ღატაკი მომავალი: ბავშვთა სიღარიბე საქართველოში

ფოტო გარეკანზე: btn.com 

  1. ზოგადი სტატისტიკა

 

 

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოში ჩატარებულ მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევაში, რომელიც 2015 წლით თარიღდება, ვკითხულობთ: ყოველი მეექვსე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, სადაც შინამეურნეობის წევრთა მინიმალური საჭიროებები დაუკმაყოფილებელია.

აღნიშნულ ანგარიშში სიღარიბის რამოდენიმე დონის კატეგორიზაციაა მოცემული: ფარდობითი, ზოგადი, უკიდურესი, და საარსებო მინიმუმის ზღვარი.

 

სიღარიბის კატეგორია განმარტება მაჩვენებელი მოსახლეობაში მაჩვენებელი

ოჯახებში

მაჩვენებელი

ბავშვებში

ფარდობითი სიღარიბე მედიანური მოხმარების 60% 23.1% 20.7% 26.8%
ზოგადი სიღარიბე 2.5 აშშ დოლარი 18.4% 16.4 % 21.7%
უკიდურესი სიღარიბე 1.25 აშშ დოლარი 2.1% 1.7% 2.5%
საარსებო მინიმუმი თვეში 139.8 ლარი ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე გაანგარიშებით (2015წ.) 13.3% 11.9% 15.6%

წყარო: გაეროს ბავშვთა ფონდი: მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა, 2015

 

  • 2015 წლისათვის, ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების წილი 26.8%-ია.
  • ბავშვთა 2.5% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. უკიდურესი სიღარიბე განიმარტება როგორც 1.25 აშშ დოლარის მოხმარება დღეში.
  • ბავშვთა 21.7% ცხოვრობს ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ  – ზოგადი სიღარიბის ზღვარია დღეში 2.5 აშშ დოლარი.
  • საარსებო მინიმუმს  (თვეში 139.8 ლარი ერთ ექვივალენტურ ზრდასრულ პირზე გაანგარიშებით) ქვემოთ, 2015 წლისათვის, ბავშვების 15.6% ცხოვრობდა.

2015 წელს, ოჯახების 38.5%-ში მინიმუმ ერთი ბავშვი ცხოვრობდა. ბავშვიან შინამეურნეობებს შორის, სიღარიბის მაჩვენებლები უფრო მაღალია. ასევე, ოჯახში ბავშვთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად იზრდება სიღარიბის მაჩვენებლებიც. ამგვარად, რაც უფრო მეტი ბავშვია ოჯახში, მით უფრო იზრდება სიღარიბეც. ასევე, ღარიბ ოჯახში მცხოვრები ბავშვების პროცენტული რაოდენობა, აჭარბებს ღარიბი მოსახლეობის პროცენტულ რაოდენობას, ისევე როგორც პენსიონერთა პროცენტულ რაოდენობას, რაც იმას ნიშნავს, რომ სიღარიბის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ბავშვთა პოპულაციაშია, რაც მათ ყველაზე დაუცველ სოციალურ ჯგუფად აქცევს. გარდა ამისა, სიღარიბის ალბათობაც დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით ყველაზე მაღალია ბავშვებში. ფაქტორები კი, რომლებიც ყველაზე მეტად ახდენენ გავლენას ბავშვთა სიღარიბეზე, არის ზრდასრულთა განათლების დონე და ოჯახში რეგულარულად დასაქმებული ადამიანის ყოლა, რაც განათლებისა და დასაქმების პოლიტიკების მნიშვნელობას სიღარიბესთან ბრძოლის კონტექსტში კიდევ ერთხელ წარმოაჩენს.

საგულისხმოა, რომ ზემოთ ხსენებული სიღარიბის მონაცემები მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენს წინა წლებთან შედარებით: 2009 წლისათვის ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის 50%-ს აღწევდა.

 

  1. არსებული პოლიტიკა

სიღარიბესთან ბრძოლისათვის, საქართველოს სოციალური დაცვის ორი მექანიზმი – ორი ტიპის სოციალური ტრანსფერი გამოიყენება: ეს არის  მიზნობრივი სოციალური დახმარება და პენსიები. სწორედ მიზნობრივი სოციალური დახმარების მეშვეობით მოიაზრება სიღარიბის მაჩვენებლების შემცირება და ის ყველაზე დიდ გავლენას ბავშვებზე ახდენს: ამ სოციალური ტრანსფერის გარეშე უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა თითქმის 9% იქნებოდა.

თუმცა ის მიზნობრივი სოციალური დაცვის პროგრამა, რომელიც საქართველოში ფუნქციონიებს, 2015 წლამდე ბავშვთა სოციალურ ჯგუფს განსაკუთრებულ კატეგორიად არ მოიაზრებდა. ბავშვები განიხილებოდნენ მხოლოდ დამატებით სულადობად და არა სპეციფიკური საჭიროებების მქონე კატეგორიად, რომელთაც განსაკუთრებული მოპყრობა ესაჭიროებათ. ამ მიმართულებით შედარებით უკეთესი ცვლილება იყო 2015 წლიდან შემოღებული ბავშვთა მიზნობრივი პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული ბავშვებისათვის, სოციალურ შემწეობასთან ერთად დამატებით 10 ლარიან დანამატსაც ითვალისწინებს. ეს დანამატი რომ ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ვერ შეამცირებს, განსაკუთრებით მაღალი ინფლაციის პერიოდში, თავისთავად ცხადია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა მიმართ სახელმწიფო მიდგომა თვისობრივად სხვა ეტაპზე გადავიდა, და უფრო მეტად აღიარებს იმ მრავალგზის დამტკიცებულ ემპირიულ რეალობას, რომ ბავშვთა სიღარიბეს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს არა მხოლოდ ბავშვის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე, ქცევებზე, საგანმანათლებლო მიღწევებსა და შემეცნებით უნარებზე, არამედ, ზოგადად პიროვნების ჩამოყალიბებასა და მის მატერიალურ კეთილდღეობაზე.

 

  1. შესაძლო პოლიტიკები

სიღარიბესთან, და განსაკუთრებით ბავშვთა სიღარიბესთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდსა და სასურველ მიზანს სიღარიბის პრევენცია წარმოადგენს, რასაც ყველაზე კარგად სოციალური დაცვის უნივერსალური სქემები უზრუნველყოფენ. უნივერსალიზმის პრინციპი გულისხმობს იდეას, რომ თანასწორი განვითარებისათვის, უფრო მნიშვნელოვანია ინვესტიციის მთლიანი საზოგადოების კეთილდღეობაში ჩადება, ვიდრე ცალკეულ მიზნობრივ ჯგუფებში. ხოლო მათთვის, ვისთვისაც ეს სახელმწიფო ზრუნვა თავიანთი მაღალი შემოსავლებიდან გამომდინარე, ზედმეტ და არასაჭირო ზრუნვას წარმოადგენს, ისინი თანხებს უკან გადასახადების სახით დააბრუნებენ. უნივერსალიზმის ეს პრინციპი და ლოგიკა ვრცელდება ასევე ჯანდაცვისა და განათლების სფეროებზეც და მისი განხორციელება მოიაზრებს სოციალური და საგადასახადო  პოლიტიკების ერთ მთლიანობაში განხილვის საჭიროებას.

ბავშვთა უნივერსალური ზრუნვის სქემა სოციალური დაცვის სისტემის ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმია, რომელიც ხანშიშესულთა პენსიის მსგავსად, დაუბეგრავი სოციალური ტრანსფერია და ყველა ოჯახის თითოეული ბავშვისათვის თანაბარ ყოველთვიურ ფულად სარგებელს წარმოადგენს. მას ნებისმიერ ოჯახში არსებული ყველა ბავშვი (ფორმალურად მისი მშობლები) ზრდასრულ ასაკამდე იღებს მიუხედავად ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობისა. ბავშვთა საყოველთაო ბენეფიტების პოლიტიკური და კონცეპტუალური იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ფულადი ინვესტიცია ბავშვებში მომავლის ინვესტიციის საუკეთესო გარანტიაა: 2012 წლის უნისეფის ანგარიშის მიხედვით, 35 ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნიდან, რომელიც მოიცავდა ევროპის უმრავლესობის ქვეყნებს, იაპონიას, კანადასა და ავსტრალიას, აშშ იყო ერთადერთი რომელიც არ ითვალისწინებდა ბავშვთა საყოველთაო ბენეფიტების სქემას. ამ სქემების საშუალებით კარგად ვლინდება სახელმწიფოთა დამოკიდებულება ბავშვთა საკითხის მიმართ: ბავშვებისათვის განკუთვნილი დამატებითი შემოსავალი მშობლებს საშუალებას მისცემს უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელონ მათი შვილების განვითარებაში ოჯახების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.

ბავშვებზე ზრუნვის უნივერსალურ სქემებზე პოლიტიკური დისკუსიისას წინ წამოიწევს ხოლმე მშობლების მხარჯველობითი ქცევების ასპექტები, ანუ შეკითხვა, თუ რაში დახარჯავენ მშობლები სახელმწიფოსაგან მიღებულ ფულად დახმარებას და არის თუ არა იმის შანსი, რომ ეს თანხები არამიზნობრივად იქნას განკარგული. თუმცა ემპირიულმა გამოკვლევებმა ბრიტანეთის (სადაც ბავშვთა მსგავსი ბენეფიტები 1999 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა და დაიხვეწა) მაგალითზე აჩვენა, რომ მშობლები დაბალშემოსავლიანი ოჯახებიდან უფრო მეტად ხარჯავენ თანხებს ბავშვისათვის საჭირო ნივთებში, მაშინ, როდესაც მაღალშემოსავლიან ოჯახებში უფრო დიდი იყო შანსი იმისა, რომ თანხები არამიზნობრივად დახარჯულიყო.

საქართველოს ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, ბავშვთა უნივერსალური ზრუნვის ყველაზე სასურველ მოდელად უნისეფი 2012 წელს ყოველთვიურად 15 ან 20 ლარიან დახმარებას მოიაზრებდა. უნივერსალური პროგრამა, უნისეფის 2015 წლის ანგარიშის მიხედვითაც, მიზნობრივ სოციალური დახმარების პროგრამაში არსებული ხარვეზების გამოსწორების საუკეთესო გზას წარმოადგენს და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული სიღარიბისა და უთანასწორობების აღმოფხვრის პროცესში. თავის მხრივ, ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამომრჩევლის გრძელვადიანი მხარდაჭერის საწინდარი იქნება იმ პოლიტიკური ძალისათვის, ვინც ამ პროგრამას განახორციელებს და გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული იქნება.

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას