UNICEF-ის კვლევით 2015-2017 წლებში ოჯახების შემოსავალმა მოიმატა, ხარჯები კი შემცირდა, თუმცა სიღარიბე მაინც გაიზარდა
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მთავრობიდან წასვლის მიზეზად სიღარიბის ზრდა დასახელდა, რომელიც საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებული კვლევით კიდევ ერთხელ წარმოჩინდა. “მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევას” გაეროს ბავშვთა ფონდი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს. კვლევის თანახმად 2015-2017 წლებში ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა.
საინტერესოა, რომ კვლევის ანალოგიურ სურათს იძლევა ოფიციალური მონაცემებიც. ასე მაგალითდ, საქსტატის თანახმად მედიანური მოხმარების 60%-ს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 2015-2017 წლებში 20,2%-იდან 22,3%-მდე გაიზარდა. საქართველოში სიღარიბის დონე, რომ მაღალია ამაზე სოციალური დახმარების სიაში მყოფი ადამიანების რაოდენობაც ნათლად მეტყველებს. 3,7 მილიონიანი მოსახლეობის პირობებში დაახლოები 1 მილიონი ადამიანი სახელმწიფოსგან შემწეობას ითხოვს, საიდანაც ნახევარ მილიონამდე ადამიანი 56 ლარიან ყოველთვიურ დახმარებას იღებს.
UNICEF-ის კვლევის თანახმად ბოლო ორი წლის მანძილზე შინამეურნეობების რეალური შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ 2015 წელს საქართველოში შინამეურნეობების ნომინალური საშუალო თვიური შემოსავალი 608.9 ლარს შეადგენდა, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 771.9 ლარამდე გაიზარდა , რაც 26.8%-იან ზრდას ნიშნავს. 2017 წელს ქალაქში შინამეურნეობების ნომინალური შემოსავალი 867.1 ლარს შეადგენდა, ხოლო სოფლად – 672.7 ლარს. საშუალოდ ქალაქში შინამეურნეობების თვიური შემოსავალი სოფლის შინამეურნეობების შემოსავალს 29%-ით აღემატებოდა. ამასთან, კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში შინამეურნეობების რეალური ხარჯები შემცირდა. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში, გასული ორი წლის განმავლობაში, შინამეურნეობების საშუალო ნომინალური თვიური ხარჯები (788.6 ლარი) 4.1%-ით შემცირდა. ინფლაციის გათვალისწინებით, შინამეურნეობების საშუალო თვიური მოხმარება 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში 10.1%-ით შემცირდა. რაც შეეხება ხარჯების განაწილებას, 2015-დან 2017 წლამდე პერიოდში, შინამეურნეობის რეალური ხარჯების მთლიან სტრუქტურაში საკვები პროდუქტების, გრძელვადიანი მოხმარების არასაკვები პროდუქტებისა და განათლების წილები, შესაბამისად, 17.5%, 20.1% და 20.3%-ით შემცირდა.ამის საპირისპიროდ, ჯანდაცვაზე, სახლის გარეთ კვებასა და მიმდინარე არასაკვებ პროდუქტებზე გაწეული ხარჯები, შესაბამისად, 6.3%, 8.0% და 51.8%-ით გაიზარდა. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი კვლევიდან, – საქართველოში შემოსავლების უთანასწორობა შემცირდა, მოხმარების უთანასწორობა კი, იმავე დონეზე დარჩა. 2015-დან 2017 წლამდე პერიოდში, შემოსავლების უთანასწორობა 0.43-დან 0.42-მდე შემცირდა.
UNICEF-ის კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორ წელიწადში ოჯახების შემოსავლები გაიზარდა და ხარჯები შემცირდა, ხოლო უთანახწორობა იგივე დონეზეა, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა. შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის 4.3%, მოსახლეობის 5.0%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს (უკიდურესი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 1.25 აშშ დოლარი დღეში, რაც ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე თვეში 82.8 ლარს შეესაბამება). შეფასების თანახმად, უკიდურეს სიღარიბეში მყოფი პირების წილი სოფლად 4.0%-ია, ხოლო ურბანულ დასახლებებში – 4.5%. 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი შინამეურნეობების, მოსახლეობის, ბავშვებისა და პენსიონერების რაოდენობა, შესაბამისად, 2.6, 2.9, 4.3, და 2.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შინამეურნეობების 22.5% ფარდობითი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და სოფლისა და ქალაქის დასახლებებს შორის სხვაობა დიდია (24.1% – 20.9%). საქართველოში, ზოგადი სიღარიბის დონე გაიზარდა. თუ 2015 წელს ეს მაჩვენებელი შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის 16.4%-ს შეადგენდა, 2017 წელს ის 19.6%-მდე გაიზარდა; ამის მიუხედავად, 2013 წელთან შედარებით მდგომარეობა მაინც უკეთესია.საქართველოში ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთცხოვრობს შინამეურნეობების 19.6%, მოსახლეობის 21.7%, ბავშვების 27.6% და პენსიონერების 17.6% (ზოგადი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 2.5 აშშ დოლარი დღეში, რაც ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე თვეში165.5 ლარს შეესაბამება).
2015 წელს ჩატარებული „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ მიხედვით, შინამეურნეობებს ნაკლები შემოსავლით, მეტის დახარჯვა უწევდათ (საშუალო ხარჯები 821.8 ლარი იყო, ხოლო საშუალო შემოსავალი 608.9 ლარი). კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ჭარბი ხარჯები დანაზოგების მეშვეობით იფარებოდა. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ საქართველოში დანაზოგები იმ დორისთვის ძალიან მცირე იყო (არც ახლაა ძალიან მაღალი). საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2016 წლის მონაცემებით ჩვენი ქვეყანა დანაზოგების შეფარდებით მშპ-სთან მსოფლიო მასშტაბით 80-ე ადგილზე იყო 21,5%-იანი მაჩვენებლით. უფრო სარწმუნოა ვიფიქროთ, რომ ამ გადახარჯვის დაფინანსება სესხებით ხდებოდა. 2017 წელს შინამეურნეობებმა, შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, ხარჯები შეამცირეს (საშუალო ხარჯი შეადგენდა 788.6 ლარს, საშუალო შემოსავალი კი 771.9 ლარი იყო). კვლევა გვიჩვენებს, რომ შინამეურნეობების მიერ საკვებზე, განათლებასა და გრძელვადიანი მოხმარების პროდუქტებზე გაწეული ხარჯები სამომხმარებლო ფასების ზრდასთან ერთად შემცირდა.
რამდენად იყო პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზი სიღარიბის მაჩვენებლის გაუარესება, „ქართული ოცნების“ ხელმძღავნელებს უნდა ვკითხოთ. თუმცა ის ფაქტი, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს გაუარესებული ეკონომიკური მონაცემების გამო მხოლოდ მისასალებელია. ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დამკიდრდეს ის პრაქტიკა, რომდესაც ეკონომიკური პროფილის მინისტრებმა თუ ჩინოვნიკებმა ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თუ ვერ ახერხებენ მდგომარეობის გამოსწორებას დატოვონ თანამდებობები.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.