ავტორი: თორნიკე ჩივაძე, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხთა მკვლევარი
შესავალი
ორ დიპლომიანი ტაქსისტის ურბანული მითი უბრალოდ ფანტაზიის ნაყოფი არაა. 90-იანი წლებში ხელოვნებაში და ურბანულ ფოლკლორში გაჭირვებული მეცნიერის სურათ-ხატის წარმოქმნის მატერიალური საფუძვლები საქართველოს პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაციის ხასიათში უნდა ვეძიეოთ. როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ პოსტ საბჭოთა ქვეყნების უპირატესობა განათლებული და კვალიფიკაციური სამუშაო ძალა იყო.
განსხვავება ჩვენს რეგიონს და მესამე სამყაროს შორის ის იყო, რომ იქ კაპიტალისტური გარდაქმნა ჩამორჩენილი სოფლის მეურნეობის ბაზაზე უნდა მომხდარიყო, როდესაც პოსტ-საბჭოთა სივრცეში სოციალისტური სახელმწიფოს მიერ უკვე წარმართული მოდერნიზაციის პროცესი მაღალ ფაზაში იყო შესული, რაც ამ შემთხვევაში ურბანიზაციის, ინდუსტრიალიზაციის, განათლების მოცვით, ხარისხით და სამეცნიერო განვითარების შედარებით მაღალ დონეში გამოიხატება. შესაბამისად, რეფორმატორების აზრით საერთაშორისო და ახლად წარმოქმნილი ადგილობრივი კაპიტალი ამ კვალიფიკაციური სამუშაო ძალის შეწოვას მოახდენდა, რაც ქვეყანას საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას მოკლე ვადიანი შოკის შემდგომ წარმატებას მოუტანდა. რეალობაში მოხდა საპირისპირო – სამუშო ძალის კვალიფიკაცია მნიშვნელოვნად აღემატებოდა კაპიტალის „კვალიფკაციას“, რაც გამოიხატა კაპიტალთან მიმართებით კვალიფიკაციური სამუშაო ძალის სიჭარბეში და მის არასრულ გამოყენებაში.
ნეოლიბერალურ პოლიტიკის შედეგად შეუქცევადმა დე-ინდუსტრიალიზაციამ საბოლოოდ გაწყვიტა კავშირები მეცნიერებასა და ეკონომიკას შორის. სამეცნიერო კორპუსი, მათ შორის გამოყენებითი მეცნიერებები უფუნქციონი დარჩნენ. „წარმატებული“ გამოდგა სამეცნიერო კორპუსზე რასაც 2004-2012 წლებში მათზე პირდაპირი ინსტიტუციური თავდასხმებიც მოჰყვა.
მოკლედ, რომ ვთქვათ ეკონომიკის მხირადან კვალიფიკაციურ სამუშაო ძალაზე მოთხოვნის დეფიციტმა გააჩინა „ორ დიპლომიანი ტაქსისტები“.
მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვა
ბოლო 30-ი წელია საქართველოში კაპიტალი მიედინება ისეთ სექტორებში, რომელთა წარმოება (იქნება ეს მომსახურეობა და თუ საქონელი) არ მოითხოვს მეცნიერების ინტესნიურ გამოყენებას. ქვეყანაში, რომელშიც ეკონომიკის ძრავი მომსახურეობის და ტურიზმის სექტორია, შეუძლებელია ვისაუბროთ მეცნიერების და უფრო კონკრეტულად ინოვაციური ეკონომიკის ჩამოყალიბებაზე. ბიზნესი ფულს კვლევასა და განვითარებაში (R&D) არ დებს. ხარჯების ძირითადი, თუმცა მთლიანობაში მიზერული ნაწილი გაწეულია სახელმწიფოს მიერ. ჯამურად საქართველოში კვლევასა და განვითარებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-იც კი არ იხარჯება, რითიც ბევრად ჩამოვრჩებით საშუალო მაღალ შემოსავლიან ქვეყნებს, რომელ ჯგუფშიც ჩვენ შევდივართ მსოფლიოს ბანკის მიხედვით. ჩვენი მონაცემები ემთხვევა დაბალ შემოსავლიან ქვეყნების მონაცემებს.
