ეკოლოგიური გამოწვევები საქართველოში: ბუნებრივი ხანძრები

სტატია მომზადებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკური სამსახურის მიერ

 

საქართველოში, მისი გეოგრაფიული მდებარეობისა და ლანდშაფტის ბუნებიდან გამომდინარე, მთელი რიგი ეკოლოგიური საფრთხეების რისკი საკმაოდ მაღალია. ბუნებრივია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ეკოლოგიურ უსაფრთხოების გაძლიერებას მნიშვნელოვანი როლი უკავია, როგორც ქვეყნის სტრატეგიულ დოკუმენტებში, ასევე ნორმატიულ აქტებშიც. ამ მხრივ სამი მთავარი დოკუმენტია აღსანიშნავი: 2011 წელს მიღებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, ,,საქართველოს საფრთხეების შეფასების 2010–2013 წ.წ. დოკუმენტი“ და საქართველოს კანონი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“. თითოეული მათგანი სხვადასხვა ხარისხით აღწერს თუ რა ეკოლოგიურ გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და სავარაუდო სამოქმედო პოლიტიკას სახავს.

ეკოლოგიური პოლიტიკის წარმოებისთვის და საფრთხეების რისკების შემცირებისა თუ პრევენციისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია 2014 წლის გაეროს ოფისის მიერ გამოქვეყნებული კატასტროფის რისკის შემცირების სისტემის ინსტიტუციური შესაძლებლობების შეფასების ანგარიში, სადაც აღწერილია საქართველოს გეოგრაფიული ლანდშაფტის გამო ბუნებრივი კატასტროფების მიმართ ქვეყნის მოწყვლადობა; რომ ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალია მთელი რიგი ეკოლოგიური საფრთხეების ალბათობა, მათ შორის მიწისძვრები, გვალვები, ქარიშხლები, უხვი ნალექისგან გამოწვეული მეწყრები და ღვარცოფები. დოკუმენტი ხაზს უსვამს საქართველოში ეკოკატასტროფებთან ბრძოლის პოლიტიკაში არასრულფასოვანი სამართლებრივი ჩარჩოს არსებობას, ასევე ამ მხრივ სახელმწიფოს მიერ ხარჯების გაღების სიმწირეს: „მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სექტორში კონკრეტული ტექნიკური სფეროების შესახებ სპეციფიკური ცოდნა არსებობს, კატასტროფის რისკის შემცირების კონცეფციებისა და პრაქტიკის შესახებ ცოდნა და ინფორმირება საჭიროებს გაუმჯობესებას. ტექნიკური შესაძლებლობები, რომლებიც უკავშირდება პრევენციას, რისკების შემცირებას, რისკების შემსუბუქებას, იდენტიფიცირებას და შეფასებას, კატასტროფისთვის მზადებას, კლიმატის რისკის მართვას და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებას, ძალიან სუსტია სხვადასხვა ორგანიზაციისა და სამთავრობო დონეებზე. ყველა მონაწილე მხარესთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად გაცნობიერებულია ის ფაქტი, რომ კატასტროფის რისკის შემცირება, უპირველეს ყოვლისა, განვითარების საკითხია, რომელიც ბევრად სცილდება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ფარგლებს და სექტორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და კოორდინაციას საჭიროებს. რესპონდენტები აღიარებენ, რომ საჭიროა მთავრობის პასუხისმგებლობით განხორციელებული, ინკლუზიური და კოორდინირებული საქმიანობა, აუცილებელი ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებისა და კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებით ცნობიერების ასამაღლებლად, თუ გვინდა, რომ კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული დღის წესრიგი ეფექტიანი იყოს.“ ანგარიში სფეროს დაფინანსებისთვის სახსრების უკმარისობაზეც მიუთითებს: „თუმცა არ არსებობს იმის დადასტურება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში არის სპეციალური მუხლი კატასტროფის რისკის შემცირებაზე გამოყოფილი წლიური თანხებისთვის. არ ხდება სხვადასხვა სექტორისათვის გამოყოფილი რესურსების კოორდინაცია, პრიორიტეტებად გაწერა, სისტემატიზაცია და რეგულირება. ანალოგიურად, სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენითი სამუშაოებისთვის გამოყოფილი არ არის წლიური თანხები.“

ანგარიში გასცემს რეკომენდაციებსაც, რომელთაგანაც მნიშვნელოვანია კატასტროფების შემცირების პრევენციის სტრატეგიის შემუშავება, რესურსების მოძიება კატასტროფის რისკის შემცირებისთვის, როგორც პირდაპირი დაფინანსებით, ასევე სექტორების და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან. ამასთანავე, სახელმწიფო და სექტორულ დაგეგმვაში ჩართული თანამშრომლების უზრუნველყოფა ტექნიკური მხარდაჭერით, ინსტრუმენტებითა და რესურსებით, რათა მოხდეს კატასტროფის რისკის შემცირების ინტეგრირება განვითარების სათანადო სახელმწიფო პროგრამებსა და ჩარჩო პროექტებში.

