ინტერვიუ დავით ნარმანიასთან
(ესაუბრა ზვიად ავალიანი)
ადგილობრივი არჩევნების შემდეგ თქვენ დატოვებთ თბილისის მერის თანამდებობას. პირველ რიგში მინდა გკითხოთ – თქვენ თვითონ როგორ შეაფასებდით დავით ნარმანიას, როგორც თბილისის მერს? რამდენად შეძელით იმ დაპირებების და პროგრამის შესრულება, რომლითაც წარსდექით საზოგადოების წინაშე 2014 წლის არჩევნებზე?
ჩემი წინასაარჩევნო დაპირებების აბსოლუტური უმრავლესობა შესრულებული ან შესრულების პროცესშია. ჩვენ წინასაარჩევნო პროგრამის შედგენისას ვიყავით საკმაოდ მოზომილები და კარგად ავწონ-დავწონეთ, თუ რის გაკეთებას შევძლებდით. აქედან გამომდინარე ორი სამი გამონაკლისის გარდა, შეუსრულებელი დაპირებები პრაქტიკულად არ გვრჩება. სამი წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვიმუშავეთ და მაქსიმალურად რაციონალურად გამოვიყენეთ ჩვენს ხელთ არსებული რესურსები. ამან მოგვცა საშუალება, რომ თითქმის ყველა დაპირება შეგვესრულებინა ან მიგვეყვანა ბოლომდე. სხვათა შორის, იქედან გამომდინარე, რომ მუშაობის პროცესში ჩვენს თანამოქალაქეებს წარმოეშობოდათ სხვადასხვა მოთხოვნები, ზოგიერთ ნაწილში შესაძლოა გავაკეთეთ იმაზე მეტიც კი, ვიდრე გვქონდა პროგრამაში.
ჩვენ გავატარეთ სამი უმნიშვნელოვანესი პრინციპი – მოვახდინეთ მეტი რესურსების მობილიზაცია პრიორიტეტულ მიმართულებებზე, შევძელით ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა და გამოთავისუფლებული ხარჯების მიმართვა ქალაქისთვის სასიკეთო პროექტებზე და მესამე – ჩვენ ყველაფრის სათავეში დავაყენეთ ჩვენი თანამოქალაქე. ყველა პროექტის განხორციელებისას ვფიქობდით პირველ რიგში იმაზე, თუ როგორ გააუმჯობესებდა ეს ჩვენი თანამოქალაქეების საცხოვრებელ გარემოს. სწორედ ამ მიდგომამ მოგვცა საშუალება, რომ ქალაქში ბევრი რამ მოვაწესრიგეთ და დავძლიეთ ის უამრავი პრობლემა, რაც დაგვხვდა. მათ შორის ის საბოტაჟური გარემო, რაც ჩვენ პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში გვქონდა. აქვე ხაზს გავუსვამ – რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს ქალაქში პრობლემა არ არის. ქალაქი მუდმივი ცვალებადობით ხასიათდება. მოსახლეობის მოთხოვნები და საჭიროებები მუდმივად იცვლება, პერიოდულად მწყობრიდან გამოდის სხვადასხვა სახის ინფრასტრქუტურა, რომელიც თავის ექსპლუატაციის ვადას ამოწურავს და ა.შ. ამიტომ ცხადია ქალაქს დღესაც ძალიან ბევრი საჭიროება აქვს, რომლებიც ეტაპობრივად უნდა გადაიჭრას.
ვიდრე მერიის მისამართით ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე გადავიდოდეთ, არ შემიძლია არ გკითხოთ ბოლო პერიოდში დედაქალაქში გახშირებულ ხანძრებთან დაკავშირებით – გუშინ ჩვენ გავხდით კიდევ ერთი მასშტაბური ხანძრის მოწმე მთაწმინდაზე. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ამ გახშირების მიზეზი და რამდენად უზრუნველყოფილნი არიან მეხანძრეები ჩვენი რელიეფისთვის ადეკვატური ტექნიკური საშუალებებით?
როგორც წესი, ზაფხულისა და ზამთრის პერიოდები ყველაზე საშიშია ხანძრის თვალსაზრისით. ზაფხულის პერიოდი ძირითადად მომეტებული ტემპერატურიდან გამომდინარე, რაც გარეთ იწვევს ცეცხლის გაჩენას, ხოლო ზამთრის პერიოდში ხანძარი ხშირად ჩნდება საცხოვრებელ სივრცეებში გაუმართავი ენერგეტიკული მოწყობილობებისა და სადენების გამო. როგორც წესი, სახანძრო-სამაშველო სამსახური არის ძალიან ოპერატიული. მათი პერსონალი არის აღჭურვილი შესაბამისი უნარ-ჩვევებითა და ტექნიკით, რათა გაუმკლავდნენ ხანძარს. ეს შეიძლება ითქვას მიზეზებზე ზოგადად, თუმცა ყველა კონკრეტულ შემთხვევას აქვს ასევე კონკრეტული მიზეზი და ეს გამოძიების შედეგად დგინდება. ფაქტია რომ რეაგირება არის ყოველთვის ადევატური, ძალიან სწრაფი და ჩვენი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ყველა ქმედება გმირობის ტოლფასია. მინდა მათ კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა.
გადავიდეთ თქვენი წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებზე. პროგრამაში განსაკუთრებული აქცენტი იყო გაკეთებული ეკონომიკურ ზრდაზე და დასაქმების ხელშეწყობაზე. რა გაკეთდა ამ მიმართულებით თქვენი ხელმღვანელობით და შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ ეკონომიკური აქტივობისა და დასაქმების კუთხით სიტუაცია არის გაუმჯობესებული 2014 წელთან შედარებით?
დიახ, თბილისში ეკონომიკური სიტუაცია დღეს გაცილებით უკეთესია ვიდრე იყო 2014 წლამდე, თუმცა ცხადია ეს არ არის მხოლოდ მერიის დამსახურება. არსებობს ცენტრალური ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას და დასაქმებას, მაგრამ ჩვენ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვაქვს ეკონომიკურ ზრდაში. რამდენიმე პროგრამა რომელიც თბილისის მერიის მეშვეობით ხორციელდება, ხელს უწყობს ქალაქში ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას. იცით, რომ ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო სასტუმროების განვითარების ხელშეწყობა და ორი წლის განმავლობაში იაფი სესხის პროგრამაც გვქონდა. დღეს უკვე სხვა ნაწილში ვეხმარებით ამ დარგს; ასევე, ჩვენ განვკარგავთ მუნიციპალურ ქონებას და ხელს ვუწყობთ ინვესტორებს განახორციელონ ეკონომიკური აქტივობა და დაასაქმონ ადამიანები. იგივე შეიძლება ითქვას მშენებლობის ნებართვებთან დაკავშრებითაც რაც ასევე თბილისის მერიის კომპეტენციაა. გვაქვს ასევე რამდენიმე პროგრამა, რომელიც თბილისის მერიის ეკონომიკური სამსახურის მიერ ხორციელდება და ასევე ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას. სწორედ ცენტრალური და ქალაქის ხელისუფლების ერთობლივი აქტიური მუშაობის შედეგია ის, რომ დასაქმების მაჩვენებელი დღეს ქალაქში გაუმჯობესებული გვაქვს 2014 წელთან შედარებით. ყოველწლიურად ჩვენს ქალაქს სულ უფრო მეტი ტურისტი და ვიზიტორი სტუმრობს და წელიწადში ტურისტების მინიმუმ 15-20 % – იანი ზრდაც ცხადია უფრო მეტ შემოსავალს განაპირობებს. თბილისში ბოლო წლებში მომატებულია მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი და ასევე სხვა ეკონომიკური მაჩვენებლებიც. არც ერთი ეკონომიკური მაჩვენებლის გაუარესება ქალაქში ბოლო წლებში არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისი არის ძალიან დიდი ეკონომიკური ცენტრი, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ქვეყნის სხვა ნაწილების ეკონომიკური აქტივობის გენერატორის ფუნქციასაც ასრულებს.
თქვენს პროგრამაში თბილისის ერთ-ერთ უმწვავეს გამოწვევად დასახელებული იყო პარკირების პრობლემა – პროგრამა გულისხმობდა ქალაქის სხვადასხვა უბნებში მიწისქვეშა და მრავალსართულიანი ავტოსადგომების მოწყობას, თუმცა, პარკირება დღემდე თბილისის უმთავრეს პრობლემად რჩება. ბევრი მოქალაქე პირდაპირ ადანაშაულებს მერიას პასიურობაში და მათ შორის სითი პარკის მიმართ შემრიგებლურ პოლიტიკაშიც. რატომ ვერ მოახერხა მერიამ დღემდე ამ პრობლემების გადაჭრა და რა გაკეთდა ამ მიმართულებით ბოლო სამი წლის განმავლობაში?
თითოეულ ჩვენგანს ოჯახში ორი-სამი მანქანა გყავდეს და პარკირების პრობლემას მხოლოდ მერიას ვაბრალებდეთ ჩემი აზრით არასწორია. თუ 2010 წლისთვის თბილისში ყოველდღიურად 200 000 მანქანა გადაადგილდებოდა დღეს 500 000-ზე მეტი მანქანა გადაადგილდება. ბოლო 6-7 წლის მანძილზე მანქანების რაოდენობის მნიშვნელოვანმა ზრდამ ერთ მხრივ განაპირობა საცობები, ხოლო მეორე მხრივ, ეს ხელს უშლის პარკირებას. ჩვენ არ შევრიგებივართ სითი-პარკს და მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ არასდროს გვქონია ჰარმონიული ურთიერთობა სითი-პარკთან. ყოველი ჩვენი შეხვედრა სითი-პარკთან, სადაც ჩვენ მათ კონსტრუქციულად ვთავაზობდით ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელებას, მათი მხრიდან დესტრუქციულობით გამოირჩეოდა. სხვათა შორის, სწორედ ჩვენ გავასაჯაროვეთ სითი-პარკთან დადებული კაბალური ხელშეკრულება მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლებამ მას გრიფით საიდუმლო დაადო. ჩვენ რეალურად ფარდა ავხადეთ მათ კორუფციულ ქმედებებს. სამწუხაროდ, ამის შემდეგ, ჩვენ წინ ვერ წავედით: ჩვენ მოვამზადეთ ხელშეკრულებაში გონივრული ცვლილებების პროექტი მაგრამ სითი-პარკი ამ ცვლილებებზე არ წამოვიდა, რადგან მასთან კაბალური ხელშეკრულება იყო გაფორმებული. იცით, რომ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ჩვენ მინიმუმ 25 მილიონი ლარის გადახდა მოგვიწევდა. ჩვენ წავედით მეორე გზით – ჩვენ ავირჩიეთ ქალაქში მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობის გზა – ჩვენს მიერ დაქირავებულმა კომპანიამ მოამზადა ათი ადგილი. ჩატარდა შესაბამისი ეკონომიკური კვლევა და ეს ათი ადგილი მზადაა იმისათვის, რომ გამოცხადდეს კონკურსი მრავალსართულიანი პარკინგების ასაშენებლად. ამჟამად მზადდება დოკუმენტაცია, რომელიც გულისხმობს კონკურსის პირობების დაზუსტებას, რის შემდეგაც, ალბათ ამ წლის შემოდგომაზე, გამოცხადდება კონკურსი.
