ქართული საპარლამენტო ცხოვრების გროტესკი და ტრაგედია

20 დეკემბრის საღამოს გროტესკული და შეიძლება ითქვას, ტრაგიკული სანახაობა საქართველოს პარლამენტში ძირითადად ორმა მიზეზმა განაპირობა. პირველი ეხება გარადამავალი სამართლიანობის არ არსებულ პროცესს და მეორე საპარლამენტო ცხოვრების ვულგარულ განზომილებასა და ეთიკურ პასუხისმგებლობის ნულოვან განცდას.

გარდამავალი სამართლიანობის კრიზისი

ის, რომ გარდამავალი სამართლიანობის პროცესი აუცილებელი იყო პოსტავტორიტარული საქართველოსათვის კიდევ ერთხელ დადასტურდა ოთხშაბათს საპარლამენტო დებატებში, სადაც პრემიერ მინისტრ კვირიკაშვილსა და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს მელიას შორის კამათი სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე მიმდინარეობდა. ზოგადად, როდესაც პოლიტიკური ძალა, რომლის რეჟიმის პირობებში პოლიტიკური ძალადობა, ჩაგვრა და რეპრესიები ფაქტიურად ყოველდღიური ცხოვრების პრაქტიკად იყო ქცეული, არ აგებს პასუხს ჩადენილი დანაშაულის გამო, მაშინ საკმაოდ ლოგიკურად და ბუნებრივად გამოიყურება ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ნაციონალური მოძრაობა არ გრძნობს არავითარ მორალურ პასუხისმგბელობას იმაზე, თუ როგორ მართავდნენ ისინი ამ ქვეყანას წლების განმავლობაში. უფრო მეტიც, არათუ არ გრძნობს, არამედ ზუსტად ისეთივე პოლიტიკური ენით და რიტორიკით ესაუბრება განსხვავებულ პოლიტიკურ ძალას, როგორც ამას აკეთებდა მისი მმართველობის ეპოქაში.

ერთ-ერთი უმთავრესი შეცდომა რომელიც დაშვებულ იქნა 2012 წლიდან დღემდე არის ის, რომ საქართველომ პრაქტიკულად უარი თქვა მისი უახლესი ისტორიის ავტორიტარული წარსულის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ შეფასებაზე. უფრო მეტიც, ნაციონალური მოძრაობა აღმოჩნდა ძალა, რომელმაც ოპოზიციურ სივრცეში დომინანტური ადგილი დაიკავა და თავს მომავალ მმართველ ძალად წარმოაჩენს. ეს კი ცხადია ქმნის ისეთ გარემოებას, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ყველაფერს ცდილობენ თავიანთი ელექტორატისა და ახალი ელექტორატის მოსაზიდად. ამიტომ პროვოკაციები, გამაღიზიანებლი პოლიტიკური ენა და აგრესიული დიალექტიკა მათი საქმიანობის უმთავრესი მიზანი და სტრატეგიაა. პოსტავტორიტარულ საქართველოში აუცილებლად უნდა მომხდარიყო ის, რაც მოხდა მეორე მსოფლიო იმის შემდგომ დროინდელ გერმანიაში, როდესაც დენაციფიკაციის პროექტმა შეაღწია არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ღრმა კულტურულ სივრცეშიც. ეს იყო პროცესი, რომლის გარეშეც გერმანიაში ვერ განვითარდებოდა ვერც პოლიტიკური და ვერც კულტურული ცხოვრება. შეიძლება ითქვას, რომ ამ პროცესის გარეშე გერმანია როგორც განვითარებული სახელმწიფო ვერ შედგებოდა.

საპარლამენტო ცხოვრება და ეთიკური პასუხისმგებლობა

ოთხშაბათ საღამოს, შეხევდრას ნაციონალურ მოძრაობასა და მთავრობას შორის თავმჯდომარეობდა ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე. მაშინ როდესაც ნიკანორ მელია პროვოკაციული ენითა და გამაღიზიანებელი რიტორიკით ესაუბრებოდა პრემიერ მინისტრს, გოცირიძე მშვიდად ადევნდება თვალს პროცესს და არც ერთხელ არ შეეცადა მელიას შეჩერებას და მისთვის გაფრთხილების მიცემას. დასავლეთის საპარლამენტო ცხოვრებაში, კონკრეტულად საპარლამენტო დებატებისას მნიშვნელოვანი როლი აკისრია სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ცდილობს დებატებში მონაწილეთა ინტერაქცია მხოლოდ ეთიკურ ჩარჩოებში მოაქციოს და მას ვინც ამ ეთიკას არღვევს დაუყონებლივ ეკისრება შესაბამისი სანქცია. მაგალითად, როდესაც 2016 წლის გაზაფხულზე, ინგლისის თემთა პალატის ვეტერანმა წევრმა დენის სკინერმა, რომელიც შეიძლება ითქვას რომ არის ერთ-ერთი უდიდესი მორალური ავტორიტეტი ბრიტანულ პოლიტიკაში და ინგლისის ლეიბორისტული პარტიის სინდისი, საპარლამენტო დებატებისას პრემიერ მინისტრ ქემერონს „თაღლითი დეივი“ უწოდა, მიუხედავად სკინერის სამართლიანი კრიტიკისა, სხდომის თავმჯდომარემ, თემთა პალატის სპიკერმა ჯონ ბერკოუმ ჯერ მას ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, ხოლო მას შემდეგ რაც სკინერმა უარი თქვა ბოდიშის მოხდაზე, ბერკოუმ ის სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, სხდომის თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს არ აღმოაჩნდა მაღალი ეთიკური პასუხისმგებლობის გრძნობა და უფრო მეტიც, მისი ნულოვანი რეაგირებით მან ხელი შეუწყო ემოციური და შეურაცმყოფელი საუბრის უფრო მეტ აგრესიულ განზომილებაში გადატანას, რამაც ცხადია გამოიწვია პრემიერ მინისტრის მოჭარბებული ემოციების გამოშვება ნაციონალური მოძრაობის და მისი ლიდერის მელიას წინააღმდეგ. რომან გოცირიძის საქციელი შეესაბამებოდა არა პარლამენტის წევრისა და სხდომის თავმჯდომარის საქციელს, არამედ სეირის შემხედვარე ინდივიდის საქციელს, რომელსაც წარმოუდგენელ სიამოვნებას ანიჭებს ის, თუ როგორ შეურაცყოფს ერთი ადამიანი მეორეს.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.