 

სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები

ეკოლოგიური უსაფრთხოების ეფექტური მართვისთვის ხელისუფლებამ ორი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა: 2014 წლის 1 იანვარს ჩამოყალიბდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, რომელიც პირდაპირ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარა და მისთვის ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციის მართვის მიზნით უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში დახმარება დაევალა, ხოლო 2014 წლის მიწურულს სახანძრო, სამოქალაქო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების რეაგირების სამმართველოები მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებიდან შინაგან საქმეთა სამინიტროს ახალი ორგანოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადავიდა.

რამდენად ეფექტურია ამ ორი ორგანიზაციის საქმიანობა მათი შესაძლებობებიდან გამომდინარე ცალკე საკითხია. გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დაფინანსება 63 მილიონი ლარიდან 58 მილიონ ლარამდეა შემცირებული. შრომის ანაზღაურების კომპონენტის გარდა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და საწვავით მომსახურების კომპონენტიც 6 მილიონი ლარით შემცირდა.

 

 

ბოლო სამი წლის განმავლობაში თანმიმდევრულად კლებულობს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ბიუჯეტიც. 2015 წელთან შედარებით, 2017 წელს საბჭოს დაფინანსება პრაქტიკულად განახევრდა.

 

2017 წლის იანვარში, მთავრობამ კრიზისების მართვის საბჭოს მიერ შემუშავებული საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია 2017-2020 დაამტკიცა, რომლის მიზანია ერთიანი, მოქნილი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უწყებათა ერთიანი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით უზრუნველყოფს ქვეყანაში ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებას. აღნიშნული სისტემა დაეყრდნობა მთავრობის ერთიან მიდგომას და სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან. ამავდროულად, კატასტროფის რისკის შემცირების ერთიანი სისტემა ორიენტირებული იქნება ადამიანთათვის საცხოვრებელი და საქმიანობის უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნაზე და ქვეყნისა და ეროვნული ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე.

სტრატეგიის ამოცანაა „საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წ.წ. დოკუმენტში“ იდენტიფიცირებული – საქართველოს წინაშე მდგარი ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება და შესაძლო ზიანის შემსუბუქება.

დოკუმენტით მიერ გაწერილი პოლიტიკა მიზნად ისახავს კატასტროფის რისკის შემცირების სისტემის ჩამოყალიბებას ეროვნულ დონეზე, სადაც პრიორიტეტული იქნება:

· კატასტროფის რისკის მართვის კანონმდებლობის დახვეწა;

· კატასტროფის რისკის შემცირების შესაძლებლობების განვითარება;

· კატასტროფის რისკის შემცირების სფეროში ადამიანური რესურსების შესაძლებლობის განვითარება;

· კატასტროფის რისკის შემცირების სფეროში მატერიალური რესურსების შესაძლებლობის განვითარება;

· კატასტროფებისადმი მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით კრიზისული სიტუაციებისთვის მარაგების შექმნა.

კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა შესაბამისობაშია გაეროს „კატასტროფის რისკის შემცირების სენდაის სამოქმედო ჩარჩო პროგრამა 2015-2030“-ის პრიორიტეტულ მიმართულებებთან.

ეროვნული სამოქმედო გეგმა აერთიანებს საქართველოში სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს, პროგრამებსა და ინიციატივებს, რომელთა იმპლემენტაციის მონიტორინგს განახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი.

კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სამოქმედო გეგმისა და მასში ასახული ღონისძიებების შესრულების ვადად განსაზღვრულია 4 წელი (2017-2020 წ.წ.). ეროვნულ სამოქმედო გეგმაში გაწერილია კონკრეტული ღონისძიების შესრულებაზე პასუხისმგებელი და საჭიროების შემთხვევაში დამხმარე უწყება/ორგანიზაციები, ღონისძიებების შესრულების ვადები, დაფინანსების წყარო.

 

ბუნებრივი ხანძრები და მისი სტატისტიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიის 18% მეწყრული საფრთხით მნიშვნელოვან, მაღალ და ძლიერ მაღალ კატეგორიაში შედის. ხოლო ღვარცოფით გამოწვეული დიდი, მაღალი და ძალიან მაღალი საფრთხე ქვეყნის ტერიტორიის 37%-ს ემუქრება.

უკანასკნელი წლების მონაცემებით, სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების რაოდენობა საშუალოდ 15%-ით, ხოლო სტიქიური გეოლოგიური მოვლენების რაოდენობა საშუალოდ 58%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, სტიქიის მიერ გამოწვეული ზარალიც მომატებულია. არსებული მონაცემებით, სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებით გამოწვეულმა ზარალმა, მხოლოდ 2015 წელს – 389 მილიონი ლარი შეადგინა.

ეკოლოგიური კატასტროფების რისკისა და ზარალის მიხედვით პირველ ადგილზე ხანძარია. ხანძრებს 35%-იანი ალბათობა აქვს, ხოლო სახელმწიფოს ყველა სტიქიურ უბედურებას შორის ყველაზე მეტი (51%) ხანძრით მიყენებული ზარალის ანაზღაურება უჯდება.

 

 

წინა ათწლეულთან შედარებით, 2010 წლიდან მნიშვნელოვნად გაზრდილია – საშუალოდ გაორმაგებულია ბუნებრივი ხასიათის საგანგებო სიტუაციების რაოდენობა. მათ შორის გაზრდილია ბუნებრივი ხანძრების რაოდენობის საშუალო მაჩვენებელი. ბუნებრივი ხანძრების მთავარ მოწყვლად ტერიტორიებს კი ნარგავები, ნათესები და ტყის მასივები წარმოადგენს.

საგანგებო სიტუაციების რაოდენობა

 

ბუნებრივი ხანძრების რაოდენობა

 

 

 

 

ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის ევროპული გამოცდილება – მოხალისეობა

აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპული ქვეყნების გამოცდილებით, მასშტაბურ, ბუნებრივ ხანძრებთან საბრძოლველად ეფექტურად გამოიყენება მოხალისეობრივი სისტემა. რამდენიმე ქვეყანაში მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება პროფესიონალი მეხანძრეების რაოდენობას.

ფინეთს 570 აქტიური მოხალისეობრივი სახანძრო ბრიგადა ჰყავს, რომელშიც 19 000-ზე მეტი მოხალისე ერთიანდება. მათი ნაწილი კონტრაქტით აყვანილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი პროფესიონალი მეხანძრეები არიან. ნაწილის ანაზღაურება იმ შემთხვევაში ხდება თუკი ხანძარი სიცოცხლისთვის მაღალი რისკის შემცველია. ფინელი მოხალისეებისთვის სპეციალური ტრენინგებია გამოყოფილია. ტრენინგები სამ ნაწილად იყოფა: პირველადი ფიზიკური მომზადება, მეხანძრის მთავარი უნარების და მეხანძრის სპეციფიკური უნარების ათვისება. ფინეთის მეხანძრეთა მოხალისეობრივ ბრიგადებში მონაწილეობას ქალები და ახლაგაზრდებიც აქტიურად იღებენ, რაც ათწლეულების განმავლობაში ქვეყნაში ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა.

ჩეხეთში მოხალისე მეხანძრეების ბრიგადები სახანძრო-სამაშველო სამასახურისგან დამოუკიდებელი ასოციაციებია. ისინი რეგიონების მიხედვით არიან დანაწილებულები და ფინანსურად მუნიციპალიტეტები და ადგილობრივი კომპანიები აფინანსებენ. ისინი იმავე ფუნქციებს ასრულებენ, რასაც სახანძრო-სამაშველო სამსახური, მათ შორის წყალდიდობებთან, სხვა ბუნებრივ ეკოლოგიურ კატასტროფებთან. მოხალისეები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქალაქების სოციალურ ცხოვრებაში.

საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია 2017-2020 მიხედვით, ევროკავშირთან „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ფარგლებში საქართველო იღებს ვალდებულებებს განსაზღვრულ ვადებში, ეტაპობრივად დაუახლოოს საკუთარი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს. ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულია თანამშრომლობის განვითარება ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების პრევენციის, მათთვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების მიმართულებით. თანამშრომლობა მოიცავს შემდეგ მიზნებს: კატასტროფის რისკის შემცირების ფორმატში თანამშრომლობა ისეთი საშუალებების გამოყენებით, როგორებიცაა – ინსტიტუციური კავშირები და ხელშეწყობა; ინფორმაცია, განათლება და კომუნიკაციები; საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც მიმართულია ბუნებრივი კატასტროფის პრევენციის ან კატასტროფის ზემოქმედების შემცირებისაკენ; თანამშრომლობა კატასტროფის მართვის მიზნით კატასტროფის, საფრთხეებისა და რისკების შეფასების შესახებ საინფორმაციო ბაზის დასახვეწად; თანამშრომლობა გარემოსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე კატასტროფის ზემოქმედების შეფასების მიმართულებით.

 

დასკვნის მაგიერ

საქართველოსთვის, გეოგრაფიული ლანდშაფტიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეფექტიანი ეკოლოგიური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას, რათა მაქსიმალურად იქნეს ეკოკატასტროფების რისკები და მათგან მიყენებული ზარალი შემცირებული. ამ კუთხით, არაერთი დოკუმენტი და სტრატეგია არსებობს, მათ შორის 2017 წელს მიღებული კატასტროფების რისკის შემიცრების სტარტეგიაც. მაგრამ როგორც რეალობა აჩვენებს ამ დოკუმენტების და სტრატეგიის პრაქტიკაში ეფექტური აღსრულება არ ხერხდება. სახელმწიფოს მიერ გატარებული საჯარო პოლიტიკები იმ მზარდ გამოწვევას, რასაც ბოლო წლებში მზარდი ეკოლოგიური მიზეზებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციები ეწოდება, ვერ უმკლავდება და განხორციელების კუთხით შენელებულია.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას