ქალისა და კაცის თანასწორობის პრინციპი გენიალურად განმარტა შოთა რუსთაველმა. მისეული – „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“ – გენდერული თანასწორობის გამომხატველ კლასიკურ აფორიზმს წარმოადგენს. თუმცა, ცხოვრებას გარკვეული კორექტივები მაინც შეაქვს ამ ერთი შეხედვით უდავო ჭეშმარიტებაში – დღეს ქალები ხშირად ხდებიან გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლნი.
ის ფაქტი, რომ მსოფლიოში ყოველ მეოთხე ქალს ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ამა თუ იმ ფორმით, განუცდია ძალადობა, საქართველოში კი ასეთი „მხოლოდ“ ყოველი მეშვიდე ქალია, ჩვენი საზოგადოებისთვის დიდი ვერაფერი ნუგეშია – ამ „ყოველი მეშვიდეს“ უკან ათასობით და ათიათასობით ადამიანური ტკივილი, ტანჯვა და დამახინჯებული ცხოვრება იმალება.
ქალთა მიმართ ძალადობა და მასთან ბრძოლის თემა ჩვენთან, ბოლო დრომდე, უკანა პლანზე იდგა, მის სისტემურ ხასიათზე ხმამაღლა თითქმის არავინ საუბრობდა და მხოლოდ ცალკეული გახმაურებული შემთხვევები პოსტ-ფაქტუმ იქცევდა საზოგადოების ყურადღებას.
უკანასკნელ პერიოდში ამ მხრივ მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვალა. „სასიკეთოდ“, არა იმ თვალსაზრისით, რომ ქალთა მიმართ ძალადობამ იკლო. პირიქით, ამ კუთხით, სტატისტიკური ზრდაც კი გვაქვს, რაც, ალბათ, იმით აიხსნება, რომ „სუსტი სქესის“ წარმომადგენლები უსამართლო მოპყობას მორჩილად აღარ ეგუებიან და უფრო ხშირად მიმართავენ შესაბამის სტრუქტურებს თავისი უფლებების დასაცავად. სწორედ ამაში გამოიხატება ზემოთ ნახსენები „სასიკეთო ცვლილება“ – საკითხის „გასაჯაროვებით“, სულ უფრო აქტუალური ხდება ქალთა მიმართ ძალადობასთან სისტემური ბრძოლის აუცილებლობა.
საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და პრობლემის მოგვარების გზებზე „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრობს „ფსიქოლოგიური ცენტრის“ ხელმძღვანელი, ნანა ჩაჩუა.
– ქალბატონო ნანა, მოდით, საუბარი დავიწყოთ გამაოგნებელი, ერთი შეხედვით დაუჯერებელი სტატისტიკით: გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის არც თუ მცირე ნაწილისთვის, ქალთა მიმართ ძალადობა, გარკვეულწილად, მისაღებია: გამოკითხული ქალების თითქმის მეოთხედს (22%) და კაცების მესამედს (31%) მიაჩნია, რომ „ცოლის ცემა, გარკვეულ გარემოებებში, გამართლებულია“. მეტიც: გამოკითხული ქალების თითქმის მეოთხედი (23%) და კაცების თითქმის ნახევარი (42%) მიიჩნევს, რომ „ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, თუ მას არ ეთანხმება“.
როდესაც ჩვენი საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვან სეგმენტს ასეთი „მსოფლმხედველობა“ აქვს, ქალთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელი, ალბათ, აღარ უნდა გაგვიკვირდეს. რა უდევს საფუძვლად ამ ადამიანების მენტალიტს?
– ქალთა მიმართ ძალადობის საფუძველთა საფუძველი არის საზოგადოებაში აგრესიის მომატებული მუხტი. დღეს ასეა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.
თანამედროვე ადამიანი არის შეშინებული, დაღლილი და მოტყუებული. დავიწყოთ პირველი ფაქტორით – შიშით. მისი მთავარი მიზეზია სიღარიბე. გაღარიბება მხოლოდ ულუკმაპუროდ ყოფნას არ ნიშნავს – გაღარიბების მდიდარსაც ეშინია, რადგან სიმდიდრეს ზღვარი არა აქვს. თუ თქვენ, ვთქვათ, 1 მილიონი დოლარი გაქვს, შეიძლება თავი ღარიბად ჩათვალო იმასთან შედარებით, ვინც 10 მილიონს ფლობს. ვინაიდან დღევანდელ ცხოვრებაში ფულია პრიორიტეტული, უფულობის ყველას გვეშინია. შესაბამისად, ჯანმრთელობის, განათლების და თვითგამოხატვის საფუძვლად ქცეული ფული ძალიან გვაშინებს, უფრო სწორედ – მისი არქონა, უფულობა გვაშინებს.
