კორონალური ფსიქიკა
ზურაბ მხეიძე

ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში მთავარ ამოცანას ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და ეკონომიკური კოლაფსის თავიდან აცილება წარმოადგენს. დღეს მსოფლიო საზოგადოება სწორედ ამ ორი „სტრატეგიული ობიექტის“ დასაცავად არის მობილიზებული.

თუმცა, თითოეული ადამიანისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია სულიერი, კულტურული, ჰუმანიტარული ფასეულობები და ღირებულებები, რომლებიც, „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამოისობით, ასევე სერიოზული დარტყმის ქვეშ არის მოქცეული.

უკვე ორ თვეზე მეტია აღარ ტარდება სპორტული ტურნირები და ასპარეზობები, გამოკეტლია თეატრები, კინოთეატრები და საკონცერტო დარბაზები, დახურულია მუზეუმები, საგამოფენო სივრცეები, წიგნების მაღაზიები, ბიბლიოთეკები, მასშტაბურად აღარ აღინიშნება გამორჩეული თარიღები და იუბილეები, აღარ ფუნქციონირებს გასართობი დაწესებულებები, გამაჯანსაღებელი კომპლექსები, ისევე როგორც ღამის კლუბები, ბარები და რესტორნები…

ასეთი „სტერილური“, ჩვეული „სტანდარტებისგან“ დაცლილი ცხოვრება ცხადია, მტკივნეულად აისახება ადამიანების სულიერ, ფსიქიკურ თუ ფიზიკურ „კონდიციებზე“…

კორონავირუსით გამოწვეულ უჩვეულო გარემო-პირობებზე, მასთან შეგუების პრობლემებსა და უარყოფით შედეგებზე „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრობს ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე.

 

 

დღეს სპორტის, თეატრის,  საცურაო აუზის, სილამაზის სალონის, აგრეთვე სხვა უამრავი საგანმანათლებლო, გასართობი, ჰიგიენური და გამაჯანსაღებელი დაწესებულებების გარეშე გვიწევს ცხოვრება, რაც სულ რაღაც თვენახევრის წინ წარმოუდგენლად მიგვაჩნდა. ელექტრონული მედია და სოციალური ქსელები ამ დისკომფორტს  ნამდვილად ვერ ანაზღაურებს.

აქტიური ცხოვრების ჩვეული წესის უეცარი შეცვლა როგორ შეიძლება აისახოს მომავალში ადამიანების ფსიქიკაზე, მათ ქცევებსა და ქმედებებზე (თუ „კოვიდ“-19-ის „ტყვეობაში“ ყოფნა კიდევ დიდხანს გაგრძელდა)?

– დაგეთანხმებით იმაში, რომ სოციალური მედია და ტექნიკური საშუალებები ადამიანურ ურთიერთობებს ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს, რადგან ადამიანი სოციალური არსებაა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობების გარეშე არსებობა მას, პრაქტიკულად, არ შეუძლია.

ასეთი გარემო, მდგომარეობა თუ შენარჩუნდა,  თეორიულად შესაძლებელია, რომ ერთი-ორი თვის მერე მოსახლეობაში გაჩნდეს აგრესია, უკმაყოფილება, დეპრესია. ამ პროცესს, ერთგვარად, კორონავირუსის თვისებები ახასიათებს – იწყება ნელა, შემდეგ ძლიერდება და ბოლოს, პიკს აღწევს. შესაბამისად, თუ „კოვიდ-19“-ის შემოტევა დიდხანს გაგრძელდა, ადამიანების აგრესიაც თანდათან მოიმატებს.

ამიტომ, აუცილებელია, ადამიანებმა, აკრძალვების პარალელურად,  კორონავირუსთან ბრძოლაში პროგრესიც დაინახონ (პროგრესში შეზღუდვების თანმიმდევრულ მოხსნას ვგულისხმობ), წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ვთქვი, აგრესია მოიმატებს. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ არა მთლიან საზოგადოებას, არამედ ცალკეულ ტიპაჟებს – ზოგი ადამიანი შედარებით მოწყვლადია, ზოგი დეპრესიისკენ იხრება, ზოგი  სხვებზე უფრო აგრესიულია…

როდესაც ადამიანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ ახერხებს თავისი მოთხოვნილებების რეალიზებას, და ერთ-ერთ ასეთ მოთხოვნილებას სწორედ ადამიანური ურთიერთობების აუცილებლობა წარმოადგენს, ამაზე ის, როგორ წესი, ორი ფორმით რეაგირებს. ეს არის აგრესია და პრობლემისგან განრიდება.

თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს ადამიანები სრული იზოლაციის პირობებში არ იმყოფებიან. ეს უფრო ნახევრად იზოლაციის მდგომარეობაა – ადამიანებს შეუძლიათ, მობილური ტელეფონით ან სხვა საშუალებებით ეკონტაქტონ ერთმანეთს, გარკვეული დროით დატოვონ საცხოვრებელი ადგილი და ა.შ. თუმცა, დაწესებული შეზღუდვები მაინც აისახება ადამიანების ფსიქიკაზე და სხვადასხვა გამოვლინებების (რაზეც უკვე ვისაუბრე) სახით იჩენს თავს…

– კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი სტრესული გარემო უფრო მტკივნეულად, ალბათ, მოზარდებზე, არასრულწლოვნებზე აისახება. საგანგებო მდგომარეობის, კარანტინის და სხვა შემღუდავ პირობებში ხანგრძლივი ყოფნა, პლუს ნორმალური საგანმანათლებლო გარემოს არარსებობა, რა დაღს დაასვამს მათ ცნობიერებას?

unicef.com-ის ფოტო

– არა მგონია, რომ  ასეთი სტრესული გარემო დიდხანს გაგრძელდეს. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროცესს, დღეს ის, ცხადია, ისეთი სრულყოფილი ვერ იქნება, როგორიც არის ჩვეულებრივ პირობებში. მართლაც, მხოლოდ ონლაინ-სწავლება რომ  იყოს საკმარისი, მაშინ „იუთუბზე“ (YouTube) და საერთოდ, ინტერნეტ-სივრცეში, ყველა საგნის სწავლების რესურსი მოიძებნებოდა. მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან დისტანციური სწავლება  რეალურ სასწავლო პროცესს სრულფასოვნად ვერ ცვლის.

შესაბამისად, სასწავლო დაწესებულებების ხანგრძლივი პერიოდით იძულებით „ჩაკეტვა“ (თუმცა, არა მგონია, ასე მოხდეს) მოზარდების ცნობიერებაზე ასახვას, უპირველესად, მათ გაუნათლებელ პიროვნებებად დარჩენაში ჰპოვებს.

– ასეულობით ათასი ადამიანი, პანდემიის გამო, უმუშევრად დარჩა. მართალია, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოძიებული ფინანსური რესურსები ეკონომიკური სირთულეების გამკლავებაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარება, მაგრამ უამრავი ადამიანის მატერიალური მდგომარეობა, სავარაუდოდ, მაინც დამძიმდება. ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, ფინანსურთან ერთად, ალბათ, დამატებითი ფსიქოლოგიური ტვირთიც იქნება.

– მატერიალური გაჭირვება, კორონავირუსით გამოწვეული სიძნელეების გარეშეც, ისედაც ძლიერი ფსიქოლოგიური წნეხია. ამიტომ, შექმნილი კრიზისული ვითარება კიდევ უფრო ამძაფრებს მდგომარეობას. ჩემთვის უცნობია, ხელისუფლების მიერ ამ კუთხით რა მექანიზმებია შემუშავებული (შენიშვნა: ინტერვიუ ჩაწერილია მთავრობის მიერ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენამდე – გ.ა.). ისე, ზოგადად კი, კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში, მატერიალური პრობლემების გამო ფსიქოლოგიური ზეწოლის გაძლიერება სავსებით შესაძლებელია.

– „დარჩი სახლში!“, „დაიცავი სოციალური დისტანცია!“ და სხვა გამაფრთხილებელი მოწოდებები დღეს, ალბათ, ძალიან დროული და აუცილებელია. მიუხედავად ამისა, თუ  საგანგებო მდგომარეობითა და საკარანტინო რეჟიმით გათვალისწინებული აკრძალვები დიდხანს გაგრძელდა, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ბუნებრივ მდგომარეობად ხომ არ იქცევა დეპრესია, ფსიქიკური აშლილობა, საკუთარ თავში ჩაკეტვა, სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შიში, საზოგადოებისგან გაუცხოება…

– ზემოთ ვთქვი, რომ შექმნილ მდგომარეობაზე ადამიანების რეაქცია მათი ტიპაჟით არის განპირობებული. ეს რეაქცია, შესაბამისად, შეიძლება გამოიხატოს უკმაყოფილების გამოხატვაში, აგრესიაში, დაუმორჩილებლობაში და ა.შ, რაც, ქვეყანაში წესრიგის შენარჩუნების თვალსაზრისით, შესაძლოა, ხიფათის შემცველი იყოს. მაგრამ მოვლენები ასეთი სცენარით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს, თუ კორონავირუსთან ბრძოლის გამო, იძულებითი შეზღუდვები და აკრძალვები დიდხანს შენარჩუნდა.

