2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო მე-5 ადგილზეა
ბოლო ორი ათეული წელია, რაც ეკონომიკის წარმატებას სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებზე დაყრდნობით აჯერებენ საქართველოს მოსახლეობას. განსაკუთრებული ყურადღება ჩინოვნიკების მიერ ეკონომიკური თავისუფლების და ბიზნესის დაწყების სიმარტივის რეიტინგებზე კეთდება. იმის ხაზგასასმელად რომ ქვეყანა წარმატებულ ეკონომიკურ გზას ადგას, მთავრობა ხშირად ქვეყნის ეკონომიკის სიღიავეზე და ბიზნესის დაწყების სიადვილეზე აკეთებს აქცენტს. მიუხედავად ზემოაღნიშნულ რეიტინგებში ძალიან წარმატებული ადგილებისა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე საშუალო ევროპულს თითქმის ორჯერ ჩამორჩება. მიმდინარე წელს საქართველო კვლავ წარმატებულ სვლას აგრძელებს ეკონომიკური თავისუფლებისა თუ ღიაობის კვლევებში, თუმცა ეს წარმატება დოვლათში არ კონვერტირდება და საზოგადოებას ფურცელზე დარჩენილი მაღალი რეიტინგები რჩება.
Fraser institute-ის 2021 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო 3 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიო ლიდერთა ათეულში 8.26 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა. 2020 წლის ანგარიშში საქართველო 8.24 ქულით მე-8 პოზიციაზე იყო.
რეიტინგის TOP-5 ქვეყანა 2021 წლის ანგარიშის თანახმად:
1) ჰონგ-კონგი – 8.91 ქულა;
2) სინგაპური – 8.81 ქულა;
3) ახალი ზელანდია – 8.56 ქულა;
4) შვეიცარია – 8.48 ქულა;
5) საქართველო – 8.24 ქულა.
„ფრეიზერის ინსტიტუტის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ 2021 წლის რეიტინგში საქართველო მე-5 ადგილზე დაწინაურება და ჩვენი ქულის გაუმჯობესება ნიშნავს, რომ ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი საქართველოში საკმაოდ მაღალია. ეს მართლაც არის ის მონაპოვარი, რომელიც ჩვენმა გუნდმა მოიტანა – ბიზნესის თავისუფლება, მეწარმეობის თავისუფლება, კერძო საკუთრების პატივისცემა. ძალიან სასიხარულოა, რომ მიუკერძოებელი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები ამას ძალიან ადეკვატურად აფასებენ“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგი 165 ქვეყანას აფასებს. შესაბამისად, საქართველო გაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა აშშ (მე-6), ლიეტუვა (მე-7), ავსტრალია (მე-9), დანია (მე-10), დიდი ბრიტანეთი (მე-12), ესტონეთი (მე-13), კანადა (მე-14), სომხეთი (მე-15), იაპონია (მე-18), ნიდერლანდები (მე-19), ლატვია (მე-20), ფინეთი (21-ე), გერმანია (22-ე), ავსტრია (28-ე), ლუქსემბურგი (30-ე), ბელგია (45-ე), სამხრეთ კორეა (47-ე), სლოვაკეთი (47-ე), საფრანგეთი (53-ე), მოლდოვა (66-ე), პოლონეთი (75-ე), რუსეთი (მე-100), თურქეთი (114-ე), ბელორუსი (114-ე), აზერბაიჯანი (121-ე), უკრაინა (129-ე) და სხვა.
რეიტინგი ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს. საქართველომ, წინა წელთან შედარებით, 5 ინდიკატორიდან 3 ინდიკატორში გაიუმჯობესა მდგომარეობა. კერძოდ, საქართველოს უკეთესი შეფასება აქვს შემდეგ ინდიკატორებში:
- „მთავრობის ზომა“ (8.14 ქულა, ნაცვლად 8.08 ქულისა);
- „სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა“ (6.72 ქულა, ნაცვლად 6.65 ქულისა);
- „საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება“ (9.12 ქულა, ნაცვლად 9.05 ქულისა).
