რეცენზია ტერი იგლტონის წიგნზე „იუმორი“

 

Terry Eagleton,  Humour. New Haven and London: Yale University Press, 2019. 191 pp.

 

ალბათ ბევრს გინახავთ მარკ ზახაროვის არაჩვეულებრივი ფილმი სწორედ ის მიუნჰაუზენი (Тот самый Мюнхгаузен), სადაც ფილმის დასასრულს, ოლეგ იანკოვსკის გმირი, ბარონი მიუნჰაუზენი, სანამ ქვემეხიდან გაისვრიან, გვეუბნება, რომ ჭკვიანური სახე სულაც არ ნიშნავს ვინმეს სიჭკვიანეს და რომ ყველანაირი იდიოტობა ამქვეყნად სწორედ ჭკვიანური სახის პოზირებით ხდება. ბოლოს კი ბარონი მიუნჰაუზენი ასეთი სიტყვებით გვემშვიდობება: „გაიღიმეთ ბატონებო, გაიღიმეთ!“. შემდეგ კი თითქოს ცისკენ მიმავალ უსასრულო კიბეს გაუყვება.

მართლაც, ხშირად სერიოზული და ჭკვიანური სახის მიღება უფრო მოგგვრის ხოლმე ღიმილს ვიდრე პირიქით. ზედმეტად სერიოზული, რაციონალური, პრაგმატული და უემოციო ადამიანები უფრო სასაცილონი არიან და თითქოს ცხოვრების ნამდვილ ჯამბაზებს სწორედ ისინი უფრო მოგვაგონებენ, ვიდრე ცირკის ჯამბაზები, რომლებშიც ტრაგიზმი უფრო მეტია ვიდრე მხიარულობა.

იუმორს ეძღვნება გამოჩენილი ინგლისელი ინტელექტუალისა და კრიტიკოსის, ლანკასტერის უნივერსიტეტის ლიტერატურის პროფესორის, ტერი იგლტონის წიგნი, რომელიც 2019 წელს გამოიცა ინგლისურ ენაზე. უნდა ითქვას, რომ სოციალური მეცნიერებებისთვის ტერი იგლტონი ნაცნობი და აღიარებული ავტორია. მას ეკუთვნის უაღრესად საინტერესო ნაშრომები პოსტმოდერნიზმის, იდეოლოგიის, მარქსიზმის, კულტურისა და მოდერნულობის გასააზრებლად. რაც შეეხება მის წიგნს იუმორზე, რომელსაც ახლა გავარჩევთ, ეს არის  შესანიშნავი შრომა, სადაც მისთვის დამახასიათებელი სიტყვაკაზმულობითა და თხრობის ორიგინალური სტილით, პროფესორი იგლტონი გვიამბობს იმის შესახებ თუ რა არის იუმორი, როგორია ის ჩვენს წარმოსახვაში? როგორია იუმორის ნაირსახეობანი? იქნებ კომედია ტრაგედიაა? იქნებ იუმორი, რომელიც სილაღის ნიშანია შეიძლება საშიშიც კი არის ვინმესთვის? ან შეიძლება თუ არა იუმორს ჰქონდეს შინაარსი თუ მის გარეშეა ის ნამდვილი?

ტერი იგლტონი იუმორზე საუბარს იწყებს იმის ახსნით თუ რას შეიძლება ნიშნავდეს მაგალითად სიცილი და აღნიშნავს, რომ სიცილი და იუმორი მაინცდამაინც ერთიდაიგივე რამ სულაც არ არის. იგლტონისთვის, როგორც ცეკვა, სიცილი არის სხეულის ენა, რომელიც ზოგჯერ რთულია ტირილისგან განასხვავო. მაგალითად, იგი ციტირებს დეკარტეს, რომელიც სიცილს უწოდებს „გაურკვეველ და ფეთქებად ტირილს“, მოჰყავს ანთროპოლოგ დესმონდ მორისის მოსაზრება, რომელიც იმას ამტკიცებდა, რომ სიცილი ტირილისგან წარმოიქმნება, და ასევე გვესაუბრება თომას ჰობსზე, რომელიც თავის ცნობილ ლევიათანში აღნიშნავს, რომ სიცილი უბრალოდ სახის მანჭვაა.

