მედიატექნოლოგიები და რევოლუციები

ავტორი: პაპუნა ჩივაძე – თანამედროვე კულტურის მკვლევარი

ინტერნეტტრეფიკი. წყარო: https://en.wikipedia.org/wiki/Internet_traffic

 

უახლოეს პერიოდში, საზოგადოებრივი ცხოვრების თამაშის წესები რადიკალურად იცვლება. მასში მონაწილეები თავიანთ მნიშვნელობას, ავტორიტეტს კარგავენ და ქაოსის ნიშნებს ავლენენ. ამ ქაოსის ერთ-ერთ მიზეზად ადამიანის მიერ წარმოებული მზარდი ინფორმაციული მოცულობა შეიძლება ჩაითვალოს. კაცობრიობის ისტორიაში ეს მოვლენა პრობლემა ყველა დიდ პოლიტიკურ ცვლილებს უძღოდა წინ. მეოცე საუკუნის მედიებისგან განსხვავებით ინტერნეტ კომუნიკაციები პროგრამულ ენას ემყარება, რომელიც ინფორმაციის უსასრულო წარმოების შესაძლებლობას  და ქსელური კომუნიკაციების რეჟიმებს უზრუნველყოფს.

სწორედ ამ პროცესების მომსწრენი ვხდებით ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ხალხი კრიზისულ მომენტში ინიციატივას იღებს საკუთარ ხელში და გვერდზე წევს ათწლეულების განმავლობაში ტრადიციებით დამკვიდრებულ მმართველობას – იქნება ეს წარმომადგენლობითი დემოკრატია თუ აღმოსავლური ტიპის დიქტატურა.

 

ინტერნეტი და „ინფორმაციული ცუნამი“

CIA-ს ყოფილი მედიაანალიტიკოს მარტინ გურის წიგნში The Revolt of The Public and the Crisis of Authority in the New Millennium, 2018 მოყვანილი ყავს ბერკლის უნივერსიტეტის სტატისტიკური მონაცემები. ავტორი მას „ინფორმაციულ ცუნამს“ უწოდებს. ამ ცუნამის პირველი ეფექტი ინტერნეტაქტივისტის ვაილ გუნიმის მიერ წარმართული ფეისბუქკამპანიაა ეგვიპტის დიქტატორის მობარაკის წინააღმდეგ (“#WeareallKhaled“). ის  ხალედ საიდის შემზარავი პოლიტიკურ მკვლელობას აპროტესტებდა და მოსახლეობას აქციებისკენ  გამართვისკენ მოუწოდებდა. მილიონმა ადამიანმა ნახა მისი აქციაზე მოწევევა და ასი ათასი დაეთანხმა. ტაჰრირის მოედანი გადაივსო და ერთ კვირაში მობარაკი ეგვიპტის სამხედროებმა გამოასალმეს სიცოცხლეს. სულ მალე ეგვიპტეში ახალი პრეზიდენტის მორსის პოლიტიკამ მუსლიმთა საძმოს ნაწილი გააუცხოვა, რაც ახალი საპროტესტო ტალღის მიზეზი გახდა. ტაჰრირის მოედანი კვლავ გადაივსო. არმიამ, რომელსაც არასოდეს ეხატებოდა გულზე მუსლიმთა საძმო ისიც ჩამოაგდო მმართველობიდან „სახალხო პროტესტის“ სახელით.

ტაჰრირის მოედანი. წყარო:www.washingtontimes.com/

მართალია, მორსი განსხვავებით მობარაკისგან, არჩეული პოლიტიკოსი იყო, მაგრამ მომდევნო მთავრობის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ ელ ბარადეიმ ჟურნალისტებთან განაცხადა: „როდესაც 20 მლნ. კაცი ქუჩაში გამოდის უნდა გადადგე. საუბედუროდ, ჩვენ არ გაგვაჩნია თქვენსავით იმპიჩმენტის ტრადიცია. ეს სახალხო ჯანყი იყო… 30 ივნისს, როცა ხალხი გამოვიდა ქუჩებში ფსიქოლოგიურად მზად არ იყვნენ უკან გაბრუნებულიყვნენ, სანამ მორსი არ გადადგებოდა“[1].

ეს ტალღა იმავე წელს ქამრების შემოჭერის პოლიტიკის საპროტესტო მოძრაობით (los Ingignados) გამოიხატა ესპანეთში. საპროტესტო ტალღა თელავივშიც აგორდა ვიდეო არტისტ დაფნი ლეეფის სპონტანური გადაწყვეტილებით, რომელმაც საბინაო კრიზისის გასაპროტესტებლად როტშილდის ფეშენებელურ ბულვარში გაშალა კარავი.  სულ მალე მას სტუდენტები და შრომის ორგანიზაციები შეუერთდნენ. ორ კვირაში 300.000-მდე ადამიანი გამოვიდა ქუჩებში ლოზუნგით: „ეგვიპტე აქ არის!“ განცდა რომ სახალხო მოძრაობები ძალას იკრებდნენ და რომ ისინი ერთმანეთთან კავშირში იყვნენ სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა.[2]

დაფნი ლეეფი. წყარო: https://en.wikipedia.org/

 

მარტინ გურიმ ინფორმაციას და საზოგადოების ქცევას შორის ახალ პატერნის დაფიქსირება ადრევე მოახერხა. ძალაუფლება მმართველს და მართულს, ისტებლიშმენტს და პუბლიკას შორის იმგვარად გადაეწყო, რომ ვერც ერთი ვეღარ ფლობდა სიტუაციაში გადამწყვეტი გამარჯვების ბერკეტს. სისტემის ფუნქციონირებისთვის ხელკეტის გარდა  ნარატიული ლეგიტიმურობა იწყებდა მნიშვნელოვანი როლის თამაშს ინტერნეტ სივრცეში. სახელმწიფოს მედიუმებზე მონოპოლიის პირობებში საკუთარი ლეგიტიმურობის მოპოვება-შენარჩუნება კრიზისულ მომენტებში იოლად შეეძლო, თუმცა Homo informaticus-ი (ავტ. მარტინ გური) როგორც პიროვნება და როგორც ჯგუფი უკვე თვითონ ირჩევდა ან ქმნიდა მისთვის სასურველ ამბავს, განწყობას და ინტერპრეტაციის მასშტაბებს.

საზოგადოებას და მმართველ ელიტებს შორის ყოველდღიურად იგრძნობოდა დისტანცია. ისრაელში მმართველმა ელიტამ ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით საბინაო კრიზისს ტრაჰტენბერგის კომისიის შექმნით უპასუხა, რომელიც ნაწილობრივ განხორციელდა გადასახადების აწევით და ხელმისაწვდომი საცხოვრებლების პროგრამით. ესპანეთში სოციალისტმა პრეზიდენტმა ხოსე ლუის ზაპატერომ 2008 წლის კრიზისს სახელმწიფო ინვესტიციების დიდი ნაკადით უპასუხა, რაც ახალგაზრდების 50%-იანი უმუშევრობით დასრულდა. ეგვიპტეში მობარაკმა საერთოდ უხეში ძალა დაუპირისპირა პროტესტანტებს და ტრაგიკულადაც დაასრულა არსებობა. ამერიკაში 2008 წლის საფინანსო კრიზისის ფონზე მოსულმა ობამამ ფინანსური ინსტიტუტების გამოსყიდვის და მსხვილი ეკონომიკური პროგრამების შედეგებით იმედგაცრუება გამოიწვია მისივე ამომრჩევლებში, რასაც Occupy Wall Street-ის და Tea party-ის რადიკალური ფრთების გააქტიურება მოჰყვა  მემარცხენე და მემარჯვენე პოლიტიკურ სპექტრში.

რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს, ერთ დროს მასიური ინტერნეტკამპანიით არჩეულმა ბარაკ ობამამ 2020 წლის ერთ-ერთ ინტერვიუში უკვე ტრამპის პრეზიდენტობის დროს განაცხადა, რომ დემოკრატიის ერთადერთი ყველაზე დიდი საშიშროება ინტერნეტია.

*

ამერიკაში ამ მოძრაობის პირველი ნიშნები 2011 წლის სექტემბერში Ocuppy wall street-ის მოძრაობით გამოიხატა. მართალია, ის სხვა მოძრაობების მსგავსად საყოველთაო მასშტაბს ვერ აღწევდა, მაგრამ სამი რამ აერთიანებდა მასთან. პირველ რიგში, პროტესტანტები უმაღლესი განათლების მქონე საშუალო კლასის ახალგაზრდები (ამ შემთხვევაში თეთრკანიანები)  იყვნენ, იზიარებდნენ ანტიკაპიტალისტურ სენტენციებს და პირდაპირი დემოკრატიის/კონსესუსის მოთხოვნებით გამოდიოდნენ. მეორე ეს ახალგაზრდებიც ხაზს უსვამდნენ ფინანსური ელიტის უმცირესობას 1%-ს და საკუთარ თავს 99%-ის წარმომადგენლებად მოიაზრებდნენ. მესამე საერთო დამახასიათებელი ნიშანი მათი ვირტუალური ინტერაქციულობის მაღალი ხარისხი იყო. კერძოდ, Tumblr-ის პლატფორმაზე We are 99 percent გავრცელებულმა პირადმა ისტორიებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მედიაში და ექსპერტებში.  მოვლენათა ეპიცენტრიდან სტრიმინგი წამყვანი სატელევიზიო არხების ალტერნატიული ინფორმაციის წყარო გახდა. ამ მხრივ ერთ-ერთი საინტერესო ფიგურა ტიმოთი პული იყო, რომელიც დღემდე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამერიკულ პოლიტიკურ ინტერნეტ სივრცეში.

მისი ლაივსტრიმი, რომელსაც ის Galaxy S II მობილურით უშვებდა ონლაინრეჟიმში (mobile first-person) 20.000 -მდე მნახველს იზიდავდა დღეში  და მსხვილი მედიაკომპანიების, ზოგჯერ პოლიციის ყურადღების ქვეშ ექცეოდა.  ამასთან ერთად კომენტარების სექციაში აუდიტორიის ცოცხალმა ჩართულობამ ქუჩაში ნავიგაცია და ინფორმაციის გადამოწმება გააიოლა. მან პირველად გამოიყენა დრონი და გუგლის ციფრული კამერა-სათვალეები აქციებში, რამაც მეტი დინამიკა მისცა სტრიმს. მისი გაშუქების სტილი, რაც სრულ გამჭვირვალობას გულისხმობდა  ხშირად წინააღმდეგობაში მოდიოდა მცირე რადიკალური დაჯგუფებებთან, რომლებიც ე.წ „მრავალფეროვან ტაქტიკებს“ ემხრობოდნენ და ძალადობის აუცილებლობას ამართლებდნენ.[3] ნიუ იორკში OWS-ის დაშლის შემდეგ ტიმ პული ცნობილ ალტერნატიულ პლატფორმების Vice-ის და Fusion TV-ის ნიუსის განყოფილების თანადამფუძნებელი გახდა და ამერიკის და მსოფლიოს ცხელი წერტილებიდან ანალოგიური ფორმატით სტრიმინგი გააგრძელა. ცოტა ხანში მან მაღალშემოსავლიანი სამუშაო დატოვა და დამოუკიდებლად  განაგრძო YouTube-ის პლატფორმაზე და დამოუკიდებელი გამომწერების ბაზაზე მუშაობა.  ამის მიზეზი მისი თქმით მედია პლატფორმის სარედაქციო პოლიტიკის რადიკალიზაცია იყო. ტიმის ჟურნალისტური კრედო მისივე სიტყვებით ასეთია: ისტორიას თუ ადრე გამარჯვებულები წერდნენ, დღეს ისტორიის დაწერას ყველა შეძლებს და ყველას ექნება სხვადასხვა პერსპექტივიდან შეფასების საშუალება.

გამოსავალი

მარტინ გური დღევანდელი მთავრობების შესახებ აღნიშნავს, რომ ინდუსტრიული ხანის უტოპიური ამბიციები მძიმე აბჯარივით  აწევთ ზურგზე მათ პატარ-პატარა მიღწევებს. მეორე მხრივ, საზოგადოების დროის აღქმა ფრაგმენტულია, ის წარსულს მოწყვეტილი და აწმყოზე ორიენტირებულია. ორივე მათგანს, მთავრობებს და საზოგადოებებს დაძაბული მებრძოლების პოზა უჭირავთ, რაც საჯარო აქტივობებში სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება. ყველა მობარაკს თავის ვაელ გონიმი უჩნდება, ყველა საბანკო სტიმულირების პაკეტს თავისი OWS ან Tea Party  და ყველა გახმაურებულ მკვლელობას თავისი კონსპირაციული ნარატივი (ამისთვის მილიონერი ჯეფრი ეფშტეინის „თვითმკვლელობაც“ კმარა). ასეთ ვითარებაში ნებისმიერ სოციალურ აფეთქებამ შეიძლება მთლიანად დაანგრიოს არსებული წესრიგი ან შეიძლება გაუმჯობესების გზაზე დააყენოს. ეს გამოუვალი ციკლი, რომელიც მასის ფრაგმენტულ ცნობიერებად მანიფესტირდება მხოლოდ ინდივიდუალური რეფლექსიის საშუალებით შეიძლება დაიძლიოს.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.