მიწის საკითხით გამოწვეული უკმაყოფილება და მისი მიზეზები

ფოტო: დავით კაკაბაძე – “იმერეთი” (1917)
წყარო: https://uploads7.wikiart.org/images/david-kakabadze/imereti-1917.jpg

საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვების პროცესში მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ მიწის საკითხი მოსახლეობისათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს წარმოადგენს. ახალი კონსტიტუციის პროექტის სხვადასხვა ქალაქებში განხილვისას, თითქმის ყველა ქალაქში გამოჩნდა მიწის საკითხის გამხმოვანებელი მოქალაქე, რომელიც მიწის გაყიდვაზე მკაცრი კონტროლის და უცხოელებზე გასხვისების აკრძალვას ითხოვდა, და რომელთა სიტყვით გამოსვლის შემდეგ დარბაზში გამართული ოვაციები მხოლოდ დარბაზის თანხმობაზე მიგვითითებენ. კონსტიტუციის საჯარო განხილვებისას მოქალაქეთა აქტიურობის დინამიკამ იმგვარი შთაბეჭდილებაც კი დატოვა, რომ მოქალაქეებს ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური გამოხატვის პლატფორმა თითქმის არ გააჩნიათ, მაგრამ ეს კიდევ ცალკე მსჯელობის საგანია.

 

მოსახლეობის ასეთი მძლავრი უკმაყოფილების გასაგებად, პირველ რიგში საჭიროა იმ წინაპირობების გაგება, რაც წინ უძღოდა მსგავსი მოთხოვნების დაბადებას. თუმცა, პირველ რიგში, ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვის მოთხოვნა, წარმოადგენდა მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფების მიერ შემოთავაზებულ გამოსავალს არსებული პრობლემის მიმართ, და არა თავისთავად პრობლემის აღწერას.

 

პრობლემა კი სათავეს სხვაგან, ბევრად უფრო ადრე, ინსტიტუციურ თუ არაინსტიტუციურ სივრცეში იღებს: პოსტ-სოციალისტური ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყო მიწის პრივატიზაციის პროცესი, რასაც მთელი რიგი ეკონომიკური, სოციალური თუ სივრცითი შედეგები მოყვა. საბჭოთა კავშირისა და სახელმწიფო სოციალიზმის შემდგომ, გლობალურ კაპიტალისტურ ეკონომიკაში ჩართვის ჩქარ პროცესს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ე.წ. “დასავლური იდეებით” ინსპირირებული მმართველი კლასები უძღვებოდნენ, მოჰყვა პრივატიზაციის, ლიბერალიზაციისა და კერძო საკუთრების უფლებების რესქტრუქტურიზაციის პროცესები; ამასთან, მიწის ფლობისა და მართვის განსხვავებული მოდელების შემოღება. სწორედ მიწის მართვის მოდელის ცვლილება იყო ე.წ. პოსტ-სოციალისტური “კაპიტალისტური ტრანზიციის” ერთ-ერთი თანამდევი ფაქტორი, რასაც უშუალო გავლენა ჰქონდა, პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრები მოქალაქის ცხოვრებაზე, ვინაიდან მას დღის წესრიგში დაუდგა რთული გამოწვევა გამკლავებოდა ახალ რეალობას, მათ შორის მიწის საკუთრების ფლობის ახალ პირობებს. მაგალითად, თუკი საბჭოთა დროს, მიწა წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ აქტივს და იმართებოდა მსხვილი კოოპერატივებისა და კოლექტიური მეურნეობების საშუალებით, გარდამავალ ეპოქაში, 1992 წელს დაწყებულ პრივატიზაციის რეფორმების პირველი ფაზის შედეგად, მიწები დარჩა სახელმწიფოს ფორმალურ მფლობელობაში, თუმცა სასოფლო-სამეურნეო მიწა (გარდა საძოვრებისა) დაურიგდა სოფლად მაცხოვრებელ ოჯახებს უვადო სარგებლობაში. ხოლო უკვე 1996 წლიდან, სასოფლო სამეურნეო მიწის პრივატიზაციის კანონის მიღების შემდეგ, დაიწყო საკუთრების ფორმალური დაკანონებაც. ამგვარად, ბევრ სხვა ინდუსტრიულ კომპონენტთან ერთად, მიწა გახდა საბაზრო ეკონომიკის ოპერაციული ჩარჩოს ნაწილი, თუმცა შედარებით ნელი და ქაოტური პროცესების შედეგად, და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის აქტიური იდეური თუ ფინანსური თანამონაწილეობით.

 

რეფორმების დაწყებიდან (1992წ.) დღემდე, მიწის რეფორმამ მრავალი ტალღა გაიარა. თუმცა მათი ფუნდამენტური ასპექტი იმართებოდა ორი ძირითადი პოლიტიკურ-ღირებულებრივი მოტივაციით, რომლებიც ერთმანეთს ავსებდნენ: პირველი, ეს იყო კერძო საკუთრების უფლებრივი ჩარჩო-პერსპექტივა, და მეორე, რაც პირველის შემდგომ ნაბიჯს წარმოადგენდა – “მიწის ბაზრის” ჩამოყალიბებისა და სრულად გამართვისათვის საფუძვლების მომზადება. მაგალითად, მიწის მესაკუთრეთა კადასტრის შექმნა და მოწესრიგებასაც სწორედ ეს ჰქონდა მიზნად, ვინაიდან თუკი არ იქნებოდა ცხადი მიწის უფლებრივი მდგომარეობა (ანუ ის, თუ ვინ არის კონკრეტული მიწის მეპატრონე), რა თქმა უნდა, რომ რთული გახდებოდა მის ყიდვა-გაყიდვაზე საუბარი.

 

თუმცა, მიწის მართვის ამ ღირებულებრივ მიმართულებაში, არ მოიაზრებოდა მიწის საზოგადოებრივი ასპექტი და მნიშვნელობა. დროთა განმავლობაში, საზოგადოებრივი ლოგიკა, ცხოვრების წესი და ყოველდღიურობა დაექვემდებარა ინსტრუმენტულ ეკონომიკურ ლოგიკას, რაც უპირველეს ყოვლისა ისწრაფვის გასაცვლელი ღირებულების რეალიზებისაკენ. ამ ლოგიკით, მიწა, როგორც საქონელი, მისი საბაზრო ღირებულებით, აპრიორი უფრო მნიშვნელოვნად წარმოჩინდება, ვიდრე მიწასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი პრაქტიკები სოფლად თუ ქალაქად – ანუ ის პრაქტიკები, რომელიც ინტელექტუალურ ტრადიციაში “კომუნიკაციური რაციონალობის” ქვეშ მოაზრება და რომელიც პრაქტიკულ ეკონომიკურ ინტერესს სცდება და რაც ისტორიულად მოცემულობა იყო: მიწა ისტორიულად წარმოადგენდა მნიშვნელოვან სამხედრო, სამართლებრივ, ადმინისტრაციულ და პოლიტიკურ სისტემის ბაზისს, და მისი “სასაქონლო ბუნება” კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა, ვინაიდან საქონელი როგორც წესი, ბუნებაში იქმნებოდა და იქმნება ბაზარზე გასაყიდად, რა გაგებითაც მიწა არ ჯდებოდა საქონლის კატეგორიაში.

 

მიწის საზოგადოებრივი მნიშვნელობა ხშირად არის დაკავშირებული ეკონომიკურ მნიშვნელობასთან, თუმცა, რა თქმა უნდა, მისით არ შემოიფარგლება. იგი ასევე გულისხმობს ისეთ ასპექტებს, როგორებიც არის დასაქმების (სამუშაოს ტიპების) ბუნების ცვლილებას და მასთან დაკავშირებული შიდა სამუშაო მობილობებს, სამეზობლო ურთიერთობებს, სასოფლო თუ არასასოფლო მიწებთან არსებული კომუნების ქცევით კულტურას, აღქმებს, იდენტობას, და ა.შ. მაგალითად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილმა სამუშაო დაკარგა, მათ აქტიურად მიაშურეს სოფლებს და საარსებო საშუალების ძიების პროცესი სასოფლო მიწებთან დააკავშირეს, თუმცა მალევე დაიწყო ასევე საპირისპირო ტენდენციებიც. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მსგავსი მობილობების სოციალური შედეგები სისტემურად გამოკვლეული არ არის და ჩვენი ცოდნა ამ პროცესების თანამდევი პრობლემების შესახებ, მხოლოდ ახლობლების ნარატივით შემოიფარგლება. გარდა ამისა, გარკვეულ რეგიონებში, ადრე საერთო მოხმარებაში არსებული საძოვრების მსხვილ მესაკუთრეებზე გადაცემამ/გაყიდვამ, საძოვარი, როგორც საჯარო სიკეთე, მთელი თავისი საყოველთაოობისა და ინკლუზიური გამოყენების ატრიბუტებით, გადააქცია ექსკლუზიური გამოყენების სიკეთედ. სწორედ მსგავს პროცესებს დაექვემდებარა რამოდენიმე წლის წინ თბილისის შემოგარენში არსებული სოფლების თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში გაერთიანებაც, რამაც ამ სოფელთა მკვიდრების უკმაყოფილება გამოიწვია, სხვა მრავალ ასპექტთან ერთად მიწის გადასახადის გაძვირების გამო.

 

ზემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა ფაქტორები ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული და ხშირად ერთი მეორესაც იწვევს ხოლმე, თუმცა მიწის მართვის სახელმწიფოებრივი გაგება გულისხმობს ყველა ამ კომპონენტის გათვალისწინებას საზოგადოებრივი მოლოდინების გათვალისწინებით, რომლის დროსაც, რომელიმე კომპონენტი (მაგალითად ეკონომიკური მოგების), არ დაიკავებს მეორესთან შედარებით უპროპორციოდ უპირატეს ადგილს. მიწის მართვის გამოწვევაც, ეკონომიკურთან ერთად, სწორედ სოციალური და სივრცითი ფაქტორების გამოკლვევა და ინტერპრეტაციაა, და ამ გზით პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სფეროების შეჯერება.

თუმცა, საჯარო განხილვებზე ასევე გამოჩნდა არგუმენტები, რომ თვით ეკონომიკური რაციონალობის ლოგიკის შიგნითაც კი არსებობს კონფლიქტი და უკმაყოფილება; საქმე ეხება სახალხო განხილვებისას ნახსენებ არგუმენტს, რომ როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ეკონომიკურად გაჭირვებულია, უცხოური კაპიტალისთვის მიწის ბაზრის გახსნა, და ამასთან ერთად მოსალოდნელი მიწის ფასის გაძვირება იწვევს მოსახლეობის შიშს, რომ ისინი მიწასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ პროცესებს ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობის საფუძვლზე გამოეთიშებიან. სწორედ ამიტომ, მიწის მართვისა და გამოყენების სხვა ქვეყნების პრაქტიკის მოძიებისას, მიზანშეწონილია მოლოდ იმ ისტორიული მოცემულობების საქართველოსთან შედარება, როდესაც კონრკეტული შესადარებელი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ესადაგებოდა საქართველოში არსებულ დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობას.

 

მიწის უცხოელებზე გაყიდვის შეზღუდვის მოთხოვნა, ამგვარად შეგვიძლია გავიგოთ როგორც ერთგვარი პასუხი ზემოთ ხსენებულ პროცესებზე, როდესაც ეკონომიკური ლოგიკა კი არ ავსებს სოციალურ განზომილებას, არამედ წარმოადგენს მის ზემოთ არსებულ პრივილეგირებულ განზომლებას. ისტორიულად, კი ეს პროცესები ყოველთვის იწვევს სოციალური კონფლიქტებს, უკმაყოფილებასა და წინააღმდეგობას და ამის შედეგად, ისეთი პოლიტიკური პროცესების მაღალი ლეგიტიმაციის საჭიროებას, როგორიც არის საკონსტიტუციო ცვლილებები.

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.