ეკონომიკური ზრდა სამუშაო ადგილების გარეშე

 

საქართველოში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქართველებისთვის ყველაზე მწვავე პრობლემა უმუშევრობაა. „კავკასიის ბარომეტრის“ პერიოდული მონაცემები აჩვენებს, რომ წლების განმავლობაში უმუშევრობა არის ყველაზე მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც საქართველო დგას. სიღარიბე მეორე ყველაზე მწვავე პრობლემაა კვლევის მიხედვით (CRRC, 2022 წ.). ამ გამოკითხვის მიხედვით, საშუალოდ (2008-2019 წლებში) გამოკითხულთა 46 პროცენტმა უმუშევრობა ყველაზე მთავარ პრობლემად დაასახელა. როგორც დიაგრამა 1-დან ჩანს, ტერიტორიული კონფლიქტების საკითხი ქვემოთ იწევს 2008 წლიდან, ხოლო იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც უმუშევრობას საქართველოს მთავარ პრობლემად ასახელებენ, სტაბილურად მაღალია. ამის მიზეზი გასაკვირი არ არის: უმუშევრობის დონე საქართველოში ქრონიკულად მაღალია  და 1998 წლიდან საშუალოდ 18 პროცენტს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა, ბუნებრივია ჩნდება კითხვა, თუ რა იწვევს უმუშევრობის სტაბილურად მაღალ დონეს.

 

დიაგრამაზე 2-ზე ვხედავთ, სხვადასხვა სექტორების წვლილს ეკონომიკურ ზრდაში და ასევე, ამ სექტორებში დასაქმებულთა წილს მთლიან დასაქმებაში. როგორც სტატისტიკის სამსახური გვეუბნება ყველაზე მეტს სოფლის მეურნეობის სექტორი ასაქმებს. მაგრამ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში სოფლის მეურნეობის წვლილი შეადგენდა 1,6 % პროცენტს (2011-2021 წლებში). ყველაზე დიდი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში მოცემულ პერიოდში ფინანსურ და სადაზღვეო სექტორს ჰქონდა და იგი შეადგენდა 11,2 პროცენტს. თუმცა, ამ სექტორის წილი დასაქმებაში (2017-2021 წლებში) საშუალოდ 2,4 პროცენტი იყო. ეკონომიკურ ზრდაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უძრავ ქონებასთან დაკავშირებულმა საქმიანობებმა, რაც 9,3 პროცენტს შეადგენდა, მაშინ როცა ამ სექტორში დასაქმებულთა წილი დასაქმებულთა მთლიან  რაოდენობაში საშუალოდ 0,3 პროცენტს შეადგენდა. შეჯამებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოთხი წამყვანი სექტორის (როგორიცაა, ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, უძრავი ქონების საქმიანობა, განსახლებისა და კვების სერვისები) წვლილი ეკონომიკურ ზრდაში დაახლოებით 40 პროცენტი იყო, მაშინ როცა დასაქმებაში მათი წილი საშუალოდ 13 პროცენტზე ნაკლებია.

წყარო: საქსტატი, 2022

ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი სტრუქტურულად არის მიდრეკილი მაღალი უმუშევრობისკენ. უმუშევრობის დაძლევის გარეშე, ვერ აღმოიფხვრება სიღარიბის პრობლემა და არ შეწყდება ადამიანთა მასობრივი მიგრაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამიტომაც გვჭირდება ახალი „სახაზავი“ ეკონომიკური პოლიტიკის შესაფასებლად. როცა მთავრობა საუბრობს რომ ეკონომიკა იზრდება, ეს აპრიორი არ ნიშნავს რომ დასაქმება და მოსახლეობის კეთილდღეობა იზრდება. მაღალი ეკონომიკური ზრდა შესაძლოა მხოლოდ იმაზე მიუთითებდეს, რომ მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას