პარტიული პოლიტიკის ახლებურად გააზრებისათვის

ეჭვგარეშეა, რომ ქართული პოლიტიკური პარტიები საჭიროებენ ძირეულ “რეფორმაციას”, რათა ერთის მხრივ აღდგეს ნდობა პარტიებსა და საზოგადოებას შორის, ხოლო მეორე მხრივ – ქართული პოლიტიკა მოერგოს საზოგადოების უმრავლესობის საჭიროებებს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიების საქმიანობაზე, სტრატეგიასა და დღის წესრიგზე გავლენას ახდენდნენ ჩვეულებრივი მოქალაქეები და არა საზოგადოებაში გამორჩეული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული ჯგუფები.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ პარტიული კრიზისის ეპოქაში, თანამედროვე პოლიტიკა მაინც ვერ კეთდება პოლიტიკური პარტიების გარეშე. პარტია არა მხოლოდ პოლიტიკის კეთების ინსტრუმენტალური საშუალებაა, არამედ ეს არის ერთგვარი სოციო-პოლიტიკური სივრცე, სადაც ადამიანები ერთის მხრივ გამოხატავენ საკუთარ ღირებულებებსა თუ შეხედულებებს, ხოლო მეორე მხრივ – ახდენენ ამ რეფლექსიათა პროპაგანდას. შესაბამისად, პარტიული ცხოვრება ეს არის პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი ჟანრი, სადაც მოქალაქე ირგებს არისტოტელესეული პოლიტიკური ცხოველის როლს. წარმოდგენილი წერილი არის მოკლე მცდელობა აღწეროს ახალი პარტიული პოლიტიკის თუ პარტიული ცხოვრების საჭიროება თანამედროვე და მომავლის საქართველოსთვის.

პარტია როგორც საზოგადოებრივი ინტერესების ქომაგი

ძირითადი მიზეზი, რის გამოც თანამედროვე კრიტიკული თეორია და ნიჰილისტი სწავლულები პარტიებსა და პარტიულ პოლიტიკას აკრიტიკებენ მდგომარეობს იმაში, რომ თანამედროვე პარტიულ პოლიტიკაში ჭარბობს ვიწრო ჯგუფის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების ტენდენციები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პარტია, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია ყოველთვის ბადებს ხოლმე მის ორგანიზმში ისეთ ვიწრო და გავლენიან ჯგუფს, რომელიც საკუთარ ინტერესებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს პარტიისა და ხალხის სახელით იღებენ. გარდა ამისა, თანამედროვე პარტიულ პოლიტიკაზე გავლენას ახდენს მდიდარი სოციალური ფენა, რომლებიც პრაქტიკულად უზრუნველყოფენ პოლიტიკურ პარტიათა ძირითადი დღის წესრიგის უწყვეტ ჰარმონიას მდიდართა კლასობრივ ინტერესებთან, პარტიებისათვის ფინანსური მხარდაჭერის გზით. რადგან პარტიული ცხოვრება ასოცირდება ფულთან (მდიდარ სოციალურ ფენასთან) და ძალაუფლებასთან (ოლიგარქიულ ტენდენციებთან), მათ მიმართ ნდობის დაბალი დონე საზოგადოების მხრიდან სრულიად გასაგები უნდა იყოს.

ცხადია პარტიული ცხოვრების განვითარების ამგვარი დინამიკა პოლიტიკურ პარტიას ართმევს მის უმთავრეს ფუნქციას – იყოს ქომაგი საზოგადოებრივი ინტერესებისა. თანამედროვე ევროპაში, ისევე როგორც მის პერიფერიულ სივრცეში (მაგალითად საქართველოში), პარტიები უფრო და უფრო დაშორდნენ საზოგადოების საჭიროებებს და საკუთარი დღის წესრიგი მხოლოდ ვიწრო, გაბატონებული ფენის ინტერესებს მოარგეს. რაში გამოიხატება ეს დისტანცია? რთულია ვთქვათ, რომ პარტიების პოლიტიკური ენა ან რიტორიკული სტილი ამგვარ კრიზისს ასახავდეს, პირიქით, რაც დრო გადის პარტიების პოლიტიკურ ენაში, მით უფრო მეტ ადგილს იკავებს ფრაზები ხალხის და დემოკრატიის შესახებ. ასე რომ, დისტანცია უნდა ვეძიოთ არა ფორმალურ დისკურსულ მსჯელობებსა და რიტორიკულ ენაში, არამედ პარტიათა იდეოლოგიურ აურასა (ანუ ზოგად მსოფლმხედველობრივ დამოკიდებულებებში და კლასობრივ შეხედულებებში) და პრაქტიკულ პოლიტიკებში. როგორც წესი კი, თანამედროვე მეინსტრიმული პოლიტიკური პარტიების პოლიტიკები, როგორც დასავლურ ასევე არადასავლურ სივრცეში  ძირითადად მსხვილი კაპიტალის და ვიწრო ეკონომიკური თუ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებზეა მორგებული, ვიდრე საზოგადოების საყოველთაო ნებაზე. ამ გაგებით, პარტიული ცხოვრების გადასინჯვა უფრო და უფრო აქტუალური ხდება თანამედროვე სამყაროში, მათ შორის საქართველოშიც.

როგორ უნდა დაუბრუნდეს ხალხს პარტიული პოლიტიკა საქართველოში?

უმთავრესი გამოწვევა, რაც საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს წინაშე დგას, მდგომარეობს იმაში, რომ მისი დაფინანსების წყაროა ან სახელმწიფო ბიუჯეტი ან მსხვილი ბიზნესი და არა ჩვეულებრივი მოქალაქეების საწევრო შენატანები. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა გაუცხოებულია ქართული პოლიტიკურ პარტიებისგან. ამიტომ, ცხადია მათი ფინანსური კონტრიბუციის დონეც პარტიების შემოსავლებში უკიდურესად დაბალია, შეიძლება ითქვას რომ ჩვენ ვხედავთ თითქმის ნულოვან კონტრიბუციას ამ მხრივ. აქედან გამომდინარე, ქართული პარტიული ცხოვრების მნიშვნელოვანი სირთულე იმაშია, რომ პარტიები არ ეკუთვნის ხალხს. ერთ-ერთი გამოსავალი, რაც შეიძლება მომავლის პოლიტიკურმა პარტიებმა გამონახოს საქართველოში არის ის, რომ დაწესდეს პარტიაში ფინანსური შენატანის ერთგვარი ზღვარი. მაგალითად, მაქსიმალური შენატანი შეიძლება დაწესდეს 50 ლარი, რაც შექმნის იმის გარანტიას, რომ პარტიის ძირითადი დამფინანსებელი მხოლოდ უბრალოდ ადამიანები იქნებიან და არა მსხვილი ბიზნესი.

თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღევანდელ რეალობაში, ნაკლებად სავარუადოა რომ უბრალო მოქალაქეები საერთოდ რაიმე ფინანსურ წვლილს შეიტანენ პარტიებში. ამის უმთავრესის მიზეზი კი ის არის, რომ უკვე 25 წელზე მეტია ქართულმა პარტიებმა ვერ მოიპოვეს ნდობის მაღალი ხარისხი მოქალაქეთა უმრავლესოობაში. მართალია პოსტსაბჭოთა ისტორიის მანძილზე ზოგიერთმა პარტიამ მოიპოვა გარკვეული ნდობა, მაგრამ  თავიანთი ანტისოციალური პოლიტიკის გამო ეს ნდობა მალევე დაკარგეს. შესაბამისად, გამოდის, რომ თუკი ჩვენ გვსურს, რომ ქართული პარტიები გახდნენ ხალხის პარტიები, მაშინ აუცილებელია რომ ხალხმა მათ ნდობა გამოუცხადოს. თუმცა, ისმის კითხვა: რა არის ის პირობები, რაშიც შესაძლოა ხალხმა პარტიებს ნდობა გამოუცხადოს და მათი ფინანსური კონტრიბუცია მოახდინონ?