კვლევასა და განვითარები არც დინამიკაში იცვლება მნიშვნელოვნად და რომ დავამგვალოთ ბოლო სამ წელიწადში მან მშპ-ს 0.3% შეადგინა. დაზუსტებით არ მოიპოვება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა წილი უჭირავს ამ ხარჯებში კერძო სექტორს, თუმცა ირიბი დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ იქიდან, რომ გლობალური ინოვაციების ინდექსის მონაცემების მიხედვით ბიზნეს დაწესებულებიბის მიერ კვლევის დაფინანსებას 7 ქულიანი შკალიდან 2.6 ქულა აქვს მინიჭებული და ქვეყნებს შორის 122 ადგილს იკავებს.
როგორც ზემოთ ვნახეთ მთლიანი ხარჯების მიხედვითაც საქართველო არცთუ სახარბიელო ვითარებაშია. კველვასა და განვითარებაში მსოფლიო ტოპ 15 ინვესტორი ქვეყნის ინვესტიციების ნახევარი და მეტი უმეტეს შემთხვევაში ბიზნეს სექტორის ხარჯებია. თუმცა მათი ბიზნეს სექტორი თვისობრივად განსხვავდება ჩვენისგან და სწორედ ამიტომ ჩვენში სახელმიწიფოს სექტორს ექნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი განვითარების საწყის ეტაპებზე (თუკი ასეთი რამ მოხდება).
მეცნიერებაში მწირი რესურსების ინვესტირების ფონზე არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ქართველ მეცნიერთა გამოგონებათა საპატენტო მაჩვენებლები კლებას განიცდის.
საქსტატის 2019 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „2019 წელს წინა წელთან შედარებით 24%-ით შემცირდა გამოგონების განაცხადების რაოდენობა. ამასთან, 17%ით შემცირდა გამოგონების ადგილობრივი განაცხადების რიცხვი.
როგორც გამოგონების შემთხვევაში ასევე „სასარგებლო გამოგონებათა“ რეგისტრაციის მაჩვენებელიც დაღამავალია და მკვეთრად მცირდება 2010 წლიდან. რაც შეეხება სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენ მილიონ ადამიანზე საპატენტო განაცხადების რაოდენობით ვემეზობლები 110 ქვეყანას შორის 67 ადგილს ვიკავებთ.
მართალია მხოლოდ, h ინდექსით ქვეყნების შედარება პრობლემურია თუმცა ის მაინც გვიქმნის ზოგად წარმოდგენას საქართველოს სამეცნიერო პოზიციების შესახებ საერთაშორისო საზოგადეობაში.
უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა მაჩვენებლებში დაბალი საერთაშორისო პოზიციების მიუხედავად დადებითია ტენდენციები ქართული სამეცნიერო ნაშრომების ციტირების მაჩვენებლებში. ძირითადი მამოძრავებლები არიან ფიზიკა, ასტრონომია, მედიცინა, ინჟინერია, ბიოქიმია,მოლეკულური ბიოლოგია და ა.შ. თუმცა ამას ესაჭიროება დამატებითი კვლევა რადგან ბოლო პერიოდში უფრო მეტად იზრდება ნაშრომებზე საერთაშორისო ხელმისაწვდომობა და ჩვენ ზედაპირულად ვერ დავასკვნით უფრო მეტად რის ხარჯზე იზრდება მაჩვენებლები (ძველზე ხელმისაწვდომობის ზრდის თუ ახალი სამეცნიერო ნაწარმოებების მეშვეობით).
ეკონომისტებისგან და პოლიტიკოსებისგან ხშირად გვესმის, რომ სწორედ ამიტომაა საჭირო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. მათი აზრით ეს არის უალტერნატივო საშუალება “know how”-ს და ტექნოლოგიური ტრანსფერისთვის. მართლაც, საქართველოს პრიდაპირი უცხოური ინვესტიციები საკმაოდ მაღალია. თუმცა გლობალური კონკურენტულობის ინდექსის მიხედვით ამ ინვესტიციების ხარისხი დაბალია, რაც აისახება პირდაპირი ინვესტიციების მიერ ტექნოლოგიური ტრანსფერის ძალიან დაბალ მაჩვენებლებში. ამ კუთხითაც საქართველო ბევრად ჩამორჩება ანალოგიური შემოსავლების მქონე ქვეყნების საშუალოს.
რა ამოძრავებს კვლევას და განვითარებას?
დღეს გაბატონებული ეკონომიკური მიდგომის მიხედვით მნიშვნელობა არ აქვს არა თუ განსხვავებულ ეკონომიკურ საქმიანობებს, არამედ დარგობრივ სპეციფიკასაც კი – მთავარია საქმიანობა იყოს მომგებიანი. რეალობა კი ისაა, ა, მათი გავლენა მთლიან ეკონომიკაზე სრულიად განსხვავებულია. მაშასადამე სხვადასხვაგვარად მოქმედებენ ეკონომიკურ განვითარებაზე. ტრადიციულად მიიჩნევა, რომ მისი სპეციფიკიდან გამომდინარე გადამამუშავებელი მრეწველობა წარმოადგენს დარგს, რომელიც ეკონომიკური განვითარების ცენტრალური ძრავია. ასევე განსხვავებულია მათი დამოკიდებულება მეცნიერებასთან და კონკრეტულად გამოყენებით მეცნიერებებთან.
ის რომ ქართული ბიზნესი არ ახდენს ინვესტირებას კვლევასა და განვითარებაში არ შეიძლება იყოს ახსნილი მხოლოდ ბიზნესმენების სუბიექტური ახირებულობით ან მათი ჩამორჩენილობით (რაც ხშირ შემთხვევაში მართალია). აქ უფრო მნიშვნელოვანი მთლიანი ეკონომიკის სტრუქტურაა, რამდენადაც განსხვავებულიე ეკონომიკის დარგებს გააჩნიათ განსხვავებული მოთხოვნა კვლევისა და ინოვაციის საქმიანობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ მდიდარ ქვეყნებში 90-იანი წლებიდან მოსმსახურეობის სექტორში კვლევის და განვითარების ინტენსივობა სწრაფად იზრდება კვლევის და განვითრების უდიდესი ნაწილი მრეწველობაში მოდის. მაგალითად, წარმოებასთან დაკავშირებული ამერიკული ფირმები ასაქმებენ ქვეყნის მასშტაბით ყველა მეცნიერის და ინჟინერის 64%-ს. ინდუსტრიულ სექტორში კვლევების 68%-ი გადამამუშავებელ მრეწველობაზე მოდის.
ამის მიუხედავად უნდა ითქვას, რომ საქართველოს სერვისის სექტორი დაბალ ტექნოლოგიურია და შესაბამისად არ შეუძლია შეასრულოს კვლევის და განვითარების დამკვეთის როლი, როგორც ეს ბოლო დეკადებში სხვა ქვეყნებში ხდება.
საქართველოს ეკონომიკის მთავარი გამოწვევა არა უბრალოდ ეკონომიკური ზრდა, არამედ ეკონომიკური განვითარებაა, რაც თავის თავში ეკონომიკის სტრუქტურულ ტრანსფორმაციას გულისხმობს. ეკონომიკური განვითარება განსხვავდება ზრდისგან იმით, რომ ის გულისხმობს ეკონომიკის თვისობრივ ცვლილებას, როდესაც შემოსავლების ზრდასთან ერთად თანდათანობით, თუმცა მკვეთრად იზრდება ისეთი საქმიანობების წილი, რომელთათვისაც დამახასიათებელია მზარდი უკუგება, მოთხოვნა კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე, კველვასა და განვთარებაზე, მაღალი ხელფასები, მასშტაბის ეკონომია და დადებითი გარე ეფექტები. სტრუქტურული ტრანსფორმაცია გულისხმობს დაბალ მწარმოებლური სექტორიდან სამუშაო ძალის მასიურ გადადინებას საშუალო და მაღალ მწარმოებლურ სექტორებში. რეალურ ისტორიულ დინამიკაში გამდიდრებული ქვეყნების მაგალითით ვხედავთ, რომ როგორც წესი, სამუშაო ძალა გაედინება არა ინდუსტრიალიზებული სოფლის მეურნეობის სექტორიდან წარმოების სექტორში (უფრო კონკრეტულად კი გადამამუშავებელ მრეწველობაში) და პიკის მიღწევის შემდგომ მისი წილი მაღალ ტექნოლოგიური მომსახურეობის სექტორის სასარგებლოდ მცირდება. ამასთან ერთად იცვლება დამატებული ღირებულების წილი ერთ სულზე და წილი მშპ-ში.
ფაქტია, რომ სახეზე გვაქვს ეკონომიკური ზრდა და არა განვითრება. საქართველოში მშპ-ის ზრდასთან ერთად სამუშაო ძალის გადადინება ხდება სოფლის მეუნეობიდან მომსახურეობის სექტორში, რომელიც ტურისტული ბუმითაა ნასაზრდოები და წარმოადგენს დაბალტექნოლოგიურ მომსახურეობის სექტორს, რომელსაც არ გააჩნია კვლევის ინტენსივობა.
ეკონომისტ გაბრიელ პალმას მიხედვით, დე-ინდუსტრიალიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიძგი შეიძლება სწორედ სერვისების ექსპორტის სექტორისა და ტურიზმის განვითარება გახდეს. როგორც ეს სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მოხდა. პალმას მიხედვით „შემობრუნებული დე-ინდუსტრიალიზაცია“ დამახასიათებელია პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის. აქ დასავლეთისგან განსხვავებით დე-ინდუსტრიალიზაცია ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების კლებასთან ერთად მიმდინარეობს, რაც თავის მხრივ ასოცირებულია გადამამუშავებელ მრეწველობაში სამუშაო ადგილების შემცირებასთან და სამეცნიერო პროდუქტზე კლებად მოთხოვნასთან.
საქართველოში 2016 წლისთვის გადამამუშავებელი მრეწველობის დამატებული ღირებულება ერთ სულზე საბჭოთა კავშირის ყველაზე ცუდი, ბოლო წლის პერიოდის მაჩვენებლზე დაბალია.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბანკის მიხედვით, საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლების ჯგუფს მიეკუთვნება, იგი ერთ სულ მოსახლეზე გადამამუშავებელ მრეწველობაში შექმნილი დამატებული ღირებულების მიხედვით, საშუალო დაბალშემოსავლიან ქვეყნების საშუალოსთანაა ახლოს, რაც მიუთითებს ეკონომიკის სტრუქტურულ ჩამორჩენაზე. პრობლემა ისაა, რომ ეს მდგომარეობა დროთა განმავლობაში შენარჩუნებულია, როგორც სამუშაო ძალის, ისე დამატებული ღირებულების განაწილების კუთხით.
დასკვნა
ქართველი ხალხის ცნობიერებაში კვლავ შემორჩენილია მერიტოკრატიული ღირებულებები, რომელიც ხშირად დომინანტური დისკურსის მიერ წარმოდგენილია არა როგორც პოტენციალი, არამედ როგორც დაბრკოლება, რამდენადაც ხელს უშლის საბაზრო მოთხოვნასთან სამუშაო ძალის ადაპტაციას. ამ ხედვით „დღეს ყველა უმაღლეს სასწავლებელში აბარებს“ და საქართველოს არ სჭირდება ამდენი უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი. ზედაპირულად ეს მართალია – უმაღლესი განათლების სფეროს მქონე მოქალაქეებში უმუშევრობა და ხანგძლივი უმუშევრობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. მაგრამ, ამ მიდგომამ შესაძლოა წარმოშვას (რომელიც უკვე საკმაოდ ფეხმოკიდებულია) შეხედულება, რომ ჩვენ გვჭირდება უმაღლესი განათლების შემცირება და პროფესიული განათლების ზრდა, რაც წარმოადგენს კარგ შემთხვევაში არასწორ, ხოლო რეალურად მავნებლურ პოლიტიკას. ბოლონიის პროცესში ინტეგრაცია და სხვა რეფორმები განათლების სფეროში უნაყოფოა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ინსტიტუციური რეფორმები არასაკმარისად ხორციელდება და კვლევითი საქმიანობა დაფინანსების მკვეთრ დეფიციტს განიცდის, არამედ იმიტომ რომ საქართველო ჩამოყალიბდა შრომის საერთაშორისო დანაწილებაში დამოკიდებული ეკონომიკად. „ეკონომიკური თვალსაზრისით, სისტემა დამოკიდებულია მაშინ, როდესაც კაპიტალის დაგროვება და გაფართოება ვერ პოულობს თავის არსებით დინამიურ კომპონენტს სისტემის შიგნით“. ქართულ ეკონომიკა მეტ წილად დამოკიდებულია უცხოურ ინვესტიციებზე, ფინანსურ, საკრედიტო რესურსებზე და ინოვაციებზე. ზრდა მეტ წილად დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე. ეს გლობალური დანაწილება გულისხმობს, რომ ჩვენნაირი ქვეყნებისთვის მაქსიმუმი არის დაბალი და საშუალო ტექნოლოგიების განვითრება და წარმოება (უცხოური კორპორაციების ინვესტიციებით), ხოლო მაღალი ტექნოლოგიები და სამეცნიერო საქმიანობა ცენტრის ქვეყნების პრეროგატივაა. ჩვენი ეკონომიკური სტრუქტურა შეუძლებელს ხდის ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბებას და ეკონომიკის ზრდის ავტონომიურობას. ამ პირობებში რომ წარმოვიდგინოთ, საქართველოში ტექნოლოგიებზე ორიენტირებული განათლების სექტორის განვითრება (არსებული ეკონომიკის სტრუქტურის შენარჩუნების შემთხვევაში) ვნახავთ, რომ ეს მხოლოდ ინდუსტრიული მდიდარი ქვეყნების არაპირდაპირი სუბსიდირება და მათთვის კვალიფიკაციური სამუშაო ძალის მომზადება იქნება.
ჰიპოტეტურადაც რომ წარდმოვიდგინოთ სიტუაცია სადაც ბიზნესი კმაყოფილია არსებული სამუშაო ძალის მიერ კვალიფიკაციით ეს საქმის ვითარებას არ ცვლის. ეს გააუმჯობესებს დარგების პროდუქტიულობას, თუმცა ვერ გამოიწვევს გარღვევას, რადგან დარგები, რომლებიც ჩვენთან დომინირებენ თავად წარმოადგენენ „სიღარიბეში სპეციალიზაციის“ საფუძველს. ფუნდამენტური პრობლემა არის არა საბაზრო მოთხოვნებთან სამუშაო ძალის ადაპტაცია, არამედ თავად ეკონომიკის სტრუქტურა, რომელიც გარდაქმნილ უნდა იქნას. ეს უკანასკნელი კი შეუძლებელია მოხდეს ბაზარზე და მიმდინარე მომგებიანობაზე მიდნობის და პასიური ნეოლიბერალური სახელმწიფო ინსტიტუციებით და პოლიტიკით. აუცილებელია დეველოპმენტალისტური სახელმწიფოს ფორმირება. რაც შეეხება ამ უკანასკნელს ეს არ არის უბრალოდ რაციონალური გადაწყვეტილების საკითხი, ეს არის პოლიტიკური საკითხი, რამდენადაც ქვეყნის განვითარების მიმართულებას წყვეტს არა რაციონალიზმი, არამედ სოციალური კლასები, შიდა კლასობრივი ფრაქციები და ინტერესთა ჯგუფები. დეველოპმენტალისტური სახელმწიფო გულისხმობს ისეთი ტიპის სახელმწიფოს რომელსაც შეუძლია ბიუროკრატიული ავტონომია მოიპოვოს ბიზნეს ელიტებთან მიმართებით და შექმნას ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც ერთის მხრივ წაახალისებს და მიმართულებას მისცემს წარმოებას, მეორეს მხრივ მოახდენს ელიტების დისციპლინირებას და კაპიტალის დინებისთვის მიმართულების შეცვლას – ეს კი პოლიტიკაა.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.