ფოტო გარეკანზე: docdroid.net
8 ნოემბერს ერთი წელი გავიდა ამერიკისა და მსოფლიოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არჩევნებიდან: ზუსტად ერთი წლის წინ, 2016 წლის 8 ნოემბერს ამერიკამ 45-ე პრეზიდენტად დონალდ ჯონ ტრამპი აირჩია.
თუ ამერიკულ მედიას დავუჯერებთ, დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი არ უნდა გამხდარიყო. მეტიც – დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი არ შეიძლებოდა გამხდარიყო და საერთოდ, თუ ამერიკულ მედიას დავუჯერებთ, დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი არც კი გამხდარა(?!).
არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგაც კი, წამყვანი ამერიკული მედია ტრამპს უყურებს როგორც „დროებით მოვლენას“, რომელიც „შემთხვევით“ აღმოჩნდა პრეზიდენტის სავარძელში.
მაგრამ ეს წერილი სწორედ იმაზეა, რამდენად შეიძლება დავუჯეროთ წამყვან მედიას.
უფრო ზუსტად კი იმაზე, თუ რატომ არ დაუჯერა ამერიკელმა ხალხმა ამერიკულ მედია-გიგანტებს, რომლებიც ათწლეულების მანძილზე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდნენ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების პროცესში.
მე მესმის, რომ ეს კითხვა ბევრისთვის შესაძლოა პროვოკაციულადაც ჟღერდეს, ამიტომ ვიდრე მას პასუხს გავცემდეთ მინდა შემოგთავაზოთ მცირე ფაქტოლოგიური ექსკურსი ერთი წლის წინანდელ ამერიკაში, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამერიკის პრეზიდენტი სწორედ მედიის მიერ „აკრძალული“ კანდიდატი გახდა.
ამერიკულ პრესაში დამკვიდრებულია ერთი საინტერესო პრაქტიკა, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან იღებს: არჩევნების წინ გაზეთები აკეთებენ სარედაქციო მიმართვას მკითხველისადმი (ე.წ. ინდორსმენტს) სადაც აფიქსირებენ გამოცემის პოზიციას მომავალი არჩევნების მიმართ. ეს შეიძლება იყოს (და როგორც წესი არის კიდეც) რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა, თუმცა შესაძლებელია ასევე იყოს ნეგატიური დამოკიდებულების დაფიქსირება ერთ-ერთი კანდიდატისადმი („ანტი-ინდორსმენტი“ ფავორიტის დასახელების გარეშე).
ისტორიულად, ამერიკული გამოცემების სიმპათია არჩევნების დროს ყოველთვის იყოფოდა იმის მიხედვით, თუ რომელი პარტიის ღრებულებებთან არის ახლოს ამა თუ იმ გამოცემის სარედაქციო პოლიტიკა. ამის გამო ეს ინდორსმენტები მეტ-ნაკლებად ერთმანეთს „აბალანსებდნენ“ და მთლიანობაში მედიაც დაბალანსებული ჩანდა.
2016 წლის არჩევნებში ეს ასე არ ყოფილა.
2016 წლის არჩევნები ბევრი რამით იყო გამორჩეული და მათ შორის გამორჩეული იყო იმითაც, რომ არჩევნების წინ ფაქტობრივად მთელი ამერიკული მედია ნეგატიურად იყო განწყობილი ერთ-ერთი კანდიდატის – დონალდ ტრამპის მიმართ.
ამასთან ტრამპის მიმართ ნეგატიურად იყვნენ განწყობილი არა მხოლოდ წამყვანი სატელევიზიო არხები და ტრადიციულად დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი გამოცემები (მაგ. New York Times, Washington Post, Los Angeles Times) არამედ ტრადიციულად რესპუბლიკური პარტიის და მისი კანდიდატების მხარდამჭერი სამხრეთული გაზეთებიც (Houston Chronicle, Dallas Morning News, Arizona Republic და ა.შ.)