მეორე ფაქტორი, როგორც ვთქვი, არის დაღლილობა და ადამიანები სწორედ ზემოთ ნახსენები შიშით არიან დაღლილნი.
რაც შეეხება მესამე ფაქტორს – ტყუილს, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ის განპირობებულია… მასმედიით. ეს ბრალდება, ძირითადად, კერძო მფლობელობაში არსებულ მედიასაშუალებებს შეეხება, რომლებიც, როგორც წესი, მხოლოდ მოგებაზე არიან ორიენტირებულნი. ამიტომ, ისინი „კადრულობენ“ ყველაფერს, რაც მათ მოგებას მოუტანს.
დღევანდელ საზოგადოებას ფსიქოლოგები „ვულგარიზებულ საზოგადოებას“ უწოდებენ. ასეთ საზოგადოებას ახასიათებს ხმაური, მასების რაც შეიძლება დიდი რაოდენობის ყურადღების მიპყრობისკენ სწრაფვა და არაარსებით საკითხებზე კონცენტრირება.
მასმედიის მაგალითზე შევეცდები ამის ახსნას.
გავიხსენოთ, როგორ იწყება ახალი ამბები (ნიუსები) – საგანგაშო, შიშისმომგვრელი მუსიკალური გაფორმებით, რომელსაც მოსდევს ასევე შოკისმომგვრელი, სკანდალური ინფორმაციები – ვიღაცა მოკლეს, ვიღაცა სცემეს და ა.შ. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კი, სწორედ სკანდალია „ხმაური“. რატომ სურთ ასეთ მედიასაშუალებებს რაც შეიძლება მეტი ხალხის ყურადღების მიქცევა? იმიტომ, რომ ისინი ორიენტირებულნი არიან იმაზე, რაც არაარსებითია, ზედაპირულია და გონების დაძაბვას, ანალიზს არ მოითხოვს. შესაბამისად, მათ გადაცემებში ჭარბობს სერიალები, არაფრისმომცემი ინფორმაციები და შოუები, საღლაბუცო სიუჟეტები… ასეთივე გახდა ინტერნეტსივრცეც.
ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, ადამიანში, მისდაუნებურად, ცნობიერად ან უფრო არაცნობიერად, დაძაბულობას იწვევს, რომლის ობიექტი გამოკვეთილი არ არის. სწორედ ასეთ, ხმაურით გაჯერებულ სივრცესა და პირობებში ჩნდება აგრესია. ხოლო რა გახდება აგრესიის ობიექტი, ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარა აქვს – რაც ხელთ მოგხვდება, იმას ხელყოფ, ანგრევ და ამსხვრევ.
– … და ქალი, როგორც სუსტი არსება და „დაბალი ღობე“, აგრესიის მთავარი სამიზნე ხდება?
– დიახ, ასეა. თუმცა, ქალისა და კაცის, როგორც ერთიანი სხეულის, ერთიანი ორგანიზმის ურთიერთობებში, ეს უფრო თვითაგრესიას ნიშნავს.
როდესაც ქალს ხელყოფს მამაკაცი, ეს უფრო თვითაგრესიაა, რადგან ის ქალი მისი ნაწილია. ყოველი ქალი, მდედრი, პოტენციური დედაა და როდესაც დედას ებრძვი, ანადგურებ, ესეც თვითაგრესიაა.
ჩემს ახალგაზრდობაში და მოგვიანებითაც, არსებობდა ბილწსიტყვობის ასეთი ფორმა – „ჩემი დედა…“. ესეც თვითაგრესიაა. ამ შემთხვევაშიც თვითგანადგურების იმპულსი მუშაობს.
– რამდენად არის შესაძლებელი საზოგადოებაში არსებული ასეთი აგრესიული მუხტის ჩაცხრობა და შესაბამისად – ადამიანებში ძალადობრივი მენტალიტეტის შეცვლა?
– რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია.
ნახეთ, რა ხდება დღეს საქართველოში: როდესაც ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ხელისუფლებამ და ჯანდაცვის სისტემის მუშაკებმა გამოავლინეს კომპეტენტურობა, საქმის ცოდნის, თვითმობილიზებისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი, საზოგდოებაში უმალვე იმატა ურთიერთთანაგრძნობამ და პატივისცემამ. ყურადღებით ვადევნებ თვალს სოციალურ ქსელებს და ვხედავ, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად იკლო ნეგატიურმა შეფასებებმა და კომენტარებმა. რატომ? იმიტომ, რომ ყველამ დაინახა ხელისუფლების და ექიმების პროფესიონალიზმი, თავდადება და ეს ყველაფერი არის გადამდები. მთავარია, საზოგადოებრივი სივრცე გაჯერდეს, გაიჟღენთოს ისეთი პოზიტივით და დამერწმუნეთ, ამ სივრცეში ნეგატივისთვის დიდი ადგილი აღარ დარჩება.
რა თქმა უნდა, „ავსა კაცსა ავის სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა“ – ასეთებიც გამოავლინა ახალმა კორონავირუსმა, მაგრამ მათთვის სულ უფრო ნაკლები სივრცეა დარჩენილი. შესაბამისად, ასეთი პერსონების მიუღებლობა უკვე თვალსაჩინო ხდება.
ადამიანი არ არის შექმნილი აგრესიისთვის, დესტრუქციისთვის. ის უფრო მეტად იმისთვის არის გაჩენილი, რომ იყოს კონსტრუქციული. ადამიანი შემოქმედებითი არსებაა და ღმერთის ხატად და მსგავსად შეიქმნა. მას აბედნიერებს პოზიტივი, სიკეთის კეთება. არც ერთი ადამიანი არ არის ბედნიერი, როდესაც ის აგრესიას გამოხატავს. თუ ადამიანი შეძლებს, რომ ნეგატიურს უპასუხოს პოზიტიურით, მაშინ ის თავს ბედნიერად იგრძნობს. ამიტომ, საკმარისია, ადამიანებმა სიკეთე და სიკარგე გამოავლინონ, რომ სხვებიც მათ კვალს გაჰყვებიან.
დააკვირდით, როგორ იქცევიან დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები და ექიმები! ისინი არსებულ მდგომარეობაზე ზუსტად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე ლაპარაკობენ – შემოვიდა ამდენი ავადმყოფი, ამდენი არის მძიმედ და ველოდებით გართულებას, მალე იქნება პიკი და ა.შ… ამიტომ, ყველამ სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ. ამით ჩვენში არსებულ სიკეთეს ჩვენვე მივცემთ გზას.
ისევ რუსთაველს დავესესხები: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“. ეს ნიშნავს იმას, რომ ბოროტება, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ მისი არსება არ არის გრძელი, რადგან ამ ბოროტების განგრძობითობა, რეალობაში განვითარება არ ხდება.
ამიტომ, თქვენი კითხვის პასუხად, გადაჭრით ვამბობ: საზოგადოებაში აგრესიული მუხტის ჩაცხრობა და შესაბამისად, ადამიანებში ძალადობრივი მენტალიტეტის შეცვლა შესაძლებელია და ამის მაგალითები უკვე მოგახსენეთ.
– ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა უფრო თვალჩისაცემია ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. არასრულწლოვანი გოგონების იძულებით ქორწინებას, უმაღლესი განათლების მიღებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციისთვის ხელის შეშლას, აქ ასევე ემატება ის, რომ სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, ქალებს უჭირთ, სამართლებრივი გზით დაიცვან თავისი უფლებები. ამ შემთხვევაში, რაში ხედავთ გამოსავალს?
– ასეთ რეგიონებში კიდევ უფრო მეტად უნდა გაფართოვდეს კულტურული ურთიერთობები, რადგან ამ საკითხში კულტურას უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე კანონს. კანონი აწესებს მხოლოდ მინიმალურ მოთხოვნებს, მაშინ როდესაც კულტურული სივრცის გაფართოვება და გაღრმავება ძალიან ხავერდოვნად, რბილად და კონსტრუქციულად მუშაობს.
ამ რეგიონებში არსებული მედიასაშუალებებისა და საგანმანათლებლო სისტემის მეშვეობით, უნდა მოხდეს ადგილობრივ ზნე-ჩვეულებებსა და ტრადიციებში კონსტრუქციული ელემენტების შეტანა. ამიტომ, აქ ხელისუფლების მხრიდან კულტურული სივრცისთვის ხელშეწყობა გაცილებით მეტი შედეგის მომტანი იქნება. ეთნოკულტურულ ღონისძიებებში, როგორიც არის, მაგალითად, „ნოვრუზ ბაირამი“, ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მისი აღნიშვნა გახსნის სარკმელს იმისთვის, რომ ერთმანეთის სულიერი კულტურა გავითავისოთ. მითუმეტეს, ყველა კულტურაში ყოველთვის არის ადგილი ცვლილებებისა და მოქნილობისთვის.