იგლტონისთვის სიცილიც და ღიმილიც ადამიანში სხვადასხვაგვარად წარმოჩინდება ანუ გააჩნია ადამიანს და მის სოციალურ როლს. ავტორი დასძენს: „რთულია წარმოვიდგინოთ არნოლდ შვარცენეგერი ნაზად იღიმებოდეს, თუმცა ადვილია წარმოვიდგინოთ ვინმეს ცოტა ალმაცერად რომ უყურებდეს. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს ცხადია შეუძლია გულიანად იცინოს, მაგრამ არა ისტერიულად“ (გვ.7).

კომედიაც თითქოს იუმორის ნაწილია, თუმცა გააჩნია ვისთვის როგორ. როგორც ტერი იგლტონი აღნიშნავს, მაგალითად მწერალი ანგელა კარტელი კომედიას აღწერს, როგორც ტრაგედიას, რომელიც სხვას დაატყდა თავს (გვ. 43). შეიძლება თუ არა გამოვნახოთ რაიმე კავშირი ისტორიასა და კომედიას შორის? მითუმეტეს თუკი კომედია ზოგჯერ შეიძლება ტრაგედია იყო და ისტორიაც შესაბამისად ტრაგიზმის ნაწილიც. პროფესორი იგლტონი კომედიასა და ისტორიას შორის პარალელის გასავლებად ჰეგელს დაესესხა, რომლის მტკიცებითაც „ისტორია კომედიური სტრუქტურის მსგავსად გამოავლენს ხოლმე თავს, რადგან ნაპრალი მოტივსა და ქმედებას, განზრახვასა და შედეგს, სურვილსა და კმაყოფილებას შორის ადასტურებს ადამიანური პროგრესის მთავარ მამოძრავებელ ძალას“  (გვ. 55).

ზოგჯერ იუმორი შეიძლება შედეგი იყოს გაუგებარი კომუნიკაციის, ან შეიძლება ითქვას ვერ შემდგარი კომუნიკაციის, ასე ვთქვათ – ენის ვერ გამოძებნის. წიგნში იგლტონი გვიამბობს  BBC რადიოს ისტორიაში მომხდარი ერთი მოვლენის შესახებ. ერთხელ, დიდი ხნის წინ, რადიოს პროდიუსერმა  ანგლიკანური ეკლესიის ეპისკოპოსს ერთ-ერთ პროვინციაში წერილი მისწერა, სადაც სთხოვდა რომ იქნებ სააღდგომოდ სიტყვით გამოსულიყო რადიოში, შემდეგ კი დაამატა, რომ ამ ყველაფრის ფასი (fee) ხუთი ფუნტი იქნებოდა ანუ იგულისხმებოდა ეპისკოპოსის გასამრჯელო. შედეგად, როგორც იგლტონი გვიყვება: „ეპისკოპოსმა მისწერა პროდიუსერს, რომ ის სიამოვნებით ისაუბრებდა რადიოში და წერილს ხუთი ფუნტიც თან დაურთო“ (გვ. 57).

ზოგჯერ ჩვენში იუმორს აჩენს ხოლმე ადამიანთა უცოდინრობა ამა თუ იმ საკითხის ან მოვლენის მიმართ, რაც შეიძლება სულაც არ იყოს ჩვენში ირონიული იუმორის მატარებელი, არამედ პირიქით თანაგრძნობასაც კი შეიძლება იწვევდეს. ალბათ ყველას გვსმენია ან თავად გვინახავს ისტორიები ამერიკელ ტურისტებზე, ერთგვარ მოხეტიალე მოგზაურებზე, რომელთა მიერ საგნებისა თუ მოვლენების არცოდნა იმდენად გვაოცებს, რომ გვიკვირს თუ როგორ ცხოვრობს ის იმ სოციალურ სამყაროში, რომლის შესახებაც წარმოდგენაც კი არა აქვს. აი რას გვიყვება ტერი იგლტონი:„ჩემი მეგობარი, რომელიც ბელფასტში, ტიტანიკის მუზეუმში გიდად მუშაობდა, იხსენებდა, რომ მას მუდმივად ეკითხებოდნენ დაბნეული ამერიკელი ტურისტები თუ რა საჭირო იყო ფილმისთვის მუზეუმი მიეძღვნათ“ (გვ.76).