და ბოლოს, 2016 წელს არსებობის ისტორიაში პირველად დააფიქსირა სარედაქციო პოზიცია ამერიკული პრესის ლიდერმა. ეს არის Usa Today. გამოცემამ საკმაოდ ემოციური ანტი-ინდორსმენტი გააკეთა ტრამპის წინააღმდეგ და განაცხადა: „ჩვენ არასდროს ვყოფილართ მხარე საპრეზიდენტო მარათონში, მაგრამ ახლა ვართ მხარე და ვფიქრობთ, რომ დონალდ ტრამპი შეუფერებელია ამერიკის პრეზიდენტობისთვის“.
საბოლოო ჯამში, საპრეზიდენტო კამპანიის მანძილზე ჰილარი კლინტონს მხარი დაუჭირა 500-ამდე ამერიკულმა და საერთაშორისო გამოცემამ მაშინ, როცა დონალდ ტრამპის სასარგებლო ინდორსმენტი მხოლოდ ოცდაშვიდმა გაზეთმა გააკეთა და მათგან ყველაზე დიდი არის Las Vegas Review Journal, რომლის მთლიანი ტირაჟი 133 ათასია (მასშტაბის შედარებისთვის – Usa Today ტირაჟით 4 მილიონს აღწევს, New York Times კი მილიონს აღემატება)
ასეთი მკვეთრი დისბალანსი ამერიკის ისტორიაში არც ერთ არჩევნებზე არ ყოფილა.
ცხადია, კანდიდატები ყოველთვის გამოხატავდნენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მათ „უსაფუძვლოდ აკრიტიკებდა მტრულად განწყობილი მედია“, მაგრამ 2016 წლამდე არც ერთ კანდიდატს არ შეეძლო ეთქვა რომ მას ებრძოდა მედია მთლიანობაში.
2016 წელს პირველად მოხდა ისე, რომ ფაქტობრივად მთელი მედია აღმოჩნდა ერთი კანდიდატის მხარეს და 2016 წელს პირველად ვნახეთ ამ ბრძოლის შედეგიც.
მედია დამარცხდა!
სხვათა შორის, ტრამპის მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ დაამარცხა არა მხოლოდ CNN, არამედ NBA, ჰოლივუდი და თვით დოლარიც კი.
რეალურად, ტრამპს მართლაც მწვავედ აკრიტიკებდა სპორტის და ხელოვნების პოპულარული წარმომადგენლების უმრავლესობა, ხოლო ჰილარი კლინტომა ნამდვილად გაცილებით მეტი თანხა დახარჯა წინასაარჩევნო კამპანიაში, ვიდრე ტრამპმა, მაგრამ რაკი ჩვენ კონცენტრირებული ვართ მედიაზე, შესაბამისად, მთავარი კითხვა ჩვენთვის არის ის, თუ რატომ წავიდა ამერიკელი ამომრჩეველი მედიის მიერ ნაჩვენები მიმართულების საპირისპიროდ და არის თუ არა ეს მედიის კრიზისის მაჩვენებელი.
ზოგადად, როცა ადამიანები არ ენდობიან რომელიმე ინსტიტუტს, ეს უკვე შეიძლება შევაფასოთ როგორც ამ ინსტიტუტის კრიზისი.
ასე, მაგალითად, როცა ადამიანები არ ენდობიან საფონდო ბირჟას იწყება ბირჟის კრიზისი, როცა ადამიანები არ ენდობიან ბანკებს, იწყება საბანკო სექტორის კრიზისი. როცა ადამიანები არ ენდობიან პოლიტიკურ ელიტას იწყება პოლიტიკური კრიზისი და ა.შ..
თუ ამ ლოგიკას გავყვებით, როცა ადამიანები უგულვებელყოფენ მედიის პოზიციას – ეს ნიშნავს რომ ისინი არ ენდობიან მას. ამიტომ კითხვის ნიშნები მედიის კრიზისთან დაკავშირებით 2016 წლის შემდეგ უნდა მოიხსნას – ამერიკული (და ზოგადად დასავლური) მას-მედია ნამდვილად კრიზისშია, მაგრამ შეფასებასთან ერთად ასევე საინტერესოა გავარკვიოთ ამ კრიზისის მიზეზებიც.
ამ მხრივ პირველადი დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ ისევ და ისევ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიიდან.