2014 წელს თქვენ გახდით იმ ქალაქის მერი, რომელსაც საცობების ქალაქსაც უწოდებდნენ. თქვენს პროგრამაში გზების გამტარიანობის პრობლემის მოგვარებას და ახალი განივი მაგისტრალების შექმნას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. რომელი გზების გამტარიანობა გაიზარდა ბოლო სამი წლის მანძლზე?
დავასახელებ მხოლოდ რამოდენიმე მაგალითს. ჩვენი პირველი დაპირება იყო პუშკინის ქუჩაზე, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ორმხრივი მორაობის აღდგენა, რითაც განიტვირთებოდა ეს უბანი. ეს მართლაც ასე მოხდა და დღეს რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები მნიშვნელოვნად განტვირთულია. მეორე პროექტი არის შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი გზა, რომლის მეშვეობითაც შინდისიდან კრწანისში (და პირიქით) მოხვედრა შესაძლებელია 4 წუთში, მაშინ, როდესაც ძველი გზით 12-15 წუთი მაინც არის საჭირო. ამ გზამ განტვირთა ქალაქის ისტორიული ნაწილი, ასათიანის ქუჩა და სხვა მიმდებარე ქუჩები, სადაც მუდმივად იყო საცობები. მესამე პროექტი, ეს არის სამება-მახათას დამაკავშირებელი გზა. დღეს სამების საკათედრო კომპლექსიდან, ანუ ზედა ავლაბრიდან მახათას მთაზე მოხვედრა სულ რაღაც 3 წუთშია შესაძლებელი მაშინ, როდესაც შემოვლითი გზებით 10-15 წუთი მაინც იყო საჭირო. ასევე, ჩვენ ფაქტიურად თავიდან ავაშენეთ და გავხსენით აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ მიმავალი პანდუსი, რომელიც 25 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გაჩერებული იყო. ამ გზამაც მნიშვნელოვნად განტვირთა უბანი საცობებისგან და გარდა ამისა, შეამცირა მომეტებული ავარიების რისკი. ჩვენ გვაქვს მომზადებული სხვა პროექტებიც, რომლებიც შემდგომ პერიოდში უნდა განხორციელდეს, მათ შორის შემიძლია დავასახელო ლაგუნა-ვერესთან გზის გაფართოების გეგმა. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანია ვისოლთან რათა მოხდეს იქ არსებული ბენზინგასამართი სადგურის ჩაწევა შედარებით უკან და შესაბამისად შესაძლებელი გახდეს გზის გაფართოება. ზოგადად, გზებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ თუ ჩვენი წინამორბედების მმართველობის დროს დედაქალაქში წელიწადში საშუალოდ ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი გზა იგებოდა, ჩვენ ყოველწლიურად ერთნახევარ მილიონ კვადრატულ მეტრ გზას ვაგებთ, რამაც მოგვცა საშუალება რომ ქალაქში გადაადგილება მნიშვნელოვნად გაადვილებულიყო.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის სუსტი განვითარება იყო იმ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომლის მერიც თქვენ გახდით სამი წლის წინ. „ქალაქის ავტოპარკის შეივსება ახალიავტობუსებით; განხორციელდება მეტროს სადგურების პერიოდული რეკონსტრუქცია და ახალისადგურის მშენებლობა; განვითარდება ელექტროტრანსპორტი“ – ვკითხულობთ თქვენს წინასაარჩევნო პროგრამაში – რამდენად განხორციელდა ეს დაპირება, რის გაკეთება მოესწრო და რის შესრულებას უნდა ველოდოთ მომავალში?
მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო და ჩვენ ამ კუთხით სამ ნაწილად გავყავით ამოცანა. პირველი და ყველაზე მწვავე პრობლემა იყო მუნიციპალური ავტობუსების მდგომარეობა. საჭირო იყო ყვითელი ბოგდანების ჩანაცვლება ახალი ევროპული ავტობუსებით. ეს ჩვენ განვახორციელეთ პირველი ეტაპის სახით რომელის ფარგლებშიც დღეს ქალაქში გადაადგილდება 143 ახალი, ევროპული, MAN-ის მარკის ავტობუსი, რომლებიც არის უსაფრთხო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის თვალსაზრისითაც. მეორე მნიშვნელოვანი პროექტი იყო მეტროს მოდერნიზაცია. როცა ჩვენ მეტროპოლიტენის პროექტები გადმოვიბარეთ შემადგენლობების აბსოლუტურ უმრავლესობას 1 მილიონ კილომეტრზე მეტი ქონდა გავლილი და იყო უკვე ამორტიზირებული. გასულ წელს, ჩვენ განვახორციელეთ მეტროს 20 ვაგონის მოდერნიზაცია. მიმდინარე წელს 30 ვაგონის მოდერნიზაცია მიმდინარეობს. გარდა ამისა, მიმდინარეობს მეტროს სადგურების სარემონტო სამუშაოები. ორ სადგურზე ეს სამუშაოები უკვე დასრულებულია. ეს არის ახმეტელის თეატრი და ვარკეთილი. ამ ეტაპზე ტენდერი გამოცხადებულია და სამუშაოები მალე დაიწყება სამ სხვა მეტროს სადგურზე – ეს საგდურებია ავლაბარი, სამგორი და გურამიშვილი. რაც შეეხება ახალ მეტროს სადგურს, ეს არის მეტროსადგური უნივერსიტეტი, სადაც სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია, მიმდინარეობს მისი ტესტირება, რის შემდეგაც სადგური გაიხსნება. სპეციალურად ამ სადგურისთვის ჩვენ მეტროს ახალ შემადგენლობასაც ვაკეთებთ, რომელიც სადგურის გახსნის შემდეგ კომფორტულად მოემსახურება ჩვენს თანამოქალაქეებს.
ტრანსპორტის მიმართულებით მესამე პრიორიტეტი არის საბაგირო გზების განვითარება. ჩვენ აღვადგინეთ 7 წლის განმავლობაში გაჩერებული საბაგირო რომელიც ვაკის პარკს კუს ტბასთან აკავშირებდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ასევე რუსთაველიდან მთაწმინდისკენ მიმავალ საბაგირო მარშრუტზე.
განათლების პოლიტიკაში თქვენს წინასაარჩევნო პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა სკოლამდელ განათლებას და ბაგა-ბაღებს. თქვენ საზოგადოებას დაპირდით ბაღების მოდერნიზებას, რეგისტრაციის ხელმისაწვდომობას და ზოგადად, ბაგა-ბაღების სისტემის გაუმჯობესებას. რა გააკეთა მერიამ განვლილი 3 წლის მანძილზე ამ მიმართულებით და არის თუ არა დღეს თბილისის ბაგა-ბაღების სისტემა უკეთესი ვიდრე 3 წლის წინ?
წინა ხელისუფლებამ ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში 49 ბაღი დახურა მაშინ, როდესაც ჩვენ სამი წლის მანძილზე რამოდენიმე დახურული ბაღი აღვადგინეთ და 12 ახალი ბაღი ავაშენეთ. ეს ბაღები უკვე გახსნილია სადაც 7500-მდე ბავშვი მივიღეთ. ათი ახალი ბაღის მშენებლობა ამჟამადაც მიმდინარეობს, რომლებიც მომდევნო პერიოდში დასრულდება. ჩვენი პრიორიტეტი არ ყოფილა მხოლოდ ბაღების აშენება. ჩვენ სერიოზული რესურსები დავხარჯეთ ბაღებში ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ბაღების ეზოები გამწვანდა. ეზოებში დაიგო ასფალტი. განახლდა სათამაშო მოედნები და ა.შ. გარდა ამისა, ყველა ბაღი, რომელთა ნახევარსაც კი არ ჰყავდა ფსიქოლოგი და ლოგოპედი, დღეს უზრუნველყოფილია ფსიქოლოგისა და ლოგოპედის მომსახურებით; ასევე მოხდა ბაღების კურიკულუმის განახლება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბავშვთა კვების რაციონი. ზოგადად, ბოლო სამი წლის მანძილზე ბაღების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, რის გამოც ძალიან ბევრ მშობელს კერძო ბაღებიდან ბავშვები გადმოყავს მუნიციპალურ ბაღებში. აქ გაცილებით უკეთესი პირობებია, ხოლო სწავლა არის უფასო. რაც შეეხება რეგისტრაციის პრობლემას, ამ კომპონენტში გაიმართა სოფტი და დღეს თუ შეიძლება ასე ითქვას, სოფტი არ „ჭედავს“, თუმცა გარკვეული დისკომფორტი მშობლებს მაინც ექმნებათ, იმიტომ, რომ ბაღების რაოდენობა ჯერ კიდევ არ არის საკმარისი. ამიტომაც, ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში ვაშენებთ ახალ ბაღებს, რათა არც ერთი ბავშვი არ დარჩეს საბავშვო ბაღის გარეშე.
პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა სოციალური დაცვის პოლიტიკას. აქცენტი იყო გაკეთებული ქალაქის ბიუჯეტიდან დამატებითი დახმარების გამოყოფაზე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და ა.შ. რეალურად, რა გაკეთდა თბილისში ამ მიმართულებით თქვენი მერობის პერიოდში და რამდენად გაიზარდა ბიუჯეტის ის ნაწილი, რომელიც სოციალურ დახმარებებში იხარჯება?
ჩვენ შევიმუშავეთ ათი ახალი ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამა რომელიც ფინანსდება ქალაქის ბიუჯეტიდან და რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრება. დღეის მდგომარეობით, ქალაქის ჯანდაცვის და სოციალური სამსახური 30-მდე პროგრამას ახორციელებს. ჩვენი დაპირება იყო, რომ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარება გაგვეორმაგებინა და გავაორმაგეთ. ასევე, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ყოველი შემდგომი შვილის დაბადების შემთხვევაში გაგვეზარდა დახმარების მოცულობა. ესეც მოვახერხეთ. ჩვენი დაპირება ასევე იყო ის, რომ შშმ პირებისთვის გარემო უფრო ადაპტირებული ყოფილიყო და რამდენიმე ახალი პროგრამაც შეგვემუშავებინა მათთვის. ესეც შევასრულეთ და ზოგადად შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სოციალური მიმართულება ყოფილიყო სათანადოდ დაფინანსებული.
სოციალურ პოლიტიკაში იყო კონკრეტული დაპირებაც მიუსაფარ მოქალაქეებთან დაკავშრებით. პროგრამაში ეწერა რომ განხორციელდება თბილისში მყოფი მიუსაფარი მოქალაქეებისუზრუნველყოფა თავშესაფრით – ვიცით, რომ თავშესაფარი მართლაც გაკეთდა, თუმცა არის თუ არა ეს საკმარისი და შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ დღეს თბილისში მიუსაფარ მოქალაქეებს, სურვილის შემთხვევაში, ღამის გასათევისა და ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პრობლემა აღარ უდგათ?
