რატომ ხდება საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პორბლემების იგნორირება პოლიტიკოსების მხრიდან?!
ქართული პოლიტიკური ელიტა აბსოლუტურად მოწყვეტილია საქართველოს მოსახლეობას და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. საზოგადოების პრობლემები არ და ვერ ჰპოვებს ასახვას პოლიტიკოსების დღის წესრიგზე. მიუხედავად არაერთი კვლევებისა თუ სოციალური გამოკითხვებისა, სადაც ნათლად ჩანს მოსახლეობის რეალური საჭიროებები, პოლიტიკოსები ყველანაირად ცდილობენ უგულებელყონ ეს საკითხები და საზოგადოებას საკუთარი დღის წესრიგი მოახვიონ თავს. ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე კრიზისულ პერიოდშიც კი, ვერ ან არ ახდენენ საზოგადოების პრობლემებზე მსჯელობას. შედეგად ვიღებთ სიტუაციას, როცა მოსახლეობის და ბიზნესის უდიდესი ნაწილი ხედავს, რომ პოლიტიკაში მათი პრობლემების წარმოჩინება არ ხდება სათანადოდ და საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს შორის გაუცხოება დღითიდღე იზრდება.
ნათლად რომ წარმოვიდგინოთ ის სიტუაცია, თუ რა სიმძიმის კრიზისის პირობებში იმყოფება ქვეყანა, რამდენიმე ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებელი განვიხილოთ. ასე მაგალითად:
2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6,1%-ით შემცირდა, რითაც ფაქტობრივად ქვეყანამ 2 წლით უკან დაიხია და 2018 წლის დონეზეა. 2021 წლის პროგნოზი არაა იმედისმომცემი კოვიდსიტუაციის გათვალისწინებით. ამა წლის იანვარში ქვეყნის ეკონომიკის ვარდნა 11%-ზე მეტი იყო. ცნობისათვის, 6%-იანი ზრდა ბოლო 9 წელიწადში ერთხელაც არ დაფიქსირებულა. ქვეყანას სავარაუდოდ 3-4 წელი დაგვჭირდება იმისათვის, რომ 2020 წლის მაჩვენებლებს დავუბრუნდეთ.
- გასულ წელს, ისედაც მაღალი უმუშევრობის დონე კიდევ უფრო გაიზარდა. თუ 2019 წელს უმუშევრობა იყო 17%, 2021-ში უკვე 20%-ს გადააჭარბა. 2020 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობა 3,8%-ით გაიზარდა და 20,4% შეადგინა.
- ერთ წელიწადში საგარეო ვაჭრობა შემცირდა 16%-ით. ექსპორტიც და იმპორტიც 2021 წლის იანვრის მონაცემებით 16-16%-ით არის შემცირებული. ანუ 16%-ით ნაკლებ პროდუქციას ვყიდულობთ და ვყიდით სხვა ქვეყნებთან.
- მიუხედავად კრიზისისა, როცა მოთხოვნა ძალიან შემცირებულია, როგორღაც მოახერხა საქართველოს “კვალიფიციურმა” ეროვნულმა ბანკმა და 2020-ში კრიზისის ფონზე ინფლაციის პრობლემაც დაურთო ქვეყნის ეკონომიკას. ანუ ერთი მხრივ მოსახლეობას ფული არ ჰქონდა, რომ პროდუქცია შეეძინა და მეორეს მხრივ ფასები იზრდებოდა. შედეგად მონეტარული პოლიტიკა დღესაც მკაცრია (რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზეა) და კიდევ გამკაცრების მოლოდინებია.
- ტურიზმი შემცირდა 81%-ით და 2020 წლის მაჩვენებლებზე დასაბრუნებლად დასჭირდება მინიმუმ 3-4 წელი. ასე მაგალითად, თუ 2019 წელს საქართველოში განხორციელდა 9,35 მილიონი საერთაშორისო ვიზიტი, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 1,74 მლნ.-მდე შემცირდა. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ტურიზმის სფეროში კომპანიების 30-40% გაკოტრდება და ეკონომიკის აღდგენის პერიოდამდე ვერც მიაღწევს.
- არის იმის საშიშროება, განმეორდეს 2009-2010 წლებში მომხდარი სცენარი, როდესაც საბანკო კრედიტების გადაუხდელობის გამო კომერციული ბანკების ხელში აღმოჩნდა დიდი ოდენობით უძრავი ქონება და ბიზნესები. შედეგად ბანკები შევიდნენ ტურიზმის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, სამშენებლო და სხვა არაპროფილურ სექტორებში.
- მსოფლიო ბანკის კვლევით, საქართველოს განათლების ხარისხი ძალიან დაბალია და ბავშვები სკოლაში გატარებული 12 წლიდან, ფაქტობრივად 5-ს კარგავენ.
- 2020 წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 100 ათასით გაიზარდა, 432-დან 532 000-მდე. მთხოვნელთა რაოდენობა 1 მილიონზე მეტია. ანუ, რომ განვმარტოთ, თვეში 56,5 ლარის დახმარებას 3,5 მილიონიან ქვეყანაში 1 მილიონი ადამიანი ითხოვს.
- გერმანიაში დროებით დასაქმების სურვილი რამდენიმე დღეში 100 ათასამდე ადამიანმა გამოთქვა,მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ამ პროგრამით დასაქმებას მხოლოდ რამდენიმე ასეული შეძლებს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, თუ რაოდენ მწვავედ დგას ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემა.
ქვეყანა დგას ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ფინანსური კრიზისის წინაშე. არამხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო, ისტორიაში ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია.
