ინტერვიუ ილია ბუდრაიტსკისთან

– მინდა საუბარი დავიწყო შეკითხვით თემაზე, რომელსაც თქვენს ბოლო ინტერვიუებში ეხებით – ეს არის რუსეთის ფაშიზაციის თემა. თუ გავითვალისწინებთ ცნება „ფაშიზმის“ აზრობრივ და ისტორიულ სირთულეს, რა გაძლევთ საფუძველს რუსეთში ამ პროცესის დაწყებაზე ისაუბროთ?

პირველ რიგში აუცილებელია გავიაზროთ, რომ ჩემი აზრით ფაშიზმი არის ცნება, რომელიც მეოცე საუკუნეში არა მხოლოდ გერმანიის და იტალიის გამოცდილებასთანაა დაკავშირებული, არამედ იგი უნივერსალური, როგორც მინიმუმ საერთოევროპული ცნებაა. სხვადასხვა ქვეყნებში იყო ფაშისტური მოძრაობები, ფაშისტური რეჟიმების დამყარების მცდელობები, თეორეტიკოსები და იდეოლოგები, რომლებიც თავიანთ ქვეყნებს ფაშისტური რეჟიმის ამა თუ იმ ვარიანტებს სთავაზობდნენ. მათ შორის ასეთი თეორეტიკოსები იყვნენ რუსეთშიც, მაგალითად ფილოსოფოსი ივან ილინი, რომელიც ჩვენს პრეზიდენტს ძალიან უყვარს. ამიტომაც როდესაც ვსაუბრობთ ფაშიზმზე, უნდა გავიაზროთ, რომ ეს არა უბრალოდ ლანძღვაა, არა გარკვეული იარლიყის მიკერების ან ვინმეს აბსოლუტურ ბოროტებად გამოცხადების მცდელობაა, არამედ გარკვეული სოციალური და პოლიტიკური ტენდენციების გასაგებად მუშა ტერმინია, მუშა ინსტრუმენტია. დღეს რუსეთში სამწუხაროდ ვხედავთ ტენდენციას, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში უთანხმოების სრულ ჩახშობასთან, თვითორგანიზების შესაძლებლობის სრულ განადგურებასთან, პოლიტიკური მანქანის ადამიანებზე სრულ ბატონობასთან – ყველაფერი ეს აჩვენებს, რომ ფაშიზაციის გარკვეული ნიშნები რუსეთში დღეს სახეზე გვაქვს.

– თქვენი აზრით, როდის დაიწყო მთელი ეს პროცესი? მე მახსოვს ფილოსოფოს არტემი მაგუნის სტატუსი, რომელიც მან თებერვლის ბოლოს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაწერა. იგი იხსენებს, რომ 90-იან წლებში რუსეთის ფაშიზაციის ნიშნები უკვე ჩანდა. ის იხსენებს, რომ პოპულარული გახდნენ გარკვეული ფილოსოფოსები, რომ პოპულარული გახდა ფაშიზმის სიმბოლიკა. თქვენც მიიჩნევთ, რომ ეს ყველაფერი 90-იანებში დაიწყო, თუ მისი ფესვები უფრო ადრე ან უფრო გვიან, 2010-იან წლებში უნდა ვეძებოთ? როდის დაიქოქა მთელი ეს პროცესი?

მე მიმაჩნია, რომ პირველ რიგში საუბარი ღირს არა იდეოლოგიაზე, არამედ ასე ვთქვათ განწყობების ბუმზე, რეალობის ყოველდღიურ აღქმაზე, რომელიც საკუთარ თავში ძალის კულტს და წარმოდგენას მოიცავს. წარმოდგენას, რომ ყველა ურთიერთობა ადამიანებს შორის, ისევე როგორც ქვეყნებს შორის კონკურენციას, არსებობისთვის მუდმივ დაუნდობელ ბრძოლას ეფუძნება. ამ წარმოდგენის თანახმად ადამიანური პიროვნება, ადამიანის უფლებები არაფერს ნიშნავს და ყველაფერი ეს მცდელობაა შეინიღბოს ადამიანის რეალური ბუნება, ცხოველური ბუნება, ბუნება, რომელიც ადამიანის ადგილს კოლექტივში განსაზღვრავს. ამასთან ისეთ კოლექტივში, რომელიც არა ამ კოლექტივის მოაზროვნე წევრებისგან შედგება, არამედ სადაც ყველა სურვილი და მისწრაფება მისი გარკვეული საწყისი ბუნებით, გარკვეული საწყისი არსითაა განსაზღვრული. სწორედ ამიტომაც ფაშიზმის ყველა ფორმისთვის დამახასიათებელი იყო წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მაგალითად ვითარება მსოფლიოში რასებს ან ცივილიზაციებს ან კულტურებს შორის არსებობისთვის, ბატონობისა და დომინირებისთვის ბრძოლით განისაზღვრება.

პრინციპში, ეს ის სახეხატია, რომელსაც რუსეთის მოსახლეობას პროპაგანდა აწვდის. ის სახეხატი, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი თავის ყველა გამოსვლაში რეგულარულად აჟღერებს. თავის მხრივ ეს მსოფლმხედველობა გარკვეულ ნიადაგს ეყრდნობა. ნიადაგს, რომელიც მართლაც შეიქმნა იმ პროცესების შედეგად, რომელიც რუსეთში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში 1990-იან წლებში დაიწყო. ეს პროცესები დაკავშირებული იყო ძალიან მკაცრი საბაზრო ურთიერთობების დანერგვასთან, საბაზრო იდეოლოგიის დანერგვასთან, რომლის საფუძველშიც ასევე დევს წარმოდგენა ერთმანეთის წინააღმდეგ დაუნდობელ ბრძოლაზე. ამიტომაც რეალურად ის თეორეტიკოსები, ის ავტორები, რომლებიც ფაშიზმზე 20-იან წლებში როგორც ბაზრის გადაგვარებაზე, როგორც კაპიტალიზმის გადაგვარებაზე წერდნენ, დღესაც საკმაოდ აქტუალურები არიან. საზოგადოება, რომელიც მთლიანად ატომიზებულია, რომელსაც სოლიდარობის და კოოპერაციის არავითარი ფორმის არ სჯერა, საზოგადოება, რომელშიც არსებობს წარმოდგენა, რომ სხვა ადამიანი შენი მიზნების და ინტერესების განხორციელებისთვის წინაღობას წარმოადგენს, არის საზოგადოება, რომელიც მზად არის რეალობაზე სრულფასოვანი ფაშისტური წარმოდგენების ჩარჩო მიიღოს და კონკურენტული ურთიერთობა ინდივიდებს შორის ასეთივე კონკურენტულ ურთიერთობაზე ქვეყნებს და ხალხებს შორის გადაიტანოს.

ფაშიზმის ძირითადი ხაზი მის ყველა გამოვლინებაში იყო უნივერსალიზმის უარყოფა. უარყოფა იმის, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, რომ ყველა ადამიანს აქვს უპირობო ადამიანის უფლებები, რომ ადამიანებს შეუძლიათ გაუგონ და მიიღონ ერთმანეთი, რადგანაც საერთო მათ უფრო მეტი აქვთ, ვიდრე განმასხვავებელი. ამ უნივერსალისტური ღირებულებების უარყოფა, თანასწორობის უარყოფა, ადამიანთა საერთოობის უარყოფა იყო ფაშიზმის საფუძველში ისტორიულადაც და ჩვენ უკვე ვხედავთ რომ დღეს ეს ყველაფერი ახალ ფორმებში, ახალი რიტორიკული გაფორმებით რუსულ პროპაგანდაში აღორძინებას განიცდის.

– შეგვიძლია გადავიდეთ კაპიტალიზმის თემაზე. რას წარმოადგენს დღეს კაპიტალიზმი რუსეთში და როგორ არის იგი დაკავშირებული პოლიტიკურ რეჟიმთან? და ალბათ უმთავრესი შეკითხვა – აწყობს თუ არა მას ეს ომი?