როგორც არჩევნების შემდეგ გაირკვა, ამერიკული მედია არა მხოლოდ არ გამოხატავდა ამერიკული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის განწყობებსა და პოზიციებს, არამედ… საერთოდ არაფერი იცოდა ამ პოზიციებისა და განწყობების შესახებ.
ნიშანდობლივია, რომ ამერიკული მედია თავდაპირველად არა აგრესიულად, არამედ ცინიკურად იყო განწყობილი ტრამპის მიმართ: მას ვერც კი წარმოედგინა, რომ ტრამპს შეიძლებოდა ქონოდა პოლიტიკური მომავალი.
რატომ?
იმიტომ, რომ წამყვანი მედია არც კი უშვებდა რომ ტრამპის რიტორიკას და პოზიციებს გაიზიარებდა ამერიკული საზოგადოების ანგარიშგასაწევი ნაწილი.
ეს კი შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ იმას, რომ ამერიკულ მედიას არ ედო ხელი ამერიკული საზოგადოების მაჯისცემაზე და წარმოდგენა არ ქონდა რა ხდებოდა იქ – „ერთსართულიან ამერიკაში“, რომელიც წყნარი და ატლანტის ოკეანეების სანაპიროებზე აშენებულ ცათამბრჯენებს შორის მდებარეობს.
როგორც არჩევნების შედეგებმა აჩვენა, ეს ერთსართულიანი ამერიკა ამერიკული მედიისთვის, ისევე როგორც ამერიკული ელიტის უდიდესი ნაწილისთვის ე.წ fly over country („გადასაფრენი ქვეყანა“) იყო, რომელსაც წამყვანი გამოცემების ჟურნალისტები მხოლოდ თვითმფრინავის ილუმინატორიდან უყურებდნენ ნიუ-იორკიდან ლოს ანჯელესში გადაფრენის დროს ან პირიქით.
ამერიკის წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს ცოტა უკეთ რომ ცოდნოდათ თავიანთი ქვეყანა, ცხადია ეცოდინებოდათ ისიც, რომ ტრამპიზმი, როგორც კონსერვატიული პროტესტი სისტემის წინააღმდეგ ამერიკაში უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე თვითონ ტრამპი, როგორც პოლიტიკური ფიგურა.
მათ ეს რომ ცოდნოდათ, სულ მცირე, საკუთარ თავს მაინც არ ჩაიგდებდნენ სასაცილო მდგომარეობაში მილიარდერის შანსებზე ქილიკით.
ალბათ სწორედ ამიტომ წერდნენ თვითონ ამერიკელი კოლუმნისტები 9 ნოემბერს რომ „არასდროს მედია არ ყოფილა ისე შორს საკუთარ ხალხთან, როგორც ახლა“.
მაგრამ მას-მედიის კრიზისი ცხადია არ შემოიფარგლება 2016 წლის არჩევნების “წაგებით” ან თუნდაც იმით რომ მან ვერ იგრძნო საზოგადოების განწყობა ერთი კონკრეტული არჩევნების წინ.
პირიქით – ეს ყველაფერი უკვე შედეგია. მედიის კრიზისი კი ამერკაში გაცილებით ადრე დაიწყო.
რეალურად, მას-მედიის “ოქროს ხანა” დასავლეთში იყო XX საუკუნის 90-იანი წლები: სწორედ მაშინ მიაღწია “მეოთხე ხელისუფლებამ” ძლიერების პიკს – ამის შემდეგ კი იწყება დაღმასვლა, რომელიც 2008 წლის შემდეგ უკვე კრიზისში გადაიზარდა.
ალბათ სიმბოლურია, რომ 1997 წელს ხდება ამერიკული მას-მედიის ისტორიაში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა – ეკრანებზე გამოდის ბარი ლევინსონის ლეგენდარული ფილმი “როცა კუდი აქნევს ძაღლს”, სადაც ნაჩვენებია, თუ რა ადვილია მას-მედიის საშუალებით საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება და ტარდება Gallup-ის ისტორიული კვლევა, სადაც პირველად ფიქსირდება მას-მედიის მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირება.
ამის შემდეგ ამერიკელები სულ უფრო და უფრო ნაკლებად ენდობოდნენ მას-მედიას და 2016 წელს ეს ნდობა რეკორდულად დაბალ 32%-ზე დაეცა.
