუნე.[5] სინამდვილეში, ცხადი იყო, რომ მიწის შემოღობვის საწინააღმდეგო კანონმდებლობით ვერასდროს ხერხდებოდა შემოღობვის მოძრაობის შეჩერება. მეტიც, მას ამ პროცესისათვის სერიოზულად ხელიც კი არ შეუშლია. ჯონ ჰეილსმა, რომელიც ინგლისის თანამეგობრობის ხალხთა პრინციპების თავგამოდებით დაცვაში ტოლს არავის უდებდა, აღიარა, რომ შეუძლებელი აღმოჩნდა მტკიცებულებების შეგროვება შემომღობველთა წინააღმდეგ, ვინაიდან, ნაფიც მსაჯულთა რიგებში, ხშირად მათი მსახურები ხვდებოდნენ, და რომ მათი „დამქაშებისა და მათზე დამოკიდებული მუქთახორების რიცხვი იმდენი იყო, რომ მათ გარეშე წარმოუდგენელი იყო მსაჯულთა რიგების შევსება.“ ზოგჯერ, მინდვრის გასწვრივ ერთი სახნავი კვალის გავლებაც კი შველოდა და სასჯელისაგან ათავისუფლბდა სამართალდამრღვევ ლორდს.

კერძო ინტერესების სასარგებლოდ სამართლის ასეთი მარტივი დაჯაბნა ხშირად კანონმდებლობის არაეფექტურობის დამადასტურებელ ნიშნად განიხილება ხოლმე. ხოლო ამ ამაოდ შებრძოლებული ტენდენციის  გამარჯვება მიჩნეულია მანამდეც ფუჭად შერაცხული „რეაქციული ინტერვენციონიზმის“ საბოლოო მტკიცებულებად. თუმცა, ასეთი ხედვა უმთავრეს საკითხს მთლიანად უგულვებელყოფს. რატომ უნდა მივიჩნიოთ ამ ტენდენციის საბოლოო გამარჯვება იმის დასტურად, რომ მთელი ამ პროცესის შენელებისკენ მიმართული ძალისხმევები არაეფექტური იყო? და რატომ არ უნდა დავუშვათ, რომ მიღებული ზომების მიზანი სწორედ ის იყო, რასაც მათ მიაღწიეს ცვლილების ტემპის შენელების სახით? გარკვეული ასპექტი, რომელიც მთლიანი პროცესის შესაჩერებლად არაეფექტური აღმოჩნდა, სულაც არ ნიშავს, რომ ამ მიზეზით იგი მთლიანობაშიც არაეფექტურად უნდა მივიჩნიოთ. ცვლილების ტემპი ხშირად არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად ცვლილების მიმართულება; მაგრამ თუ მიმართულების განსაზღვრა ხშირად ჩვენს ნება-სურვილზე არ არის ხოლმე დამოკიდებული, სწორედ ცვლილების ტემპი შესაძლოა აღმოჩნდეს ჩვენს ნებაზე დამოკიდებული.