– რა არსებითი განსხვავებაა ქალთა მიმართ ძალადობასა და ძალადობის სხვა ფორმებს შორის, მაგალითად, როდესაც მამაკაცი მამაკაცზე ძალადობს? რატომ უნდა აღითქმებოდეს ეს უკანასკნელი „ჩვეულებრივ, ცხოვრებისეულ“ ამბად, მამაკაცის ქალზე ძალადობა კი – „საგანგაშო შემთხვევად“? ანუ, დანაშაულს გენდერული ნიშნით რატომ ვასხვავებთ?
– ეს დრომ, თანამედროვეობამ მოიტანა. ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაში ძალა იქცა პრიორიტეტად. თავის მხრივ კი, იერარქიის მაღალ საფეხურზე დგომა, ფული და ტექნიკა გახდა მასკულინურობის მაჩვენებელი, მისი ძალის გამომხატველი.
შუა საუკუნებში, მამაკაცების შერკინების აუცილებელი ელემენტი იყო რაინდობა, რაც ძალასთან სათნოების შერწყმას გულისხმობდა როდესაც რაინდული ორთაბრძოლისას, მაგალითად, ფარიკაობის დროს, რომელიმე მონაწილეს იარაღი ხელიდან გაუვარდებოდა, მისი მოწინააღმდეგე ჩერდებოდა და მოწინააღმდეგეს იარაღის აღებას აცლიდა.
რაინდობის ელემენტები ჩემი ახალგაზრდობის დრომდე შემორჩა. მაგალითად, კარგად მახსოვს, რომ ღირსეული მამაკაცი ქალთან შეპასუხებას არ იკადრებდა. „ღირსების კოდექსი“ უმთავრესი იყო მამაკაცებს შორის დაპირისპირების დროსაც.
ასეთი დამოკიდებულება თანდათან ხელიდან გამოგვეცალა და ეს იმიტომ მოხდა, რომ პრიორიტეტი ძალას მიენიჭა. ძალა კი, როგორც ვთქვი, გამოიხატება, ფულში, იერარქიულ მდგომარეობასა და ტექნიკაში. თავის მხრივ, ამ სამივეს (ფული, იერარქია, ტექნიკა) სათნოება „აღარ სჭირდება“. ყოველდღიურ ყოფაში სათნოებას ფასი აღარა აქვს. მისი აღდგენის აუცილებლობას სწორედ დღევანდელი დღე, ამჟამინდელი მომენტი გვკარნახობს. შეიძლება ითქვას, რომ სათნოების აუცილებლობა სწორედ ხალ კორონავირუსს დაეკისრა, რომელმაც ყველას დაგვანახა – დედამიწა ერთია, ის ძალიან პატარაა და აქ მომაკვდინებელი საფრთხე ელვასავით, სიტყვასავით ვრცელდება. ასეთ ვითარებაში კი, როდესაც სიკვდილი და სიცოცხლე ერთად არიან, იბადება კითხვა: რატომ უნდა ვიძალადო?..
დღეს ძალისხმევა საკუთარი თავისკენ უნდა მივმართოთ და სწორედ ეს იქნება საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რა მოგვეთხოვება. არადა, მოგვეთხოვება სულ ცოტა რამ – ფიზიკურ, მატერიალურ ძალას მისი საპირწონე სათნოება მივაგებოთ.
– ქალთა მიმართ ძალადობას რამდენად უწყობს ხელს ისეთი ფაქტორები, როგორიც არის, მაგალითად, მატერიალური მდგომარეობა (სიღარიბე ოჯახში), განათლების დაბალი დონე, აღზრდა, ფსევდო-ტრადიციები („ქალი „კუხნაში“ უნდა იყოს!“), ცალკეული რელიგიების (მამაკაცის მიმართ ქალის სრულ მორჩილებას რომ მოითხოვენ) სპეციფიკა. როგორ შეიძლება ამ ფაქტორებთან გამკლავება?
– იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამებაში“, შუშანიკი დაუპირისპირდა მაშინდელ ტრადიციას – „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური“. მეხუთე საუკუნიდან დღემდე, შუშანიკის ბრძოლის ეს მაგალითი ხელისგულზე გვიდევს. შუშანიკის წამება ვერ გახდა საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანებს მისგან გვესწავლა, მაგრამ კულტურაში მაინც დარჩა.
იმის საილუსტრაციოდ, რამდენად მიუღებელია კულტურისთვის ძალადობა, ჩემს პირად მაგალითსაც მოვიყვან.