მე ჯერ კიდევ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ვიყავი როცა მთავრობის გადაწყვეტილებით თბილისში უსახლკაროთა თავშესაფრის გაკეთება დამევალა. მაშინ გავაკეთეთ დროებითი თავშესაფარი (რომელსაც „კარვების ქალაქს“ უწოდებდნენ), თუმცა როცა მე გავხდი მერობის კანდიდატი, მე დავპირდი მოქალაქეებს, რომ ამ კარვების ქალაქს ცივილიზებულ თავშესაფრად ვაქცევდი, რაც გავაკეთეთ კიდეც. ჩვენ დიდი ლილოს ტერიტორიაზე ავაშენეთ 250 ბენეფიციარზე გათვლილი მიუსაფართა თავშესაფარი სადაც საკმაოდ ბევრმა მოქალაქემ მიიღო სერვისი. ამის შედეგად ძალიან ბევრი უსახლკარო ადამიანი გადაურჩა ზამთარში გარეთ ყოფნას და გაყინვას. ამ ეტაპზე, თავშესაფარში 180-მდე ბენეფიციარი იღებს ყოველდღიურ მომსახურებას. დამატებითი საჭიროების გაჩენის შემთხვევაშიც არის საშუალება რომ მოქალაქეები დაკმაყოფილდნენ. თავშესაფარში საკმაოდ კარგი პირობებია როგორც კვების, ისე სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით და საერთოდ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ადამიანები იყვნენ ნორმალურ გარემოში.
ეკოლოგიური მიმართულებით თქვენი პროგრამა საკმაოდ ამბიციურ პუნქტებს შეიცავდა, რაც გულისხმობდა ზრუვნას მიწის, ჰაერისა და წყლის სისუფთავეზე. პროგრამა ითვალისწინებდა თბილისის მცირე მდინარეების დაცვის სტრატეგიის შემუშავებას, მტკვრის გამოცხადებას სარეკრეაციო ზონად, მტკვრის ნაპირზე დიდი პარკის აშენებას და ა.შ. რა გაკეთდა ან რისი გაკეთება დაიწყო ამ კუთხით ბოლო სამი წლის მანძილზე?
ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა. მათ შორის გამოვყოფდი ქალაქის მასობრივი გამწვანების პროექტს, რომლის ფარგლებშიც, წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, სამი წლის მანძილზე ქალაქში 700 000-მდე ხე-მცენარე დაირგო. მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის გახარებული და როცა ეს ხეები გაიზრდება, ისინი ძალიან მნიშვნლოვანი ფაქტორი იქნება ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. მაგალითად, შემიძლია მოვიყვანო ვერეს ხეობაში გზის ორივე მხარეს დარგული ხეები, ზეთისხილის ბაღები რომლებიც მახათას მთაზე გავაშენეთ და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო არსებული ბაღების და პარკების მოწესრიგება. მაგალითად, შეიძლება დავასახელო თუნდაც თამარაშვილის შუაში არსებული ხეივანი, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ვაჟა-ფშაველას გამზირთან არსებული თარგები, თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გატარებული გამწვანების ღინისძიებები და ა.შ. განხორციელდა რამდენიმე სხვა პარკისა და სკვერის რეაბილიტაციაც სადაც საჭირო იყო დამატებითი გამწვანება და ეს ეხება არა მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, არამედ მთლიანად ქალაქს.
ჩვენ ასევე მივიღეთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული გადაწყვეტილება: ვაკის პარკი და კუს ტბა მოვაქციეთ ერთიან საკადასტრო სივრცეში და მივანიჭეთ მას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ ამ სარეკრეაციო ზონაში დამატებითი მშენებლობის საშუალება არავის ექნება. ჩვენ ასევე დავიწყეთ დიღმის ტყე-პარკის დაბრუნების პროცესი. ამჟამად, დიღმის ტყე-პარკს 50-მდე მესაკუთრე ყავს. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მათთან, ვისაც სურვილი აქვს განახორციელოს ეკონომიკური აქტივობა და მათ ვთავაზობთ ტერიტორიას ქალაქის სხვა ნაწილებში. გენერალური გეგმის სამუშაო ჯგუფმა ძალიან ბევრი შემოთავაზება წარმოგვიდგინა სარეკრეაციო სივრცეების კუთხით. გეგმაში მონიშნულია სამომავლო ახალი სარეკრეაციო სივრცეების ზონები სადაც მოეწყობა ახალი პარკები, სკვერები, დასასვენებელი ადგილები და სხვ.
სხვათა შორის წინასაარჩევნო პროგრამა გულისხმობდა არსებული პარკებისა და სკვერებისწითელი ხაზების დადგენასაც, რომლის ფარგლებშიც აკრძალული იქნებოდა მშენებლობა დახეების გაჩეხვა – ამის მიუხედავად, თქვენი მერობის პერიოდში არაერთხელ გავხდით პროტესტის მოწმე სწორედ ხეების ჭრის გამო. შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ამ მხრივ, თბილისში სიტუაცია რეალურად გამოსწორებულია და თუ არ არის გამოსწორებული, რა იყო მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი?