შეკითხვა, აწყობს თუ არა მას მიმდინარე ომი საკმაოდ რთულია. ყოველთვის როდესაც ადამიანები კაპიტალიზმზე საუბრობენ, თვლიან, რომ კაპიტალიზმს მხოლოდ მოგების მიღებისკენ გარკვეული კოლექტიური სწრაფვა ამოძრავებს. ნაწილობრივ ეს მართლაც ასეა, თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი ომი უფრო მოგების დაკარგვასთანაა კავშირში, ვიდრე მის მიღებასთან. მეოცე საუკუნის ყველა იმპერიალისტური ომი კაპიტალისტურ საზოგადოებებში მიმდინარე გარკვეული პროცესების შედეგად ხდებოდა, თუმცა უზარმაზარ ნგრევას და საბოლოო ჯამში უზარმაზარ ფინანსურ დანაკარგებს იწვევდა. ამიტომაც რეალურად არ შეიძლება კაპიტალისტური ომების მხოლოდ მოგების საზომით გაზომვა.

ჩემი აზრით, კაპიტალიზმისთვის, მით უმეტეს ეროვნულ ჩარჩოებში, იმპერიალისტური ძალაუფლების ჩარჩოებში გაცილებით მნიშვნელოვანია საკუთარი მოსახლეობის მართვა – სრული კონტროლი დაქირავებულ მუშახელზე, ექსპლუატაციის აბსოლუტურად შეუზღუდავი შესაძლებლობა. ამის საშუალებას მკაცრი ავტორიტარული რეჟიმი და დასაქმებულთა ნებისმიერი ფორმის თვითორგანიზების, ძალაუფლებისადმი საზოგადოების ნებისმიერი ფორმით დაპირისპირების არარსებობა იძლევა. ძალაუფლება კი იერარქიულად, „ზემოდან ქვემოთ“ მოქმედებს. დღეს რუსეთში ჩვენ ვხედავთ, რომ აღნიშნული სწრაფვა რუსული კაპიტალიზმის, რომელიც განუყოფელია სახელმწიფო ბიუროკრატიისგან, სახელმწიფო მანქანისგან, რეალიზდება. დღეს რუსეთი გადავიდა მდგომარეობაში, როდესაც ნებისმიერი ადამიანი არის ზემოდან წამოსული ნების აბსოლუტურად უუფლებო შემსრულებელი. ნებისმიერი დასაქმებული შეიძლება დროის ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერ პირობებში ამუშავო. მას არ გააჩნია თავდაცვის არავითარი შესაძლებლობა. პროფკავშირები რუსეთში პუტინის მმართველობის ოცი წლის განმავლობაში თანმიმდევრულად განადგურდა. პოლიტიკური ორგანიზების შესაძლებლობებიც ასევე განადგურდა და დღეს ადამიანები რუსეთში მართლაც წარმოადგენენ უუფლებო მასალას ძალაუფლების მფლობელთა ხელში.

ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი არის აბსოლუტურად ანტისოციალური სახელმწიფო, დაფუძნებული კოლოსალურ ქონებრივ უთანასწორობაზე. ძალიან სუსტია, თითქმის გამქრალია სოციალური დაცვის მექანიზმები და ყველა ეს ტენდეცია ბოლო წლებში ძლიერდებოდა. ბუნებრივია ისინი კიდევ უფრო გაძლიერდა ომის დაწყების შემდეგ და ფაქტიურად დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ საომარი პროპაგანდის წყალობით, ოპოზიციის და პროფკავშირების სრული განადგურების წყალობით ძალაუფლება და მმართველი ელიტა აბსოლუტურ კონტროლს იღებს საკუთარ მოსახლეობაზე, რომელიც სრულიად უუფლებო, მორჩილ სამუშაო ძალად გადაიქცა.

– რატომ არ დაეხმარა მოსახლეობას ის მდგომარეობა, რომელსაც ალექსეი იურჩაკი ტერმინ „არ მყოფადობით“ აღწერს. იგი საუბრობდა „არ მყოფობადობაზე“ საბჭოთა კავშირში, თუ როგორ იცავდა რუსებს „არ მყოფადობის“ წარსული გამოცდილება საბჭოთა პროპაგანდისგან. რატომ არ იმუშავა მან დღეს, რა შეიცვალა და რატომ უჭერენ ადამიანები მხარს ომს, თუ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ვიმსჯელებთ?