წიგნში ავტორი ერთმანეთს ადარებს ორ, შეიძლება ითქვას ყველაზე გამორჩეულ ანტიკურ მოაზროვნეს ძველი საბერძნეთიდან და ძველი რომიდან: არისტოტელეს და ციცერონს. არისტოტელესთვის იუმორი არის ერთგვარი სიტყვიერი ამოხეთქვა, ხოლო ციცერონისთვის კი ის ხუმრობაა ხუმრობა, რა დროსაც ერთ რამეს ელოდები, მაგრამ სულ სხვა რამეს ამბობენ. იგლტონისთვის იუმორი არის  მდგომარეობა: „რა დროსაც ვინმეს ტემპერამენტი ნორმიდან ამოვარდება ხოლმე და ხალხმა შეიძლება ისეთ რამეზე დაიწყოს სიცილის რისი საზრისიც შესაძლოა სრულიად უშინაარსო იყოს“ (გვ. 81).

ისტორიულ წარსულში იუმორისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანი და ცოტა არ იყოს სოციალური სტიგმის მატარებელიც კი იყო. ავტორი საინტერესოდ აღწერს თუ როგორია ისტორიული დამოკიდებულება იუმორის მიმართ. ტერი იგლტონი ამტკიცებს, რომ მაგალითად ანტიკური და შუა საუკუნეების ევროპის მმართველი ელიტები გულგრილნი იყვნენ იუმორის მიმართ. ის აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ადრეული პერიოდიდან სიცილი კლასობრივი საკითხიც კი იყო, სადაც მკაფიოდ იყო გავლებული ხაზი „ცივილიზებულ გართობასა და ვულგარულ ხორხოცს შორის“ (გვ. 94). ამისათვის, ავტორს მაგალითად მოჰყავს არისტოტელეს ნიკომაქეს ეთიკ, სადაც არისტოტელე ერთმანეთისგან განასხვავებს ხარისხიან და უხარისხო იუმორს. ამ კონტექსტში, ტერი იგლტონი თავის წიგნში საკმაოდ დიდ ადგილს უთმობს დიდ რუს ფილოსოფოსსა და ლიტერატურის კრიტიკოსს მიხაილ ბახტინს და კონკრეტულად მის ალბათ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნაშრომს ფრანუსა რაბლეს შემოქმედება და შუა საუკუნეებისა და რენესანსის ხალხური კულტურა, სადაც ბახტინი საუცხოოდ ახდენს შუა საუკუნეების ევროპის სახალხო ცხოვრების ერთგვარ ისტორიულ-კულტურულ გააზრებას. იგლტონი ციტირებს ბახტინს, რომლის მტკიცებითაც „სიცილი შუა საუკუნეებში იდეოლოგიის ყველა ფორმალური სფეროს მიღმა იყო დარჩენილი და გარიყულ იქნა სოციალური ურთიერთობების მკაცრი ნორმებით. სიცილი განდვენილ იქნა რელიგიური მსახურებიდან, ფეოდალური და სახელმწიფო ცერემონიებიდან, ეტიკეტიდან და ყველა სხვა მაღალი მოქმედებების ჟანრიდან“ (გვ. 95).

როდესაც ვსაუბრობთ იუმორის ადგილზე რელიგიურ ცხოვრებაში, იგლტონი იმის დასადასტურებლად, რომ ევროპულ რელიგიურ ცხოვრებას იუმორისადმი საკმაოდ ანტაგონისტური დამოკიდებულება ჰქონდა გვიამბობს შემდეგს: „ჩვენთვის ცნობილია, რომ არსებობდა უძველესი სამონასტრო წესი, რომელიც ხუმრობებს კრძალავდა. მაგალითად წმინდა ბენედიქტი გაფრთხილებას იძლევა იმის თაობაზე, რომ არავინ გაბედოს სიცილის პროვოცირება, ხოლო წმინდა კოლუმბანუსისთვის კი ეს იყო ერთგვარი მოუთმენლობა, რომელიც სასჯელად მარხვას დააწესებდა ხოლმე“ (გვ. 95).