რეალურად, სამი წლის განმავლობაში, თბილისში ათასი ხეც არ იქნება მოჭრილი, თუმცა, რამოდენიმე შემთხვევას ძალიან მწვავე რეაქცია მოყვა საზოგადოების მხრიდან. ალბათ ეს ბუნებრივია – ჩვენ გვიწევდა გარკვეული რაციონალური არჩევანის გაკეთება ეკონომიკურ განვითარებასა და ეკოლოგიას შორის, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მწვანე საფარს ვინარჩუნებდით. ძალიან ბევრ დეველოპერს ვუთხარით უარი იქ, სადაც ბევრი საღი ხის მოჭრა იყო დაგეგმილი. ასევე გვაქვს ისეთი შემთხვევებიც, როცა დეველოპერებს ადგილები მოვუნაცვლეთ იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა მწვანე სივრცე. წინასაარჩევნო დაპირება წითელი ხაზების დადგენასთან დაკავშირებით ეხებოდა ვაკის პარკს და დიღმის ტყე-პარკს, რაც შესრულებულია.
ქალაქის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად თქვენს პროგრამაში მითითებული იყო უკონტროლო მშენებლობა. ე.წ. „უკანონო“ და მოქალაქეებისთვის არასასურველ მშენებლობებთან დაკავშირებით თქვენი მერობის პერიოდშიც არაერთხელ გვინახავს საზოგადოების პროტესტი. შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ ამ მიმართულებით მერიამ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები და თუ გადადგა, გამოსწორდა თუ არა რეალურად მდგომარეობა?
წლიწადნახევრის წინ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ და ამაში ძალიან დაგვეხმარა ცენტრალური მთავრობა და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრი. ჩვენ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შევზღუდეთ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (ე. წ. K2). ამ ზონაში შედის ვაკე, საბურთალო და მთაწმინდა. ასევე დიდუბის, ისნისა და კრწანისის ნაწილი. აქ მშენებლობები სტანდარტული და უბნისთვის დადგენილი კოეფიციენტით ხორციელდება. ამის შედეგად, მშენებლობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გარკვეულწილად შეიზღუდა და დეველოპერები გადავიდნენ ქალაქის სხვა ნაწილებში. დაიწყო ქალაქის დანარჩენი სივრცის ინტენსიური განვითარება. როგორც იცით, ამ შეზღუდვების შენარჩუნება გათვალისწინებულია ახალი გენერალური გეგმის პროექტშიც. შესაბამისად, მჭიდრო და ინტენსიური განაშენიანება მომავალში აღარ გაგრძელდება და უფრო სხვა ტიპის განაშენიანებაზე გაკეთდება აქცენტი.
თქვენს წინასაარჩევნო დაპირებებში განსაკუთრებული აქცენტი იყო გაკეთებული ღია და გამჭვირვალე მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებაზე, თუმცა მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერის პოსტი დაიკავეთ, მერია რამდენჯერმე გაეხვა კორუფციულ სკანდალებში. როგორ ფიქრობთ, ეს მხოლოდ პიროვნული გადაცდომები იყო თუ უშვებთ, რომ მერიაში შესაძლოა დღესაც არსებობდეს სისტემური კორუფციის პრობლემა?
სისტემური კორუფცია თბილისის მერიაში ნამდვლად არ არსებობს, ხოლო ყველა ინდივიდუალური გადაცდომის შემთხვევა აღკვეთილ იქნა შესაბამისი ორგანოების მხრიდან. როცა სისტემაში 25 ათასი ადამიანი მუშაობს, იქ ყოველთვის არის შესაძლებლობა ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ადგილი ქონდეს არაკეთილსინდისიერ ქმედებებს. ყველა თანამშრომელს ვერავინ გააკონტროლებს, მაგრამ რამდენჯერაც მოხდა ასეთი შემთხვევა, იმდენჯერვე ამას მოყვა შესაბამისი რეაქცია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ იმისთვის რომ სისტემა უფრო ღია და გამჭვირვალე გამხდარიყო. გადაცდომები ხდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც, თუმცა ისინი თავიანთი გუნდის წევრებს არ იჭერდნენ, ან თუ იჭერდნენ, ეს ინფორმაცია სააშკარაოზე არ გამოდიოდა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მაქსიმალური დემოკრატიის პირობებში, სისტემა არის ღია და გამჭვირვალე. ჩვენ კიდევ უფრო მეტიც გავაკეთეთ და თბილისის მერია შეუერთდა ღია მმართველობის ინიციატივას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინიციატივაა და თბილისი სხვა ქალაქებისთვის ხდება სამაგალითო. ძალიან ბევრი გაკეთდა მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებითაც. გაკეთდა მომსახურების ცენტრი სადაც ერთ სივრცეში ხდება ქონების, სამართლებრივი და სხვა სერვისების მიწოდება. პერიოდულად მერია ანგარიშს აბარებს საზოგადოებას, თბილისის მერი ყოველკვირეულად იღებს მოქალაქეებს, გაზრდილია ანგარიშვალდებულება მოქალაქეებისა და ბიზნეს-სექტორის მიმართ, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სისტემის კიდევ უფრო მეტ ღიაობას და გამჭვირვალობას.
თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ გენერალური გეგმა. გენერალური გეგმის განახლება იყო ასევე თქვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება. ამ გეგმის განახლებას თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწლი უკვე არაერთი ათეული წელია ითხოვს. რამდენადაც ვიცით, გეგმა ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია. როგორ ფიქრობთ, როდის მიიღებს თბილისი დამტკიცებულ და ქმედით გეგმას?