ერთი სიტყვით – ამერიკული საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მაშინ არ ენდობოდა ამერიკულ მედიას, როცა ტრამპი NBC-ს მთავარი ტელესახე იყო და ვერაფრით ჩაითვლებოდა მედიასთან დაპირისპირებულ ფიგურად.
საინტერესოა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო მედიის მიმართ უნდობლობის ზრდის მიზეზი?
ეს არის ფუნდამენტური კითხვა რადგან ამ კითხვაზე უშუალოდ წამყვანი მედიის მესვეურების პასუხი ყოველთვის ტექნიკური ხასიათისაა. მათი განცხადებების თანახმად მას-მედიის პრობლემები ფაქტობრივად ყოველთვის ინტერნეტისა და სოციალური მედიის განვითარებითაა გამოწვული.
რეალურად, ეს პასუხი ცხადია არ შეიძლება ჩაითვალოს პასუხად ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე და აი რატომ:
ინტერნეტმა, როგორც, პლატფორმამ შეიძლება შეავიწროვოს ტელევიზია, როგორც პლატფორმა, ისევე, როგორც თავის დროზე ტელევიზიამ შეავიწროვა რადიო, ხოლო კიდევ უფრო ადრე რადიომ შეავიწროვა პრესა, მაგრამ მედია პლატფორმების პროგრესი ან დივერსიფიკაცია თავისთავად ვერ გაზრდის და ვერც შეამცირებს ნდობას მედიის, როგორც ინსტიტუტის მიმართ.
სხვა სიტყვებით – შესაძლოა 60 წლის წინ ბრიტანელების უმრავლესობა ახალ ამბებს იგებდა BBC რადიოდან, 30 წლის წინ BBC ტელევიზიიდან ხოლო დღეს BBC ვებიდან, მაგრამ ეს ფაქტი ვერაფერს გვეტყვის იმის შესახებ, შეიცვალა თუ არა ამ პერიოდის მანძილზე ნდობა BBС კორპორაციის, მისი სარედაქციო პოლიტიკისა და ჟურნალისტების მიმართ.
ცხადია, დღეს გაცილებით ნაკლები ადამიანი იგებს ახალ ამბებს ტელევიზიიდან, ვიდრე თუნდაც 20 წლის წინ. ინტერნეტი სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება წამყვანი მედია პლატფორმა, მაგრამ ტელევიზიის, როგორც მედია-პლატფორმის შევიწროვება ვერ ახსნის ნდობის შემცირებას ისეთი კომპანიების მიმართ, როგორიცაა CNN, ABC, NBC, FOX და ა.შ., რომელთაც უზარმაზარი ფინანსური რესურსები აქვთ ჩადებული საკუთარი ვებ-პლატფორმების განვითარებაში.
ამერიკული (და მთლიანად დასალური) მედიის მესვეურებს ხშირად არ სურთ იმის აღიარება, რომ სინამდვილეში სახეზეა არა ტელევიზიის, როგორც მედია-პლატფორმის, არამედ მედიის, როგორც ინსტიტუტის კრიზისი. მათი მხრიდან ეს შეიძლება თვითგადარჩენის ინსტიქტით ნაკარნახევი ბუნებრივი პოზიციაც იყოს, მაგრამ თუ რეალობას თვალს გავუსწორებთ, ადვილად შევამჩნევთ რომ დასავლური მედია დღეს გაცილებით უფრო სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, ვიდრე საზოგადოების ტელევიზორის ეკრანიდან კომპიუტერის მონიტორზე „გადართვაა“.
ყველაზე რბილი შეფასებით, ეს მდგომარეობა შეიძლება აღვწეროთ, როგორც საზოგადოებასთან კავშირის დაკარგვა, რასაც ლოგიკურ შედეგად მოსდევს ამავე საზოგადოების ნდობის დაკარგვა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მაგალითზე მთელმა მსოფლიომ დაინახა, თუ რამდენად არასწორი ინფორმაცია ქონდა ამერიკულ მედიას ამერიკულ საზოგადოებაზე, მაგრამ ეს არ ყოფილა გამონაკლისი შემთხვევა ან ანომალია, რომელიც თავისი ანომალიურობის გამო იმსახურებს ყურადღებას.
