"დიალოგი ყოველთვის სასურველია თუნდაც იმიტომ, რომ სიტუაცია კიდევ უფრო არ გაუარესდეს" - ინტერვიუ სერგეი მარკედონოვთან
სერგეი მარკედონოვი

სერგეი მარკედონოვი პოლიტოლოგი. კავკასიოლოგი. რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საგარეო პოლიტიკის კათედრის დოცენტი. სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კავკასია, ეთნოპოლიტიკური კონფლიქტები და რუსეთის პოლიტიკა კავკაშიაში

– გასულ კვირას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებამ შესაძლოა საშინელი კონფლიქტი გამოიწვიოს. საქართველოში ბევრი დარწმუნებულია, რომ ყველაზე ცუდი რაც შეიძლებოდა მომხდარყო, 2008 წელს უკვე მოხდა. როგორ ფიქრობთ, კიდევ რა კონფლიქტი შეიძლება გამოიწვიოს გაწევრიანებამ?

– დავიწყოთ იქედან, რომ მე საერთოდ ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის მიმართ. არსებობს ნატოს წესდება, რომლის თანახმადაც ქვეყანა, რომელსაც აქვს გადაუჭრელი ეთნო-პოლიტიკური და ტერიტორიული კონფლიქტები, ალიანსის წევრი ვერ გახდება. დიმიტრი მედვედევმა ეს ყველაფერი რასაკვირველია შესანიშნავად იცის, ის იურისტია, მაგრამ პოლიტიკოსები ლაპარაკობენ იმას, რაც განსაზღვრულია მათი როლით. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, მედვედევის ეს განცხადება არის პასუხი ნატოს გენერალური მდივანის, იენს სტოლტენბერგის განცხადებაზე, რომელიც მან ბრიუსელის სამიტზე გააკეთა. კერძოდ, სტოლტენბერგმა თქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. რასაკვირველია, სტოლტენბერგმაც იცის, რომ ახლო მომავალში საქართველო ალიასის წევრი ვერ გახდება, მაგრამ მანაც თქვა ის, რაც უნდა ეთქვა – ამ განცხადებით მან დაადასტურა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის მიცემული დაპირება.

იენს სტოლტენბერგი – NATO-ს გენერალური მდივანი

მეორე მხრივ ცნობილია რუსეთის ოფიციალური პოზიცია: მოსკოვი საფრთხედ განიხილავს ნებისმიერი პოსტსაბჭოთა ქვეყნის გაწევრიანებას ნატოში (ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით) და იტოვებს უფლებას ქონდეს მწვავე რეაქცია ამ საკითხზე. ამიტომ, ორივე აღნიშნული განცხადება უნდა განვიხილოთ იმ როლების კონტექსტში, რომლებსაც კონკრეტული ფიგურები ასრულებენ. დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია დააფიქსიროს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს აქვთ დამოუკიდებელი არჩევანის უფლება და რუსეთი ამ პროცესს ხელს ვერ შეუშლის, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია დააფიქსიროს, სად გადის მისი წითელი ხაზები – ამ შემთხვევაში, ეს არის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნატოში გაწევრიანება.

– ზოგადად, ბოლო პერიოდში საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი ძალიან გააქტიურდა რუსულ მედიაშიც. რამ გამოიწვია ეს გააქტიურება იმ ფონზე, როცა ბრიუსელის სამიტზე ფაქტობრივად ახალი არაფერი თქმულა საქართველოსთან დაკავშირებით?

– რუსულ მედიაში საქართველოს თემატიკას არ უჭირავს ძალიან დიდი ადგილი, თუმცა, ამ შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვა რამდენიმე ფაქტორი – მათ შორის აგვისტოს ომის წლისთავი, სტოლტენბერგის განცხადება, ამერიკული სანქციები, ზეწოლა დასავლეთის მხრიდან და ა.შ. ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს გააქტიურება შეიძლება უფრო დასავლეთისთვის მიცემული სიგნალი იყოს ისევ და ისევ იმასთან დაკავშრებით, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნატოში გაწევრიანება ჩვენთვის მიუღებელია.

პოლიტოკოსები ლაპარაკობენ იმას, რაც განსაზღვრულია მათი როლით.

– რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ჯერ კიდევ ივლისში განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მოყვება „თავისი შედეგები“. საქართველოში ფიქრობენ, რომ ეს შედეგი შესაძლოა იყოს რუსეთის მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის შეერთება (ყირიმის სცენარი). როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ასეთი სცენარის პერსპექტივა?

– ზოგადად ასეთი სცენარი გამორიცხული არ არის, თუმცა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ამ მხრივ არსებობს სერიოზული განსხვავება. სამხრეთ ოსეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლას აქვს ძალიან მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, აფხაზეთში კი ეს იდეა არ სარგებლობს უდავო და აბსოლუტური მხარდაჭერით. აფხაზეთში ეს უმცირესობის იდეაა. 2014-2015 წლებში, როცა ეს საკითხი უფრო აქტიურად განიხილებოდა ცხინვალში, აფხაზი ლიდერები პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ეს არ არის აფხაზეთისთვის სასურველი სცენარი.

სოხუმი

აქედან გამომდინარე, ყირიმის ვარიანტზე საუბარი უფრო რელევანტური შეიძლებოდა ყოფილიყო სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ მოსკოვი თვითონ არ უშვებს ამ სცენარის განხორციელებას. ეს საკითხი რომ მხოლოდ ცხინვალში წყდებოდეს, სამხრეთ ოსეთი დღესვე შევიდოდა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ბიბილოვმა სწორედ იმაზე ააგო თავისი წინასაარჩევნო რიტორიკა, რომ მისი წინამორბედი არ იყო საკმარისად გაბედული ამ მიმარულებით.

მეორე მხრივ, ჯერ ჯერობით ბიბილოვმაც ვერ მოახერხა გაცხადებული მიზნის მიღწევა, მაგრამ რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა, როგორც ფონი და ფაქტორი, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ეს ფაქტორი დღეს მეტ გავლენას ახდენს რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე, ვიდრე თუნდაც რამდენიმე წლის წინ. თეორიულად, თუ წარმოვიდგენთ, რომ ნატო გადახედავს თავის წესდებას და საქართველო ხვალ გახდება ნატოს წევრი, რუსეთის პასუხი დიდი ალბათობით იქნება არა სამხედრო ხასიათის, არამედ პოლიტიკური ხასიათის. ასეთი პოლიტიკური პასუხი ალბათ შეიძლება იყოს თუნდაც იგივე ყირიმის სცენარი სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში.

– თქვენს პუბლიკაციაში, რომელიც აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით გამოაქვეყნეთ, წერთ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ამჯობინებენ ნულოვან-ჯამოვან თამაშს ნაცვლად იმისა, რომ ეძებონ კომპრომისები და ამას მივყავართ ომამდე. როგორ ფიქრობთ, აგვისტოს ომის შემდეგ არსებობს თუ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების კომპრომისული მოგვარების შანსი?

– ეს კონფლიქტები მიმდინარეობს ერთდროულად რამდენიმე დონეზე. კომპრომისის შანსი გაცილებით მაღალი იყო მაშინ, როცა საქმე გვქონდა ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ კონფლიქტებთან. შემდეგ ამას დაემატა გამწვავებული რუსულ-ქართული კონფლიქტი; შემდეგ – კონფლიქტი დასავლეთსა და რუსეთს შორის. დღეს სამივე აღნიშნული განზომილება პარალელურად ვითარდება და თითოეული დამატებითი საფეხური ამცირებს კომპრომისის შანსს.

მიუხედავად ამისა, 2004 წლის მაისამდე სამხრეთ ოსეთის ქართულ სახელმწიფოში რეინტეგრაციის შანსი ძალიან მაღალი იყო. 2004 წლის შემდეგ ეს შანსი მკვეთრად შემცირდა, ხოლო 2008 წლიდან პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. აფხაზეთის მიმართულება თავიდანვე უფრო რთული იყო, თუმცა გარკვეული კომპრომისის რესურსი აქაც არსებობდა – მაგალითად, აქტიურად განიხილებოდა გალისა და საერთოდ, აღმოსავლეთ აფხაზეთის დიდი ნაწილის რეინტეგრაცია დანარჩენი აფხაზეთის სრული ან ნაწილობრივი აღიარების დაშვებით. განიხილებოდა სხვა კომპრომისული ვარიანტებიც.  ამჟამად ეს ყველაფერი წარსულია. დღეს კონფლიქტებში მთავარ, განმსაზღვრელ ფაქტორად უკვე დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარე დაპირისპირება  გვევლინება და სწორედ დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობაზეა დამოკიდებული კომპრომისების შესაძლებლობაც. ამ წუთისთვის მე ასეთი კომპრომისის წინაპირობებს ვერ ვხედავ.

თუ წარმოვიდგენთ, რომ ნატო გადახედავს თავის წესდებას და საქართველო ხვალ გახდება ნატოს წევრი, რუსეთის პასუხი დიდი ალბათობით იქნება არა სამხედრო ხასიათის, არამედ პოლიტიკური ხასიათის. ასეთი პოლიტიკური პასუხი ალბათ შეიძლება იყოს თუნდაც იგივე ყირიმის სცენარი სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში.

– რუსეთში ხშირად ამბობენ, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სხვა რიტორიკა აქვს, მაგრამ პოლიტიკა იგივე რჩება – ე. ი. კურსი ნატოში გაწევრიანებისკენ და ა. შ. ამავე დროს არ არსებობს არავითარი ალტერნატიული შემოთავაზება. როგორ ფიქრობთ, გაიზრდება თუ არა კონფლიქტების მიმართულებით კომპრომისის მიღწევის შანსი, თუ საქართველო უარს იტყვის ნატოში გაწევრიანების მისწრაფებაზე?

კონფლიქტების საკითხი რომ მხოლოდ რუსეთსა და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს შორის წყდებოდს, ჩემი აზრით 2018 წლისთვის მსოფლიოს რუკაზე შეიძლებოდა ყოფილიყო ფედერაციული მოლდოვა და ფედერაციული საქართველო ყოფილ ავტონომიებთან ერთად, მაგრამ კონფლიქტები კავკასიასა და დნესტრისპირეთში უკვე საერთაშორისო, გლობალური კონფლიქტებია და შეუძლებელია გადაწყდეს მხოლოდ საქართველოსა და რუსეთს შორის.

აგვისტოს ომი, 2008

რაც შეეხება საქართველოს მხრიდან ნატოზე უარის თქმას – თანამშრომლობა უკვე ძალიან შორს წავიდა და ამ დროის მანძილზე ბევრ საკითხში საქართველოსა და ნატოს ინტერესები ერთმანეთს გადაება. სოცოლოგიური კვლევების თანახმად, ევროატლანტიკური მისწრაფება დომინირებს საზოგადოებრივ განწყობებშიც. მე ვერ ვხედავ საქართველოში პოლიტიკოსს, რომელიც გაბედავს და ამ პროცესს შეაჩერებს. მას საქართველოში კაპიტულანტად გამოაცხადებენ. ამიტომ ასეთი პოლიტიკოსის წარმოდგენა მხოლოდ ჰიპოთეტურად თუ შეიძლება. მეორე მხრივ, რუსეთსაც არა აქვს თავისი შემოთავაზება. რუსეთში ფიქრობენ, რომ ნებისმიერი დათმობა შეიძლება შეფასებულ იქნას როგორც სისუსტე და ამან გაამწვავოს სიტუაცია სხვა მიმართულებებზე.

კონფლიქტების საკითხი რომ მხოლოდ რუსეთსა და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს შორის წყდებოდს, ჩემი აზრით 2018 წლისთვის მსოფლიოს რუკაზე შეიძლებოდა ყოფილიყო ფედერაციული მოლდოვა და ფედერაციული საქართველო ყოფილ ავტონომიებთან ერთად.

– 2012 წლის შემდეგ არაერთხელ გააქტიურდა უმაღლეს დონეზე შეხვედრის თემა. პერიოდულად მოსკოვში და თბილისში საუბრობენ დიპლომატიური ურთიერთობის შესაძლო აღდგენის პერსპექტივებზეც. როგორ ფიქრობთ – რამდენად აქვს აზრი უმაღლეს დონეზე კონტაქტის დამყარებას არსებული „წითელი ხაზების“ პირობებში და მოიტანდა თუ არა ასეთი კონტაქტი უფრო მეტს, ვიდრე რეალურად მივაღწიეთ 2012 წლის შემდეგ?

– დიალოგი აუცილებელია თუნდაც იმისთვის, რომ სიტუაცია კიდევ უფრო არ გაუარესდეს – უარესი კი ყოველთვის შესაძლებელია. რაც შეეხება შეხვედრას – შეხვედრა მზადდებოდა და სერიოზულად იგეგმებოდა 2014 წელს, მაგრამ მას, სავარაუდოდ, ხელი უკრაინის კრიზისმა შეუშალა. ახლა გასაკრვევია ისიც, რა არის „უმაღლესი დონე“ – საქართველოში პრეზიდენტის ფუნქიები შეზღუდულია და კიდევ უფრო შეიზღუდება საკონსტიტუციო რეფორმების შედეგად. ფორმალურად, გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით, პირველი პირი არის პრემიერ-მინისტრი, თუმცა ფაქტობრივად მთავარი პერსონაჟი ქართულ პოლიტიკაში არის მმართველი პარტიის ხელმძღვანელი – ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ფორმალურად შესაბამისი სტატუსი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე გასარკვევია, ვისთან უნდა შედგეს შეხვედრა? ვლადიმირ პუტინისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ალბათ სასარგებლო იქნებოდა. წითელი ხაზები არსებობს და იარსებებს, შეხვედრები ამ ხაზებს არ გააუქმებს, მაგრამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივების განხილვა მაინც საჭირო და სასურველია.  ნორმალიზაციის პირველი ფაზა, რომელიც ეხებოდა ვაჭრობას, რიტორიკას და ა.შ. გავლილია – ახლა საჭიროა რაღაც ახალი ნაბიჯების გადადგმა და ახალი საკითხების შემოტანა დღის წესრიგში. ეს შეიძლება იყოს თუნდაც უვიზო რეჟიმის საკითხი, ეკონომიკური წარმომადგენლობის თემის გააქტიურება და ა.შ.  გარდა ამისა, არსებობს ასევე უსაფრთხოების საკითხებიც, მათ შორის, ანტიტერორისტული მიმართულებით. ეს საკითხები უშუალოდ არ უკავშირდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსს და მათი განხილვა შესაძლებელია.

დიალოგი აუცილებელია თუნდაც იმისთვის, რომ სიტუაცია კიდევ უფრო არ გაუარესდეს – უარესი კი ყოველთვის შესაძლებელია. რაც შეეხება შეხვედრას – შეხვედრა მზადდებოდა და სერიოზულად იგეგმებოდა 2014 წელს, მაგრამ მას, სავარაუდოდ, ხელი უკრაინის კრიზისმა შეუშალა.

– ურთიერთობა ამერიკასა და რუსეთს, ზოგადად დასავლეთსა და რუსეთს შორის ამჟამად ძალიან დაძაბულ ფაზაშია. როგორ ფიქრობთ, რა საფრთხეებს შეიცავს ეს დაძაბულობა პოსტსაბჭოთა სივრცისთვის და ხედავთ თუ არა ახლო მომავალში ამ ურთიერთობების დარეგულირების პერსპექტივას?

– გაუმჯობესების პერსპექტივა ამჟამად არ ჩანს. პირიქით, სანქციები კიდევ უფრო მწვავდება. სხვათა შორის, რუსეთი სანქციების მიუხედავად მაინც თანამშრომლობდა ამერიკასთან კონკრეტულ მიმართულებებზე – მაგალითად, ირანთან ბირთვული შეთანხმებისა და კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის საკითხებში, თუმცა პასუხი ამ თანამშრომლობაზე იყო სანქციების გაღრმავება. ახლა ჩვენ ფაქტობრივად ულტიმატუმი წაგვიყენეს და არ არის გამორიცხული დიპლომატიური წარმომადგენლობის დონის დაწევა, რაც ნიშნავს კონტაქტისა და დიალოგის კიდევ უფრო შემცირებას. ეს, რასაკვირველია, საშიშია პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, რადგან ეს სივრცე შინაგანად გაყოფილია და ზოგჯერ ერთი ქვეყნის შიგნითაც კი ადამიანებს რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ ნატოზე, რუსეთზე, ევრაზიულ კავშირზე და ა.შ.

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი, ჰელსინკი, 2018

ერთი სიტყვით – სიტუაცია მარტივი არ არის, თუმცა რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობა მაინც განსხვავდება რუსეთისა და ევროპის ურთიერთობისგან. ამერიკა ძალიან შორსაა, ევროპაში კი ესმით, რომ რუსეთის გარეშე საერთო-ევროპული უსაფრთხოების აშენება და თუნდაც პოსტსაბჭოთა კონფლიქტების მოგვარება შეუძლებელია. ევროპა ზარალდება რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებით და საპასუხო რუსული სანქციებითაც, მაგრამ ამავე დროს ევროპის ქვეყნების ეკონომიკური ბმა ამერიკასთან იმდენად მასშტაბურია, რომ ისინი ფაქტობრივად დილემის წინაშე არიან. ერთ მხრივ ჩვენ ვხედავთ გერმანიის, ავსტრიის, იტალიისა და საფრანგეთის მხრიდან მცდელობებს დაარეგულირონ ურთერთბა რუსეთთან, თუმცა ჯერ-ჯერობით კონკრეტული შემოთავაზებები არ ჩანს.

აქტიურად განიხილებოდა გალისა და საერთოდ, აღმოსავლეთ აფხაზეთის დიდი ნაწილის რეინტეგრაცია დანარჩენი აფხაზეთის სრული ან ნაწილობრივი აღიარების დაშვებით.

სხვათა შორის, ამერიკას არ აქვს პრობლემები მხოლოდ რუსეთთან. მას პრობლემები აქვს  ასევე ნატოს წევრ თურქეთთან და საკმაოდ გაურთულდა ურთერთბა  იგივე ევროპასთანაც სავაჭრო ტარიფებთან და სხვა საკითხებთან დაკავშრებით. ამ ყველაფერმა რუსეთს, თურქეთს და ევროპას შეიძლება მომავალში უბიძგოს ერთმანეთთან გარკვეული კონტაქტების დამყარებისკენ და კონკრეტული პრობლემების გადაჭრისკენ, მაგალითად, სირიაში ან უკრაინაში. ასეთი კონტაქტები თავის მხრივ ამერიკასაც მიიყვანს საკუთარი პოლიტიკის გადახედვამდე, რადგან მთელს მსოფლიოსთან ომი ამერიკისთვისაც კი შეუძლებელია.

ესაუბრა ზვიად ავალიანი

17.08.2018