მანდატების გადანაწილების შესახებ: სტაბილურობის და დემოკრატიის დილემა

ფოტო გარეკანზე: www.parliament.ge

 

როგორც ცნობილია, კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტით უქმდება შერეული საარჩევნო სისტემა და ქვეყანა მთლიანად გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა თავის მხრივ იყო ის ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ გადადგა საარჩევნო სისტემის დასახვეწად და მრავალპარტიული სისტემის გაძლიერებისა და განვითარებისთვის, თუმცა ფუნდამენტური ცვლილებები რომელიც საარჩევნო სისტემაში კონსტიტუციის დონეზე ხორციელდება ბევრ ეჭვს და კითხვას ბადებს.

წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებებით, პარლამენტში მანდატის მოსაპოვებლად პარტიებმა უნდა გადალახოს 5 პროცენტიანი ბარიერი, ხოლო რაც შეეხება გაუნაწილებელ მანდატებს, მას მიიღებს პარტია, რომელსაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა აღმოაჩნდება. კონკრეტულად, კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტი ასე იკითხება:

პარლამენტის წევრის მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

მმართველი პარტიის ანუ ხელისუფლების არგუმენტი ამ ცვლილებების გასამყარებლად მდგომარეობს იმაში, რომ მათი აზრით, ასეთი მეთოდის შემოღება აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყანაში არ შეიქმნას პოლიტიკური კრიზისი. მაგალითად, თუკი პარტიები ვერ შეთანხმდნენ მთავრობის დაკომპლექტებაზე საჭიროა, რომ გაუანაწილებელი მანდატები მიიღოს პარტიამ, რომელიც შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას და კრიზისის თავიდან აცილებას. ხელისუფლების პოზიციით კი. ცხადია ასეთი პარტია უნდა იყოს ის ვინც არჩევნებში მოიპოვებს გამარჯვებას ანუ მარტივად, რომ ვთქვათ ის ვინც საარჩევნო რბოლაში პირველ ადგილს დაიკავებს. კონკრეტულად თუ როგორ შეიძლება ეს მოხდეს პრაქტიკული რეალიზაციის შემთხვევაში იხილეთ ამის სიმულაციური მაგალითი.

სურათი I: სიმულაციური მაგალითი

დავუშვათ, საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული ხმებით, პარტიებმა რომლებმაც გადალახეს 5 პროცენტიანი ბარიერი, მანდატების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:

A პარტია  –  50 მანდატი

B პარტია  – 30 მანდატი

C პარტია – 20 მანდატი

D პარტია – 15 მანდატი

E პარტია  – 10 მანდატი

პარლამენტში (რომელიც შედგება 150 წევრისგან), ზემოთ აღნიშნული მანდატების გადანაწილების შედეგად სულ წარმოდგენილი იქნება 125 მადნატი, რაც შეეხება დარჩენილ 25 მანდატს მას მიიღებს პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო არჩევნებში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ეს არის A პარტია

გამომდინარე აქედან, ცხადია ის, რომ მანდატების ასეთი განაწილება უსამართლოა და ამგვარი მოდელის ამუშავება პარტიებს არათანაბარ პირობებში აყენებს, რადგან ხელისუფლება ითვისებს ხმებს, რომელიც მისთვის არ მიუცია ამომრჩეველს. მაგალითად, ამომრჩევლმა, რომელმაც ხმა მისცა E პარტიას ცხადია ღირებულებითი და მსოფმხედველობრივი შეუთავსებლობა აქვს A პარტიასთან. შესაბამისად, ოპოზიციის წუხილი ყურადსაღები და გასათვალისწინებელია. ამიტომ, ოპოზიცია ითხოვს, რომ მანდატები გადანაწილდეს სამართლიანად, რაშიც ისინი გულისხმობენ მანდატების პროპორციულად გადანაწილებას.

თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ მანდატების ასეთი გადანაწილების შემთხვევში საქმე გვაქვს ერთგვარი „ბონუსებთან“, რომელიც უზრუნველყოს სტაბილურობას და მისი აზრით დაუშვებელია ამ საკითხის ირგვლივ სპეკულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა იფიქრონ საარჩევნო ბონუსების კორექტირებაზეც.