სპონტანური პროგრესის რწმენით დაბრმავებულნი უნდა ვიყოთ, რომ ეკონომიკურ ცხოვრებაში მთავრობის როლი ვერ გავიაზროთ. ასეთი როლი შესაძლოა იყოს ცვლილების სიჩქარეზე ზემოქმედება: მისი დაჩქარება ან შენელება ვითარების შესაბამისად. თუ მივიჩნევთ, რომ ტემპზე ზემოქმედება შეუძლებელია – ან კიდევ უარესი, თუ ამ პროცესში ჩარევას მიუღებლად მივიჩნევთ, მაშინ, ცხადია, ჩარევისათვის ადგილი აღარ რჩება. მიწის შემოღობვის პროცესი ამის მაგალითია. დღევანდელი გადმოსახედიდან, ძალზედ თვალსაჩინოა ეკონომიკური პროგრესის დასავლეთ ევროპული ტენდენცია, რომელიც მიზნად ისახავდა სასოფლო სამეურნეო ტექნიკის, ზოლმიწიანობისა და საერთო მიწების პირველყოფილი ინსტიტუტის ხელოვნურად შენარჩუნებული ერთგვაროვნების აღმოფხვრას. რაც შეეხება ინგლისს, ეჭვგარეშეა, რომ მატყლის ინდუსტრიის განვითარება ქვეყნისათვის მომგებიანი აღმოჩნდა, რამაც, თავის მხრივ, შემდგომში ბამბის მრეწველობის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ბამბის მრეწველობა კი, ინდუსტრიული რევოლუციის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. მეტიც, ცხადია, რომ საშინაო საფეიქრო წარმოების ზრდა დამოკიდებული იყო ქვეყნისათვის მატყლის  მომარაგებაზე. ეს ფაქტები კმარა იმის დასტურად, რომ სახნავ-სათესი მიწების საძოვრებად გადაქცევა და მისი თანამდევი შემოღობვის მოძრაობა ეკონომიკური პროგრესის მანიშნებელ ტენდენციად მივიჩნიოთ. მიუხედავად ამისა, რომ არა ტიუდორებისა და სტიუარტების ადრეული პერიოდის სახელმწიფო მოღვაწეების თანმიმდევრული პოლიტიკა, ეს სწრაფი ცვლილებები შესაძლოა დამანგრეველი ყოფილიყო და მთელი ეს პროცესი კონსტრუქციულის ნაცვლად, დესტრუქციულ მოვლენად ქცეულიყო. დიდწილად სწორედ ცვლილების ტემპზე იყო  დამოკიდებული ის, თუ რამდენად შეძლებდნენ საკუთრებაჩამორთმეული გლეხები შეცვლილ პირობებთან შეგუებას ისე, რომ ახალ ვითარებას ფატალური ზიანი არ მიეყენებინა მათი ადამიანური, ეკონომიკური, ფიზიკური თუ მორალური სტაბილურობისათვის; ან რამდენად იპოვიდნენ ისინი ახალ სამუშაო ადგილს იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რომელიც ირიბად სწორედ ცვლილებებს უკავშირდებოდა; ან კიდევ, ექსპორტის ზრდის შედეგად გაზრდილი იმპორტი რამდენად შეაძლებინებდა მათ, ვინც ამ ცვლილებების გამო სამუშაო დაკარგეს, ახალი საარსებო წყაროების მოძიებას.

ამ შეკითხვებზე პასუხი ნებისმიერ შემთხვევაში დამოკიდებული იყო ცვლილებისა და მასთან შეგუების ფარდობით ტემპებზე. ეკონომიკური თეორიისათვის დამახასიათებელი „გრძელვადიანი“ გათვლები აქ დაუშვებელია. მსგავსი თეორიული გათვლებით, იმთავითვე განსჯილი და ნავარაუდევი იქნებოდა, რომ ეს მოვლენა საბაზრო სისტემის ფარგლებში განხორციელდა. ასეთი ვარაუდი კი, რაც არ უნდა ბუნებრივად მოგვეჩვენოს, გაუმართლებელია: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ადვილად გვავიწყდება ხოლმე, ასეთი სისტემა ის ინსტიტუციური სტრუქტურაა, რომელიც, ჩვენს დრომდე არასდროს არსებულა და იმ პერიოდშიც კი, მხოლოდ ნაწილობრივ იყო წარმოდგენილი. ამ გარემოების გათვალისწინების გარეშე,  „გრძელვადიან“ გათვლებზე საუბარს აზრი არა აქვს. თუ ცვლილების მყისიერი შედეგი საზიანოა, მაშინ, საბოლოო შედეგიც საზიანო იქნება  საპირისპიროს დადასტურებამდე. თუკი სახნავ-სათესი მიწების საძოვრებად გადაქცევა გამოიწვევს გარკვეული ოდენობის სახლების ნგრევას, და გარკვეული ოდენობით სამუშაო ადგილებისა და ადგილობრივად ხელმისაწვდომი საკვების მარაგების შემცირებას, მაშინ ისინი საბოლოო შედეგებად უნდა იქნას მიჩნეული მანამ, სანამ საპირისპირო მტკიცებულება არ გაჩნდება. ეს სულაც არ ნიშნავს ისეთი საკითხების გაუთვალისწინებლობას, როგორიც არის გაზრდილი ექსპორტის შესაძლო გავლენები მიწათმფლობელთა შემოსავლებზე, ადგილობრივი წარმოების მატყლით მომარაგების ზრდის შედეგად გაჩენილი დასაქმების შესაძლო შანსები, ან თუნდაც, მიწათმფლობელთა გაზრდილი შემოსავლის გამოყენების საკითხი შემდგომი ინვესტირებისა თუ ფუფუნების საგნებისათვის. ცვლილების ტემპის შედარება ადაპტაციის ტემპთან გვიჩვენებს, თუ რა უნდა იქნას მიჩნეული ცვლილების რეალურ შედეგად. მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ვივარაუდოთ საბაზრო კანონების ფუნქციონირება მანამ, სანამ თვითრეგულირებადი ბაზრის არსებობა მტკიცებულებებით არ დადასტურდება. საბაზრო კანონები რელევანტურია მხოლოდ საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუციურ გარემოში; ამდენად, ტიუდორების ხანის ინგლისის სახელმწიფო მოღვაწეები კი არ უგულვებელყოფდნენ ფაქტებს, არამედ, თანამედროვე ეკონომისტები, ვინაიდან, მათი მხრიდან, ტიუდორების მისამართით გამოთქმული მკაცრი კრიტიკა სწორედ საბაზრო სისტემის არსებობის ვარაუდს ეფუძნებოდა.

ინგლისმა მხოლოდ იმიტომ შეძლო შემოღობვით გამოწვეული კატასტროფული ზიანის აცილება, რომ ტიუდორები და ადრეული პერიოდის სტიუარტები მონარქის ძალაუფლებას პროცესის დასამუხრუჭებლად იყენებდნენ. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ პროცესით გამოწვეული ზიანი ხალხისათვის ასატანი გახდებოდა. ტრანსფორმაციის მსხვერპლთა ხვედრის შემსუბუქების მიზნით, ისინი იყენებდნენ ცენტრალური მთავრობის ძალაუფლებას. ამასთან, ცვლილების წარმართვას ისე ცდილობდნენ, რომ ის სოციალურად ნაკლებ დამანგრეველი ყოფილიყო. მათი კანცლერები და სასამართლოები – courts of prerogative – იდეურად კონსერვატიულები სულაც არ იყვნენ; მათ სახელმწიფოს მართვის მეცნიერული სულისკვეთება ამოძრავებდათ: მხარს უჭერდნენ უცხოელი ხელოსნების ჩამოყვანას, გულმოდგინედ ნერგავდნენ ახალ ტექნიკას, ითვისებდნენ სტატისტიკურ მეთოდებსა და ზუსტი ანგარიშგების ჩვევებს, არაფრად აგდებდნენ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს, ეწინააღმდეგებოდნენ ჩვეულებით დადგენილ უფლებებს, ამცირებდნენ საეკლესიო პრივილეგიებსა და უგულვებელყოფდნენ საერთო სამართლის ნორმებს. თუკი ინოვაცია რევოლუციონერს წარმოქმნის, მაშინ ისინი თავიანთი ეპოქის რევოლუციონერები იყვნენ. მათი თავდადება უბრალო ხალხის კეთილდღეობისკენ იყო მიმართული და მონარქის ძლევამოსილებასა და სიდიადეს განამტკიცებდა; მიუხედავად ამისა,  მომავალი ეკუთვნოდა კონსტიტუციონალიზმსა და პარლამენტს. მონარქიულმა მმართველობამ ადგილი დაუთმო კლასის მმართველობას – კლასისა, რომელიც წინ წაუძღვა ინდუსტრიულ და კომერციულ პროგრესს. კონსტიტუციონალიზმის დიადი პრინციპი შეერწყა პოლიტიკურ რევოლუციას. ამ უკანასკნელმა უფლებები ჩამოართვა მონარქს, რომელსაც იმ დროისათვის ყველანაირი შემოქმედებითი უნარი დაკარგული ჰქონდა, ხოლო მისი დამცავი ფუნქცია იმ ქვეყნისათვის, რომელსაც გარდამავალი პერიოდის ქარიშხალი უკვე გადალახული ჰქონდა, სასიცოცხლო აღარ იყო. მონარქიულმა ფინანსურმა პოლიტიკამ ქვეყნის ძლიერება მეტისმეტად შეზღუდა და ახლა უკვე მისი ვაჭრობის შეზღუდვაც დაიწყო.  პრივილეგიების შენარჩუნებას მონარქია მათი ბოროტად გამოყენებით ცდილობდა, და ამით აზიანებდა ქვეყნის რესურსებს. შრომისა და ინდუსტრიის არნახული განკარგვა და შემოღობვის მოძრაობის ფრთხილი და წინდახედული კონტროლი მონარქის უკანასკნელ მიღწევებს წარმოადგენდა. მაგრამ, ვინაიდან, კაპიტალისტები და მზარდი საშუალო კლასის დამსაქმებლები გვევლინებოდნენ დამცავი ზომების უმთავრეს დაზარალებულებად, ეს მიღწევები ადვილად მიეცა დავიწყებას. მომდევნო ორი საუკუნე დასჭირდა იმას, რომ ინგლისს ხელახლა ჰქონოდა ისეთივე ეფექტური და მოწესრიგებული სოციალური პოლიტიკა, როგორიც თანამეგობრობამ მოსპო. უნდა ვაღიაროთ, რომ მსგავსი პატერნალისტური პოლიტიკის საჭიროება ახლა ნაკლებად იდგა. მაგრამ ორსაუკუნოვანმა წყვეტამ უზარმაზარი ზიანი მოიტანა იმ თვალსაზრისით, რომ ხელი შეუწყო ერის მეხსიერებიდან ამოშლილიყო შემოღობვის პერიოდის საშინელებანი და ის მიღწევები, რომლებიც მთავრობის მიერ დეპოპულაციის საფრთხის დაძლევა იყო. შესაძლოა ამ ფაქტით აიხსნას ის, თუ რატომ ვერ მოხერხდა კრიზისის რეალური ბუნების გააზრება 150 წლის შემდეგაც, როდესაც ინდუსტრიული რევოლუციის ფორმით, მსგავსი კატასტროფა დაემუქრა ქვეყნის ცხოვრებასა და კეთილდღეობას.