აღნიშნული 5 ინდიკატორი, თავის მხრივ, 23 კომპონენტს მოიცავს. ქვეყნის პოზიციები გაუმჯობესდა ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა:
მთავრობის მოხმარება – 7.18 ქულა (გაუმჯობესდა 0.12 ქულით);
ტრანსფერები და სუბსიდიები – 7.24 ქულა (გაუმჯობესდა 0.16 ქულით);
სასამართლოს დამოუკიდებლობა – 5.41 ქულა (გაუმჯობესდა 0.01 ქულით);
მიუკერძოებელი სასამართლო – 5.91 ქულა (გაუმჯობესდა 0.06 ქულით);
საკუთრების უფლებების დაცვა – 6.25 ქულა (გაუმჯობესდა 0.64 ქულით);
ტარიფები – 9.45 ქულა (გაუმჯობესდა 0.21 ქულით);
ადამიანისა და კაპიტალის გადაადგილება – 8.97 ქულა (გაუმჯობესდა 0.05 ქულით);
ინფლაციის სტანდარტული გადახრა – 9.67 ქულა (გაუმჯობესდა 0.08 ქულით);
რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესება განპირობებულია რიგი ფაქტორებით, როგორიცაა მთავრობის მოხმარების წილის შემცირება მთლიან მოხმარებაში, ტრანსფერების და სუბსიდიების სწორი და მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკა, ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს ფორმირება და სხვ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმაღლესი – 10 ქულიანი შეფასება აქვს ისეთი მიმართულებით, როგორიცაა:
- ზღვრული საგადასახადო განაკვეთი;
- მარეგულირებელი შეზღუდვები უძრავი ქონების რეალიზაციაზე;
- უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის ფლობის თავისუფლება;
- შავ ბაზარზე გაცვლითი კურსების არარსებობა;
- ფინანსური გახსნილობა;
- კომერციული ბანკების ფლობის თავისუფლება;
- უცხოელ ვიზიტორთა შემოსვლის თავისუფლება;
- სესხების საპროცენტო განაკვეთებზე კონტროლი.
ცნობისათვის, „მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება“ შემუშავებულია კანადური Fraser Institute-ისა და ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების მონაწილეობით. რეიტინგი ზომავს ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური კურსისა და ინსტიტუციების ხარისხს, რაც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. რეიტინგში გამოყენებული მონაცემების ნაწილი ეფუძნება ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზების კვლევასა და შეფასებებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და სხვა.
რა თქმა უნდა, მისასალმებელია საქართველოს ეკონომიკურ რეიტინგებში მაღალი პოზიციების დაკავება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგსა და ცხოვრების დონეს შორის არანაირი კორელაცია არ არსებობს. ამას თვითონ რეიტინგიც მოწმობს, როდესაც საქართველო მე-5 ადგილზეა, ხოლო იგივე საფრანგეთი – 53, პოლონეთი – 75, ხოლო თურქეთი 115-ე პოზიციას იკავებს. ირონიულია, რომ ჩვენი ქვეყნიდან მოსახლეობა სწორედ ამ სახელმწიფოებში მიდის ემიგრაციაში უკეთესი ცხოვრების საძიებლად. დღეისათვის ქვეყანაში ცხოვრების დონის შეფასების საუკეთესო საშუალებად მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულზე გაანგარიშება ითვლება. მშპ-ით ერთ სულზე კი საქართველო ასეულს მიღმაა. იგივე სომხეთი ეკონომიკურ თავისუფლების რეიტინგში მე-15 ადგილზეა, ხოლო ბელგია 45-ე, თუმცა ამ უკანასკნელის ეკონომიკა ჩვენი მეზობლისაზე თითქმის 10-ჯერ მეტია.
კიდევ ერთმა რეიტინგმა, რომელშიც საქართველო ბოლო ორი ათწლეული წარმატებულ წინსვლას აგრძელებდა, არსებობა შეწყვიტა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ბანკი წყვეტს ყოველწლიური რეიტინგის Doing Business გამოქვეყნებას, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ბიზნესის კეთების პირობებს ეძღვნებოდა. ამის მიზეზი ის დარღვევები გახდა, რომლებიც წინა წლებში რეიტინგების შედგენისას იყო დაშვებული. ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით Doing Business 2020 რეიტინგში საქართველო მე-7 ადგილს იკავებდა 190 ქვეყნიდან. საუკეთესო შეფასების ზღვართან მიახლოებით (DTF) ქვეყნის ქულამ ისტორიული მაქსიმუმი – 83.7 ქულა შეადგინა.
რეიტინგებს აყოლილმა რეფორმებმა მოქალაქეებს რეალური სარგებელი ვერ მოუტანა. კარგი იქნება თუ ჩინოვნიკები სხვადასხვა რეიტინგების ტყვეობიდან გამოვლენ და ქვეყნის ეკონომიკის შეფასებისას იმ მონაცემებს დაეყრდნობიან, რაც რეალურად ასახავს სიტუაციას. ეს კი პირველ რიგში ეკონომიკის ზომა, ერთ სულზე მშპ-ს მაჩვენებელი, სიღარიბე, უმუშევრობისა და უთანასწორობის დონე, და სხვა არის, რომლითაც უფრო ნათლად ჩანს საქართველოს ეკონომიკური „წარმატებები“.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.