ისტორიულად, ყველაზე საშიში და ყველაზე მართალიც მასხარა იყო, რომელიც არ ეპუება სიმართლის თქმას და იუმორის გამოყენებით ცდილობს  მეფისა და მისი ძალაუფლების ირონიზაციას. წიგნი იმის შესახებაც მოგვითხრობს თუ რა თავსატეხი შეიძლება გაუჩინოს იუმორმა და კომედიამ ხელისუფალს: „კომედია თითქოს საფრთხეს უქმნის მმართველის ძალაუფლებას არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას გარკვეული მიდრეკილება აქვს ანარქიისადმი, არამედ იმიტომაც, რომ ის ნათელს მოჰფენს ისეთ საყურადღებო საკითხებსა თუ მოვლენებს, როგორებიცაა მაგალითად ტანჯვა და სიკვდილი. ამ გაგებით კი ის თითქოს ასუსტებს იმ მმართველი კლასების  კანონიერი სანქციების ძალას, ვინც როგორც წესი მოწადინებულნი არიან სულ გაწიკწიკებული ჰქონდეთ საკუთარი ძალაუფლება“ (გვ. 96). ამ კონტექსტში ცხადია კომედია ერთგვარი გამოწვევა იყო ევროპული არისტოკრატიისათვის, რადგან როგორც ტერი იგლტონი აღნიშნავს „ადრეული მოდერნიზმის ხანაში კომედიისადმი წინააღმდეგობა ძირითადად პურიტანიზმის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს“ (გვ. 99), რადგანაც, მისივე მტკიცებით: „მხიარულობა და კონგენიალობა კუშტ პურიტანიზმს ამარცხებს“ (გვ. 100).

ცხადია იუმორი დიდ ქალაქში და იუმორი პროვინციაში ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და თუკი ასე ვთქვათ ურბანული იუმორი უფრო ეთიკური და რაციონალურია, პროვინციული იუმორი შეიძლება იყოს მეტად ხისტი, ემოციური და შეიძლება ითქვას ნამდვილი. ცხადია ამას განაპირობებს ის თუ რა სოციალურ რეალობაში ცხოვრობს ადამიანი. პროფესორი იგლტონი სწორად შენიშნავს, რომ „შოტლანდიის მთების მძიმე პირობებში ან თუნდაც დასავლეთ ირლანდიაში ცხოვრება განაპირობებს იმას, რომ ადამიანური ურთიერთობები ნაკლებ რაციონალური, ბიუროკრატიული, კომერციალიზებული და ანონიმურია, ვიდრე  მეტროპოლიაში“ (გვ. 102).

ზუსტია ავგტორის მიგნება იმის თაობაზე, რომ „საზოგადოება არსებობს გარკევული სიამოვნების მომცემი ინსტიქტუალური ურთიერთობების საშუალებით და ამ ერთობის სასიცოცხლო მეტაფორას სწორედ ერთმანეთისადმი ანეგდოტების გაზიარება წარმოადგენს“ (გვ. 107). მისივე აზრით: „კომედია არის უფრო მეტად პროვინციული, ვიდრე ურბანული მოვლენა, იმათი სულისკვეთება ვინც არ არის დახელოვნებული სოციალურ ურთიერთობებში“ (გვ.122).

დაბოლოს, როგორია ადამიანი ვინც იუმორთან მეგობრობს? როგორია ის, ვისაც შეუძლია გაიცინოს ან გაიღიმოს? ასეთ ადამიანს ვერავინ ახსნიდა ისე კარგად, როგორც ეს ახსნა ტერი იგლტონის მიერ ციტირებულმა დიდმა გერმანელმა სოციოლოგმა ნორბერტ ელიასმა, რომლის სიტყვებითაც: „ის ვინც იცინის, შეუძლებელია იკბინებოდეს“ (გვ. 136).

ასე რომ, როგორც ბარონ მიუნჰაუზენი იტყოდა: „გაიღიმეთ ბატონებო, გაიღიმეთ!”

 

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.