კონსტიტუციური კომპრომისის შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად

ფოტო გარეკანზე: https://amenaccountability.wordpress.com

 

საქართველოში მიმდინარე კონსტიტუციური რეფორმით პრაქტიკულად უკმაყოფილო დარჩა ყველა, როგორც ხელისუფლება ასევე ოპოზიცია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხელისუფლებისთვის არ შეიძლება არსებული პროცესი იყოს იდეალური, რადგან შიდა დაპირისპირების გამო ვერ მოხერხდა თავიდანვე გაცხადებული მიზნის – პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. მეორეს მხრივ, პროცესი წარუმატებელია ოპოზიციისთვისაც, რომელიც თვლის, რომ რეფორმების მიმდინარეობისას არ იქნა გათვალისწინებული მათი პოზიცია და შესაბამისად არსებულ კონსტიტუციის პროექტს აღიქვამენ, როგორც კონსენსუსის მიღმა მიღებულ დოკუმენტს.

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ითხოვს კონსენსუსს, თუმცა კონსენსუსი საჭიროა მაშინ როდესაც ყველა ჩართული აქტორი აღჭურვილია იმ უფლებით თუ ძალაუფლებით, რომ დაბლოკოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ამრიგად, ამ შეთხვევაში კონსენსუსის აუცილებლობა არ იქმნება, თუმცა იმისათვის, რომ კონსტიტუციამ და ზოგადად კონსტიტუციური ცვლილებების პროცესმა მოიპოვოს მაღალი სოციალური ლეგიტიმაცია, კონსესუსის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას.

რას არის კონსენსუსი?

სტანდარტული აკადემიური განსაზღვრებით, კონსენსუსი ნიშნავს „საერთო შეთანხმებას: ერთსულოვნებას“ ან „საერთო თანხმობით მიღებულ გადაწყვეტილებას“. კონსენსუსი, როგორც ტერმინი ასევე ფართოდ გამოიყენება მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებები მიღებულია კომპრომისული სულისკვეთებით, მიუხედავად იმისა თუ რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ პროცესს. პოლიტიკური მეცნიერება განსაკუთრებით უსვამს ხაზს იმას, რომ კონსენსუსი ნიშნავს გადაწყვეტილების მიღების სპეციფიკურ წესს, რა დროსაც პროცესის ყველა მონაწილე აღჭურვილია ვეტოს უფლებით კოლექტიური შედეგის მისაღწევად; მისი მიზანია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც სრულადაა მხარდაჭერილი საზოგადოების ყველა წევრის მიერ. კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილება განისაზღვრება როგორც უმრავლესობის მმართველობის ალტერნატივა (The Encylopedia of Political Science 2010:299).

ამრიგად, თუკი ამ სტანდარტულ განსაზღრებას დავეყრდნობით, კონსენსუსი არის ერთგვარი შედეგი ძლიერ, გავლენიან პოლიტიკურ თუ სოციალურ ძალთა შორის მოლაპარაკებების, რომლის მიზანიც არის თავიდან იქნას აცილებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დაბლოკვა და მიღწეულ იქნას შეთანხმება იმ საერთო მიზნისთვის, რომელსაც ყველა აქტორი იზიარებს. ცხადია, კონსენსუსის მიღწევას განსახვავებულ შეხედულებების მქონე ძალებს შორის სჭირდება ყველა ძალის მიერ გარკვეულ კომპრომისზე წასვლა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კონსენსუსის მიღწევას სჭირდება საკუთარი დღის წესრიგის გარკვეულ პრინციპზე თუ სტრატეგიაზე უარის თქმა ანუ ერთგვარი დათმობა იმისათვის, რომ მიიღო იმაზე უკეთესი შედეგი ვიდრე უარესი რაც შეიძლება გამოწვეულ იქნას კონსენსუსის ვერ მიღწევით. შესაბამისად, კომპრომისი კონსენსუსის შემადგენელი ნაწილია, რაც გამოხატავს დათმობის ერთგვარ “კულტურას” და “ეთიკას” კოლექტიური მიზნის მისაღწევად.

თუმცა, გარკვეულ ისტორიულ გამოცდილებას თუ დავაკვირდებით, კონსენსუსი მიიღწევა იქ, სადაც საზოგადოება მეტწილად რაციონალურია და ადამიანთა ქცევები პრაგმატულია და არა ემოციური. შესაბამისად, ზოგადი დაკვირვებით, კონსენსუსის მიღწევის პერსპექტივა თუ შესაძლებლობა უფრო მეტადაა გარანტირებული პროტესტანტულ და კალვინისტურ კულტურაში, ვიდრე სხვაგან, სადაც ზოგიერთი მეცნიერის აზრის ემოციები სჭარბობს რაციონალურ აღქმებს. თუმცა ამ კონკრეტულ საკითხზე მეცნიერთა შორის საერთო კონსენსუსი არ არსებობს, რადგან სამეცნიერო საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ კლიმატით და გეოგრაფიული დეტერმინიზმით ვერ განვსაზღვრავთ კონკრეტული საზოგადოების ქცევას.