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ეს ომის მხარდაჭერა პასიური მხარდაჭერაა. იგი ეფუძნება ადამიანებში ღრმა უუნარობის განცდას, რამეზე გავლენა მოახდინონ. ეფუძნება ღრმა დეპოლიტიზაციას და ამ თვალსაზრისით ახალი რუსული ფაშიზმი, ან ფაშიზმისკენ შებრუნება დიდწილად განსხვავდება მეოცე საუკუნის ფაშიზმისგან, სადაც მობილიზაცია, გარკვეული ენთუზიაზმი ქვემოდან არსებობდა. არავითარ ენთუზიაზმს დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ. პირიქით, ვხედავთ რომ ადამიანები დაბნეული არიან, მომავლის ეშინიათ და საკუთარი პირადი ცხოვრების და ფსიქიკური ჯანმრთელობის დასაცავად სახელმწიფო პროპაგანდის ფორმულებს მორჩილად იღებენ. სახელმწიფო პროპაგანდის, რომელიც მათ აქტივობისკენ კი არ მოუწოდებს, არამედ ამბობს, რომ ერთი მხრივ არსებობს საფრთხეები მთელი მსოფლიოსგან, რომლისგანაც მათი დაცვა მხოლოდ პრეზიდენტს და მთავრობას შეუძლია, ხოლო მეორე მხრივ იგივე პროპაგანდა მათ ეუბნება, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება – ჩვენთან ნამდვილი ომი არ არის, სანქციებიც მალე კრახს განიცდის და საერთოდ საჭიროა ცხოვრების ძველებურად გაგრძელება – მშვიდად მუშაობა და პირადი პრობლემების მოგვარება, არაფერში ჩარევა და არსებული ხელისუფლებისადმი ლოიალობის აქტიურად მაშინ გამოხატვა, როდესაც ხელისუფლება ამას ითხოვს. მაშინ როდესაც იგი არ ითხოვს, სჯობს გაჩუმება და ოფიციალური ახალი ამბების მოსმენა.

– როგორც ვხვდები რუსული სამყაროს აღდგენის და რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის იდეა არ იქცა ისეთივე ზეიდეად, როგორიც საბჭოთა კავშირში კომუნისტური მომავლის მშენებლობის იდეა იყო ან როგორც ფაშიზმში არსებობდა გარკვეული ზეიდეა? როგორც ვხვდები ასეთი ამაღლებული იდეა რუსეთში არ არსებობს?

დიახ. ცხადია არსებობს უფსკრული საბჭოთა გამოცდილებასა და დღევანდელ პუტინის რუსეთს შორის. კომუნიზმის მშენებლობის იდეა, რისიც საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში მართლაც ცოტას თუ სჯეროდა და რომელსაც დისტანციურად, „არ მყოფადობის“ სიტუაციაში აღიქვამდნენ, რომელზეც იურჩაკი წერდა, მაინც იყო იდეა, რომელიც მომავალზე საუბრობდა. რომ მიუხედავად დღევანდელი არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობისა, დადგება მომენტი, როდესაც ჩვენ უკეთესად ვიცხოვრებთ და ჩვენ ამ მომენტისკენ მივისწრაფვით. ეს ისტორიული ოპტიმიზმი, რომელიც დამახასიათებელი იყო საბჭოთა პროპაგანდისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა იმ მხარდაჭერის ფორმირებაში, რომელიც საბჭოთა რეჟიმს გააჩნდა.

დღევანდელი რეჟიმი რუსეთში ადამიანებს არავითარ მომავალს არ ჰპირდება. ეს არის რეჟიმი, რომელსაც მომავალის არავითარი სურათი არ გააჩნია და რომელიც თანმიმდევრულად ცდილობს ადამიანები მომავალზე ფიქრს გადააჩვიოს. ეს არის რეჟიმი, რომელიც ადამიანებს მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრებას სთავაზობს. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ეს არის განცდა, რომელიც რუსების უმრავლესობის ყოველდღიურობის კონკრეტულ გამოცდილებას შეესაბამება. ადამიანებს ბუკვალურად არ აქვთ ფული, რომ მომდევნო ნახევარი წელი იცხოვრონ. ადამიანებს არ შეუძლიათ არაფრის დაგეგმვა. ისინი ცხოვრობენ მოკლე დისტანციებით. ბევრ მათგანს აქვს დიდი რაოდენობით კრედიტი და არავითარი წარმოდგენა, თუ როგორ გაისტუმრონ ის. ადამიანებს არ ესმით, შეინარჩუნებენ თუ არა სამუშაო ადგილს, თუ დაკარგავენ მას ახლო მომავალში. ბევრმა არ იცის, იქნება თუ არა მათი პროფესია, მათი უნარები და ცოდნა მოთხოვნადი ბაზარზე ბუკვალურად ერთი-ორი წლის შემდეგ. ყველაფერი, რასაც მათ ამ პირობებში სთავაზობენ, არის აწმყოსთან შეგუება, დღევანდელი დღის მიღება და უარის თქმა მომავლის განჭვრეტაზე. ამიტომაც ამ თვალსაზრისით, ეს რეჟიმი გაცილებით უფრო ეფუძნება შიშს, ნერვოზს, შფოთს, ვიდრე საბჭოთა რეჟიმი, რომელიც პუტინისგან განსხვავებით მართლაც სთავაზობდა მოსახლეობას გარკვეულ სტაბილურობას იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანებს წარმოდგენა ჰქონდათ თუ რა ელოდებოდათ ერთი, ხუთი ან ათი წლის შემდეგ. დღეს ამ თვალსაზრისით გვაქვს აბსოლუტური არასტაბილურობა, რომელსაც მოსახლეობაზე სტაბილურ მდგომარეობად ჰყიდიან.

– მინდა გკითხოთ მომავალზე. როგორ გაუმკლავდება პუტინის რეჟიმი იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს, რომელიც დღეს წარმოიშვა. დავაზუსტებ, 30 წელი რუსეთი მიზანმიმართულად ყალიბდებოდა გლობალური ცენტრის პერიფერიად, რესურსულ დანამატად. აქვს თუ არა ამ რეჟიმს რესურსი შეცვალოს ეს ყველაფერი იმ ვითარებაში, როდესაც იგი გლობალური ცენტრის წინააღმდეგ გამოდის. გააჩნია თუ არა მას რესურსი, პოლიტიკური ნება ან პოლიტიკური შესაძლებლობები შეცვალოს ეს ყველაფერი?

ჩემი აზრით, პუტინის მმართველობის სტილი, ისევე როგორც ჩვეულებრივი რუსების ცხოვრება, ყველაზე მოკლევადიანი პერსპექტივით განისაზღვრება. ჩვენ ვხედავთ, რომ იმ ნაბიჯების უდიდესი ნაწილი, რომელიც პუტინმა გადადგა, ძალიან ხანმოკლე დროითი პერსპექტივიდან გამომდინარე გადაიდგა. რუსეთში ელიტა პრინციპში მიჩვეული არ არის იფიქროს რა იქნება ათი ან ოცი წლის შემდეგ – რაღაც იქნება, რაღაც გამოვა, რაღაცნაირად გავძვრებით.

ჩემი აზრით, ეს წარმოდგენა გაბატონებულია რუსეთის ხელისუფლების მართვის კურსში. ჩვენ ვიცით, რომ პუტინის მიერ ამ შეჭრის დაწყების დროს რუსეთის ელიტის დიდი ნაწილი ბოლო დრომდე არ თვლიდა, რომ იგი შესაძლებელია. ელიტა მომხდარით მართლაც შოკირებული იყო. ახლა კი იგი ახალ სიტუაციას უნდა შეეგუოს. ყველა ნაბიჯი, რომელსაც მთავრობა დგამს, არის მომხდარ ფაქტთან შეგუება. ჩვენს წინააღმდეგ სანქციებია, მაშინ ვიფიქრებთ, როგორ ვიცხოვროთ ამ სანქციების ქვეშ. და რა იქნება შემდეგ, რა იქნება ორი წლის შემდეგ – ეს ხომ ორი წლის შემდეგ იქნება და ანუ ჯერ კიდევ გვაქვს ორი წელი, რომ ამაზე არ ვიფიქროთ. დაახლოებით ასეა აგებული პუტინის მანქანა. ადამიანები ყველა პოზიციაზე სახელმწიფო იერარქიაში მოქმედებენ სიტუაციის შესაბამისად და ცხოვრობენ დღევანდელი დღით. რუსეთში ნებისმიერ ადამიანს, ყველაზე დაბლა მდგომიდან ელიტის უმაღლესი რგოლის წარმომადგენლის ჩათვლით რომ ჰკითხოთ, როგორ ხედავს რუსეთის მომავალს პუტინის შემდეგ, როგორ მოხდება ძალაუფლების ტრანზიცია, როგორ შენარჩუნდება ეს სისტემა მას შემდეგ, რაც თუნდაც ბუნებრივი მიზეზებიდან გამომდინარე ეს ერთი ადამიანი, რომლის ირგვლივაც ყველაფერი აგებულია, გარდაიცვლება, ვერავინ გაგცემთ პასუხს. ვიაჩესლავ ვოლოდინის ცნობილი ფრაზა: „არ არის პუტინი, არ არის რუსეთი“ მართლაც გამოხატავს რეალობას. ადამიანებს არ წარმოუდგენიათ როგორ იარსებებს ქვეყანა უახლოესი ათი ან ოცი წლის პერსპექტივაში, რაც მის პოლიტიკას უკიდურესად იმპულსურად და არაპროგნოზირებადად აქცევს.

– და ბოლო შეკითხვა, რომელიც უფრო გლობალურ თემებს შეეხება. როგორ შეიცვლება სამყარო ამ ომის შემდეგ? დღეს ბევრი საუბრობს, რომ სამყაროში იქნება დემოკრატიების და არადემოკრატიული რეჟიმების დაპირისპირება, რომ ადგილი ექნება მემარჯვენე იდეების და მემარჯვენე პოლიტიკოსების დასასრულს ან პირიქით. ზოგიერთისგან ისიც კი ისმის, რომ კაპიტალისტური სისტემის კრიზისი და კრახი მოხდება. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მომავალი ამ ომის შემდეგ?  

პუტინს სურდა ამ შეჭრით მსოფლიო წესრიგი შეეცვალა და პრინციპში იგი მას უკვე ცვლის. თუმცა ეს იქნება მსოფლიო წესრიგი, სადაც რუსეთი გაცილებით უმნიშვნელო როლს ითამაშებს, ვიდრე ამ შეჭრამდე თამაშობდა. ეს იქნება რუსეთი ჩამონგრეული ეკონომიკით, გაღატაკებული მოსახლეობით და სრული საერთაშორისო იზოლაციით. მიუხედავად ამისა პროცესი, რომელიც ამ ომმა აამოქმედა, მართლაც ხელს უწყობს მსოფლიოს დაყოფას სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებად. ამ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკების დაპირისპირებას ეკონომიკური პროცესები განსაზღვრავს. მაგალითად, უკვე ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი ამ ომის არის დასავლეთის მხრიდან დემონსტრირება, თუ ეკონომიკა და ეკონომიკური ინსტრუმენტები როგორ შეიძლება პოლიტიკური მიზნების სამსახურში ჩადგეს. მართლაც დოლარის დომინირება და საერთაშორისო ვაჭრობა, საერთაშორისო ფინანსური ინსტრუმენტები შესაძლოა პოლიტიკურ ბრძოლაში საკმაოდ ეფექტურ ინსტრუმენტებად იქცეს. ეს კი ნიშნავს, რომ ეკონომიკის და პოლიტიკის გაყოფა, რომ თითქოს დამოუკიდებლად იარსებებს საერთაშორისო პოლიტიკა და ყველას ერთმანეთთან გლობალური ვაჭრობის ეპოქა, გლობალიზაციის ეპოქა საბოლოოდ წარსულში დარჩება და სამყარო სულ უფრო დაიყოფა ბლოკებად, რომელთა დაყოფაშიც შეერთებული შტატების და ჩინეთის დაპირისპირება ცენტრალურ როლს ითამაშებს. ხოლო რუსეთი, თუ მასში რაიმე რადიკალურად არ შეიცვლება, ჩინურ ბლოკში უმცროს პარტნიორად გადაიქცევა.

მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ გააზრებას, რომ ეკონომიკა და ბუნებრივი რესურსების ფლობა პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტს წარმოადგენს, რაც სულ უფრო აქცევს ენერგოგანახლების, განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლის ამოცანას აქტუალურად. ის, რომ ევროპა აქტიურად იწყებს რუსულ რესურსებზე უარის თქმას, მისი განახლებადი ენერგიის რესურსებზე გადასვლის პროცესს სულ უფრო ინტენსიურად აქცევს. თუმცა მეორე მხრივ, ეს გადასვლა შეუძლებელი იქნება განვითარებადი ქვეყნებისთვის, მაგალითად აზიაში, რომელთათვისაც ასეთი ენერგოგანახლების ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამიტომაც შესაძლებელია, რომ ჩვენ ვნახავთ არა უბრალოდ მწვანე ეკონომიკის ტრიუმფს მსოფლიოში, არამედ ვნახავთ დიდ უფსკრულს განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის. განვითარებულ ქვეყნებში სწრაფი ტემპებით შეიქმნება მწვანე ეკონომიკა და შემცირდება გამონაბოლქვი, ხოლო ღარიბ ქვეყნებში გამონაბოლქვი გაიზრდება, რადგან მათ არ გააჩნიათ ენერგოგანახლების ფუფუნება და იძულებული იქნებიან ყველაზე იაფი სახის საწვავი გამოიყენონ და მაგალითად ქვანახშირზე გადავიდნენ.

მესამე მხრივ, ცხადია მთელი ეს სიტუაცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საერთაშორისო სამართლის, კოლექტიური უსაფრთხოების ინსტიტუტების ეფექტურობას, რომელიც მსოფლიოში აქამდე არსებობდა. ცხადია საჭირო იქნება ამ გამოწვევაზე ახალი პასუხების გაცემა.

პოზიტიური მომენტი, რომელიც ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს იქნება იმის გააზრება, თუ რამხელა საფრთხე მოაქვს მემარჯვენე პოპულიზმს და ნებისმიერი ფორმის შოვინიზმისადმი, რეაქციული რიტორიკისადმი მიმართვას. გააზრება, რომ ამ რიტორიკას მართლაც შეუძლია საშინელი შედეგები გამოიწვიოს. იგი შეიძლება სამხედრო დანაშაულებების, სამხედრო აგრესიის და ა.შ. გასამართლებლად გამოიყენონ. ამასთან დაკავშირებულია მომენტი იმის გააზრებისაც, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან ლტოლვილები. დღეს, როდესაც დასავლური სამყარო უკრაინიდან ლტოლვილებს იღებს, ზოგადად აჩვენებს, რომ ლტოლვილის წარმოდგენა უცხოდ, რომელიც ჩვენს ღირებულებებს და სამუშაო ადგილებს ემუქრება, სხვად, არაადამიანურ არსებებად, რომელიც წმინდა საფრთხეს წარმოადგენს, ახლა არ მუშაობს. ევროპელების უმრავლესობა ლტოლვილებში ისეთივე ადამიანებს ხედავს, როგორებიც თავად არიან. პირველ რიგში ეს კავშირშია სოლიდარობასთან უკრაინელი ლტოლვილების მიმართ, თუმცა სრულად შესაძლებელია რომ ეს სიტუაცია ზოგადად ლტოლვილებზეც მოახდენს გავლენას.

– დიდი მადლობა ილია ინტერვიუსთვის და წარმატებებს გისურვებთ.