საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. რა თქმა უნდა განსაკუთრებულ ყურადღებას თბილისის მერობის არჩევნები იწვევს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი საქართველოსთვის, როგორც ფინანსური ისე პოლიტიკური ცენტრია. სამწუხაროდ არც 2017 წლის არჩევნებზე დაირღვა ის მანკიერი პრაქტიკა, რომ პოლიტიკოსებს და პარტიებს არ აქვთ დეტალურად გაწერილი საარჩევნო პროგრამები. ზოგს საერთოდაც არ აქვს რაიმე სახის დოკუმენტი, ზოგს კი სურვილების დონეზე აქვთ ჩამოწერილი მათი დაპირებები, რომლებსაც უკან არანაირი გათვლები არ უდგას. შედეგად ვიღებთ სიტუაციას, რომ არჩევნებში გამარჯვებული პარტია თუ კანდიდატი სადღეგრძელოების სტილში ნათქვამი დაპირებებით მოდის და საზოგადოებას არ აქვს იმის საშუალება შეამოწმოს მისი მუშაობის ნაყოფიერება. ამის ნათელი მაგალითია, მოქმედი მერი დავით ნარმანია, რომელიც აცხადებს, რომ ყველა მისი წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა, ხოლო მოწინააღმდეგენი საპირისპიროს ამტკიცებენ, საზოგადოებას კი არ აქვს საშუალება ეს ყველაფერი დოკუმენტურად გადაამოწმოს. სამწუხაროდ საქართველოში დაბალია პოლიტიკური კულტურა და კანდიდატები დიდად თავს არ იწუხებენ პროგრამის მომზადებაზე. ან რატომ შეიწუხებენ, პროგრამით მათ ფაქტობრივად წინასწარ უნდა წარმოადგინონ მათი მუშაობის 4 წლიანი დეტალური გეგმა და ურჩევნიათ სიტყვიერად, რაც უფრო პოპულარულია ის თქვან, ოღონდ ხმები მიიღონ და თუნდაც ესა თუ ის დაპირება პრაქტიკაში საერთოდ ვერ შესრულდეს.
2017 თბილისის მერობის კანდიდატების ეკონომიკური პროგრამები ფაქტობრივად არ აქვთ. საინტერესოა, რომ პროგრამა როგორც ასეთი, დაწერილი სახით მხოლოდ უმცირესობას აქვს. ისიც, რაც უწერია ძნელია პროგრამა ეწოდოს, განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად გერმანიაში, ერთ კანდიდატს აქვს უფრო დიდი მოცულობის პროგრამა აქვს ვიდრე თბილისის მერობის 9 კანდიდატს ერთად აღებულს. თუმცა მეტი კონკრეტიკისთვის მივყვეთ კანდიდატებს სათითაოდ.
მასალა მომზადებულია ვებ-გვერდ www.partiebi.ge-ს მიხედვით.
გიორგი გუგავა
გიორგი გუგავას არც რაიმე პროგრამა წარმოუდგენია და არც დეტალური ხედვა ქალაქის განვითარების შესახებ. ერთი-ორი დაპირება რაც მედიაში გააჟღერა ესაა რუსთავი-თბილისის მეტროთი დაკავშირება. თუმცა რა თანხებთანაა ეს დაკავშირებული, რა პროექტით უნდა აშენდეს, ან საერთოდ თბილისის მერი მარტო რომ ვერ გადაწყვეტს ამ საქმეს თვითონაც ხვდება, თუმცა დაპირებას მაინც გასცემს.
კიდევ ერთ დაპირებას“ლეიბორისტული პარტიის” თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს: “სახელისუფლო “მეწარმე” მაფიოზების გულქვაობის გამო, რომლებიც ხარჯების დაზოგვის მიზნით არ იცავენ შრომის უსაფრთხოების წესებს, ბოლო წლებში ასეულობით მუშა- მოსამსახურე გარდაიცვალა და დაშავდა.”
მისი თქმით, შეაჩერებენ ყველა მშენებლობასა და სამეწარმეო პროცესს, სადაც დაცული არ იქნება შრომის უსაფრთხოების წესები და საფრთხის წინაშე იქნება დაქირავებულის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. “უბედური შემთხვევის დროს დამქირავებელი ვალდებული იქნება, გარდაცვლილის ოჯახს კომპენსაციის სახით არანაკლებ მილიონი გადაუხადოს.”-აცხადებს გიორგი გუგავა. ამ დაპირების შესრულება “ლეიბორისტების” კანდიდატს გაუჭირდება ცენტრალურ ხელისუფლებასთან და შრომის ინსპექციასთან თანამშრომლობის გარეშე. შესაბამისად ამ პრობლემების მოგვარება კიდევ ერთხელ სცილდება მერის შესაძლებლობებს.
ირმა ინაშვილი
„ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატისგან განსხვავებით „საქართველოს პარტიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ირმა ინაშვილი საერთოდ გასცდა თბილისის მერის ფუნქცია-შესაძლებლობებს და მისი მთავარი დაპირებაა – „ჩვენ უნდა ავამოქმედოთ ნატო-რუსეთი-საქართველოს ფორმატი“. პირვერლ რიგში უნდა ითქვას, რომ თბილისის მერის კომპეტენციებისგან ძალიან შორს საერთაშორისო პოლიტიკის საკითხები. მეორე მხრივ, რამდენად მოახერხებს ნატო-სა და რუსეთის შერიგებას ირმა ინაშვილი, ეს ცალკე განხილვის საკითხია.
კახა კუკავა
„დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატის კახა კუკავას აზრით ქალაქის განვითარების მთავარი პრიორიტეტები უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: სოციალური უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ეკოლოგია. მისი თქმით,
მუნიციპალიტეტმა ხელი უნდა შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, როგორც ფინანსური ისე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. ვფიქრობთ ამ ტიპის მეწარმეობის განვითარება ქალაქის ეკონომიკური განვითარების ერთადერთი წინაპირობაა.
ერთადერთი ციფრი რაც კახა კუკავას წინასაარჩევნო პროგრამის მსგავს დოკუმენტში შეინიშნება ესაა დედაქალაქში ყველა ავტომანქანის კატალიზატორით აღჭურვა, რისთვისაც 40 მილიონი ლარის დახარჯვაა გათვალიწინებული. რაც შეეხება ბიუჯეტს, კუკავას თქმით, მოხდება ხარჯების ოპტიმიზება და შეწყდება ისეთი არაპრიორიტეტულ პროექტების დაფინანსება, როგორიცაა „იურიდიული კლინიკა”, „ვერტიკალური ბაღები”, „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარებისთვის” ტრეინინგების და კვლევების მოწყობა და სხვ. აღნიშნული პირველ ეტაპზე გამოიწვევს 50 მლნ ლარის გამოთავისუფლებას, რაც მიმართული იქნება სოციალური პროექტების დაფინანსებისკენ და მცირე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისკენ.
„ჩვენი ბლოკის გამარჯვების შემთხვევაში, ეტაპობრივად მოხდება მიკროავტობუსების სრული ჩანაცვლება ავტობუსებით, როგორც ეს არის ევროპის და სხვა განვითარებულ ქალაქებში. მუნიციპალიტეტი დააფინანსებს ახალი მეტრო-სადგურების მშენებლობას. მეტრო გახდება ყველასთვის კომფორტული და ხელმისაწვდომი ტრანსპორტი“, – აღნიშნავს კახა კუკავა.
საყურადღებოა, რომ რომელი სოციალური პროქტის დაფინანსება გაიზრდება, რამდენით და ეს რა ზეგავლენას მოახდენს კონკრეტულ მოქალაქეზე ან/და საზოგადოების რომელიმე ფენაზე ასეთი გათვლები არაა წარმოდგენილი.
ალექსანდრე ელისაშვილი
დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი დიდად არ გამოირჩა მისი კონკურენტებისგან და პრობლემების ჩამონათვალთან ერთად მოსაგვარებელი საკითხების სიაც წარმოადგინა. თუმცა ბევრი მისი დაპირება სერიოზულ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ასე მაგალითად, მისი თქმით, – „მეტრო თბილისის ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია. ყოველდღიურად მეტროთი 289,000 მგზავრი გადააადგილდება. ამიტომ, მეტრო უნდა გახდეს თბილისის სატრანსპორტო სისტემის ხერხემალი და სწორედ მასზე უნდა მოხდეს დანარჩენი ტრანსპორტის დაშენება. მეტროს 7 შემადგენლობის დამატების შემთხვევაში, ქალაქს/მეტროპოლიტენს აქვს რესურსი, რომ დღეში დააახლოებით 500,000-მდე გაზარდოს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ეს ნიშნავს: ყოველდღიურად 60,000 მანქანის გამოკლებას თბილისის ქუჩებისთვის, რაც ქალაქის ჰაერს წელიწადში 280,000 ტონა ნახშიროჟანგს მოაკლებს.
ტრამვაიმ შეიძლება დაფაროს ის არეალები/უბნები, რომლებიც თბილისის სატრანსპორტო სისტემისგან არიან მოწყვეტილნი. უნდა განვითარდეს ძირითადი, პრიორიტეტული ხაზები სადაც მხოლოდ დიდი, მოცულობითი ავტობუსები ივლიან, ხოლო სამარშრუტო ტაქსი, პირველ ეტაპზე, უნდა გადავიდეს პერიფერიაში, რათა შემდეგ თანდათანობით მოხდეს მათი სრული ჩანაცვლება. ჩემი გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ 4 წლის განმავლობაში ყოველდღიურად 100,000 მანქანით ნაკლებმა იმოძრაოს თბილისის ქუჩებში“, – აღნიშნავს ელისაშვილი. თუმცა იმაზე გათვლა, რომ ტრამვაის გაკეთება და მისი შენახვა დიდ თანხებთანაა დაკავშრებული, საიდან მოხდება თანხების მოძიება, წლების მიხედვით როგორ განხორციელდება ეს პროექტი, დეტალიზებული საერთოდ არ არის. ან თუნდაც მეტროს 7 შემადგენლობის დამატება რა თანხებთანაა დაკავშირებული ესეც უცნობია.
ზაალ უდუმაშვილი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი თითქმის ყველა პროლემას და მიმართულებას ეხება საკუთარ სამოქმედო გეგმაში. თუმცა აქაც იგივე პრობლემაა რაც მის კონკურენტების შემთხვევაში არ არის არანაირი ფინანსური დათვლები გაკეთებული და ყველაფერი სიტყვიერად სლოგანების დონეზეა გაჟღერებული. ასე მაგალითად, მისი პრიორიტეტია ჯანმრთელობის დაცვა და თითოეული მოქალაქისათვის მაღალი ხარისხის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ასევე, გაუმჯობესებული სოციალური პროგრამები, განათლების ხელშეწყობა და ხელმისაწვდომობა. უდუმაშვილის თქმით, მისი მიზანია – „მეტად სამართლიანი გავხადოთ ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსება. ასევე დავნერგოთ ახალი პროგრამები. საბიუჯეტო პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია განათლების დაფინანსება. არაერთი კარგი ინიციატივის განხორციელებას ვგეგმავთ ამ მიმართულებით, რომელიც შეეხება როგორც სკოლამდელ ასევე, ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს. ანუ მოკლედ, რომ შევაფასოთ უფრო კარგს და უფრო მეტს პირდება მოსახლეობას, მაგრამ რას რა რაოდენობით და კონკრეტულად ვის, ეს უცნობია.
უდუმაშვილის ერთ-ერთი დაპირებაა ბიუროკრატიის შემცირება 100 მილიონი ლარით, ესეც უცნობია, რა პერიოდში აპირებენ ამ თანხის დაზოგვას. 2017 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის გეგმით შრომის ანაზღაურებაზე სულ 87 მილიონი ლარია გამოყოფილი და მის 100 მილიონით შემცირება რამდენად შესაძლებელია ეს მკითხველმა თავად გადაწყვიტოს.
უდუმაშვილის კიდევ ერთი დაპირებაა – „დაინტერესებული პირებისათვის უფასო პროექტების შეთავაზებას მცირე ბიზნესის წამოსაწყებად და აღნიშნულ ზოლზე ქონების გადასახადის გაუქმებას სამი წლის ვადით“. ასეთი ტიპის საგადასახადო შეღავათის დაპირებას მაინც უნდა ახლდეს თან ეკონომიკური გათვლები, თუ რა დაუჯდება ეს ბიუჯეტს და რა პერიოდში, რა სარგებელს მივიღებთ, თუმცა ნაც მოძრაობის კანდიდატის პროგრამაში არც ესაა დათვლილი.
დაახლოებით იგივე შინაარსის და პათოსისაა სხვა მიმართულებით დაპირბებიც, როგორიცაა არსებული მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია და ახლების დამატება, თუმცა ვერც იქ ვნახავთ რაიმე კონკრეტულ გათვლებს.
კახა კალაძე
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის პროგრამა შედგენილია უმეტესად კონკრეტული დაპირებების გარეშე. ასე მაგალითად, დაპირებები ასეთი სახითაა წარმოდგენილი – „თბილისის მერია შეიმუშავებს მუნიციპალური განვითარების გეგმას, მუნიციპალიტეტი ხელს შეუწყობს თბილისელების დასაქმებას, განხორციელდება ღამის ეკონომიკის ინოვაციური კონცეფცია, შემუშავდება და განხორციელდება მსხვილი და საშუალო მასშტაბის საინვესტიციო პროექტები, თბილისის მერია შეიმუშავებს ქალაქის ქმედით ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც დაეფუძნება მუნიციპალური განვითარების გეგმას, შემუშავდება და განხორციელდება ეფექტიანი საინვესტიციო პოლიტიკა და ა.შ”. ანუ მოკლედ, რომ ვთქვათ მერობის შემთხვევაში შემიმუშავებს გეგმებს ამა თუ იმ მიმართულებით და რამდენად მოეწონება მოსახლეობას მისი პროგრამები ეს მომავალში გაირკვევა.
კალაძის დაპირებით, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალური ბიუჯეტის ზრდა, როგორც საკუთარი შემოსავლების, ისე სახელმწიფო ტრანსფერების ხარჯზე და ქალაქის ბიუჯეტი, პირველად მის ისტორიაში, 1 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, – საიდან, როგორ, რომელი გადასახადისა თუ მოსაკრებლის ზრდის ხარჯზე და როდის 2018 წელს, თუ 2022 წელს?
ტრანსპორტის მიმართულებით, კალაძე გეგმავს თბილისის ავტობუსის პარკის განახლებას და მეტროს მასშტაბურ მოდერნიზაციას. ვინ რას მოიაზრებს სიტყვა მასშტაბურის ქვეშ ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ ქალაქს რომ 700-ზე მეტი ავტობუსს ჰპირდება, კარგი იქნებოდა თან ამ ტრანსპორტის ყიდვის ხარჯებიც ჩაეწერა.
თენგიზ შერგელაშვილი
„შენების მოძრაობის” მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი წინასაარჩევნო გეგმით, საზოგადოებას ისეთი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავებას პირდება, რომელიც ინტეგრირებული იქნება ტერიტორიულ-სივრცითი განაშენიანების გენერალურ გეგმასთან. შესაბამისი კვლევებითა და ფართო საზოგადოების მაღალი ჩართულობით გამოვლინდება ცალკეული ეკონომიკური კლასტერები. სტრატეგიაზე დაყრდნობით გაიწერება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელსაც დაამტკიცებს თბილისის საკრებულო და რომელიც ასახული იქნება ბიუჯეტის კაპიტალური ინვესტიციების შესაბამის მუხლებში. შედეგად, თბილისის განვითარება გახდება შეუქცევადი პროცესი და გეგმით გათვალისწინებული პროექტების შესრულება განუხრელად იქნება სავალდებულო ნებისმიერი ახალი მერისთვის. მაგრამ, თუ საკრებულოში არ იქნებიან უმრავლესობით ვერც თავის გეგმას დაამტკიცებენ და თუ მათი გეგმა მიუღებელი იყო საზოგადოებისთვის მომდევნო მერებისთვის რატომ უნდა გახდეს ის სავალდებულო გაუგებარია.
შერგელაშვილის დაპირებით ისინი ყველა ღონეს იხმარენ, რომ თბილისის ბიუჯეტში დარჩეს თბილისის ტერიტორიაზე დაქირავებით მომუშავეთა მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის 30%, რას გულისხმობენ “ყველა ღონეში” უცნობია, მაგრამ თუ პარლამენტმა არ მოისურვა რა ძალი და ღონეც არ უნდა იხმაროს თბილისის მერიამ საგადასახადო პოლიტიკას ვერ შეცვლიან.
რაც შეეხება ბიზნესს, „შენების მოძრაობა“ საზოგადოებას მცირე და საშუალო ბიზინესის მხარდაჭერით საკრედიტო დაწესებულებებთან საგარანტიო უზრუნველყოფისა და სესხის პროცენტის თანადაფინანსების შედეგად ჯამში მხარდაჭერას გაუწევს 1,500-2,000 პროექტს საბანკო სესხის მიღებასა და საპროცენტო განაკვეთის შემცირებაში. შედეგად დედაქალაქში სულ მცირე 35-40 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავენ. გამოდის, რომ 2016 წლის მონაცემებით არსებული 96 ათასი უმუშევარი ადამიანიდან ფაქტობრივად განახევრდება უმუშვერობა, რაც 4 წლიან პერიოდში რეკორდული შედეგი იქნება, რაც ძნელად სავარაუდოა რომ შერგელაშვილის მერობის პერიოდში დაფიქსირდეს.
გიორგი ვაშაძე
„ახალი საქართველოს“ მერობის კანდიდატს გიორგი ვაშაძე ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე აქვს აქცენტი გაკეთებული 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. მისი თქმით თბილისი უნდა იყოს ეკონომიკური, კულტურული, ინოვაციური და სატრანსპორტო გლობალური სმარტ-ჰაბი. დედაქალაქის ეკონომიკური განვითარებისთვის განხორციელდება შემდეგი ინიციატივები: eCard Tbilisi – ციფრული ID/ლოიალობის ბარათი ტურისტებისათვის; ყველაზე მარტივი პროცედურები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან თბილისში ბიზნესის დასარეგისტრირებლად; ყველა კომპანიის მფლობელი მიიღებს ბიზნეს ბარათს, რითაც შეძლებს კომპანიის სრულად მართვას, ბანკში ანგარიშის გახსნას და ფინანსური აქტივების მართვას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან; საგადასახადო გარემო მოერგება ასეთი ტიპის ბიზნესების საჭიროებებს; ყველა სერვისი განხორციელდება კერძო კომპანიების მეშვეობით; ბლოკჩეინ-ეკონომიკის ლეგალიზაცია. ნუ, საგადასახადო გარემოს როგორ შეცვლის გაუგებარია, რადგან თბილისის მერიას ამ მიმართულებით ძალიან შეზღუდულია, მაგრამ მთავარი სხვაა, კარგი იქნებოდა გიორგი ვაშაძეს ჯერ მოსახლეობისთვის აეხსნა რა არის ბლოკჩეინ-ეკონომიკა და შემდეგ მისი განხორციელებას დაპირებოდა.
ვაშაძის კიდევ ერთი ინოვაციური იდეაა თბილისის ზღვასა და აეროპორტს შორის მსოფლიოში პირველი ბლოკჩეინ-ქალაქი შექმნა – ნიუ-სითი ახალი ოფისებითა და სამუშაო ადგილებით. მისი თქმით, აშენდება კრიპტო-ინვესტიციების გზით, რაც შექმნის ბაზისს მოქალაქეებისათვის შემოსავლების ზრდისა და თბილისის ლიდერთა შორის დამკვიდრებისთვის. ამ მიზნით, მოხდება: შესაბამისი საინვესტიციო პაკეტის შექმნა; თბილისის თითოეულ მაცხოვრებელს დაურიგდება ბლოქჩეინ ქალაქის კრიპტო აქცია; ბლოკჩეინ ქალაქის დანარჩენი აქციები გატანილი იქნება ICO-ზე, რითიც მოხდება საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვა. კრიპტო-აქციები საშუალებას მისცემს მათ ფლობელებს მიიღონ შემოსავალი იჯარიდან და სხვა კომერციული პროექტებიდან, რომელიც ამ ტერიტორიაზე განხორციელედება; ბლოკჩეინ ქალაქი თბილისი იმუშავებს სრულად მზის ენერგიაზე; ბლოკჩეინ-თბილისში იქნება მხოლოდ ელექტრო ტრანპორტი და იქნება ყველაზე მწვანე ქალაქი რეგიონში; ყველა პროცედურა/სერვისი და უსაფრთხოების სისტემები იქნება სრულად ავტომატიზირებული და ონლაინ-ხელმისაწვდომი. როდესაც საუბარია ახალი ინოვაციური მოდელის ქალაქის შექმნაზე, რომელიც პირველი უნდა იყოს მსოფლიოში კარგი იქნებოდა თუ მეტ დეტალიზებას მოახდენდა მერობის კანდიდატი იმის შესახებ, თუ საიდან მოიძიებდა ამ პროექტისთვის ფინანანსებს და როგორ წარმოუდგენია ინვესტორების დაინტერესება ამ ქალაქით, მაშინ როდესაც კრიპტოვალუტებს საერთაშორისო მასშტაბით ძალიან ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, რომელთა თქმითაც ეს დიდი საპნის ბუშტია და უახლოეს მომავალში გასკდება.
ელენე ხოშტარია
უნდა აღინიშნოს, რომ “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას პროგრამა მის კონკურენტებთან შედარებით უფრო დათვლადია, თუმცა რა თქმა უნდა აქაც უამრავია ისეთი დაპირებები, რომელთა შესრულებაც თბილისის მერს უბრალოდ არ ხელეწიფება ან ამისათვის საჭირო ფინანსების მოზიდვა შეუძლებელია.
“ევროპული საქართველოს” მიერ გატარებული პოლიტიკით, თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თბილისში შეიქმნება 35,000 სამუშაო ადგილი, 200,000-ზე მეტი პენსიონერი მიიღებს 50-ლარიან ყოველთვიურ საპენსიო დანამატს, ხოლო 100,000-მდე სოციალურად დაუცველი – დამატებით 70 ლარის საარსებო შემწეობას თვეში. ანუ, გამოდის, რომ მარტო ამ ორი სოციალური დახმარების გაცემა ბიუჯეტს წლიურად 204 მილიონი ლარი დაუჯდება, რაც მთელი ბიუჯეტის მეოთხედია. ამის პარალელურად „ევროპული საქართველო“ გამარჯვების შემთხვევაში ქონების გადასახადის 10%-ით შემცირდებას გვპირდება. რაც თბილისის შემთხვევაში 16 მილიონი ლარის იქნება. ეს მხოლოდ ფინანსური მხარე, ახლა სხვა მხრიდან, რომ შევხედოთ რა სიტუაცია შეიქმნება, როდესაც ქვეყანაში დედაქალაქში სხვა პენსია იქნება და სოც. დახმარება და რეგიონებში სხვა.
