რატომ კრძალავს ჩინეთი ბიტკოინს?

ავტორი: თამთა მარიდაშვილი

ბიტკოინის წინააღმდეგ მიმართული ზომები. ჩინეთი მუდამ უფრთხოდა კრიპტოვალუტას, რომელსაც იგი ვერ გააკონტროლებდა და ამის გამოვლინებებს სხვადასხვა დროს შევხვდებით. მაგალითად, ჯერ კიდევ 2013 წელს, როდესაც ბიტკოინის ფასი სულ რამდენიმე თვეში 100 დოლარიდან 1000 დოლარზე ავიდა, ჩინეთის მთავრობამ ფინანსურ ინსტიტუტებს ბიტკოინთან დაკავშირებული ტრანზაქციები აუკრძალა. 2017 წელს კი კრიპტოვალუტების ადგილობრივი ბირჟები დახურეს.

2021 წლის მაისში კვლავ განახლდა შეზღუდვები, რასაც წინ უძღოდა ჩინეთის მთავრობასთან აფილირებული ფინანსური ასოციაციების გაფრთხილება კრიპტობაზრის არასტაბილურობასთან დაკავშირებით. ამ გაფრთხილების საპასუხოდ, რამდენიმე მსხვილმა მაინერმა შეწყვიტა ჩინეთში ოპერირება. შემდეგი გაფრთხილება კი ტვიტერის ჩინური ანალოგისგან, ვეიბოსგან იყო, რომელმაც ე.წ. კრიპტოინფლუენსერების ანგარიშები დაბლოკა. ასევე, ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ადგილობრივ კომერციულ ბანკებს მოუწოდა, რომ  კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ტრანზაქციები შეეწყვიტათ. სულ ახლახან კი, სიჩუანის პროვინციაში, რომელზეც მაინინგის ყველაზე დიდი წილი მოდიოდა, ერთი ხელის მოსმით აიკრძალა მაინინგი. მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში სიჩუანს სხვა პროვინციებიც დაემატება. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ამ უკანასკნელ აკრძალვამდე, მსოფლიოში ბიტკოინების მაინინგის 70%-ს უზრუნველყოფდა.

ბიტკოინის ფერმა. წყარო: France24.com

რატომ კრძალავს ჩინეთი ბიტკოინს? ამას თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზები აქვს. თავდაპირველად, პოლიტიკურს რომ შევეხოთ, ჩინეთის ავტორიტარიზმი თავის თავშივე გამორიცხავს ძალაუფლების დელეგირებასა და კონტროლის მექანიზმების შერბილებას. კონტროლის დაკარგვა ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიც ფულია, განსაკუთრებით საშიშია. ასევე, ფინანსებთან წვდომის შეზღუდვა, როგორც პოლიტიკური ბერკეტი, ვეღარ იქნება გამოყენებული.

მოდით, ახლა ეკონომიკური კუთხიდან შევხედოთ. მე-19 საუკუნე ოქროსა და სხვა მეტალების მოპოვების საუკუნე იყო, მე-20 საუკუნე – ნავთობისა და გაზის, 21-ე საუკუნე კი უკვე მონაცემების საუკუნეა. ის ვინც ინფორმაციას ფლობს, ეკონომიკური ძალაუფლებაც მისია, რადგან ვინ სად და რაზე ხარჯავს რეალურად ფულს, უძვირფასეს კომერციულ ინფორმაციას წარმოადგენს. ბიტკოინის საგადახდო საშუალებად ქცევა კი ჩინეთის მთავრობას ამ მონაცემებზე წვდომას დაუკარგავს.