ახლა შევხედოთ, რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო ამ პრობლემებისა და გამოწვევების გადასაჭრელად. ბოლო 5 თვე მთელი ენერგია და დრო იმაზე დაიხარჯა, უნდა შევიდნენ თუ არა პარტიები პარლამენტში (მიუხედავად, დიდი დროისა და ენერგიისა, სამწუხაროდ ეს პრობლემა კვლავ ჰაერშია გამოკიდებული). ახლა კიდევ რამდენიმე თვეს იმაზე დავხარჯავთ, უნდა დაეჭირათ თუ არა ნიკა მელია ან/და უნდა გამოუშვან თუ არა. შემდეგ კიდევ მსგავსი ათეულობით თემა გამოჩნდება. შედეგად უკვე 30 წელია საუბარი მიდის ისეთ თემებზე, რაც არაა საქართველოს მოსახლეობის პრობლემების პირველ ათეულშიც კი. საბოლოოდ ვიღებთ სიტუაციას, როცა პარლამენტის 3 თავმჯდომარე, რომელთაც საერთო ჯამში 15 წელი ექნებათ ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანო მართული, საარჩევნო კანონმდებლობას აკრიტიკებს. როცა მოქმედი სახელისუფლებო პარტია გადავა ოპოზიციაში, მისი პარლამენტის თავმჯდომარეები გამოვლენ, საარჩევნო კოდექსს გააკრიტიკებენ და არც კი გაჩნდება კითხვა, როცა პარლამენტს მართავდით მაშინ რატომ არ შეგაწუხათ ამ პრობლემამო?!
ქართველ პოლიტიკოსებს რომ არ ადარდებთ მოსახლეობის პრობლემები, NDI-ის ბოლო კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. კვლევაში ცენტრალური საკითხი იყო, რა მიაჩნია მოსახლეობას მთავარ პრობლემად, სადაც, როგორც წესი, უმუშევრობა, ფასების ზრდა და სიღარიბე ლიდერობდა, მაგრამ პოლიტიკოსებს ეს არც კი განუხილავთ. სანაცვლოდ, იმ დღეს მთავარი გასარჩევი თემა იყო ის, თუ მოსახლეობის რა ოდენობა ეთანხმება ოპოზიციის პარლამენტში შესვლას.
სამწუხაროდ, მედია პოლიტიზირებულია და მათი დღის წესრიგი მთლიანად აწყობილია 200 კაცის პრობლემების განხილვა-გაშუქებაზე. ხოლო დანარჩენი 3,5 მილიონი ადამიანის პრობლემები არც კი განიხილება.
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ პოლიტიკოსს კოლეგებმა გაუხსენეს, რომ მას დსთ-ში საქართველოს გაწევრიანებისთვის აქვს ხმა მიცემული. ამ მოვლენაში უფრო ის ფაქტია საინტერესო, რომ როცა საქართველო დსთ-ში შევიდა, 1993 წელი იყო. მას შემდეგ 27 წელი გავიდა, ეს პოლიტიკოსი კი ამ პერიოდში 5-ჯერ იყო პარლამენტის წევრი და თუ საკანონმდებლო ორგანოში არა, მთავრობაში იკავებდა წამყვან ადგილებს. რამდენიმე წელი ვიცე-პრემიერიც იყო. ამ 27 წლის მანძილზე, კვლავ პრობლემებია სასამართლო დამოუკიდებლობაში, კვლავ პრობლემებია საარჩევნო კოდექსში, ეკონომიკა კვლავ განვითარებადი ქვეყნის დონეზეა. თუ 1990 წელს საქართველო 100-ეულში იყო ერთ სულზე მშპ-ს ოდენობით, ახლა 107-108 ადგილს ვიკავებთ. მსგავსი პოლიტიკოსები კი კვლავ ითხოვენ მოსახლეობისგან მანდატს, თითქოს მეექვსედ თუ მეშვიდედ თუ მოხვდება პარლამენტში ან/და ხელისუფლებაში, ამჯერად მაინც შეცვლის საარჩევნო გარემოს, სასამართლოს და ეკონომიკას ააყვავებს.
დასკვნის მაგიერ:
იმისათვის რომ ქვეყანა განვითარდეს და წინ წავიდეს, აუცილებელია პოლიტიკოსები მოსახლეობის პრობლემების გადაჭრაზე მსჯელობით იყვნენ დაკავებული. საქართველოში პოლიტიკა არა მხოლოდ დაშორდა მოსახლეობას და მათ პრობლემებს, არამედ ხშირ შემთხვევაში საზოგადოების წინააღმდეგაც კია მიმართული. 30 წელია საზოგადოებას პოლიტიკოსებისგან ესმის მოწოდებები, რომ ახლა მოსახლეობის პრობლემებზე ზრუნვის დრო არაა, რადგან მათი შეფასებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაჭრელი. თუმცა საქართველოს მოსახლეობა დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ამაოდ ელოდება, როდის მოვა ის პერიოდი, როცა მათი პრობლემების გადაჭრა იქნება ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი და არა კონკრეტული პოლიტიკოსების დღის წესრიგით ცხოვრება.
პოლიტიკოსებმა, რომლებმაც 30 წელი ქვეყანა დაბალი განვითარების დონეზე დატოვეს და ამ პერიოდში ვერ მოახერხეს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, უნდა გადაიხადონ პოლიტიკური ფასი. საზოგადოებამ უნდა აგრძნობინოს ასეთ ადამიანებს, რომ მათი ადგილი პოლიტიკაში აღარ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო 30 წელი ისევ იმ წრეზე ვიტრიალებთ, სადაც აქამდე ვიყავით!
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.