შესაძლებელია თუ არა კომპრომისის მიღწევა საქართველოში მოქმედ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში?

იმისათვის რომ შედეგეს კონსენსუსი, საჭიროა როგორც ხელისუფლება ასევე ოპოზიცია წავიდეს გარკვეულ კომპრომისზე. პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით მიიღო კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი. ზოგადად, პირველ მოსმენაზე ხდება პრინციპების შეთანხმება, მეორე მოსმენაზე ხდება მუხლობრივი განხილვა და მიღება, ხოლო მესამე მოსმენის დროს უკვე შესაძლებელია მხოლოდ სარედაქციო ტიპის ცვლილებების შეტანა (პროცედურულად შესაძლებელია გამონაკლის შემთხვევებში შინაარსობრივი ცვლილებების შეტანა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რეგლამენტი თითქმის არ უშვებს ამ შესაძლებლობას).

არსებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში, როგორც ოპოზიცია ასევე სამოქალაქო სექტორი მოითხოვს კომპრომისზე წასვლას მხოლოდ მმართველი გუნდისგან. თავის მხრივ მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ოპოზიციას არა აქვს ხედვა იმის შესახებ თუ რა არის ის პირობა რის შემდეგაც ისინი კონსენსუსზე წავლენ. თუმცა, ზოგადად, შეიძლება არსებობდეს ისეთი საკითხები რისი დათმობის შედეგად ოპოზიციის ინტერესში უნდა იყოს კონსენსუზე წასვლა. მაგალითად ასეთი დათმობა შეიძლება იყოს:

  • პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა
  • საარჩევნო სისტემის მთლიანად პროპორციულ მეთოდზე გადასვლა
  • საარჩევნო ბლოკების აღდგენა

თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას არა აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული საკუთარი პოზიციები და ვერ ხსნიან იმას თუ რა დათმობას ითხოვენ ხელისუფლებისგან, მმართველი გუნდის მიერ ზემოთ აღნიშნულ კომპრომისზე წასვლის შემთხვევაშიც კი, პარტიების უმრავლესობა ალბათ უარს იტყვის კონსენსუზე. გამონაკლისია მხოლოდ ერთი პარტია, მაგალითად, “პატრიოტთა ალიანსი” აცხადებს, რომ კონსენსუსს მიაღწევს ხელისუფლებასთან თუკი მმართველი გუნდი გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. სხვა პოლიტიკური პარტიებს არ გამოუკვეთავთ საკუთარი პოზიციები ცალსახად იმის შესახებ თუ რა შემთხვევაში წავლენ კომპრომისზე, რითაც შესაძლოა მიღწეულ იქნას კონსენსუსი.

არის თუ არა რეალური კონსენსუსი შესაძლებელი?

კონსენსუსზე საუბარი ოპოზიციის მხრიდან ცალსახად სპეკულაციური პოლიტიკის ნაწილია. რა კომპრომისზეც არ უნდა წავიდეს ხელისუფლება, ოპოზიციის დიდი ნაწილი ალბათ უარს იტყვის კონსენსუსზე. იგივე სტრატეგია აქვს არჩეული სამოქალაქო სექტორსაც. როგორც ოპოზიციის, ასევე სამოქალაქო სექტორის ინტერესია ხელისუფლებამ მაქსიმალურად დაკარგოს მხარდაჭერა ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესში და ასევე მოახდინოს კონსტიტუციური რეფორმის საერთაშორისო დონეზე მარგინალიზაცია და სტიგმატიზაცია.

თავის მხრივ, ხელისუფლება შეეცდება, რომ გააგრძელოს ერთგვარი დიალოგი თუ მოლაპარაკებები, როგორც გარკვეული რიტუალური პროცესი იმ ილუზიის შესაქმნელად, რომ მას სურს არსებულ პროცესში ჩართული ყველა აქტორის მოსაზრებების მოსმენა და გათვალისწინება. ამ სტრატეგიით, მთავრობა ცდილობს საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენოს, რომ თავად ღიაა მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ოპოზიცია და პრეზიდენტი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე კონსტიტუციური რეფორმის საბოტაჟით არის დაკავებული.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ არსებული უსაგნო დისკუსია და უშინაარსო კონფრონტაცია პოლიტიკური ძალთა შორის საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში ხელს უშლის სახელმწიფოს ნორმალურ ფუნქციონირებას და უფრო მეტად ამაღლებს საზოგადოების უნდობლობას პოლიტიკურ ლიდერთა და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ. საუბარი რაიმე კომპრომისზე ან კონსენსუსზე აბსოლუტურად უსაგნოა მაშინ, როდესაც ტერმინები კონსენსუსი და კომპრომისი პოლიტიკური ძალების მიერ გამოიყენება როგორც ფორმალური ენა, რომლის უკან არ დგას არც მზაობა და არც სურვილი იმ კოლექტიური მიზნის მისაღწევად, რომელიც მოქალაქეთა საერთო ნებას გამოხატავდა და რაც თავის მხრივ უკავშირდება კეთილდღეობასა და სოციალურ განვითარებას.

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.