სინამდვილეში, 2016 წელს ამერიკული მედია საკუთარი საზოგადოების არცოდნაში დაადანაშაულეს არა იმიტომ, რომ მანამდე ძალიან კარგად იცნობდა მას, არამედ იმიტომ, რომ 2016 წელს ამ არცოდნამ ამერიკული ელიტაც კი შეიყვანა შეცდომაში, რომლის დიდმა ნაწილმა აშკარად “ვერ გათვალა” ვისზე უნდა დაედო ფსონი.
რეალურად კი 2016 წლამდეც იყო ბევრი ნიშანი, რომელიც ცხადად მეტყველებდა რომ მას-მედიას დაკარგული აქვს კავშირი საზოგადოების უდიდეს ნაწილთან და პარალელურ სამყაროს არწერს.
ასე, მაგალითად, 2008 წელს დაწყებული გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, წესით მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო საზოგადოებაში უკმაყოფილების მუხტის დაგროვება, რომელსაც უნდა გამოეწვია ფუნდამენტური სისტემური ტრანსფორმაციები. ამის მიუხედავად, ამერიკული მედია კრიზისის დაწყების შემდეგაც ძალიან არასერიოზულად უყურებდა ანტისისტემური პროტესტის ყველა გამოვლინებას და ცდილობდა წარმოეჩინა იგი რამდენიმე „ანტიგლობალისტის“ პროტესტ-პერფორმანსად რესპრქტაბელური ეკონომიკური ფორუმების წინ.
ამერიკულმა მას-მედიამ, მაგალითად, ვერ შეამჩნია, რომ სისტემის ტრანსფორმაცია ტრამპამდე რამდენიმე წლით ადრე – დასავლური სამყაროს ყველაზე „სუსტ რგოლში“ – ევროპის პოსტსკომუნისტურ ქვეყნებში დაიწყო;
ამერიკულმა მედიისთვის ტრამპი „ანომალიად“ გამოიყურებოდა ბრექსიტის შემდეგაც კი;
ამერიკულმა მას-მედიამ ასევე ვერ გააცნობიერა, რომ 2009 წლიდან სისტემას უშუალოდ ამერიკაშიც დიდი ბზარი გაუჩნდა ჯერ „მარჯვნიდან“ (Tea Party) ხოლო 2011 წელს „მარცხნიდანაც“ (Occupy Wall Street)
და ბოლოს – ამერიკულმა მას-მედიამ მაშინაც კი ვერ იგრძნო სისტემის დამანგრეველი რყევა, როცა მისსავე „ფავორიტ“ დემოკრატიულ პარტიაში „თითქმის კომუნისტმა“ ბერნი სანდერსმა „თითქმის მოიგო“ შიდაპარტიული პრაიმერი…
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ამერიკული მას-მედია 2016 წლამდე აღწერდა პარალელურ სამყაროს, რომლის არსებობა როგორც ჩანს, საბოლოოდ თვითონაც დაიჯერა, ხოლო 2016 წელი იყო რეალურ სამყაროსთან შეჯახების შოკი, რაც ყოველთვის თან ახლავს მტკივნეულ გამოღვიძებას.
ამას ადასტურებს თუნდაც ტრამპის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიაც.
ასე, მაგალითად, ამერიკული მედია ტრამპს წარმოაჩენდა როგორც ანტისისტემურ ფიგურას იმ გათვლით, რომ ამერიკელები ძალიან აფასებდნენ არსებულ სისტემას და არ დაუშვებდნენ სისტემისთვის საშიში პიროვნების გაპრეზიდენტებას.
სინამდვილეში ეს იყო ფეილი! არჩევნებმა აჩვენა, რომ ამერიკელების დიდ ნაწილს სწორედაც რომ სისტემის დანგრევა უნდოდა და არა მისი შენარჩუნება;
შემდეგ – ამერიკული მედია ტრამპს წარმოაჩენდა როგორც არაპოლიტკორექტულ ადამიანს იმ გათვლით, რომ ამერიკელები არაფრით დაუშვებდნენ პოლიტკორექტულობის ტაბუს დარღვევას.
ეს იყო მორიგი ფეილი! არჩევნებმა აჩვენა, რომ ამერიკელების დიდი ნაწილი დაიღალა პოლიტკორექტულობის ფეტიშიზაციით იმ წინააღმდეგობების გამწვავების ფონზე, რომელთა განხილვაც თავისთავად არაპოლიტკორექტულია.
ასეთი „ფეილების“ ჩამოთვლა შეგვილია კიდევ გავაგრძელოთ, მაგრამ რამდენი შეცდომაც არ უნდა დავასახელოთ, თითოეული მათგანი კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ დონალდ ტრამპი გაცილებით უკეთ იცნობდა ამერიკულ საზოგადოებას, ვიდრე ამერიკული მედია.
სწორედ ამიტომ დამარცხდა ამერიკული მას-მედია ტრამპთან ომში და როგორც არ უნდა განვითარდეს მოლენები მომავალში, ამ მარცხს ისტორიიდან ვერავინ წაშლის.
დასკვნის მაგიერ
არსებობენ ადამიანები, რომლებიც არასდროს დაიჯერებენ, რომ დონალდ ტრამპი უკეთ იცნობს ამერიკას, ვიდრე CNN.
ამ ადამიანებს შეუძლიათ განაგძონ ფიქრი ისე, როგორც ფიქრობდნენ აქამდე და ჩათვალონ, რომ ყველაფერი, რაც მსოფლიოში ბოლო 10 წლის მანძილზე ხდება, ანომალიაა.
ამ ადამიანებს შეუძლიათ ჩათვალონ რომ ანომალია იყო ბოლო არჩევნების შედეგები უნგრეთში, პოლონეთში, გერმანიაში, ავსტრიაში და ა.შ…
მათ შეუძლიათ ჩათვალონ, რომ ანომალია იყო ბრექსიტი და ტრამპიც.
ერთი სიტყვით, მათ შეუძლიათ ანომალიით „ახსნან“ ყველაფერი იქამდე, ვიდრე თვით სიტყვა „ანომალია“ არ დაკარგავს მნიშვნელობას, რადგან მათ ათვლის სისტემაში მთელი სამყარო ანომალია იქნება.
ეს ადამიანები არ აღიარებენ იმასაც, რომ დასავლური მას-მედია კრიზისს განიცდის.
მაგრამ ისინი, ვინც აღიარებენ კრიზისის არსებობას, დარწმუნებული ვარ ფიქრობენ პრობლემის მიზეზებზე და ეძებენ გამოსავალსაც შექმნილი მდგომარეობიდან.
მედიის კრიზისის რეალურ მიზეზებზე და გამოსავალზე ალბათ უპრიანია ცალკე წერილში ვიმსჯელოთ, რომელსაც მალე შემოგთავაზებთ… ამ მიმოხილვის დასრულებას კი მივანდობ ვეტერან ამერიკელ ჟურნალისტს, გაი ტელიზს, რომელიც ტრამპის მიმართ სიმპათიაში არასდროს ყოფილა „შემჩნეული“ :
„ამბობენ, მედიამ არ იცოდა რომ ამდენი ადამიანი იყო იმედგაცრუებული ამერიკის მმართველი ელიტით…
ამბობენ, მედიამ არ იცოდა თუ ამდენ ადამიანს ქონდა განცდა, რომ მისი ხმა არავის ესმის…
ამბობენ მედიამ არ იცოდა, რომ ამდენი ამომრჩეველი აპირებდა ხმა მიეცა ფავორიტის წინააღმდეგ – თუნდაც არაპროგნოზირებადი, ზოგადად არაპოპულარული და ეგოტისტი ბიზნესმენისთვის, რომლის სახელი და გვარია დონალდ ტრამპი…
მე ჟურნალისტიკაში 50-იან წლებში მოვედი… იმ დროს ჩვენ, ჟურნალისტები, მათ შორის ნიუ იორკ თაიმსის და ჩიკაგო ტრიბუნის ჟურნალისტებიც, ვიყავით პირველები ჩვენს ოჯახებში ვინც მიიღო უმაღლესი განათლება. როცა ვამბობ უმაღლეს განათლებას, არ ვგულისხმობ ჰარვარდს, იელს, პრინსტონს ან სტენფორდს. ვგულისხმობ, მაგალითად, ბრუკლინის კოლეჯს ან პირადად ჩემს შემთვევაში – ალაბამას უნივერსიტეტს. ჩვენ არ გვივლია ელიტარულ კოლეჯებში. ნებისმიერი კოლეჯის დამთავრების შემთხვევაში ჩვენს ოჯახებში უკვე მეცნიერებად გვთვლიდნენ.
