პოსტსაბჭოთა სივრცეში – მათ შორის საქართველოში – არასამთავრობო სექტორი ძირითადად ადამიანის თავისუფლებების ადვოკატირებასთან ასოცირდება, თუმცა იდეაში ეს არ არის ერთადერთი ფუნქცია, რომელიც მესამე სექტორმა შეიძლება შეასრულოს თანამედროვე საზოგადოებაში;
რეალურად, კონფლიქტურ და კონფლიქტსაშიშ რეგიონებში არასამთავრობო ორგანიზაციამ შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს კონფლიქტების პრევენციის, ესკალაციის თავიდან არიდებისა და მხარეთა შორის დიალოგის ფასილიტაციის კუთხით.
ეს შესაძლებლობა დღეს განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის, რადგან კონფლიქტის სხვა მონაწილეებთან სამთავრობო კონტაქტების არარსებობის ან მინიმალური კონტაქტის პირობებში, არასამთავრობო ორგანიზციების დონეზე კონტაქტი დაპირისპირებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის ფაქტობრივად ერთადერთ საშუალებად რჩება.
ერთ მხრივ, ეს გარემოება, ცხადია, არახელსაყრელია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ გლობალიზაციის თანამდევ ტენდენციებს საერთაშორისო ურთიერთობებში, არასამთავრობო აქტივობა და არასამთავრობო დონეზე კომუნიკაცია სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს კონფლიქტურ სიტუაციების დროს; თანამედროვე სამყაროში უკვე ფაქტია ე. წ. „მრავალარხიანი დიპლომატიაც“, სადაც არასამთავრობო დონეზე კომუნიკაცია დიპლომატიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სეგმენტად განიხილება.
ჯერ კიდევ 2000 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალრმა მდივანმა, კოფი ანანმა „ათასწლეულის მოხსენებაში“ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო აღარ არის პლანეტაზე არსებული პრობლემების გადაჭრის ერთადერთი ინიციატორი და რაც უფრო რთულია პრობლემა, მით უფრო ხშირია შემთხვევები, როცა კონსენსუსის მოძებნაში სახელმწიფოებს სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებიან“. ამ კუთხით საინტერესოა ისიც, რომ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ არა მხოლოდ ინსტრუმენტს კომუნიკაციისთვის, არამედ სულ უფრო და უფრო ხშირად გვევლინებიან საერთაშორისო ურთიერთობების თვითმყოფად აქტორებადაც, რომელთაც აქვთ საკუთარი (ზოგჯერ – შესაძლოა სახელმწიფო აქტორებისგან განსხვავებული) მიზნები და დღის წესრიგი.
კონფლიქტურ ან ფეთქებადსაშიშ სიტუაციებში არასამთავრობო სექტორს შეუძლია შეასრულოს ისეთი ფუნქციები, როგორიცაა პრევენცია (გაფრთხილება მოსალოდნელი კონფლიქტის შესახებ); კომუნიკაციის ინიცირება (საკომუნიკაციო პლატფორმების ჩამოყალიბება); ნდობის აღდგენის ხელშეწყობა (ადამიანებს შორის კონტაქტების დამყარება); საზოგადოებრივი აზრის ფორმირება (კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების იდეის დაცვა); კონფლიქტის მსხვერპლთა დახმარება (უფლებადაცვითი და ჰუმანიტარული საქმიანობა) და სხვ. ამ ფუნქციების შესრულებას არასამთავრობო სექტორს უადვილებს სახელმწიფო სტრუქტურებთან და ზოგადად სახელმწიფოსთან შედარებით მეტი მოქნილობაც – მაგალითად, თუნდაც ის გარემოება, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორც წესი, არც ერთი აქტორის მიერ არ განიხილება მოწინააღმდეგე მხარედ.
ამ ფონზე ცხადია საინტერესოა, რამდენად ეფექტიანად არის გამოყენებული არასამთავრობო სექტორის პოტენციალი საქართველოში და იმ კონფლიქტებში, რომლებშიც აღმოჩნდა საქართველო 1990-იანი წლებიდან დღემდე.
კონფლიქტებისა და დიალოგის მიმართულებით აქტიური ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდნობა საქართველოში, სამწუხაროდ, არც თუ ისე ბევრია. მათ შორის შეიძლება გამოვყოთ კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი (ICCN), „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი (ISNC)“, „კავკასიური სახლი“ და რამდენიმე სხვა ორგანიზაცია, რომლებიც ძირითადად კონცენტრირებული არიან სწორედ კონფლიქტების თემატიკაზე.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც 2008 წლის ომის ფონზე ქართულ და აფხაზურ, ისევე როგორც ქართულ და ოსურ მხარეებს შორის კონტაქტი მკვეთრად შემცირდა, დიდწილად სწორედ ამ ტიპის ორგანიზაციების ძალისხმევით ხერხდება კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის გარკვეული საკომუნიკაციო პლატფორმების შენარჩუნება.
ცალკე აღნიშვნას მოითხოვს ის გარემოებაც, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგის გარდა მკვეთრად გამოიკვეთა რუსულ-ქართული დიალოგის აუცილებლობაც, რადგან კონფლიქტში ღიად ჩართვის გამო ოფიციალური კომუნიკაცია თბილისსა და მოსკოვს შორის ფაქტობრივად მინიმუმამდე შემცირდა.
შესაბამისად, ბოლო 10 წლის მანძლზე არასამთავრობო სექტორის წინაშე დადგა ქართულ-რუსული დიალოგის ხელშეწყობის ამოცანაც. ამ მიმრთულებით განხორციელებულ აქტოვობებს შორის შეიძლება გამოვყოთ, მაგალითად, იგივე ICCN („ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“) პროექტები, რომელიც „შეირღებული კონფლიქტების პრევენციის სერთაშორისო პარტნიორობის“ (GPPAC) მთავარ პარტნიორ ორგანიზაციას წამოადგენს სამხრეთ კავკასიაში.
ასე, მაგალითდ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ICCN-მა GPPAC მხარდაჭერით მოახდინა საკმაოდ გაბედული პროგრამის ინიცირება კონფლიქტის პრევენციისა და ნდობის აღდგნის ხელშეწყობის მიზნით სახელწოდებით „სტამბოლის პროცესი“. სახელწოდება გამომდინარეობს იქიდან რომ ორი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების და ექსპერტეული წრეების წარმომადგენელთა შეხვედრები ნეიტრალურ ტერიტორიაზე – სტამბულში იმართებოდა. ეს პროგრამა, რომლის მიზანიც არის ქართულ დ რუსულ საზოგდოებებს შორის დიალოგის ხელშეწყობა, დღემდე გრძელდება და ემსახურება ორ ქვეყანას შორის არსებულ პრობლემურ საკითხებზე საექსპერტო დისკუსიის პლატფორმის შექმნას.
აღსანიშნავია, რომ დისკუსია განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ენერგეტიკისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშრებით, რომელშიც აფხაზი ენერგეტიკოსებიც მონაწილეობდნენ და რომლის შედეგადაც აფხაზურმა მხარემ გაიზიარა ქართული გამოცდილება ენერგომოხმარების აღრიცხვში.
ეს მაგალითები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების პირობებშიც კი არსებობს კომუნიკაციისა და დიალოგის რესურსი. ამ რესურსის გამოყენება ერთ მხრივ ეხმარება კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში, ხოლო მეორე მხრივ, ამგვარი აქტივობა შეიძლება გახდეს აზრთა გაცვლა-გამოცვლის, პოზიციათა შეჯერებისა და შესაბამისად, ოფიციალური კომუნიკაციის ეფექტიანი წინაპირობა.
…დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ რეალური და პოზიტიური როლის შესრულება კონფლიქტრ სიტუაციებში, თუმცა ამ შესაძლებლობებს თან ახლავს ასევე სპეციფიკური პრობლემები და გამოწვევები.
ერთ-ერთი პრობლემა შესაძლოა იყოს საზოგადოების ნეგატიური განწყობა კომუნიკაციის მიმართ, რისი გადალახვაც საკმაოდ რთულია.
კიდევ ერთი პრობლემა, უფრო სწორად კი გამოწვევა თავად არასამთავრობო სექტორის ფრაგმენტულობასა და სხვადასხვა ორგანიაციებს შორის კოორდინაციის დეფიციტში მდგომარეობს. ხშირად, ერთსა და იმავე კონფლიქტზე მუშაობს ათეულობით ორგანიზაცია, რომლებიც არა მხოლოდ არ არიან კოორდინაციაში ერთმანეთთან, არამედ ერთმანეთისგან განსხვავებულ მიზნებსაც ისახავენ. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ არასამთავრობო სექტორის ფრაგმენტულობა და ერთიანი მაკოორდინირებელი ცენტრის არარსებობა, რაც მის მოქნილობას და უპირატესობას განაპირობებს, შესაძლოა მეორე მხრივ აისახოს ეფექტიანობაზე, თუმცა მთავარი გამოწვევა არასამთავრობო სექტორისთვის მაინც დაფინანსების წყაროა, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობას.
არასამთავრობო სექტორს, როგორც წესი, არ გააჩნია გარანტირებული ფინანსური უზრუნველყოფა და შესაბამისად, ფინანსურად მთლიანად დამოკიდებულია დონორ ორგანიზაციებზე. ეს ერთ მხრივ განაპირობებს არასამთავრობო ორგანიზაციის ნაკლებ ბიუროკრატიულობას სამთავრობო სტრუქტურასთან შედარებით, მაგრამ მეორე მხრივ, ასევე განაპირობებს დამოკიდებულებას დონორებზე და მათ დღის წესრიგზე, რომელიც შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს იმ საზოგადოების ინტერესებსა და ამოცანებს, რომლებშიც მოქმედებენ დაფინანსების მიმღები ორგანიზაციები.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ქართული საზოგადოების წინაშე მდგარი ამოცანებიდან გამომდინარე, აუცილებელია არასამთავრობო სექტორის შესაძლებლობების უფრო აქტიური გამოყენება კონფლიქტების მიმართულებით; ამასთანავე, არასამთავრობო სექტორი გაცილებით ეფექტიანად შეასრულებს თავის ფუნქციას, თუ მის დაფინანსებასა და შესაბამისად, დღის წესრიგის განსაზღვრაში მეტად ჩაერთვება უშუალოდ ქართული საზოგადოება.
ავტორი - ზვიად ავალიანი