ჩემს სოფელში, თუ ვინმე უმსგავსო რაიმეს ჩაიდენდა, პატარაობიდანვე მესმოდა: „რას აკეთებ, ავთანდილა რუსი ხომ არ ხარ?“, „ავთანდილა რუსივით რატომ იქცევი?“… ერთი სიტყვით, „ავთანდილა რუსი“ შეუსაბამო ქმედებების აღმნიშვნელად მიიჩნეოდა. როდესაც მამას ამის ახსნა ვთხოვე, ასეთ რამეს მომიყვა: ჩვენ თანასოფლელს, ვინმე ავთანდილს ცოლად რუსი ქალბატონი ჰყოლია და „ავთანდილა რუსი“ ამიტომ შეარქვეს. ერთხელ, როდესაც ცოლ-ქმარი მინდვრიდან სახლში დაბრუნდა, სუფრასთან მოკალათებულმა ავთანდილმა მეუღლეს საჭმლის სასწრაფოდ მიტანა მოსთხოვა. ცოლს უპასუხია, მინდვრიდან ახლა მოვედით, საჭმელი გამზადებული არა მაქვს, მოვამზადებ და მოგართმევო. ამაზე ავთანდილი აღშფოთებულა, აბა, რისთვის მინდა სახლში ქალიო და მეუღლე უცემია.
ეს ამბავი ცხადყოფს, რომ თუ ადამიანის (ამ შემთხვევაში – ავთანდილის) ქცევა, ცნობიერება და შინაგანი კულტურა ქალის მიმართ საყოველთაო დამოკიდებულებას არ შეესაბამებოდა, საზოგადოება (ამ შემთხვევაში – ჩემი სოფელი) ყველა ასეთ ნეგატიურ, არაადეკვატურ და შეუსაბამო ქცევაზე შესაბამისად რეაგირებს (დაცინვით – „ავთანდილა რუსი ხომ არა ხარ?“).
– ქალთა მიმართ ძალადობის მავნე მხარეა აგრეთვე მისი უარყოფითი გავლენა ოჯახის სხვა წევრებზე, განსაკუთრებით – არასრულწლოვნებზე. რა ნეგატიური ფაქტორებს გამოყოფდით ამ კუთხით?
– როდესაც ბავშვები, მოზარდები, აგრესიას და ძალადობას ხედავენ, მათ უყალიბდებათ კომპლექსი, რომელიც ფსიქოლოგიაში „სახიფათო ტრიადის“ სახელით არის ცნობილი. იგი მოიცავს: 1. საკუთარი თავის მნიშვნელობის დაკარგვას; 2. არასრულწლოვნის მიერ გარემოს, როგორც მისდამი მტრულად განწყობილი სივრცის აღქმას; 3. უპერსპექტივობის განცდას.
ეს ტრიადა, გამჟღავნებული თუ გაუმჟღავნებელი, ფარული თუ ღია დეპრესიას განაპირობებს ქმნის. სწორედ მისგან მომდინარეობს უამრავი უარყოფითი ფსიქოლოგიური ფაქტორისთვის საფუძვლის ჩაყრა. ეს მოზარდებისთვის ძალიან სახიფათოა, რადგან ძალადობის ხილვისას, ისინი მომხდარს თავის თავზე მიიწერენ და თვითდანაშაულის განცდა უყალიბდებათ.
– ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია, ისევე როგორც დაზარალებულთა რეაბილიტაცია და საზოგადოებაში რეინტეგრაცია, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებია პრობლემის დასაძლევად. რა მდგომარეობაა ამ კუთხით დღეს საქართველოში?
– ამ კუთხით, საქართველოში მდგომარეობა კორონავირუსის გავრცელებამდე იყო ძალიან მძიმე, ახლა კი… მადლობა „კორონას“! – საზოგადოება დაწყნარდა, დამშვიდდა იმ თვალსაზრისით, რომ ყველამ დაინახა: ამ ქვეყანაზე არსებითია, მთავარია სიცოცხლე და ადამიანური ურთიერთობები!
რაც შეეხება დაზარალებულთა რეაბილიტაციას, ეს პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს.
ღმერთმა ნუ ქნას, მომავალში უფრო მეტი განსაცდელი დაგვემუქროს, რაც ახლა გვაქვს, მაგრამ დღევანდელმა ვითარებამ გვაჩვენა – როდესაც განსაცდელი ადამიანებს, საზოგადოებას გააერთიანებს, ასეთი საზოგადოება სიცოცხლისუნარიანია და ნებისმიერი გამოწვევის დაძლევა შეუძლია.
ესაუბრა გიორგი ასანიშვილი