ჩვენ ვიყავით აუტსაიდერები. ჟურნალისტიკა იმდროინდელ ამერიკაში აუტსაიდერი კლასების წარმომადგენლებით იყო დაკომლპექტებული…
ჩენ ვიყავით აუტსაიდერები და ჩვენ გარედან ვაკვირდებოდით ძალაუფლებას, პრივილეგიას და პოლიტიკურ სისტემას. ჩვენ ვიყავით გაბედულები… ჩვენ ჯერ კიდევ ვგრძნობდით იმ უსამართლობას, რომელიც ჩვენმა მშობლებმა გამოიარეს იმ ქვეყნებში საიდანაც ისინი ჩამოვიდნენ და ჩვენ ძალაუფლებას არა ცინიკურად, არამედ სკეპტიკურად ვუყურებდით.
ჩვენ არასდროს გვქონია ამბიცია, რომ გავმხდარიყავით ძალაუფლების ნაწილი. ჩვენ ვიყავით ძალაუფლების კრიტიკოსები, მემატიანეები, დამკვირვებლები – მაგრამ ჩვენ თვითონ ყოველთვის ვიყავით ამ ყველაფრის გარეთ – ჩვენ ვიყავით აუტსაიდერები.
ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა.
როგორია ჩვენი ჟურნალისტიკა დღეს – იმ დროიდან 50 წლის შემდეგ?
ჩვენ გვყავს ჟურნალისტები რომლებიც დადიან იმავე ელიტარულ კოლეჯებში სადაც სწავლობენ ძალაფლების მქონე და ყველაზე პრივილეგირებული ადამიანები.
ახლა, როცა პრეზიდენტი უკვე არჩეულია ჟურნალისტებს ხმა უკანკალებთ – რა სირცხვილია…
ისინი დაბნეულობის შოკში არიან…
მე მინდა ვკითხო მათ – რამ დაგაბნიათ? რატომ ხართ ასეთი ბრმები და სულელები?
როცა ამ ყველაფერს დღევანდელი გადასახედიდან ვაკვირდები, ვფიქრობ რომ ჩვენ, ჟურნალისტებმა, ვერ შევასრულეთ ჩვენი ფუნქცია და ჟურნალისტიკა დღეს არშემდგარი პროფესიაა…
დღეს ჟურნალისტებს სურთ იყონ ძალაუფლების ნაწილი… დღეს ყველა ჟურნალისტს უნდა იყოს ვაშინგტონში, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე დეკადანტური ქალაქია ამერიკაში…
მე რომ ვიღებდე ვაშიგტონში გადაწყვეტილებებს, რეპორტიორების ნახევარს გავუშვებდი ამ ქალაქიდან… გავუშვებდი მათ შტატების დედაქალაქებში… გავგზავნიდი ერთ-ორ რეპორტიორს თითოეულ შტატში იმისთვის, რომ გაგვეგო ადამიანების განწყობა.
მათ უნდა მოგვიყვნენ ამერიკის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანების შესახებ რომლებიც არ არიან მეინსტრიმში. მათ უნდა მოგვიყვნენ არა მდიდრებისა და პრივილეგირებულების ცხოვრებაზე, არამედ უნდა მოგვიყვნენ ისტორიები პრივილეგიების, არაკომპეტენტურობის, არასწორი გადაწყვეტილებებისა და ომის შედეგების შესახებ… მათ უნდა მოგვიყვნენ დასახიჩრებული ჯარისკაცებისა და ფერემერების ყოველდღიურ ცხოვრებაზე…
ჩვენ რომ ასე გვცოდნოდა ამერიკა, არჩევნების შედეგები ასე არ გაგვაკვირვებდა.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.
ავტორი - ზვიად ავალიანი