პირველი პირობა არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება სრულიად ახალი ტიპის, ტრანსფორმაციული ლიდერები, რომლებიც ქართულ პოლიტიკურ პარტიებს სათავეში ჩაუდგენიან. თავის მხრივ კი, ასეთი ტრანსფორმაციული ლიდერების მოქმედება და დისკურსული მსჯელობა 25 წლიანი ტრანზიციის დღის წესრიგის შეცვლას უნდა დაეფუძნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ტრანსფორმაციული ლიდერის სახე მხოლოდ ფასადური და იმიტაციური იქნება. მეორე პირობად კი შეგვიძლია მოვიაზროთ ის, რომ აუცილებელია პოლიტიკურმა პარტიებმა არა მხოლოდ დისკურსულად, არამედ პრაქტიკული პოლიტიკების განხორციელების დონეზე აწარმოონ ჰუმანური პოლიტიკა, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს იმგვარი სოციალური და პოლიტიკური წესრიგის შექმნის მცდელობაში, სადაც სახელმწიფო იღებს როგორც მორალურ ასევე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თავად იყოს გარანტი ადამიანთა კეთილდღეობისა და ბედნიერების. ამრიგად, იმისათვის რომ ხალხი და პარტიები შერიგდნენ საქართველოში, მომავლის ქართული პოლიტიკური პარტია უნდა ორიენტირდებოდეს ორ პრინციპულ გარემოებაზე: ტრანსფორმაციულ ლიდერების აღმოჩენასა და სოციოპოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგის ფუნდამენტურ შეცვლაზე.

პარტია უნდა ეკუთვნოდეს ხალხს და არა საზოგადოების მცირე ჯგუფს

როგორც უკვე ზემოთ ითქვა, საქართველოში თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია ძირითადად ან სახელმწიფოსგან ან მსხვილი ბიზნესისგან ფინანსდება. თუკი კარგად დავაკვირდებით, ასეთი ტიპის დაფინანსება გრძელვადიან პერპსექტივაში არც პარტიებს არგებს და არც მათ შემომწირველ ბიზნესმენებს. მოკლედ განვმარტოთ თუ რა იგულისხმება ამაში. თუკი პარტიების შემომწირველები ძირითადად მდიდარი ფენა იქნება, მაშინ ცხადია, ეს შექმნის იმის შესაძლებლობას, რომ პოლიტიკურ პარტია მთლიანად იმართებოდეს საზოგადოების ერთი ვიწრო ჯგუფის მიერ, რაც რასაკვირველია იწვევს ხალხის უმრავლესობის, მათ შორის პარტიის წევრთა უმრავლესობის გაუცხოებას არა მხოლოდ პარტიისგან, არამედ მთლიანად პოლიტიკური ცხოვრებისგან. რაც შეეხება ბიზნესმენებს, თუკი ისინი იქნებიან პოლიტიკური პარტიების ძირითადი დამფინანსებლები, მაშინ პარტიები მხოლოდ მათი ინტერესებისა და შეხედულებების გამტარი პოლიტიკური ინსტიტუტები იქნებიან, რაც თავის მხრივ შექმნის და გააღრმავებს სოციალურ კონფლიქტს მდიდრებსა და ღარიბებს შორის, რომელიც საერთო ჯამში აზარალებს ორივე ფენას და მივიღებთ ისეთ მდგომარეობას, სადაც ჰობსიანური ფრაზით რომ ვთქვათ ყველა ყველას წინააღმდეგაა.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში, როგორც ევროპის პერიფერიულ სივრცეში პარტიული პოლიტიკა და ზოგადად პარტიული ცხოვრება მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ გადახედვას საჭიროებს. ცხადია ეს სულაც არ იქნება ადვილი ამოცანა საქართველოსთვის, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ჩვენ ვხედავთ ნეოლიბერალურ კულტურულ ჰეგემონიას ანუ სამოქალაქო ელიტების დიქტატს, სიღარიბესა და მსხვილი კაპიტალის ტირანიას, როგორც ხელისშემშლელ ფაქტორებს ახალი პარტიული პოლიტიკის აღმოცენების. თუმცა, ახალი პარტიული პოლიტიკის საჭიროება განსაკუთრებით აქტურალურია მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ პოლიტიკის მიმართ მზარდ ნიჰილისტურ ტალღას საზოგადოებაში. რასაკვირველია, პოლიტიკური ნიჰილიზმის წყარო შეიძლება ასევე იყოს არსებული სოციალური წესრიგი, სადაც უთანასწორობა და სოციალური სიდუხჭირე ადამიანთა პოლიტიკურ ქცევაზეც აისახება, თუმცა ამ ნიჰილიზმის მნიშველოვან წყაროს ასევე წარმოდგენს პარტიების მოუქნელობა და მათი ანტისახალხო ბუნება. შესაბამისად, მომავლის პოლიტიკური პარტია საქართველოში უნდა იყოს ისეთი პარტია, რომელიც თავის თავს ხელახლა აღმოაჩენს და საკუთარ ცხოვრებაში რიგით ადამიანებს მნიშველოვან როლს და ადგილს მიანიჭებს.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.