ხელისუფლების არგუმენტებს აკლია დამაჯერებლობა თუ რატომ უნდა მიიღოს გამარჯვებულმა პარტიამ გაუნაწილებელი მანდატები, რადგან მათი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეს მეთოდი უზრუნველყოფს პოლიტიკურ სტაბილურობას არ არის საკმარისი საზოგადოების და ოპოზიციის დასარწმუნებლად. თუმცა, თავის მხრივ, ოპოზიციასაც არ აქვს გამოკვეთილი სტრატეგია და მოსაზრება მანდატების გადანაწილებასთან დაკავშირებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მართალია ისინი ითხოვენ სამართლიან გადანაწილებას, მაგრამ არ საუბრობენ კონკრეტულ მეთოდიკასა თუ მიდგომაზე. მხოლოდ თავისუფალმა დემოკრატებმა შეძლეს წარმოედგინათ საკუთარი ხედვა მანდატების სამართლიანი გადანაწილების შესახებ რაც ეფუძნებოდა დ’ონდტის მეთოდის გამოყენებას, რომელიც მათი აზრით ყველაზე მეტად უზრუნველყოს მანდატების სწორ და სამართლიან გადანაწილებას.

ასევე, წარმოდგენილი ე.წ. „ბონუსების“ სისტემის თუ მეთოდის წინააღმდეგ გამოდის საქართველოს პრეზიდენტი, რომლისთვისაც მიუღებელია როგორც 5 პროცენტიანი ბარიერის შენარჩუნება პროპორციული სისტემის ბირობებში ასევე ბონუსების მეთოდის შემოღება:

ჩემთვის ასევე მიუღებელი ბონუსის სისტემა, ანუ რაღაც ზე მიზნით, მთავარის დემოკრატიის პრინციპის –  რომ შენი ხმა შენია და შენ გადაწყვეტ ვის მისცე, ამის მაგივრად სხვისი ხმების სხვებისთვის მიცემა. ახლა ეს მაინტერესებს რანაირად რომელიმე თქვენგანი ყოველდღიურ ცხოვრებაში დამიმტკიცებს, რომ სხვისთვის მიცემული ხმების მითვისება არის კარგი და დემოკრატიული. ჩემთვის მთავარი ღირებულებაა ის ერთი ხმა, რომელიც ამომრჩეველმა საარჩევნო უბანში შემოხაზა. ეს არის ყველაზე წმინდა დემოკრატიულ პროცესში, რომელზეც ფუძნდება სახელმწიფო. აქედან გამომდინარეობს ჩვენი უფლებაა ვმართოთ, რა ლოგიკით უნდა გადავუხვიოთ ამას და გავამართლოთ იტალიური და საბერძნეთის მაგალითით“, – განაცხადა მარგველაშვილმა“.


ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ცვლილების წინააღმდეგ არის ასევე არასამთავრობო სექტორი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ:

„კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტით შემოთავაზებულია გაუნაწილებელი მანდატების მხოლოდ პირველ ადგილზე გასული პოლიტიკური პარტიისთვის მინიჭება. იმ პირობებში, როდესაც შეიძლება გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა 10%-ს ან მეტს შეადგენდეს, ამ მანდატების მთლიანად ერთი პარტიისთვის მინიჭება არსებითად გაზრდის პარტიის მიერ მიღებულ ხმებსა და მანდატებს შორის დისპროპორციას. აღნიშნული მიდგომა კი დიდწილად დააკნინებს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების მიზანს და ეჭვქვეშ დააყენებს მანდატების სამართლიანი გადანაწილების პრინციპს. მიგვაჩნია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან ერთად, გაუნაწილებელი მანდატები პარტიებს შორის უნდა გადანაწილდეს მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად.“

როგორც ვხედავთ, ოპოზიცია, პრეზიდენტი და სამოქალაქო სექტორი წინააღმდეგია მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების საარჩევნო სისტემაში. პრაქტიკულად, ყველა გარდა ხელისუფლებისა თანხმდება იმაზე, რომ ასეთი სისტემის პირობებში აზრს კარგავს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, რომელიც თავის მხრივ პრობლემატური კომპონენტი იყო თანამედროვე ქართული საარჩევნო დემოკრატიისთვის.

მანდატების გადანაწილების პრაქტიკა ევროპაში

მიუხედავად იმისა, რომ მანდატების გადანაწილება თანამედროვე ევროპულ დემოკრატიებში დივერსიფიცირებულია, დ’ონდტის მეთოდი არის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული და აღიარებული მანდატების გადანაწილების ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მანდატების ეფექტურ და სამართლიან გადანაწილებას.

დ’ონდტის მეთოდი არის მათემატიკური ფორმულა, რომელიც გამოიყენება პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში და რომლის პრაქტიკაც არსებობს  ევროკავშირის 15 წევრ ქვეყანაში მაინც (ავსტრია, ესპანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, დანია, ესტონეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვენია, ფინეთი, უნგრეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა) ასევე, წარმოდგენილი მეთოდი გამოიყენება შოტლანდიასა და უელსში. დ’ონდტის ფორმულა უკავშირდება ბელგიელ იურისტსა და მათემატიკოსს ვიქტორ დ’ონდტს, რომელმაც ფორმულა მე-19 საუკუნის 80-იან წლებში განავითარა და მიზნად ისახავდა ბელგიის პარლამენტში სხვადასხვა ლინგვისტური ჯგუფებისა და პოლიტიკური ტრადიციების რეპრეზენტაციას.

იხილეთ დ’ონდტის მეთოდის გამოყენების სიმულაციური მაგალითი (წყარო: http://electoralreform.wikia.com/wiki/D’Hondt_Method).

სურათი II: სიმულაციური მაგალითი

მოცემულ სურათზე წარმოდგენილია 10 მანდატი, რომელიც უნდა გადანაწილდეს  4 პარტიას შორის, რომლებმაც მიიღეს 25, 000, 19, 000, 12,000 და 8,000 ხმა:

გამყოფი   პარტია  A პარტია  B პარტია  C პარტია D
1 25000 [1] 19000 [2] 12000 [4] 8000 [7]
2 12500 [3] 9500   [5] 6000  [10] 4000
3 8333   [6] 6333   [8] 4000 2667
4 6250   [9] 4750 3000 2000

პირველ სვეტში წარმოდგენილი გამყოფები არის უბრალოდ ციფრები 1, 2, 3, და ასე შემდეგ, ანუ იმდენი რამდენიც საჭიროა. შემდეგ კი, თითოეულ რიგში წარმოდგენილი ციფრები არის გამყოფის მიერ განაწილებული ხმები კონკრეტული პარტიისათვის; ხოლო ფრჩხილებში განთავსებული ციფრები კი არის ამ კოეფიციენტთა რანჟირება სიდიდის მიხედვით. როდესაც 10 (ან რამდენი ადგილიც არის გადასანაწილებელი) უმაღლესი კოეფიციენტი დალაგდება, თითოეული პარტია იღებს იმდენ ადგილს, რამდენ უმაღლეს ციფრსაც მოიპოვებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი პარტიებმა მიიღეს 4, 3, 2 და 1 ადგილი.

ჩეხეთის და ფინეთის მაგალითები

მაგალითად, ჩეხეთში მოქმედებს პროპორციული საარჩევნო სისტემა, სადაც მანდატების გადასანაწილებლად გამოიყენება დ’ონდტის მეთოდი. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს სასურველ პარტიას და ასევე შეუძლია უპირატესობა მიანიჭოს (პრეფერენციული ხმა) სიაში მყოფ კანდიდატებს. იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა საპარლამენტო მანდატები მოიპოვონ, თითოეულმა პარტიამ უნდა გადალახოს 5 პროცენტიანი ბარიერი. ბარიერი შესაძლოა გაიზარდოს 10 პროცენტამდე ორპარტიული კოალიციის შემთხვევაში, 15 პროცენტამდე სამპარტიული კოალიციის შემთხვევაში და 20 პროცენტამდე ოთხი ან მეტი პარტიების კოალიციის შემთხვევაში. პარტიებისა და კოალიციებისთვის პარლამენტში ადგილები ნაწილდება დ’ონდტის მეთოდის გამოყენებით. კანდიდატი, რომელიც მიიღებს პრეფერენციული ხმების 5 პროცენტს რეგიონულ დონეზე, მოთავსდება საპარლამენტო სიის თავში. იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე კანდიდატი მიიღებს 5 პროცენტზე მეტ პრეფერენციულ ხმებს, საარჩევნო სიაში განთავსდებიან დამავალი გზით, მიღებული პრეფერენციული ხმების საერთო რიცხვის მიხედვით.

ასევე ფინეთის პარლამენტში, რომელიც შედგება 200 წევრისგან, 199 წევრი ირჩევა პროპორციული სისტემით, ადგილები პარტიებს თუ ალიანსებს შორის ასევე ნაწილდება დ’ონდტის მეთოდის გამოყენებით. რაც შეეხება სიებში კანდიდატების მიერ ადგილების დაკავებას, კანდიდატების რანჟირება ხდება მათთვის მიღებული ხმების განაწილების შედეგად. რაც შეეხება პარლამენტის 1 წევრს ალანდის პროვინციიდან მისი არჩევა ხდება უბრალოდ მაჟორიტარული მეთოდით.