როგორც იცით, უკვე მომზადებულია გენერალური გეგმის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი რომელზეც წელიწადნახევრის გამნავლობაში იმუშავა გენერალური გეგმის ჯგუფმა. განხორციელდა არსებული მდგომარეობის დეტალური შესწავლა, მომზადდა ქალაქის ახალი რუკები, შემუშავდა გეგმის იურიდიული ნაწილი და მარეგულირებელი ნორმები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საჯარო განხილვები. გამოითქვა რამდენიმე შენიშვნა და წინადადება რომლებიც გეგმაში იქნება ასახული, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის ჩვენ ვფიქრობთ რომ გეგმა გადაიგზავნება საკრებულოში.
მერია ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი იმისთვის, რომ 2014 წლიდან დღემდე მერიასა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების მმართველობის ხარჯები ფაქტობრივად გაორმაგებულია. ადასტურებთ თუ არა ამ ფაქტს და თუ ასეა, რით ახსნით ამ ზრდას იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ბოლო წლებში სრულიად საპირისპირო რიტორიკით გამოირჩეოდა და აქცენტს მმართველობითი ხარჯების შემცირებაზე აკეთბდა?
ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტური ორგანიზაციების კრიტიკა არც თვითონ სჯერათ და საზოგადოებას მით უმეტეს არ სჯერა. რეალურად, ჩვენ თბილისის მერიაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენს პირობებში მერიაში დასაქმებული ადამიანები გაცილებით ნაკლებს იღებენ შრომის ანაზღაურებისა და დანამატების სახით, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს. ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირეთ პრემიებისა და დანამატების ფონდი. მხოლოდ 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, 22 მილიონი ლარით დავზოგეთ ადმინისტრაციული ხარჯები. მათ შორის, თანხები დაიზოგა არა მხოლოდ ხელფასების და დანამატების ნაწილში, არამედ საწვავით უზრუნველყოფის, მივლინებებისა და სხვა ნაწილში. ასე რომ, ე.წ. “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკა, რომელიც ჩვენ 2015 წელს დავიწყეთ, გაგრძელდა 2016 და 2017 წლებშიც. ასე რომ, განცხადებები მმართველობითი ხარჯების ზრდასთან დაკავშირებით არის სრული დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. სხვათა შორის, ჩვენ შევისწავლეთ მერიის ხარჯები წინა ხელისუფლების დროს და შემიძლია დავასახელო კონკრეტული გვარები, რომლებიც ქალაქის მმართველობაში იყვნენ – მაგალითად ახვლედიანი, აბესაძე, უგრეხელიძე და ა.შ., რომლებსაც ხუთი, შვიდი და ათი ათასი ლარი აქვთ მიღებული წინასაახალწლო პრემიების სახით. ეს მაშინ, როდესაც რაიმე განსაკუთრებული ნამოღვაწარი მათი მხრიდან ჩვენ არ დაგვრჩენია. როცა ასეთი ადამიანები გამოდიან და ამბობენ, რომ თბილისის მერიაში დიდია ხელფასები და დანამატები, მათი მხრიდან ეს უბრალოდ სამარცხვინოა. ჯობია ჯერ საკუთარ გულებში ჩაიხედონ და შემდეგ გააკეთონ ასეთი განცხადებები – თუმცა როგორც ჩანს მათ ნამუსის ნატამალიც არ აქვთ შერჩენილი.
ერთი კვირის წინ, თქვენ მთავრობის სხდომაზე შეაჯამეთ თქვენი სამწლიანი მუშაობის შედგები. ყველაფრის გათვალისწინებით, რაც გააკეთეთ ან რაც გასაკეთებელი დარჩა, რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად დედაქალაქის მერის ამპლუაში და რით შეგიძლიათ იამაყოთ ამ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ?
ვფიქრობ, ჩვენ რამდენიმე მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება შევძელით რომლებიც აქედან წასვლის შემდეგაც საამაყო იქნება ჩემთვის. გარდა იმ პროექტებისა რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ, გამოვყოფდი აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას, სადაც ახალი, მნიშვნელოვანი და მიმზიდველი გარემო გავაჩინეთ თბილისელებისთვის და ტურისტებისთვის. ამასთანავე, შევინარჩუნეთ 40-ზე მეტი ძეგლიც. საგანგებოდ გამოვყოფდი პეკინის გამზირის რეაბილიტაციის პროექტს, სადაც სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს და სექტემბრისთვის დასრულდება. ასე რომ, სამი წლის მანძილზე, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს განხორციელებული, თუმცა ის რამდენიმე, რომელიც გამოვყავი, ვფიქრობ ნამდვილად საამაყო პროექტებია. წლები გავა და ეს პროექტები კვლავაც დარჩება ჩვენი ქალაქისთვის სასიკეთო პროექტებად და არა მხოლოდ მე ვიამაყებ ამით, არამედ ის გუნდიც, რომელიც ჩემს გარშემო იდგა ამ წლების განმავლობაში.
2016 წლის ნოემბერში, თქვენ არ გამორიცხეთ რომ მეორე ვადითაც გეყარათ კენჭი თბილისის მერის პოსტზე, თუმცა გუნდმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამის ძირითადი მიზეზი?
როცა ეს განცხადება გავაკეთე გუნდი ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული მომავალ კანდიდატზე. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ შესაძლოა ეს მე ვყოფილიყავი ან შესაძლოა ყოფილიყო სხვაც. ამის შემდეგ იყო კონსულტაციები და გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ რომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა. სულ ეს არის.
თვლით თუ არა რომ გქონდათ სუსტი მხარეები როგორც მერს და თუ თვლით, რა იყო თქვენი ყველაზე სუსტი მხარე?
