ღარიბაშვილი: 2030 წელს ერთ სულზე მშპ 10 000 დოლარს მიაღწევს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 25 ივნისს პარლამენტში მთავრობის საქმიანობის გასული წლის ანგარიში წარადგინა. გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ქვეყნის სამომავლო განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის შესახებ. ღარიბაშვილმა დანიშვნისას საქართველოს შემდგომი ათწლიანი განვითარების გეგმის შემუშავება დაანონსა. აპრილიდან მოყოლებული მთავრობის ადმინისტრაცია და სამინისტროები 10-წლიანი განვითარების სტრატეგიაზე მუშაობდნენ. ამასთან, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა, რომელიც, ღარიბაშვილის ინიციატივის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს.
უწყებათაშორის საბჭოს საქართველოს მთავრობის მეთაური უხელმძღვანელებს. განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრები იქნებიან მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები. განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები თუ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სამომავლო განვითარების 10-წლიანი გეგმა არაუგვიანეს 31 მაისისა უნდა გამხდარიყო საჯარო, ამ ეტაპზე მხოლოდ წინასწარი ვერსიის ძირითადი მიმართულებებია ცნობილი. თუმცა ზოგიერთმა სამინისტრო უფრო დეტალური გეგმაც წარადგინა. პარლამენტში გამოსვლისა პრემიერმა დეპუტატებს გეგმის ნაწილი გააცნო. პრემიერის განცხადებით, სხვა საკითხებთან ერთად, მომავალი 10 წლის განმავლობაში მთავრობის გეგმებში შედის:
- მხოლოდ მცირე და საშუალო საწარმოებში, 100 000 მოქალაქის დასაქმება და პროდუქტიულობის 50%-ით გაზრდა;
- წიაღის სექტორში დამატებით 30 000-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნა;
- 45 ქვეყნისთვის, რომელთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს, 11 ქვეყნის დამატება;
- ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 31 მლრდ ლარზე მეტის დახარჯვა;
- 1 300 ახალი საწარმოსა და 400 სასტუმროს 6 მლრდ ლარით დაფინანსება;
- ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის 10 000 დოლარამდე გაზრდა და უმუშევრობის მაჩვენებლის 9%-მდე შემცირება;
- მრავალშვილიან ოჯახების, ასევე იმ ოჯახების იპოთეკური სესხის სუბსიდირება, რომელთაც შეეძინებათ შვილი;
- 2025 წელს ყველა ქალაქის 24-საათიანი წყალმომარაგება, ხოლო 2030 წლისთვის მთელი ქვეყნის მოსახლეობის სრული წვდომა ლიცენზირებულ და ხარისხიან წყალმომარაგებაზე;
- 2 000-ზე მეტ კომპანიისთვის ექსპორტზე გასვლაში დახმარება;
- ექსპორტის 5 მლრდ აშშ დოლარამდე გაზრდა;
- ტურისტების რაოდენობის 13 მლნ-მდე გაზრდა, რის შედეგადაც, ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალი 6.5 მილიარდ დოლარს მიაღწევს;
- ზოგადი განათლების ბიუჯეტის 2.3 მლრდ ლარამდე, ხოლო მეცნიერების ბიუჯეტის 2.1 მლრდ ლარამდე გაზრდა;
- მასწავლებელთა ხელფასების ეტაპობრივად 2 200 ლარამდე გაზრდა;
- ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, დაზვერვისა და თვალთვალის, საინჟინრო შესაძლებლობების განვითარება.
აღსანიშნავია, რომ 1 ივლისს, ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ათწლიანი გეგმა წარადგინა. გეგმის მიხედვით, მომავალი წლებში სოფლის მეურნეობაში მთავრობა და კერძო სექტორი 7 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს.
“მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობის მხრიდან ჩადებული ინვესტიციის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 2 მილიარდ ლარს, ამას გარდა, კერძო სექტორის მხრიდან დაახლოებით, მილიარდი ლარის ინვესტირება განხორციელდა ამ სექტორში. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ მეტად თვითუზრუნველყოფილი გახდეს ჩვენი ქვეყანა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი იმპორტირებული პროდუქტი შემოგვაქვს, ჩვენ არ ვართ იმპორტის წინააღმდეგი, თუმცა შეგვიძლია მეტის წარმოება ქვეყანაში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე.
პრემიერის თქმით, სოფლის მეურნეობაში ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ ჩადებული ინვესტიციის მოცულობა 2 მილიარდი ლარი იყო, კერძო სექტორის კი – 1 მილიარდი ლარი.
ცნობისათვის, სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში კი 2020 წლის მონაცემებით 8.4% იყო, რაც გასული 2019 წლის მაჩვენებელს (7.4%) 1%-ით აღემატება. ბოლო წლებში იკლებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც 2001 წელს 1 მილიონ 807 ათასიდან, 2021 წელს 1 მილიონ 513 ათასამდე შემცირდა. თუმცა ზრდადია სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება, რომელმაც 2020 წელს 5,4 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო 2019 წელს 4,8 მლრდ. ლარი.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.