რა უნდა ვიცოდეთ ნარკოპოლიტიკის შესახებ

2011 წელს გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა გააკეთა ისტორიული განცხადება -კერძოდ, მან თქვა, რომ ნარკოტიკებთან ომი მსოფლიომ წააგო და დღეს, ნარკოტიული საშუალებების შესახებ გაეროს კონვენციის მიღებიდან 50 წლის შემდეგ, მსოფლიოს სასწრაფოდ ესაჭიროება ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური რეფორმა!

„აკრძალვამ არ შეამცირა არც მოთხოვნა და არც მიწოდება. თუ რომელიმე რეგიონში ბროძლა წარმატებას აღწევს, წარმოება გადადის სხვა რეგიონში, ნარკოტიკების ტრანზიტი იცვლის მარშრუტს ან მომხმარებლები გადადიან სხვა ნარკოტიკზე. აკრძალვამ მნიშვნელოვნად ვერ შეამცირა ნარკოტიკების მოხმარებაც. კვლევები არ ამტკიცებენ კავშირს კანონების სიმკაცრესა და მოხმარების დონეს შორის. კრიმინალიზაცია, ციხეების გადაჭედვა და ადამიანების დასჯა კი გვაჩვენებს, რომ რაღაც გაგებით, ნარკოტიკებთან ომი არის ომი ნარკომომხმარებლებთან, ანუ ომი ადამიანებთა“.

ანანს არ დაუკონკრეტებია, თუ რატომ  ვერ შეამცირა მსოფლიომ მოთხოვნა და მიწოდება, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს სიტყვები შეიძლება ჩავთვალოთ ერთგვარ წყალგამყოფად ნარკოპოლიტიკაში, სულ მცირე, მსოფლიოს იმ ნაწილისთვის მაინც, რომელსაც ჩვენ „დასავლურ სამყაროს“ ვუწოდებთ.

მართლაც – 2010-იანი წლებში – ანუ ჩვენს დროში – შეგვიძლია პრაქტიკაში დავაკვირდეთ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის გლობალურ ტალღას, რომელმაც უკვე მოაღწია საქართველომდე. ამ ტალღამ ქართული საზოგადოება და სახელმწიფო დააყენა საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე – გააგრძელოს „ნარკოტიკებთან ომი“ – რომელიც ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მხარდამჭერებისთვის რეპრესიებთან ასოცირდება, თუ აღიაროს დამარცხება და გადავიდეს პრევენციისა და ზიანის შემცირების პოლიტიკაზე.

დღეს, როდესაც პარლამენტი, მედია და მთელი საზოგადოება მსჯელობს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა საქართველოში, ბუნებრივია, ყველა დაინტერესებული მხარე ცდილობს დაამტკიცოს საკუთარი პოზიციის მართებულობა. ასეთ ვითარებაში კი განსაკუთრებით აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია როგორც ერთი, ისე მეორე მიდგომისა და ზოგადად მსოფლიო პრაქტიკის შესახებ, რათა საბოლოოდ, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შედგეს ფართო საზოგადოებრივი შეთანხმება.

 

აკრძალვა

ნარკოტიკები ყოველთვის არ იყო აკრძალული. XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე დასავლური სამყაროს უდიდეს ნაწილში ნარკოტიკების მოხმარებას კანონი არ კრძალავდა რადგან იმ პერიოდში ნივთიერებებს, რომლებსაც დღეს ნარკოტიკებს ვუწოდებთ, მედიცინაში გაცილებით უფრო ხშირად იყენებდნენ.

საკმარისია ითქვას, რომ აკრძალვამდე ექიმები ოპიატებს ნიშნავდნენ, მაგალითად, მენსტრუალური ტკივილების დროსაც კი, რაც ხელს უწყობდა ოპიუმის ფართოდ გავრცელებას ქალებში, ეს თავის მხრივ გავლენას ახდენდა ბავშვებზეც და ა.შ. საგულისხმოა, რომ აკრძალვამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ოპიუმდამოკიდებულთა უმრავლესობა სწორედ ქალი იყო.

XIX საუკუნის შუა წლებისთვის დასავლეთში დაგროვდა საკმაო ინფორმაცია და პრაქტიკა ნარკოტიკებთან დაკავშრებული საფრთხეების შესახებ და დაიწყო ბრძოლა ნარკოტიკების წინააღმდეგ.

1868 წელს ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო სააფთიაქო აქტი, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ ნარკოტოკების აკრძალვის დასაწყისად ევროპაში. ამის შემდეგ, ნახევარი საუკუნის მანძილზე მსოფლიო მიდიოდა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებისკენ და საბოლოოდ, პირველი მსოფლიო ომის წლებში და ომთაშორის პერიოდში ნარკოპოლიტიკამ ფაქტობრივად მთელს მსოფლიოში მიიღო ის სახე, რომლითაც ვიცნობდით მას დღემდე.

1961 აკრძალვის პოლიტიკა გამყარდა გაეროს სპეციალური კონვენციითაც. ეს იყო აკრძალვის მომხრეთა მორიგი გამარჯვება, რომლებიც თვლიან რომ აკრძალვა აჩერებს და პერსპექტივაში, ამცირებს ნარკოტიკების გავრცელებას, რაც თავის მხრივ ამცირებს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საფრთხეებს.

თავიანთი პოზიციის გასამყარებლად კრიმინალიზაციის მომხრეებს მოაქვთ ორი არგუმენტი:

ა) აკრძალვის შემდეგ როგორც წესი ეცემა მოხმარების მასშტაბი და გამომდინარე საფრთხეები. ასე, მაგალითად – თუ 1868 წლამდე ბრიტანეთში ყოველი მილიონიდან 20 ბავშვი და მოზარდი კვდებოდა ოპიუმის მოხმარებასთან დაკავშირებული მიზეზებით, მომდევნო, 1869 წელს ეს ციფრი 12-ამდე დაეცა, ხოლო 1880-იან წლებში უკვე მხოლოდ 6 ბავშვი კვდებოდა იმავე მიზეზით.

ბ) აკრძალვის პირობებში (კანონმორჩილების ფაქტორიდან გამომდინარე) საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა თავს იკავებს ნარკოტიკების მოხმარებისგან და შესაბამისად, ნარკოტიკებთან დაკავშრებული საფრთხეებიც შემცირებულია.

აკრძალვის მომხრეები თვლიან, რომ კონკრეტული ნარკოტიკის გავრცელების მასშტაბი პირდაპირ კავშირშია მის სამართლებრივ სტატუსთან. მაგალთად, თუ ალკოჰოლის მომხმარებელთა რაოდენობა ევროპაში მთელი ზრდასრული მოსახლეობის 80-90%-ს აღწევს, ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა (მარიხუანას გამოკლებით)  აკრძალვის მთელი ისტორიის მანძილზე 1-2%-ის ფარგლებში მერყეობს.

რაც შეეხება იმ შემთხვევებს, როცა აკრძალვის მიუხედავად ცალკეულ ქვეყნებში ან რეგიონებში მაინც იმატებს ნარკოტიკების მოხმარების მასშტაბი, აკრძალვის მომხრეების აზრით ამის მიზეზი არის არა აკრძალვის არაეფექტიანობა, არამედ არაეფექტიანი აკრძალვა, კორუფცია, სოციო-ეკონომიკური პრობლემები და სხვა გაცილებით მასშტაბური გამოწვევები, რომლებსაც ნარკოტიკების მოხმარების ზრდა ამ შემთხვევაში უბრალოდ მიგვანიშნებს და ამოცანაც უნდა იყოს ამ პრობლემების მოგვარება და არა ნარკოტიკების მიმართ პოზიციის შერბილება.

სხვათა შორის – აკრძალვის პოლიტიკაზე საუბრისას აუცილებელია აღვნიშნოთ ის მომენტიც, რომ აკრძალვა ვერ მუშაობს უკვე ფართოდ გავრცელებული და კულტურულ ტრადიციებთან დაკავშირებული სუბსტანციების შემთხვევაში.

როგორც ვიცით, XX საუკნის პირველ ნახევარში იყო მცდელობა ნარკოპოლიტიკის გამკაცრების პროცესში აკრძალულიყო ალკოჰოლიც. ამ მცდელობის ყველაზე ცნობილი მაგალითია ე.წ. მშრალი კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა იყო ნაკლებად ცნობილი კამპანიებიც. ნაკლებად ცნობილია, მაგალითად, პირველი ანტიალკოჰოლური კამპანია რუსეთში, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ჯერ კიდევ მონარქიის პირობებში დაიწყო და  საბჭოთა ეპოქაშიც გაგრძელდა. მიუხედავად მომენტალური წარმატების ეფექტისა, ორივე ეს მცდელობა საბოლოო ჯამში მარცხით დასრულდა და ამ მცდელობებმა ნათლად გამოაჩინეს ალკოჰოლის აკრძალვის პოლიტიკის არაეფექტიანობა, სულ მცირე, იუდეო-ქრისტიანული კულტურული ტრადიციის ქვეყნებში.

ლიბერალიზაცია

XX საუკუნის 60-იანი წლებიდან თითქმის მთელს მსოფლიოში და მათ შორის დასავლეთში შეინიშნებოდა ნარკოტიკების მოხმარების ზრდა, რამაც აკრძალვის პოლიტიკა სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა.

ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების გააქტიურებას ქონდა რამდენიმე მიზეზი – მათ შორის რელიგიის (დასავლეთის შემთხვევაში) და იდეოლოგიის (კომუნისტური ბლოკის შემთხვევაში) გავლენის შემცირება, საერთაშორისო ვაჭრობის და კომუნიკაციის გამარტივება და ა.შ.

სახელმწიფოს პირველი რეაქცია ამ გამოწვევაზე, როგორც წესი იყო „ჭანჭიკების მოჭერა“ და პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად გამკაცრება, თუმცა გამკაცრება იშვიათად ამცირებდა რეალურ მოხმარებას და თითქმის ვერასდროს ამცირებდა მოთხოვნას. ამის გამო ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულთა რაოდენობა იზრდებოდა, ხოლო მომხმარებლებში გახშირდა სიკვდილიანობა  და ინფექციური დაავადებები, რაც თავის მხრივ სერიოზული საფრთხეა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.

ამ ფონზე დასავლეთში გაიზარდა იმ ძალების მხარდაჭერა, რომლებიც ითხოვენ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას და მის ჩანაცვლებას ზიანის შემცირების პოლიტიკით. ეს პოლიტიკა ეფუძნება მოსაზრებას, რომ ნარკოტიკების განდევნა და მარგინალიზება შეუძლებელია და ერთადერთი რაც შეგვიძლია არის ის, რომ უნდა ვისწავლოთ მათგან მოყენებული ზიანის შემცირება.

ამის გამო ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ხშირად ადარებენ „მშრალი კანონის“ გაუქმების პროცესსაც, როცა ამერიკამ აღიარა რომ ალკოჰოლის განდევნა და მარგინალიზება შეუძებელი იყო და დაუბრუნდა „კონტროლის პოლიტიკას“, თუმცა ამ ორ პროცესს შორის არის სერიოზული განსხვავებაც: თუ ალკოჰოლი ისტორიულად ყოველთვის იყო გავრცელებული იუდეო-ქრისტიანული კულტურული ტრადიციის ქვეყნებში და ამ კულტურებს შემუშავებული აქვთ მისი მიღების და შეკავების გარკვეული ნორმები, ნარკოტიკებთან დაკავშირებით ასეთი ნორმები და ტრადიციები მოცემულ კულტურებში უბრალოდ არ არსებობს, რაც ორმაგად ართულებს ნარკოტიკებით მოყენებული ზიანის შემცირების ამოცანას.

მიუხედავად ამისა – ამ ეტაპისთვის ნარკოპოლიტიკის ტენდენცია დასავლეთში მიმართულია ძირითადად ლიბერალიზაციისკენ, თუმცა გვხვდება საპირისპირო ტენდენციების გამოვლინებებიც, მაგალითად – ნიდრელანდებში, რაც განსაკუთრებით ანგარიშგასაწევია თუნდაც იმის გამო, რომ ნიდერლანდები ათწლელების მანძილზე ითვლებოდა ლიბერალური ნარკოპოლიტიკის ერთგვარ ნიმუშად.

ამასთან, ცხადია თითოეული ქვეყანა, რომელიც ირჩევს ლიბერალიზაციას სტრატეგიას გამოდის ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული ამოცანებიდან  და ამის გამო მიდგომები საკმაოდ სერიოზულად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

ასე, მაგალითად, ზოგ ქვეყანაში (ნიდერლანდები) მკაცრად არის გამიჯნული „მსუბუქი“ და „მძიმე“ ნარკოტიკები და პირველის მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით სახელმწიფო ცდილობს აღმოფხვრას მეორე (უფრო საშიში) საფრთხე.

ზოგ ქვეყანაში (პორტუგალია) ასეთი მკაცრი გამიჯვნა არ გვხვდება, რადგან პორტუგალიის შემთხვევაში ლიბერალური ნარკოპოლიტიკა მოიაზრება როგორც აივ-ინფექციის ეპიდემიის დამარცხების და პრევენციის ნაწილი.

რადგან საქართველოში ყველაზე ხშირად ლაპარაკობენ პორტუგალიის მაგალითზე და პარლამენტში ინიცირებული პროექტიც სწორედ პორტუგალიურ გამოცდილებას ეყრდნობა, ალბათ საჭიროა უფრო დეტალურად განვიხილოთ პორტუგალიური მოდელი და მისი შედეგები.

სხვათა შორის „პორტუგალიური ექსპერიმენტის“ პრეისტორია გარკვეულწილად ჰგავს საქართველოს რადგან პორტუგალიაში, ისევე, როგორც  საქართველოში, ნარკოტიკების მასობრივი გარცელება იწყება მკაცრი პოლიტიკური სისტემის დემონტაჟის შემდეგ – ე.წ. „თავისუფლების ეიფორიაში“.

საქართველოში ეს პროცესი შესამჩნევი გახდა ჯერ კიდევ XX საუკუნის 70-80-იანი წლებიდან, როცა საბჭოთა სისტემამ დასუსტება დაიწყო, ხოლო 1990-იან წლებში უკვე კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია.

დაახლოებით ანალოგიურ პრეისტორიას ვაკვირდებით პორტუგალიაშიც. პორტუგალია, ესპანეთის მსგავსად XX საუკნის 70-იან წლებამდე ავტორიტარულ პოლიტიკურ სისტემას წარმოადგენდა, ხოლო სისტემის დემონტაჟს პოზიტიურ ძვრებთან ერთად მოყვა „ნარკოტიკული ბუმიც“.

ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებთან ერთად პორტუგალიაში განსაკუთრებით მწვავედ იდგა აივ ინფექციის პრობლემა. საკმარისია ითქვას, რომ 90-იან წლებში პორტუგალიაში ყოველწლიურად ინფიცირების ათასიდან ორი ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა და ეს შემთხვევები როგორც წესი სწორედ ნარკოტიკების ინტრავენურ მოხმარებასთან იყო დაკავშირებული.

90-იან წლებში უკვე ცხადი გახდა, რომ პორტუგალიის ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ვერც ნარკოტიკების წყაროს გადაკეტვა და ვერც ნარკოტიკებზე მოთხოვნის შემცირება. ამის გამო პორტუგალიაში დაიწყეს ფიქრი ზიანის შემცირების სტრატეგიაზე და ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში აამოქმედეს რამდენიმე პროგრამა (მაგალთად, შპრიცების გამოცვლის პროგრამა), ხოლო 2001 წლიდან პორტუგალიაში ძალაში შევიდა ნარკოპოლიტიკის სრულიად უნიკალური და მანამდე უპრეცედენტო მოდელი  – ერთ მხრივ მოხდა ყველა ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია, ხოლო მეორე მხრივ, ამოქმედდა ასევე უპრეცედენტოდ მძლავრი სარეაბილიტაციო სისტემა, რომელიც მოიცავს ასობით ცენტრს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ა.შ.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რადგან საქართველოში პორტუგალიურ მოდელზე საუბრისას ხშირად განიხილავენ მხოლოდ დეკრიმინალიზაციის ასპექტს და ყურადღების მიღმა რჩება რეაბილიტაციის ასპექტი მაშინ, როცა პორტუგალიური მოდელი ჩაფიქრებული იყო და განხორციელდა კიდეც როგორც ამ ორი კომპონენტის განუყოფელი მთლიანობა.

როგორია პორტუგალიური ნარკოპოლიტიკის შედეგები? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პორტუგალიამ ფაქტობრივად აღიარა დამარცხება ყველა ნარკოტიკის წინაშე, ახალი პოლიტიკა საკმაოდ ეფექტიანი აღმოჩნდა – მნიშვნელოვნად შემცირდა წელიწადში გამოვლენილი აივ ინფექციის შემთხვევები; ასევე დაეცა ზედოზირებით და ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული სხვა მიზეზებით გარდაცვალების სტატისტიკა.

ამასთანავე, პორტუგალიური მოდელის წარმატებულობაზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ ორი მომენტი – პირველი მომენტი არის ის, რომ როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოდელი მუშაობს მხოლოდ როგორც დეკრიმინალიზაცია + რეაბილიტაციის მასშტაბური კომპლექსი და ამის გამო ძალიან „ძვირ პოლიტიკად“ ითვლება თვით ევროკავშირის პარამეტრებითაც კი და ამასთანავე, პორტუგალია პრინციპში აღარ ისახავს მიზნად მძიმე ნარკოტიკების დამარცხებას, ამიტომ მოდელის მიღების შემდეგ გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მოიხმარენ ან ცხოვრების მანძილზე მოუხმარებიათ ასეთი ნარკოტიკი.

აზიური მოდელი

თანამედროვე  ნარკოპოლიტიკის სტრატეგიების მიმოხილვისას არ შეიძლება შემოვიფარგლოთ მხოლოდ დასავლური გამოცდილებით და ყურადღების მიღმა დავტოვოთ სტრატეგია, რომელიც დომინირებს აღმოსავლეთ აზიაში, თუმცა ასევე გვხვდება აზიის სხვა ქვეყნებშიც.

სამხრეთ კორეა, სინგაპური, ჩინეთი, მალაიზია, ინდონეზია – ისევე, როგორც სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები – მსოფლიოში ყველაზე მკაცრი ნარკოპოლიტიკით გამორჩევიან. ამ ქვენების უმეტეს ნაწილში ნარკოტიკების გამსაღებლები ისჯებიან მაღალი ან ძალიან მაღალი ვადებით და ზოგ ქვეყანაში სიკვდილითაც კი.

საგულიხმოა, რომ მიუხედავად დასავლეთის მხრიდან კრიტიკისა სასჯელის სიმკაცრის გამო, ამ ქვენების ხელისუფლებები თვლიან რომ მკაცრი პოლიტიკით ისინი აღწევენ დასახულ მიზანს. ნარკოტიკების მოხმარება, ისევე როგორც ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემები და სიკვდილიანობა ამ ქვეყნებში ყველაზე დაბალია მთელი მსოფლიოს მასშტაბით – მათ შორის იმ ქვეყნებზე დაბალიც, რომლებიც ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის გზით მიდიან.

ასე, მაგალითად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2014 წლის მონაცემებით, ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 ადამიანზე ნიდერლანდებში იყო 0,63, პორტუგალიაში – 0,6, ჩეხეთში – 0,4, ჩინეთში 0,38, სამხრეთ კორეაში – 0,24, სინგაპურში – 0,18, ხოლო ყატარში ფაქტობრივად ნული.

შედარებისთვის – საქართველოში ანალოგიური მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში და იმავე მონაცემებით 5.6 შეადგენდა.

ცხადია, აზიური მკაცრი ნარკოპოლიტიკა ასევე არ შემოიფარგლება მხოლოდ სასჯელით. სამხრეთ კორეა არის მკაცრად კომპლექსური მიდგომის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი. სამხრეთ კორეაში მკაცრი სანქციების გარდა სახელმწიფო ატარებს ძალიან აქტიურ ანტი-ნარკოტიკულ კამპანიას ახალგაზრდებში, აფინანსებს და მართავს ეფექტიან სარეაბილიტაციო ქსელს, ამუშავებს თერაპიისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამებს, ზრუნავს დამოკიდებული ადამიანების დასაქმებაზე და ასევე – ეფექტიანად ჭრის ნარკოტიკის მ ი წ ო დ ე ბ ი ს გზებს, რასაც კორეის შემთხვევაში გეოგრაფიული მდებარეობაც ხელს უწყობს.

საბოლოო ჯამში, სამხრეთ კორეა დღეისათვის ნარკოტიკებისგან ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალ ქვეყნად ითვლება, თუმცა ის რომ კორეაში ნარკოტიკმა ფართო გავრცელება ვერ ჰპოვა არ არის მხოლოდ ნარკოპოლიტიკის დამსახურება. აქ ნარკოპოლიტიკასთან ერთად მუშაობს ისეთი ფაქტორები როგორიცაა განვითარებული ეკონომიკა და დასაქმების მაღალი დონე, შრომისა და ცხოვრების ეთიკა, რომელიც ისტორიულად დამახასიათებელი იყო კორეისთვის, ხოლო დღეს სახელმწიფოს მიერ იდეოლოგიურადაც არის მხარდაჭერილი და ა.შ.