ბუნებაში არ არსებობს პიროვნება, რომელსაც არ ექნება სუსტი მხარე. ამ მხრივ გამონაკლისი მეც ვერ ვიქნებოდი. ჩემს სუსტ მხარედ მე დავასახელებდი იმ თვისებას, რომ ალბათ ზედმეტად მიმნდობი ვარ – როცა ადამიანს გვერდით დავიყენებ ან ხელს ჩამოვართმევ მიმაჩნია, რომ მას უნდა ვენდო, თუმცა სამწუხაროდ ამ ნდობას ყველა არ ამართლებს, ან ვერ ამართლებს.
დღეს ქართულ საზოგადოებაში აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ქალაქის მერი – მხოლოდ მენეჯერი, რომელიც განსაზღვრულ სამეურნეო ამოცანებს შეასრულებს, თუ ამავე დროს, პოლიტიკური ფიგურაც, რომელსაც ექნება საკუთარი მკაფიო პოლიტიკური პოზიცია და სტრატეგია ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით – თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი მერი სჭირდება დღეს თბილისს და საქართველოს სხვა ქალაქებს?
დაკვეთას აკეთებს ამომრჩეველი, ამიტომ, ჩვენ ამომრჩევლებს უნდა ვკითხოთ როგორი მერი სჭირდებათ მათ. ორივე მოსაზრებას ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ მერიის ყოველდღიური საქმიანობა უამრავ სამეურნეო გადაწყვეტილებას მოიცავს, ვფიქრობ, რომ მერი ალბათ მაინც უფრო მეურნე ტიპი უნდა იყოს. მე უფრო მეურნე მერი ვიყავი და ნაკლებად – პოლიტიკოსი, თუმცა ამავდროულად, როცა ხარ ამხელა ქალაქის მერი, ხარ პოლიტიკური ფიგურაც. თუ მაინცდამაიც პროცენტულად შევწონით, ჩემი აზრით მერი 70% მეურნე უნდა იყოს და 30% პოლიტიკოსი. თუ მერი მხოლოდ პოლიტიკოსი იქნება მას აუცილებლად დასჭირდება კარგი მეურნე ვიცე-მერის რანგში, რათა ძირითადი სამეურნეო პასუხისმგებლობები მან გადაიბაროს, ხოლო თუ მერი იქნება უფრო მეურნე ტიპი, ვიდრე პოლიტიკური ფიგურა, მაშინ პოლიტიკური საკითხები უფრო საკრებულოში უნდა იქნას გადატანილი.
როგორ შეაფასებთ მმართველი გუნდის კანდიდატის – კახი კალაძის პირველ გზავნილებს და განცხადებებს თბილისის მერობის კანდიდატის რანგში?
მე მაქვს კახისთან პერიოდული კომუნიკაცია. ვცვლით ინფორმაციას, მოსაზრებებს და ა.შ. ჩემი გადმოსახედიდან ძალიან მნიშვნელოვანია ის ინიციატივები, რომლებსაც ის ეტაპობრივად აჟღერებს. საცხოვრისის გაუმჯობესების საკითხი, ისევე როგორც ქალაქში მეტი სიცოცხლის და აქტივობის შემოტანა, არის ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანი მიმართულებები. დარწმუნებული ვარ, რომ მის მიერ წარმოდგენილი შეკრული პროგრამა იქნება საინტერესო და მისაღები ჩვენი თანაქალაქელებისათვის და ისინი გააკეთებენ შესაბამის და ადეკვატურ არჩევანს.
2014 წელს მეორე ტური გახდა საჭირო დედაქალაქის მერის ასარჩევად. რატომ ხართ დარწმუნებული, რომ 2017 წელს კახი კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს?
ერთ მხრივ, დღეს ჩვენი გუნდის კანდიდატსა და სხვა კანდიდატებს შორის ძალიან დიდი დისბალანსია, მეორე მხრივ, არ არის დასახელებული კანდიდატების დიდი რაოდენობა, რომლებიც ჯამში ხმების მნიშვნელოვან ნაწილს აიღებდნენ და აქედან გამომდინარე მეორე ტური გახდებოდა საჭირო. ასე რომ, ამ გადმოსახედიდან მე მეორე ტურის საჭიროებას ვერ ვხედავ.
ბოლო პერიოდში, მედიაში გაჟღერდა რამოდენიმე შესაძლო ვერსია, თუ სად შეიძლება განაგრძოთ მუშაობა მერის თანამდებობის დატოვების შემდეგ; თქვენ რომელ სფეროში ხედავთ უფრო თქვენს თავს მომავალში და სად წამოგიდგენიათ ან გსურთ თქვენი გამოცდილების და პოტენციალის გამოყენება?
მედიაში გაჟღერებული ინფორმაცია ჩემი შესაძლო სამომავლო საქმიანობის შესახებ, მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება სიმართლეს. ბევრი ვერსია ჭორის სახეს ატარებდა. მე ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა ოქტომბრის ბოლომდე, ვიდრე არჩევნები არ დასრულდება და ახალ მერს არ გადავაბარებ მმართველობას, მე ვრჩები მერიაში. მანამდე კონსულტაციებიც დასრულდება. ამიტომ, ამ ეტაპზე შედარებით ზოგადი პასუხით შემოვიფარგლები – ვიქნები იქ სადაც ვიქნები. ეს ნიშნავს, რომ ვიქნები გუნდში, ვიქნები იქ სადაც შევჯერდებით გუნდში და სადაც არ უნდა ვიყო, ვიქნები ღირსეულად და ბოლომდე დავიხარჯები.
ავტორი - ზვიად ავალიანი