„ჯარში მხოლოდ მთავრობა არის“

ავტორი: არჩილ სიხარულიძე 

 

ახალგაზრდა ჯარისკაცს ეკითხებიან:

– თუ შენ თავს გესხმის ოცი ტერორისტი, რას იზამ?!

– უზის ავიღებ და სროლას დავიწყებ!

– საღოლ! და თუ ტანკები გესხმიან თავს?!

– მე ავიღებ ყუმბართ მტყორცნს და თავს დავიცავ!

– საღოლ! და თუ თვითმფრინავებიც მოფრინავენ, ტანკებიც მოდიან და კიდევ ტერორისტები თავს გესხმიან?!

– ბატონო გენერალო, კი მარა ჩვენს ჯარში მხოლოდ მე ვომობ?! – ჩაეკითხა რიგითი.

 

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი

მსოფლიოში გავლენიანი საინფორმაციო მედია საშუალებები, სოციალური ქსელები და სხვა პლატფორმები ცდილობენ ჩამოაყალიბონ შესაბამისი სახის რეგულაციები ე.წ. ყალბ ამბებთან (fake news) საბრძოლველად. მეტიც, ამ პროცესში უკვე აქტიურად ჩაერთნენ ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ინსტიტუტები და ევროპული სახელმწიფოების მთავრობები. ამასთანავე, საქართველოში ამ პროცესს განსაკუთრებით უძალიანდებიან ე.წ. ოპოზიციური მაუწყებლები და სამოქალაქო საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი და ზეგავლენიანი ნაწილი. სახელმწიფოს მხრიდან ქართული საინფორმაციო ველის მასში არსებული ნაღველის, ბოღმის, მანიპულაციებისა და პირდაპირი სიტყვით ტყუილებისგან გაწმენდა პირდაპირ ეჯახება ბრალდებებს ცენზურის ჩამოყალიბებაში და ე.წ. პუტინთან იდეოლოგიურ კავშირში. მეტიც, დღეს უკვე არასამთავრობო სექტორის მიერ დაფუძნებული „მითების დეტექტორი“ და მასთან დაკავშირებული სხვა მოთამაშეები ცდილობენ ფეისბუქის ადმინისტრაციის მიერ აღიარებული სახელმწიფო სტრატკომისა და მედია კრიტიკის პროექტების დისკრედიტაციას და მიკერძოებულობაში დაბრალებას.

პროექტები, რომლებიც ცდილობენ ქართულ მედია სივრცეში არსებული გამოწვევები გაამჟღავნონ და რაიმე სახით მაინც რეაგირება მოახდინონ იმიტომ აღმოჩნდნენ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის თავდასხმის ობიექტები, რომ ქართული მედია უკვე დიდი ხანია გადაიქცა პოლიტიკური და იდეოლოგიური ინტერესების, ფინანსური მოგებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გაქცევის ძალზედ მოქმედ საშუალებად. და ამ განზომილებაში ყველაზე აქტიურად საქმიანობენ სწორედ რომ საეჭვო პოლიტიკური და ფინანსური წარსულის მქონე ადამიანები.

მთავრობა, როგორც „განტევების ვაცი“

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ანეკდოტი ბრწყინვალედ ასახავს არა თუ ქართულ მედია სივრცეში არსებულ რეალობას, არამედ ზოგადად ქვეყანაში ჩამოყალიბებულ მოსაზრებას, რომ ჩვენს ჯარში მხოლოდ მთავრობა იბრძვის და მხოლოდ მას ეკისრება პასუხისმგებლობა; დანარჩენი მოთამაშეები კი, მედია, არასამთავრობო სექტორი, ბიზნესი და თუნდაც რიგითი მოქალაქეები საერთოდ არაფერ შუაში არიან და შეიძლება სრულიად უპასუხისმგებლო იყვნენ.

ნიკა გვარამია (ყოფილი გენერალური პროკურორის მოადგილე), გიორგი თარგამაძე (ასლან აბაშიძის მარჯვენა ხელი და ე.წ. 7 ნოემბრის გადატრიალების მცდელობის მონაწილე), გიორგი რურუა (ნიკოლოზ რურუას ძმა და მხედრიონის ყოფილი წევრი), დავით კეზერაშვილი (საქართველოში „გამდიდრებული“ და გაქცეული ყოფილი თავდაცვის მინისტრი) – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ადამიანებისა, რომლებიც გაექცნენ საკუთარ ძალზედ საეჭვო პოლიტიკურ და ფინანსურ წარსულს მედია სივრცეში შეღწევით. ადამიანები, რომლებიც მხილებულნი იყვნენ არაერთ დანაშაულში, დღეს უკვე ევლინებიან ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას მედია კრიტიკოსებად და დემოკრატიისთვის მებრძოლებად. თუმცა, ეს არის მხოლოდ შირმა, რომლის უკან დგას კონკრეტული პოლიტიკური, იდეოლოგიური და ფინანსური მოგების მიღების სურვილი (სამაგალითო შემთხვევა იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ მე-9 არხის შექმნა და შემდეგში მისი გაუქმება). და ამ მისწრაფებებს ეს ადამიანები სწორედ რომ სატელევიზიო სივრცეში ხშირად მანიპულაციებისა და ტყუილების გავრცელებით ავლენენ. თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერში კვლავ მთავრობა არის ხოლმე დამნაშავე და სოციალური პასუხისმგებლობისგან დაცლილი მედია საშუალებებსა და მათ მფლობელებზე უსასრულო ინდულგენცია არის გამოწერილი. და არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რას იზამენ, რას განაცხადებენ ან მოიმოქმედებენ ეს პირები, მათი მედია საშუალებები – ყოველთვის გამოჩნდებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სხვა მოთამაშეები, რომლებიც დადგებიან ფსევდო კრიტიკული საინფორმაციო პლატფორმების სადარაჯოზე სიტყვის თავისუფლების იდეალების დაცვის მიზეზით. საინტერესოა ის, რომ იგივე სტანდარტები, როგორც წესი, არ ვრცელდება საპირისპირო მხარეზე ანუ მთავრობასა და მასთან დაკავშირებულ წყაროებზე, რომლებიც აგრეთვე ჩართულნი არიან საინფორმაციო ომში.