დასკვნა

ნებისმიერი ქვეყნის გამოცდილება და მოდელი თავისთავად ვერ გამოადგება სხვა ქვეყანას, თუ არ იქნა გათვალისწინებული კონკრეტული ქვეყნის რეალობა და მის წინაშე მდგარი ამოცანები.

შესაბამისად, ახალი ქართული ნარკოპოლიტიკის შემუშავებისას ქართულმა საზოგადოებამ და სახელმწიფომ უპირველეს ყოვლისა უნდა უნდა განსაზღვროს ის, თუ რამდენად გავს საქართველო იმ ქვეყნებს, რომელთა მაგალითსაც განვიხილავთ, რა არის საქართველოს სპეციფიკა, რა ამოცანების გადაჭრას ვისახავთ მიზნად უშუალოდ ნარკოპოლიტიკით და როგორ წარმოგვიდგენია სახელმწიფოს როლი პრევენციის სტრატეგიაში.

ასე, მაგალითად, მარიხუანას შემთხვევაში – ერთ მხრივ ამ ნარკოტიკის ფართო გავრცელებისა და მეორე მხრივ იმის გამო, რომ ინტრავენურად მოხმარებად ნარკოტიკებთან შედარებით მარიხუანა ნაკლებ საფრთხეს უქმნის საზოგადოებას – ამ წუთისთვის თითქოს მიღწეულია ერთგვარი კონსენსუსი დეკრიმინალიზაციასთან დაკავშრებით.

ამავე დროს – იგივეს ვერ ვიტყვით ე.წ. „მძიმე“ ნარკოტიკებთან დაკავშირებით.

აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი შესაძლო სტრატეგია საქართველოსთვის შესაძლოა იყოს მარიხუანას გამოყოფა „მძიმე“ ნარკოტიკებისგან და ისეთი ნარკოპოლიტიკის შემუშავება, სადაც შედარებით უსაფრთხო, ფართოდ გავრცელებული და გარკვეული სოციოკულტურული ტრადიციის მქონე ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის ფონზე, კიდევ უფრო გაძლიერდება ბრძოლა „მძიმე“ და განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკებთან.

რაც შეეხება განურჩევლად ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის იდეას (და პროექტს) – თუ ქართული საზოგადოება და სახელმწიფო მართლაც აირჩევს ამ გზას, ამ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ რომ:

ა) ჩვენ უარს ვამბობთ საზოგადოებიდან მძიმე ნარკოტიკების განდევნის იდეაზე და საბოლოო ჯამში, ამ ნარკოტიკების მომხმარებელთა საერთო რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

ბ) ჩვენ მოგვიწევს გაცილებით მეტი დავხარჯოთ ნარკოპოლიტიკაზე, ვიდრე ვხარჯავთ დღეს და ჩვენი დანახარჯები უნდა მიუახლოვდეს ევროპული ქვეყნების საშუალო დანახარჯებს – ეს კი ჩვენს რეალობაში ნიშნავს იმას, რომ დაფინანსება სავარაუდოდ  რომელიმე სხვა სფეროს უნდა მოაკლდეს.

გ) სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს არა ზოგადი იდეა, არამედ დეტალურად დამუშავებული და დროში გაწერილი კონკრეტული გეგმა, თუ როდის და რა თანხებით შეიქმნება რეაბილიტაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და სერვისები, რომლებიც უკვე მზად უნდა იყოს დეკრიმინალიზაციის მომენტისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ დეკრიმინალიზაცია პრევენციისა და რეაბილიტაციის გარეშე, რაც საქართველოს სავარაუდოდ კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში ჩააყენებს.

ამ წუთისთვის ჯერ-ჯერობით რთულია იმის გამოცნობა, თუ რა სტრატეგიას აირჩევს საბოლოოდ ქართული სახელმწიფო, თუმცა როგორი გზითაც არ უნდა წავიდეს ქვეყანა, ნებისმიერი ტიპის ნარკოპოლიტიკის პირობებში საერთო რჩება და უნდა დარჩეს ძირითადი – სახელწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს პრევენციას და მოთხოვნის შემცირებას.

მოთხოვნის შემცირება კი გულისხმობს მოზარდებში (და მთელს საზოგადოებაში) ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას, ასეთი ცხოვრებისთვის პირობების შექმნას, დასაქმებისა და თვითრეალიზაციის ხელშეწყობას, მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროგრამების გამართვას და ეფექტიანი ანტინარკოტიკული PR სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან გატარებული გაცილებით უფრო ფართო საინფორმაციო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.