სხვა მერობის კანდიდატების მსგავსად ელენე ხოშტარიაც აპირებს რკინიგზის თბილისი ცენტრიდან გადატანას, თუმცა როგორ უნდა გააკეთოს ეს ცენტრალური ხელისუფლების სურვილის გარეშე უცნობია.
“ევროპული საქართველო” გაანახევრებს ბიუროკრატიას (ბიუჯეტის დაახლოებით 5%-ს, რომელიც ჩინოვნიკების ჯიბესა და კომფორტზე მიდის), შეკვეცს არაეფექტურ ხარჯებს, აღმოფხვრის კორუფციასა და ნეპოტიზმს, დაზოგავს თანხებს (200 მილიონი თბილისის 826-მილიონიანი ბიუჯეტიდან) და ფინანსურ რესურსს უფრო ეფექტიანად მიმართავს როგორც სოცალურ, ისე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. აქაც ზუსტი გათვლები უცნობია, რომელ მიმართულებაში ფიქრობენ თანხების შემცირების შესაძლებლობას.
ხოშტარია აპირებს უცხოური საინვესტიციო ბანკებიდან აღებული 150 მილიონი ევროს ოდენობის იაფი სესხით ტრამვაის მშენებლობის დაწყებას და 4 წლის განმავლობაში მის სრულ დასრულებას. საინტერესოა, რომ თბილისის მერიას ცენტრალურ მთავრობასთან შეუთანხმებლად არ შეუძლია ბიუჯეტის ხარჯების 10%-ზე მეტის აღება. 150 მლნ. ევრო კი 400 მილიონ ლარზე მეტია, რაც 2017 წლის თბილისის ბიუჯეტის ნახევარს უდრის.
ელენე ხოშტარია მოსახლეობას საბაგიროების მშენებლობასა და თბილისის მეტროს განახლებას ჰპირდება, თუმცა ეს დაპირებებიც მოკლებულია კონკრეტულ ციფრობრივ გათვლებს. შესაბამისად კონკრეტულად რა პერიოდში და რა დაჯდება ამ პროექტების განხორციელება უცნობია.
დასკვნის სახით
ბოლოსკენ დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ ყველა კანდიდატის პროგრამა შორს არის ევროპული დონის წინასაარჩევნო დოკუმენტებისგან. გასაგებია, რომ მოსახლეობის სრულ უმრავლესობას დიდი ინტერესიც არ აქვს, რომ კანდიდატების სრულყოფილ პროგრამას გაეცნოს, თუმცა სპეციალისტებისთვის მაინც უნდა ჰქონდეს პარტიას მსგავსი დოკუმენტი შემუშავებული, რაც მისი გამარჯვების შემთხვევაში სამოქმედო გეგმად უნდა იქცეს. საზოგადოება დიდად არ ინტერესდება მსგავსი დოკუმენტებით, შესაბამისად არც პოლიტიკოსები აქცევენ ამას ყურადღებას და ოღონდ ხმები მიიღონ და თანახმანი არიან ნებისმიერი დაპირება გასცენ, რომელიც წინასწარვე იციან, რომ განწირულია შეუსრულებლობისთვის, მაგრამ არც ეს ანაღვლებთ.
ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ დაახლოების გზაზეა და საქართველო ცდილობს დემოკრატიის დონის ამაღლებას პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენა მართებთ მათი ამომჩევლის წინაშე. ნება უნდა იბოძონ და დაწერონ დეტალური პროგრამები, თუ რას და როგორ გააკეთებენ, სადაც უკვე ასეთი ჰაერში გასროლილი დაპირებების დასაბუთება გაუჭირდებათ და შესაბამისად წინასაარჩევნო პროცესიც უფრო თანამედროვე და არგუმენტირებული იქნება ვიდრე არსებული, როდესაც ერთი თბილისის მერობის კანდიდატი მსოფლიო მასშტაბის დიპლომატიურ ავანტურას გვპირდება, ხოლო მეორე მონოპოლიების დამარცხებას, რაც მის უფლებამოსილებას და შესაძლებლობებთან ახლოსაც კი არ დგას.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.