თუ დავესესხებით ცნობილი ამერიკული ფილმის „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“-ს სათაურს და მოვარგებთ ჩვენს რეალობას, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველოში „ჯარში მხოლოდ მთავრობა არის“ დანარჩენები სოციალურად უპასუხისმგებლო შეიძლება იყვნენ და ხშირად არიან კიდეც.

ინტერესების სადარაჯოზე

პროექტი „მედია კრიტიკას“ შექმნამ არ დააყოვნა რეაგირება და საკმაოდ ცნობილმა ანალიტიკურ-საგამოძიებო რესურსმა „მითების დეტექტორმა“ გააშალაშა სტატია, რომელშიც ფაქტიურად ბრალი დასდო პროექტს მიკერძოებულობასა და რუსულ პროპაგანდაზე თვალის დახუჭვაში, „კოჰაბიტაციაში“. „მითების დეტექტორი“, რომელიც დაიწყო, როგორც კარგი იდეა საინფორმაციო ველში მითებთან ბრძოლის წინააღმდეგ უკვე დიდი ხანია გადაიქცა პოლიტიკურად ანგაჟირებულ პლატფორმად, რომელმაც საკუთარი თავი აბსოლუტური ჭეშმარიტების განმსაზღვრელად ჩათვალა და არ სურს ამ პრივილეგირებული პოზიციის დაკარგვა. დღეს მისი მესვეურები და მკვლევარები არა თუ საინფორმაციო ომში, არამედ პირდაპირ პოლიტიკურ დაპირისპირებაში არიან პოლიტიკური ოპოზიციის მხარეზე მთავრობის წინააღმდეგ. ეს გასაკვირი არაა იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის არასამთავრობო სექტორი, მედიის მსგავსად, გადაიქცა საეჭვო წარსულის მქონე პირების თავშესაფრად; ასე, 2012 წელს რეჟიმის ცვლილების შემდეგ ნაციონალური მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული ადამიანების საკმაოდ დიდმა ნაწილმა სწორედ რომ ამ განზომილებაში დაიმკვიდრა თავი.

თუმცა, ეს თავდასხმა არის ლოგიკური გაგრძელება იმ რეალობის, რომელიც ზოგადად არსებობს მედია სივრცეში. კერძოდ, დომინანტი მედია რესურსები იცავენ რა საკუთარ პოლიტიკურ, იდეოლოგიურ, ფინანსურ და სხვა ინტერესებს მზად არიან ნებისმიერი ხერხით გააძლიერონ არსებული განაწილება განსხვავებული შეხედულებებისა და მიდგომების მქონე რესურსების მიზანმიმართული დისკრედიტაციით და ჩაძირვით. სწორედ ამ მეთოდს იყენებს ნიკა გვარამია, რომელიც მხოლოდ საკუთარ არხს უწოდებს „კრიტიკულს“ და პრო-დასავლურს, ხოლო სხვა დანარჩენებს პრო-სახელისუფლებლოდ მოიხსენიებს; მას ხშირად საკუთარი უახლოესი მოკავშირეებიც კი ავიწყდება, როგორიც არიან ტვ პირველი, ფორმულა და კავკასია. ხოლო პრო-რუსულობაზე აპელირება იყო და რჩება მიხეილ სააკაშვილის დროინდელი პოლიტიკური, ინტელექტუალური და მედია ელიტების ყველაზე გამოყენებად ბერკეტად; ამბობენ, თუ არ გაგაჩნია ოპონენტის წინააღმდეგ არგუმენტი, შეუმოწმე ორთოგრაფია. დღეს შეიძლება თამამად ითქვას, რომ თუ არ გაგაჩნია მეტოქის წინააღმდეგ არგუმენტი, დასდე მას ბრალი პრო-რუსულობაში.

სამწუხარო რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ სანამ „მითების დეტექტორი“ ძირითადად მთავრობის კრიტიკით და საქართველოს მოსახლეობაში „მოღალატეების“ ძიებით არის დაკავებული, ყველაზე მეტი ბოღმა, შური და ნაღველი გადმოედინება სწორედ რომ ე.წ. ოპოზიციური ან, როგორც მათ მოსწონთ საკუთარი თავის დარქმევა, კრიტიკული მედიებიდან, რომელთა მესვეურები არასოდეს მოახდენენ საკუთარი თავის თვითრეგულაციას, რადგან ამ შემთხვევაში მათთვის დაიკარგება მედია სივრცეში არსებობის საბაბი; ისინი ხომ იქ არიან სწორედ რომ დერეგულირებული გარემოს გამოყენებით საკუთარი ინტერესების დაცვისა და გატანისთვის და არა მოქალაქეებისთვის ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდებისთვის. რა აზრი აქვს მათთვის ჯანსაღი მედია გარემოს შექმნა, თუ ისინი ყველაზე მეტ სარგებელს მისი არაჯანსაღი მდგომარეობით იღებენ. და, რა თქმა უნდა, ამას ხელისუფლება და სახელისუფლებო ელემენტებიც იყენებენ.

თუმცა, საბოლოო ჯამში, როგორც წესი, მაშველიც, მარეგულირებელიც და დამნაშავეც მხოლოდ მთავრობაა!

 

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.