ამჯერადაც, ეს სპეციფიური ინგლისური მოვლენა იყო; როგორც მაშინ, ისე ახლაც, საზღვაო ვაჭრობა წარმოადგენდა იმ მოძრაობის მიზეზს, რომელმაც გავლენა მთელს ქვეყანაზე იქონია; და ამჯერადაც, უზარმაზარი მასშტაბის ეკონომიკურმა განვითარებამ გამოიწვია უბრალო ხალხის საცხოვრებელი პირობების აქამდე არნახული გაუარესება. სანამ პროცესი ძალზე შორს წავიდოდა, მშრომელმა ხალხმა ახლად აოხრებულ-გაპარტახებულ ადგილებში, ინგლისის ე.წ. ინდუსტრიულ ქალაქებში მოიყარა თავი; სოფლის ხალხს ჯურღმულებში ცხოვრებისაგან ადამიანური სახე დაეკარგათ; ოჯახები დაღუპვის პირად იყვნენ; ხოლო სოფლების ვრცელი ტერიტორიები სწრაფად ქრებოდნენ „ეშმაკის წისქვილებიდან“ გადმონთხეული ინდუსტრიული ნარჩენების – ქვანახშირის მტვერისა და ჯართის გროვების ქვეშ. ნებისმიერი მიკუთვნებულობისა თუ მსოფლმხედველობის წარმომადგენელი კომენტატორები, განურჩევლად იმისა, კონსერვატორები იყვნენ თუ ლიბერალები, კაპიტალისტები თუ სოციალისტები, ინდუსტრიული რევოლუციის მიერ წარმოქმნილ სოციალურ პირობებს ადამიანის დეგრადაციისკენ მიმართულ ნამდვილ უფსკრულად მოიაზრებდნენ.

