მარტინ ლუთერ კინგი და ოცნება ეკონომიკურ თანასწორობაზე

16 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებში და მთელს მსოფლიოში აღნიშნეს მარტინ ლუთერ კინგის დაბადებიდან 89-ე წლისთავი.

შეერთებულ შტატებში მხოლოდ ორი ადამიანის დაბადების დღე არის გამოცხადებული ფედერალურ დღესასწაულად – ეს ადამიანებია ჯორჯ ვაშინგტონი და მარტინ ლუთერ კინგი. ალბათ ამით უკვე თავისთავად ძალიან ბევრია ნათქვამი, თუმცა საინტერესოა, რა ვიცით და რა არ ვიცით საქართველოში პიროვნებაზე, რომელიც მეოცე საუკუნის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.

ასე, მაგალითად, საქართველოში ვიცით, რომ მარტინ ლუთერ კინგი იყო სასულიერო პირი, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში სათავეში ჩაუდგა ბრძოლას აფროამერიკელების უფლებებისვის. ვიცით ისიც, რომ კინგი ქადაგებდა ბრძოლის არაძალადობრივ გზას, რაც უკვე თავისთავად გამოარჩევდა მას აგრესიით გაჟღენთილ საზოგადოებაში, თუმცა ჩვენი ცოდნა, როგორც წესი, აქ მთავრდება და არ ვიცით, რომ მარტინ ლუთერ კინგი არ შემოიფარგლებოდა რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლით და პროტესტის ჰუმანური ფორმაც არ ყოფილა მისი ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი.

სინამდვილეში მარტინ ლუთერ კინგის ფიგურის მნიშვნელობა არა პროტესტის ფორმაში არამედ პროტესტის მასშტაბშია. რეალურად, კინგი აკრიტიკებდა არა მხოლოდ რასობრივ დისკრიმინაციას, არამედ მისი თანამედროვე ამერიკის სოციალურ და ეკონომიკურ სისტემას მთლიანობაში, საიდანაც გამომდინარეობდა რასობრივი დისკრიმინაცია.

უთანასწორობისა და სიღარიბის პრობლემა, რასაც მუდმივად უსვამდა ხაზს მარტინ ლუთერ კინგი, დღემდე აქტუალურია. ამიტომ საქართველოში (ისევე, როგორც კინგის სამშობლოში) ბევრს არ უნდა შეამჩნიოს, რომ კინგის ოცნება არ ყოფილა მხოლოდ სამოქალაქო უფლებების გათანასწორება რეალური უთანასწორობის შენარჩუნების ფონზე. სინამდვილეში, მარტინ ლუთერ კინგის მიზანი ჯერაც მიუღწეველი და მიუწვდომელია ადამიანების დიდი უმრავლესობისთვის.

„თქვენ გასცდით სამოქალაქო უფლებებს და მიხვედით ადამიანის უფლებებთან. ახლა თქვენ იბრძვით ეკონომიკური თანასწორობისთვის ანუ ნამდვილი თანასწორობისთვის“მიმართავდა კინგი მემფისის გაფიცულ მუშებს 1968 წელს და იქვე განმარტავდა, თუ რას გულისხმობდა ნამდვილ თანასწორობაში:

„ჩვენ ვიცით, რომ კაფე-ბარების გაერთიანება საკმარისი არ არის. რა ხეირია კაფეში შესვლის უფლება, თუ ადამიანს ჰამბურგერის ფული არ აქვს? ან რა ხეირია თუნდაც ყველაზე მაღალი კლასის რესტორანში შესვლის უფლება, თუ კაცი ვერასდროს გამოიმუშავებს იმდენ ფულს, რომ იქ თავის ცოლთან ერთად ისადილოს?“

ამერიკაში ასეთი განცხადების გაკეთება ცივი ომის დროს ძალიან საშიში იყო და მარტინ ლუთერ კინგიც არაერთხელ „დაუდანაშაულებიათ“ კომუნისტობაში „ამერიკული ღირებულებების მოდარაჯე ძაღლებს“, თუმცა კინგს ასეთი ბრალდებები ვერ აჩუმებდა რადგან იგი არასდროს ერიდებოდა თავისი პოლიტიკური შეხედულებების გაცხადებას:

თუ გნებავთ, უწოდეთ ამას დემოკრატია, ან თუ გნებავთ, უწოდეთ დემოკრატიული სოციალიზმი – მაგრამ ამ ქვეყანაში სიმდიდრე უფრო სამართლიანად უნდა იყოს განაწილებული ღვთის შვილთა შორისამბობდა კინგი ჯერ კიდევ 1961 წელს, ხოლო სამოციანი წლების მეორე ნახევარში იგი საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც სოციალური პროტესტის ლიდერი:

„ამ ქვეყანაში მხოლოდ შავკანიანები არ არიან ღარიბები. ამ ქვეყანაში ორჯერ მეტი თეთრკანიანი ღარიბი ცხოვრობს. ამიტომ არასწორია სიღარიბის გაიგივება მხოლოდ კანის ფერთან ან რასობრივ დისკრიმინაციასთან. ეს არის ელემენტარული ეკონომიკური სამართლიანობის საკითხი“ – ამბობს კინგი 1967 წელს და ამ სიტყვებში ძალიან კარგად ჩანს ფიგურა, რომელიც არ შემოიფარგლება რასიზმის წინააღმეგ ბრძოლით და სათავეში უდგება საერთო პროტესტს სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ.

სწორედ ამ საერთო პროტესტის კულმინაცია იყო კინგის მიერ ორგანიზებული ღარიბი ხალხის კამპანია, რომელიც 1967-68 წლებში მიმდინარეობდა და სადაც ათობით ათასი ამერიკელი, კანის ფერის მიუხედავადავად, ითხოვდა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა აეღო დასაქმებაზე და უფრო სამართლიანად გადაენაწილებინა სიმდიდრე და ძალაუფლება მოქალაქეებს შორის…

ამ კამპანიის დროს – 1968 წლის 4 აპრილს მარტინ ლუთერ კინგი მოკლეს.

1983 წელს ამერიკამ ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა კინგის დაბადების დღე, თუმცა ამერიკაში ადამიანებს დღემდე არ აქვთ გარანტირებული დასაქმება – რომ არაფერი ვთქვათ მსოფლიოს უდიდეს ნაწილზე, რომელსაც „განვითარებად სამყაროს“ ვუწოდებთ და რომელსაც საქართველოც მიეკუთვნება.

მივა თუ არა კაცობრიობა იქამდე, რომ სიმდიდრე უფრო სამართლიანად იყოს გადანაწილებული ღვთის შვილთა შორის, ამას მომავალი გვაჩვენებს. მანამდე კი, რამდენჯერაც არ უნდა აღვნიშნოთ მარტინ ლუთერ კინგის დაბადების დღე, მთავარი რაც უნდა გვახსოვდეს ალბათ არის ის, რომ მისი მთავარი ოცნება კვლავ ოცნებად რჩება…

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.