საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ღრმა და ხანგრძლივი ეკონომიკური ვარდნა, ნეგატიურად აისახა განათლებისა და მეცნიერების დარგებზეც. 90-იან წლებში ისედაც მწირ დაფინანსებაზე და გაუქმების ზღვარზე მყოფ სამეცნიერო ინსტიტუტებს, 2003-2012 წლებში დაემატა რადიკალური რეფორმები. მეტიც, ამ პერიოდში სამეცნიერო ინსტიტუტების უმრავლესობას მნიშვნელოვნად შეუმცირდათ დაფინანსება. მათი ნაწილი კი საერთოდ გააუქმეს ან ოპტიმიზაციის საბაბით შეურთეს სხვა სამეცნიერო დაწესებულებებს, მათ შორის უნივერსიტეტებს. 2005 წლიდან მოყოლებული მეცნიერებათა აკადემია დაშალეს 70 ინსტიტუტამდე, რომლებიც ჯერ განათლების სამინისტროს დაუქვემდებარეს შემდგომში კი უნივერსიტეტების შემადგენლობაში შეიყვანეს.
თუ ამ პროცესს საერთო დინამიკას განვიხილავთ, ქართული სამეცნიერო სფერო აღმოჩნდა ეგზისტენციალური პრობლემის წინაშე, რომელიც განპირობებული იყო ერთი მხრივ დაფინანსების შემცირებით, მეორე მხრივ კი – მუდმივი სტრუქტურული ცვლილებებით, რომელთაც საფუძვლად ედო ოპტიმიზაციის არგუმენტი. საბიუჯეტო განაწილების კუთხით, სამწუხაროდ, საქართველოში განათლების სფერო დღემდე რჩება ნაკლებ პრიორიტეტულ მიმართულებად. ზოგადად განათლებაზე გაწეული ხარჯები ჩამოუვარდება სხვა პრიორიტეტული დარგების მაჩვენებლებს. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ცხრილი, კვლევიდან „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში“, რომელშიც ნათლად არის გაანალიზებული მეცნიერების განვითარებასთან დაკავშირებული ფინანსური პრობლემები.
ცხრილი 1 პრიორიტეტული სახელმწიფო მიმართულებების დაფინანსების დინამიკა
განსაკუთრებით სავალალო აღმოჩნდა კვლევის დაფინანსების საკითხი სააკაშვილის ადმინისტრაციის პირობებში. 2005 წლიდან 2011 წლამდე კვლევის დაფინანსება, მთლიან შიდა პროდუქტში თითქმის 2-ჯერ შემცირდა. ქვემოთ ცხრილში სწორედ ეს დინამიკაა მოცემული.
ცხრილი 2 უმაღლესი განათლებისა და კვლევის სახელმწიფო დაფინანსების დინამიკა
თუ შედარებით მოდელს გამოვიყენებთ, ცალსახაა რომ უმაღლეს განათლებასა და კვლევაზე საქართველო მნიშვნელოვნად ნაკლებს ხარჯავს განვითრებულ ქვეყნებთან შედარებით, როგორც პროცენტულად, ასევე თანხობრივადაც. 2010 წლის მაჩვენებლის მიხედვით, განვითარებული ქვეყნები საშუალოდ მშპ–ს 1.4%-ს და ბიუჯეტის 3.1%-ს ხარჯავენ უმაღლეს განათლებასა და კვლევის დასაფინანსებლად. საქართველო კი 2012 წლის მონაცემებით მშპ–ს 0.5 პროცენტს და ბიუჯეტის 1.8 პროცენტს ხარჯავს ამ მიმართულებებზე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში უმაღლესი განათლებისა და კვლევის ინფრასტრუქტურა მოშლილია, სამეცნიერო ინსტიტუტებში ცოდნა მოძველებულია და ფაქტიურად თავიდან არის შესაქმნელი ცოდნის კორპუსი და ამ ცოდნის მაგენერირებელი ინსტიტუტები, ასეთი მცირე დანახარჯები მუდმივ ჩამორჩენილობას უქადის ამ სფეროებს, რაც ასევე ეჭვის ქვეშ აყენებს ქვეყნის განვითრების პერსპექტივებს.
ცხრილი 3 სახელმწიფო დაფინანსება უმაღლეს განათლებასა და უსდ-ში განხორციელებულ კვლევაზე
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილ დოკუმენტში, რომელშიც გაწერილია განათლებისა და მეცნიერების განვითარების სტრატეგიული მიმართულებები, გამოკვეთილია ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც დღესდღეობით არსებობს მეცნიერების განვითარების კუთხით საქართველოში:
- – მეცნიერების ქვეყანაში ერთიანი განვითარების პოლიტიკის არ არსებობა, რომელიც ხელს უშლის სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრას და ზოგადად სამეცნიერო სფეროს დაგეგმვას;
- – მეცნიერების დაფინანსების არსებული მოდელის პრობლემატურობა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს გრძელვადიანი კვლევითი კლასტერების შექმნას და მდგრად ინსტიტუციურ განვითარებას. დღეს არსებული სამეცნიერო ინსტიტუტებისთვის უმთავრეს დაფინანსების წყარო წარმოადგენს კვლევითი გრანტები, რომელსაც გასცემს სახელმწიფო მასზე დაქვემდებარებული კვლევითი–სამეცნიერო ფონდის საშუალებით.
- – მეცნიერებაში ახალი კადრების ნაკლებობა, რაც ხელს უშლის მეცნიერების დინამიკურ განვითარებას და ცოდნის გადაცემას;
- სამეცნიერო პროდუქტებისა და ინოვაციების კომერციალიზაციის დაბალი დონე.
- საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში ეროვნული სამეცნიერო პოტენციალის ინტეგრაციის დაბალი დონე;
- სამეცნიერო ინსტიტუტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთმანეთში ინტეგრაციის დაბალი დონე, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ცოდნის გადადინებას (სწავლისა და კვლევის ერთიანობის პრინციპის დარღვევა).
გლობალური ინდექსებში, კვლევისა და განვითარების ხელშეწყობის მხრივ, საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება არამხოლოდ განვითარებულ ქვეყნებს, არამედ მის მსგავსი მასშტაბების ეკონომიკების მქონე სახელმწიფოებს პოსტ–საბჭოთა სივრცეში. ქვემოთ დიაგრამაზე მოცემულია გლობალური ინოვაციების ინდექსის (Global Innovation Index) მონაცემები კვლევისა და განვითარების კუთხით. ამ მაჩვენებელს განსაზღვრავს სამი დამოუკიდებელი ცვლადი: მკვლევარები, მთლიანი დანახარჯი კვლევასა და განვითარებაზე და უნივერსიტეტის რანჟირება (სამი საუკეთესო უნივერსიტეტის). როგორც დიაგრამიდან ჩანს, საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ესტონეთის მაჩვენებლებს. ამ მხრივ საქართველო აუთსაიდერია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. საგულისხმოა ისიც, რომ იგივე ინდექსის მიხედვით, საქართველო მშპ–ში განათლებაზე გაწეული ხარჯით 129 ადგილს იკავებს.
დიაგრამა 4 გლობალური ინოვაციების ინდექსის ქულების შედარება, კვლევა და განვითარება, 2015.
დასკვნის მაგიერ
ზემოთჩამოთვლილი პრობლემებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კვლევისა და განვითარების კუთხით არსებული ვითარება საქართველოში ვერ უზრუნველყოფს ახალი ინდუსტრიული დარგებისა და უკვე არსებული სექტორების განვითარებას. საჭიროა შეიქმნას მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების ახალი პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საბიუჯეტო რესურსებით. მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს მეცნიერების და განათლების დაფინანსების მოდელები. უნდა შენარჩუნდეს საგრანტო სისტემა, თუმცა უნდა შემუშავდეს/დაიხვეწოს პირდაპირი დაფინანსების მოდელები.
ამასთან, მეცნიერების და უმაღლესი განათლების დაფინანსების წილი მშპ–სა და ბიუჯეტში სულ მცირე უნდა გაუთანაბრდეს განვითარებული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. აგრეთვე, საჭიროა, სამეცნიერო სფეროდან ამოზრდილი ინოვაციების შესაბამისი გადადინების ხელშეწყობის სტრატეგიის შექმნა, რაც მისცემს საშუალებას ადგილობრივ მწარმოებლებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებს მიიღონ სარგებელი თანამშრომლობით და ჰქონდეთ წვდომა დამატებით რესურსებზე განვითარებისთვის.
შენიშვნა
- სტატია არის კვლევის „საქართველოს ინდუსტრიული პოლიტიკის გამოწვევების“ ბოლო ორი თავის ადაპტირებული ვერსია.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.