აქ ასევე შეიძლება შედარების გაკეთება ჩვენს ქვეყანაში გასული საუკუნის 90-იან წლებში არსებულ მდგომარეობასთან, როდესაც არ გვქონდა შუქი, გაზი, წყალი, საშიში იყო ღამით ქუჩაში გასვლა… რაც არ უნდა უცნაური იყოს, ამ პერიოდს ადამიანები ზოგჯერ საკმაოდ თბილადაც კი იხსენებენ (თუ, რა თქმა უნდა, ტრაგედია უშუალოდ მათ არ შეეხოთ). რატომ? ალბათ იმიტომ, რომ იმ პერიოდში ადამიანებს შორის ურთიერთობები შეზღუდული არ იყო და ადამიანებს ერთმანეთთან მეტი კონტაქტი ჰქონდათ.

– კიდევ ერთი კომპლექსი, რომელიც კორონავირუსის დაძლევის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს საზოგადოებაში, შეიძლება იყოს ფობია გვერდით მყოფი ადამიანის მიმართ. მაგალითად, თქვენ სტადიონის ტრიბუნაზე ზიხართ უცხო ადამიანის გვერდით, რომელიც ახველებს; მგზავრობთ უცხო პირთან ერთად და გეჩვენებათ, რომ ის რაღაც კარგად ვერ გამოიყურება… რამდენ ხანს შეიძლება დარჩეს „კოვიდ-19“-ის შიში ჩვენს ცნობიერებაში, თუნდაც საყოფაცხოვრებო დონეზე? რა კვალს დატოვებს კორონავირუსი ადამიანების ქცევებზე? ხომ არ დაიწყება საზოგადოების დეზინტეგრაციის პროცესი?

– დეზინტეგრაციული პროცესები ნამდვილად არ დაიწყება. უფრო პირიქით: გაიზრდება ადამიანებს შორის ურთიერთობების მოთხოვნილება. შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ ადამიანები გახდებიან გაცილებით ფრთხილები, უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ ჰიგიენურ ჩვევებს და ა.შ. ეს ბუნებრივად მოხდება, რადგან, როგორც წესი, თუ ორი თვის განმავლობაში რაღაცას მუდმივად აკეთებ, მოგვიანებით ის უკვე ჩვევაში გადადის. ცხადია, ეს სულაც არ იქნება ცუდი, პირიქით – უკეთესი იქნება…

forbes.ge-ს ფოტო

პანდემიის გავრცელებამდე ძალიან ხშირად ვყოფილვარ იმის მომსწრე, რომ  თანამშრომლები სამსახურში დადიოდნენ მაღალი სიცხით, ავადმყოფობის გამომხატველი ნიშნებით. მომავალში ასეთი გამოვლინებების მიმართ ყურადღება  გაიზრდება და მის მიმართ სხვა დამოკიდებულება გაჩნდება. სამსახურების ხელმძღვანელები, დღევანდელი გამოცდილების გათვალისწინებით, ალბათ, აღარ აიძულებენ ადამიანებს, ასეთ მდგომარეობაში გამოცხადდნენ სამსახურებში…

მე არა მაქვს ნეგატიური მოლოდინი, უფრო პოზიტიური პროგნოზისკენ ვიხრები, რადგან ყველა კრიზისი ადამიანის მიერ უფრო მეტი გონიერების გამოჩენის საფუძველი ხდება. კრიზისამდე ადამიანები ბევრ რამეზე არ ფიქრობენ, კრიზისი კი ჭკუას გვასწავლის ხოლმე. ასე რომ, კრიზისული სიტუაცია, ადამიანებისა და საზოგადოების ზრდისთვის, ზოგჯერ საჭიროც კი არის.

– კორონავირუსის საფრთხის გამო, გადაიდო გრანდიოზული სპორტული და კულტურული ღონისძიებები – 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, მსოფლიოს, ევროპის და ეროვნული ჩემპიონატები სპორტის უამრავ სახეობაში (ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი…), აგრეთვე არაერთი ცნობილი კინოფესტივალი თუ საერთაშორისო გამოფენა… ყოველივე ეს რამდენად შეასუსტებს  სპორტისა და ხელოვნებისადმი ინტერესს, ან რამდენად დააქვეითებს სპორტსმენებისა და ხელოვანების ოსტატობის დონეს? ასევე ეკონომიკური კრიზისით მოსალოდნელი დაფინასების შესაძლო შემცირება რამდენად დაეტყობა ამ სფეროების, აგრეთვე მეცნიერების შემდგომ განვითარებას?

-მეცნიერების განვითარებისთვის თანხები, ალბათ, არ დაიზოგება, რადგან თავად კორონავირუსთან დროულად და წარმატებით გამკლავება მეცნიერების მიღწევებზეა დამოკიდებული. ამიტომ, სავარაუდოდ, უფრო პირიქით მოხდება – დაფინანსების პრიორიტეტები სწორედ მეცნიერების „სასარგებლოდ“ გადაიხედება.

რაც შეეხება სპორტულ, კულტურულ და სხვა ამგვარ  ღონისძიებებს, რა თქმა უნდა, საწყენია, რომ დღეს ისინი აღარ ტარდება, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ეს ყველაფერი დროებითია და მომავალი წლიდან ყველაფერი ნორმაში ჩადგება. აქედან გამომდინარე, არა მგონია, რომ ეს არსებითად აისახოს სპორტის, ხელოვნების ან კულტურის მიმართ ინტერესზე ან პროფესიულ დონეზე. მეტიც: მე მგონია, რომ პირიქით მოხდება – ადამიანებს უფრო მეტად „მოსწყურდებათ“ სპორტი, კულტურა და ხელოვნება და უფრო მეტად დაფასდება ის, რაც მანამდე დაფასებული არ იყო, ან ნაკლებად იყო დაფასებული.

– დღეს მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები დაბეჯითებით აცხადებენ, რომ მომავალი მსოფლიო კორონავირუსამდელი მსოფლიოსგან განსხვავებული იქნება. თუ შეგიძლიათ, დაგვიხატეთ პოსტკორონალური პერიოდის ადამიანის ზოგადი ფსიქოლოგიური პორტრეტი?

ცვლილებები აუცილებლად იქნება. უკვე ცხადია, რომ პანდემია სერიოზულ გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე და ამ მიმართულებით ბევრი რამ გადაიხედება. ეკონომიკა კი, როგორც ცნობილია, გარკვეულწილად, ფსიქოლოგიასაც განსაზღვრავს. მე მგონია, რომ ეს ცვლილებები უკეთესობისკენ წაგვიყვანს და ცხოვრების უკეთეს ალგორითმს მივიღებთ, ვიდრე კორონავირუსის გავრცელებამდე გვქონდა.

საერთოდ, სტრესული სიტუაცია ნიშნავს, რომ ადამიანებს არა აქვთ რესურსი კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად. მარტივ მაგალითს მოვიყვან: თუ წვიმაში მოხვდით და დასველდით, შემდგომში, მოღრუბლულ ამინდში, გარეთ უკვე ქოლგით გადიხართ, ანუ ქოლგის „რესურსს“ იყენებთ. დაახლოებით იგივე ხდება დღესაც, როდესაც ჩვენ კორონავირუსთან ბრძოლის  გამოცდილებას ვიძენთ – კრიზისულ სიტუაციაში ვცდილობთ, რომ მის დასაძლევად გარკვეული ფსიქოლოგიური და ტექნიკური რესურსი „შევქმნათ“. ეს გამოცდილება დაგვიგროვდება, შესაბამისი ინსტრუმენტები გვექნება და ცხოვრება ჩვეულ რიტმში გაგრძელდება, ვიდრე ახალი ვირუსი არ გამოჩნდება ან სხვა ახალი ტიპის კრიზისი არ შეიქმნება.

– კორონავირუსის ექსპანსიამ ჩვენს მენტალიტეტში, ფსიქოპორტრეტში რომელი „შტრიხები“ შეცვალა, რომელი დადებით და უარყოფითი მხარეები წარმოაჩინა?

–  ფსიქოლოგიური შტრიხების შეცვლას ჯერ დანახვა და აღქმა უნდა, შემდეგ კი მეცნიერული კვლევა სჭირდება, რაც ერთ-ორ თვეში, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამიტომ, დღეს ამაზე მსჯელობა ცოტა ნაადრევია. ახლა დაბეჯითებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რაზეც ნაწილობრივ უკვე ვილაპარაკე – მომავალში გაცილებით მეტი ყურადღება მიექცევა ჰიგიენურ ჩვევებს, შედარებით ფრთხილი გახდება ადამიანებს შორის ურთიერთობები, რაც ნამდვილად არ იქნება ცუდი.

 

 

ესაუბრა გიორგი ასანიშვილი