ამ მოვლენის ამომწურავი ახნსა ჯერაც არ არსებობს. თანამედროვეებმა წარმოიდგინეს, რომ მათ ამ წყევლის საფუძველს სიმდიდრისა და სიღარიბის წარმმართველ იმ მკაცრ კანონზომიერებებში მიაგნეს, რასაც ისინი ანაზღაურების კანონსა და მოსახლეობის კანონს უწოდებდნენ; ეს კანონზომიერებები არ დადასტურდა. სიმდიდრისა და სიღარიბის კიდევ ერთ ამხსნელ ფაქტორად ექპლუატაცია იქნა მოაზრებული, მაგრამ ეს ფაქტორი ვერ ხსნიდა იმ გარემოებას, რომ ანაზღაურება მომდევნო საუკუნის განმავლობაში, მთლიანობაში მზარდი იყო. ყველაზე ხშირად, სხვადასხვა მიზეზთა ერთობლიობას იშველიებდნენ, რაც ასევე არ იყო დამაჯერებელი.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული ახსნა მარტივი სულაც არ არის: მეტიც, ის ამ წიგნის უდიდეს ნაწილს შეადგენს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ინგლისს სოციალური რყევების ტალღამ გადაუარა, რომელიც შემოღობვის პერიოდის ფარგლებს გასცდა; რომ ეს კატასტროფა თან სდევდა ეკონომიკური განვითარების ფართომასშტაბიან ცვლილებებს; რომ დასავლურ საზოგადოებაზე სრულიად ახალმა ინსტიტუციურმა მექანიზმმა დაიწყო ზემოქმედება; რომ მისი საფრთხეები, რომელთაც თავიდანვე უზარმაზარი ზარალი გამოიწვიეს, არასოდეს გადალახულა; და რომ XIX საუკუნის ცივილიზაციის ისტორია დიდწილად შედგება საზოგადოების  მცდელობისაგან დაეცვა თავი ასეთი მექანიზმის გამანადგურებელი შედეგებისაგან. ინდუსტრიული რევოლუცია მხოლოდ დასაწყისი იყო ისეთი ექსტრემალური და რადიკალური რევოლუციისა, რომლის მსგავსიც სექტანტებს თუ მოუვიდოდათ თავში. მაგრამ ახალი კრედო უკიდურესად მატერიალისტური იყო და ეფუძნებოდა რწმენას, რომ ადამიანთა ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა მხოლოდ შეუზღუდავი მატერიალური კეთილდღეობის შემთხვევაში იყო შესაძლებელი.

ბევრჯერ თქმულა  იმის შესახებ, თუ როგორ გამოიწვია ინდუსტრიული რევოლუცია ბაზრების გაფართოვებამ, ქვანახშირისა და რკინის მადნების არსებობამ, ბამბის ინდუსტრიისათვის ხელსაყრელმა ნოტიო კლიმატმა, იმ ადამიანთა სიმრავლემაც, რომელთაც XVIII საუკუნის შემოღობვის ცნობილი პროცესების შედეგად საკუთრება ჩამოერთვათ, ასევე თავისუფალი ინსტიტუტების არსებობამ, დანადგარების გამოგონებამ და სხვა ურთიერთდაკავშირებულმა მიზეზებმა. დასკვნის სახით წარმოჩინდა, რომ ამ მიზეზთა ჯაჭვისგან არც ერთის გამოყოფა  და ამ უცაბედი და მოულოდნელი მოვლენის მთავარ გამომწვევად  მიჩნევა არ  იქნება მართებული.

მაგრამ როგორ უნდა განვმარტოთ თავად ეს რევოლუცია? რა იყო მისი ძირითადი მახასიათებელი – ინდუსტრიული ქალაქების გაჩენა და ჯურღმულების წარმოქმნა,  თუ ბავშვთა უგრძესი სამუშაო საათები და დაბალი ანაზღაურება გარკვეული კატეგორიის მშრომელებისთვის,  თუ მოსახლეობის სწრაფი ზრდა და ინდუსტრიათა კონცენტრაცია? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი ეს, უბრალოდ თან დაერთო ერთ ძირითად ცვლილებას – საბაზრო ეკონომიკის დამყარებას, ხოლო ამ ინსტიტუციის ბუნების სრული გააზრება შეუძლებელია იმის გაცნობიერების გარეშე, თუ რა გავლენა ჰქონდა მანქანა-დანადგარებს კომერციულ საზოგადოებაზე. ჩვენ არ ვაპირებთ იმის მტკიცებას, რომ ყველაფერი რაც მოხდა, მანქანა-დანადგარებმა გამოიწვია. თუმცა, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მას შემდეგ, რაც კომერციულ საზოგადოებაში წარმოების პროცესში დახვეწილი მანქანებისა და დანადგარების გამოყენება დაიწყეს, თვითრეგულირებადი საბაზრო სისტემის იდეა აუცილებლად შეისხამდა ხორცს.

აგრარულ და კომერციულ საზოგადოებაში, სპეციალიზებული მანქანა-დანადგარების გამოყენება ყოველთვის იწვევს კონკრეტულ შედეგებს. ასეთი საზოგადოება შედგება სოფლის მეურნეობის მიმდევრებისა და ვაჭრებისაგან, რომლებიც ყიდულობენ და ყიდიან მიწისგან მიღებულ დოვლათს. სპეციალიზებული, დახვეწილი და ძვირადღირებული ხელსაწყოებითა და დანადგარებით წარმოებას მსგავს საზოგადოებაში  მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს აზრი, თუ ის ყიდვა-გაყიდვას დაექვემდებარება. ვაჭარი აქ ერთადერთი ფიგურაა, რომელსაც ამის უზრუნველყოფა შეუძლია, და ის მზადაა ამის საკეთებლად იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობა მას არ აზარალებს. ის საქონელს ისევე გაყიდის, როგორც სხვა დროს ყიდდა, ანუ მოთხოვნის შესაბამისად. თუმცა, საქონელს ის ამჯერად განსხვავებულად შეისყიდის. კერძოდ, მზა პროდუქტს კი არ იყიდის, არამედ შეიძენს აუცილებელ შრომასა და ნედლეულს. ვაჭრის მითითების მიხედვით ამ ორი ელემენტის შეჯერება და ზედ დამატებული გარკვეული საცდელი დრო, საბოლოო ჯამში, წარმოქმნის ახალ პროდუქტს. ეს ყველაფერი მხოლოდ შინამრეწველობის ან ე.წ. „გადაბარების სისტემის“ აღწერას კი არ წარმოადგენს, არამედ ნებისმიერი ტიპის, მათ შორის ჩვენი დროის ინდუსტრიული კაპიტალიზმის რაობას. სოციალური სისტემისათვის მნიშვნელოვანი შედეგები ამ ყველაფრის მხოლოდ თანამდევია.

დახვეწილი მანქანა-დანადგარები ვინაიდან ძვირია, მათი დახმარებით დიდი ოდენობის საქონელი არ იწარმოება, ამიტომ ისინი ამონაგებს არ იძლევიან.[6] ამ დანადგარების ამუშავება დანაკარგის გარეშე მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ საქონლის გასაღების საკითხი უზრუნველყოფილია, ხოლო წარმოების პროცესი არ ბრკოლდება წარმოებისათვის აუცილებელი ნედლეულის არქონის გამო. მოვაჭრისათვის ეს ნიშავს, რომ წარმოების ყველა ფაქტორი უნდა იყიდებოდეს, ანუ, ისინი სასურველი რაოდენობით ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერისათვის, ვინც თანხას გადაიხდის. მანამ კი, სანამ ეს პირობა არ დაკმაყოფილდება, სპეციალიზებული მანქანა-დანადგარებით წარმოების დაწყება ძალზე სარისკოა როგორც ვაჭრისათვის, რომელიც პროცესში თანხას აბანდებს, ისე მთლიანად საზოგადოებისათვის, რომელიც შემოსავლის, დასაქმებისა და აუცილებელი მარაგების კუთხით, დამოკიდებული ხდება წარმოების უწყვეტ პროცესზე.