აღნიშნულ ინფორმაციაზე ჩინეთის მთავრობას რომ დიდი ხანია უკვე თვალი უჭირავს, ამის გამოვლინება ნაღდი ანგარიშსწორების უნაღდოთი ჩანაცვლების სწრაფი ტემპებია. მაშინ როდესაც 2010 წელს მთლიან ტრანზაქციებში ნაღდი ანგარიშსწორების წილი 99 პროცენტს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი 2020 წლისათვის, 41 პროცენტამდე შემცირდა.[1] ამგვარი ნახტომი კი უმეტესად მობილური აპლიკაციების გაპოპულარულების ხარჯზე მოხდა და არა საკრედიტო/სადებეტო ბარათების. მოსახლეობა ნაღდი ანგარიშსწორებიდან პირდაპირ მობილური აპლიკაციებით ანგარიშსწორებაზე გადავიდა, რომელსაც ორი გიგანტი ფინტექ კომპანია WeChat Pay და Alipay სთავაზობს. ეს კი ცენტრალიზაციის უპრეცედენტოდ მაღალ დონეს განაპირობებს, რადგან იმის ნაცვლად რომ ჩინეთის მთავრობამ ინფორმაცია 200-მდე კომერციული ბანკისგან[2] შეაგროვოს, იმავე მიზანს ორი კომპანიის საშუალებით აღწევს.

Alipay-ის მობილური აპლიკაციით ანგარიშსწორება. წყარო: alizila.com

თუმცა, ახლახან ჩინეთმა კიდევ უფრო ამბიციური გეგმა დაისახა.  რატომ უნდა იყოს კერძო კომპანიებზე WeChat-სა და Alipay-ზე დამოკიდებული, რომლებიც შესაძლოა გარკვეულ ინფორმაციას მალავდნენ, მაშინ როცა ფინანსური ინფორმაციის სრულად ცენტრალიზებაა შესაძლებელი?! ამ მიზნით, რამდენიმე თვეა, რაც ჩინეთმა ციფრული იუანი გამოუშვა. აღწერილ სურათში ბიტკოინი, რასაკვირველია, არ ჯდება.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიზეზი, რატომაც ჩინეთი ბიტკოინს ზღუდავს, მის არასტაბილურობასთან არის დაკავშირებული. გამომდინარე იქიდან, რომ სპეკულაციური აქტივია და ზურგს არაფერი უმყარებს, ფასიც ძალიან მერყევია. ადამიანებს მისი ყიდვა მხოლოდ იმიტომ სურთ, რომ ფასი იზრდება, რაც ლოგიკურად იმასაც ნიშნავს, რომ როცა ფასი დაეცემა, ყველა გაყიდვას დაიწყებს. უცხოური ვალუტის სწრაფი შემოდინება და გადინება კი თავის მხრივ ვალუტის კურსის არასტაბილურობას განაპირობებს. არასტაბილურ გარემოში ბიზნესს უჭირს დაგეგმვა. ამ პირობებში მას უწევს სავალუტო რისკების დაზღვევა, რაც დამატებით ფინანსებთან არის დაკავშირებული. დამატებითი ხარჯი კი პროდუქტსა თუ მომსახურებას აძვირებს და კონკურენტუნარიანობას აკარგვინებს.

ასევე, როგორც წესი, ბიტკოინების გაყიდვით შემოსული ფული გრძელვადიანი ინვესტიციებისაკენ არ მიემართება, რაც ლოგიკურიცაა. ფული, რომელიც დიდი ალბათობით მალევე გავა ქვეყნიდან, გრძელვადიან ინვესტიციებს არ მოხმარდება. ნაცვლად ამისა,  სპეკულაციურ აქტივებში იდება, რაც ფასების ბუშტებს იწვევს, მაგალითად უძრავი ქონების სექტორში. სპეკულაციური ბუშტის გასკდომა კი ისეთივე მარტივად შეიძლება მოხდეს, როგორც მისი წარმოქმნა. აქედან გამომდინარე, მოკლევადიანი ფული ხშირად უფრო დამაზარალებელია, ვიდრე რაიმე სიკეთის მომტანი.

რომ შევაჯამოთ,  ჩინეთის მთავრობა უკვე ათწლეულებია სარგებლობს გლობალიზაციით, მაგრამ ამავე დროს ის მართავს მას. ის ღიაა ახალი ტექნოლოგიების მიმართ, მაგრამ უკუაგდებს იმას, რაც ძალაუფლებას დააკარგვინებს. მეტიც, ციფრულ ტექნოლოგიებს საკუთარი ძალაუფლების გასაძლიერებლად იყენებს. წინ ციფრული ავტორიტარიზმისკენ!

 

 

[1] https://mck.co/3y7RSSE

[2] https://www.statista.com/statistics/1172110/china-number-of-commercial-banks/