აგრარულ საზოგადოებაში, ასეთი პირობები ბუნებრივად ვერ წარმოიქმნებოდა: ისინი განგებ უნდა შეექმნათ. ის ფაქტი, რომ მსგავსი პირობები მხოლოდ თანდათანობით შეიქმნებოდა, არანაირად არ ცვლის მოსალოდნელი ცვლილებების განსაკუთრებულ ხასიათს. ტრანსფორმაცია გულისხმობს საზოგადოების წევრების მხრიდან ქმედების მოტივის შეცვლას: სარჩოს მოპოვების მოტივი მოგების მოტივს უნდა ჩაენაცვლებინა. ასეთ დროს, ყველა გარიგება ფულად გარიგებად იქცევა და ეს, თავის მხრივ, საჭიროებს გაცვლის საშუალების დამკვიდრებას ინდუსტრიული ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ამგვარ სისტემაში, ყველა შემოსავალი რაიმეს გაყიდვიდან უნდა წარმოიშვას, და საიდანაც არ უნდა იღებდეს პიროვნება რეალურ შემოსავალს, მის წყაროდ გაყიდვები უნდა ჩაითვალოს. მარტივი ტერმინი – „საბაზრო სისტემა“ – რომელსაც ჩვენ ზემოთ აღწერილი ინსტიტუციური მოდელის სახელად ვიყენებთ, სწორედ ამას გულისხმობს. მაგრამ ამგვარი სისტემის მეტად საკვირველი თავისებურება ის არის, რომ თუ ის ერთხელ უკვე დამყარდება, მისი ფუნქციონირება უზრუნველყოფილი უნდა იქნას ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე. აქ უკვე მოგება გარანტირებული აღარ არის – ახლა ვაჭარმა სარგებელი ბაზარზე უნდა ნახოს. ფასებს თვითრეგულირების საშუალება უნდა მიეცეთ. სწორედ ბაზრების ასეთი თვითრეგულირებადი სისტემაა ის, რასაც ჩვენ საბაზრო ეკონომიკას ვუწოდებთ.

ადრეული ეკონომიკის ამ სისტემად გარდაქმნა იმდენად დასრულებული პროცესია, რომ ის მუხლუხოს მეტამორფოზას უფრო წააგავს, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახეცვალებადობას, რომელიც შესაძლოა უწყვეტი ზრდისა და განვითარების ტერმინებით აღიწეროს. შეადარეთ მაგალითად ვაჭარ-მწარმოებლის გაყიდვების საქმიანობა, მის შესყიდვების საქმიანობას: ის წარმოებულ საქონელს ყიდის; ის, თუ რამდენად წარმატებული იქნება მყიდველის მოძიებაში, საზოგადოების სტრუქტურაზე გავლენას არ იქონიებს. მაგრამ რასაც თავად ყიდულობს, ეს ნედლეული და შრომა, ანუ ბუნება და ადამიანია. კომერციულ საზოგადოებაში, მანქანა-დანადგარების საშუალებით წარმოება, ფაქტობრივად, მოითხოვს საზოგადოების ბუნებრივი და ადამიანური საფუძვლის საქონლად გადაქცევას. დასკვნა უცნაური, მაგრამ გარდუვალია და მისი გაცხადების გარეშე ჩვენი მიზანი მიუღწეველი დარჩება; აშკარაა, რომ ასეთი მექანიზმებით გაპირობებული სოციალური ქსოვილის მორღვევა, ადამიანური ურთიერთობების მოშლას გამოიწვევდა, ხოლო მის ბუნებრივ გარემოს განადგურებით დაემუქრებოდა.

ფაქტობრივად, ასეთი საფრთხე გარდაუვალი იყო. ჩვენ ამ საფრთხის რეალური მახასიათებლების გააზრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუკი იმ კანონებს გამოვიკვლევთ, რომლებიც თვითრეგულირებად ბაზარს მართავდნენ.

[1] Tawney, R. H., The Agrarian Problem in the Sixteenth Century, 1912

[2] Gibbins, H. de B., The Industrial History of England, 1895.

[3] Innes, A. D., England under the Tudors, 1932.

[4] Gairdner, J., “Henry VIII,” in Cambridge Modern History, Vol. ll, 1918.

[5] Heckscher, E. F., Mercantilism, 1935, Vol. II, p. 104.

[6] Clapham, J. H., Economic History of Modern Britain, Vol. III.

პუბლიკაცია ითარგმნება platforma.ge-სა და ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობით. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ მხარდაჭერილი ნებისმიერი პუბლიკაციის კომერციული მიზნებით გამოყენება, იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.