დასაქმება ციფრული პლატფორმის ეპოქაში

ავტორი: ჯაიათი გოში, ეკონომიკის პროფესორი  University of Massachusetts Amherst-ში. მისი ძირითადი მიმართულებებია საერთაშორისო ეკონომიკა, დასაქმების ფორმები განვითარებად ქვეყნებში, მაკროეკონომიკური პოლიტიკა და განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ჟურნალ Project Syndicateზე.

COVID-19–ით გამოწვეული და დაჩქარებული ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალურ–ეკონომიკური ცვლილება აუცილებლად იქნება ციფრული შრომითი პლატფორმების ზრდა. რა თქმა უნდა, ციფრულ პლატფორმაზე დაფუძნებული დასაქმება პანდემიის დაწყებამდეც იზრდებოდა, მაგრამ შეზღუდვებმა და დისტანციურ მუშაობაზე გადასვლამ მკვეთრად გაზარდა მათი გავრცელება და გამოყენების ინტენსივობა.

უკანასკნელ პერიოდამდე, შედარებით ცოტა თუ განიხილავდა ციფრული შრომის პლატფორმების სწრაფი ზრდის გავლენას ადამიანთა შრომით ურთიერთობებსა და სამუშაოს ხასიათზე. მაგრამ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი ბოლოდროინდელი ანგარიში პასუხობს ბევრ კითხვას – და თავის მხრივ ახალ შეკითხვებს ჰბადებს, რომლებზეც პასუხი პოლიტიკის განმახორციელებლებმა და მარეგულირებლებმა უნდა იპოვონ.

კონკრეტულად რას გულისხმობს ციფრულ პლატფორმაზე დაფუძნებული სამუშაო? პლატფორმები წარმოადგენს ციფრულ ბაზრებს, რომლებიც აკავშირებს საქონლისა და მომსახურების მწარმოებლებსა და მომხმარებლებს – და დასაქმების პლატფორმების შემთხვევაში, მშრომელები უკავშირდება მათ, ვინც მათ შრომას გამოიყენებს.

ციფრული შრომითი პლატფორმები მნიშვნელოვნად განსხვავდება ძველი დასაქმების ბაზრისგან მისი დიფუზიური და არაიერარქიული ბუნების გამო. ერთი შეხედვით, აგენტების სურვილებისა და პასუხების მარტივი შეგროვების მეშვეობით, ისინი ქმნიან პრაქტიკული ობიექტურობის შთაბეჭდილებას, თუმცა, ალგორითმები, რომლებიც გამოიყენება ამ მონაცემების შეგროვების დროს, აშკარაა, რომ იერარქიისა და დისკრიმინაციის საკუთარ ფორმებს წარმოქნის.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ორი ძირითადი ტიპის ციფრული შრომის პლატფორმაზე. ლოკაციაზე დაფუძნებული პლატფორმები უზრუნველყოფს სამუშაოს ან მომსახურებას განსაზღვრულ ფიზიკურ არეალში. მათ შორისაა ტაქსისა და ადგილზე მიტანის სერვისები, საშინაო მომსახურება, როგორიცაა დასუფთავება და რემონტი და სხვადასხვა სახის ზრუნვის სერვისები.

ხოლო, ინტერნეტ ვებ-პლატფორმები მოიცავს დავალებებს, რომელთა შესრულებაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება. ეს შეიძლება იყოს მოკლევადიანი კონკრეტული დავალებები, როგორიცაა სურათების ანოტირება ან ვიდეოების ტრანსკრიფცია, ან შეიძლება მოიცავდეს რთულ და მაღალკვალიფიციურ სამუშაოს, როგორიცაა თარგმანი, იურიდიული ან ფინანსური მომსახურება, დიზაინისა და პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავება და მონაცემთა ანალიზი.

ორივე ტიპის პლატფორმა მკვეთრად გაფართოვდა, მაგრამ ადამიანები უფრო მეტად იცნობენ ლოკაციებზე დაფუძნებულ პლატფორმებს ზოგიერთ ადგილას მათი აქტუალობის გამო. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში ციფრული შრომის პლატფორმების რაოდენობა 2010 წელს 142–დან 2020 წელს თითქმის 800–მდე გაიზარდა. ინტერნეტით დაფუძნებული პლატფორმების რაოდენობა სამჯერ, ხოლო მდებარეობაზე დაფუძნებული პლატფორმები თითქმის ათჯერ გაიზარდა.

დღეს ყველა სახის ბიზნესი – დაწყებული Fortune 500-ის კომპანიებიდან, დამწყები და მცირე საწარმოებით დამთავრებული, ეყრდნობიან დასაქმების ციფრულ პლატფორმებს. ზოგადად, ციფრული შრომის პლატფორმები მკვეთრად ამცირებს ძიების ხარჯებს როგორც მუშებისთვის, ასევე მათთვის, ვინც გამოიყენებს მათ მომსახურებას.

იმ ადამიანების რაოდენობის შეფასება, ვინც ამ პლატფორმებს დასაქმებისთვის იყენებს, რთულია, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ნათელი არ არის, თუ რამდენი მათგანი მიიჩნევს მას შემოსავლის ერთადერთ წყაროდ. თუმცა, ზოგიერთი გამოკითხვის თანახმად, ევროპაში მოსახლეობის წილი, რომლებმაც გარკვეული ციფრული პლატფორმული სამუშაოები შეასრულეს, 9-22% -ს შეადგენს.

შრომის ციფრული პლატფორმების უმატესობა ოპერირებს მშრომელების შესახებ ინფორმაციაზე წვდომითა და ამ ინფორამაციის გაზიარებით მათთან, ვინც მათ შრომას გამოიყენებს. მათი საკუთარი თანამშრომელთა ბაზა ძალიან მცირეა, იმ მშრომელთა რაოდენობასთან შედარებით, რომელთანაც არაპირდაპირი ურთიერთობა აქვთ. მაგალითად, სამუშაო პლატფორმა PeoplePerHour-ს ჰყავს მხოლოდ 50-მდე თანამშრომელი, მაგრამ, როგორც შუამავალი, ის უზრუნველყოფს სამუშაოს დაახლოებით 2.4 მილიონი კვალიფიციური მშრომელისთვის.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში მოცემულია მრავალი ახალი ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია 12,000 ციფრული შრომის პლატფორმის მშრომელის გლობალურ გამოკვლევაზე. ლოკაციაზე დაფუძნებულ პლატფორმებში ჩართული მშრომელები თავიანთი შემოსავლის დიდ ნაწილს სწორედ ამ წყაროდან იღებენ, ხოლო ონლაინ პლატფორმების მშრომელთა დაახლოებით მესამედი (უფრო განვითარებად ქვეყნებში) ძირითადად ამ სამუშაოს ეყრდნობოდა საკუთარი შემოსავლისთვის.

საინტერესოა ის, რომ ონლაინ პლატფორმებზე ქვეყნების მასშტაბით ხელფასებს შორის სხვაობა აშკარაა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის პლატფორმებს არ უნდა ახასიათებდეთ გეოგრაფიული ლოკაციიდან მომდინარე უარყოფითი მხარე. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გამოკითხვამ აჩვენა, რომ დამოუკიდებელ პლატფორმებზე, მაგალითად, განვითარებად ქვეყნებში, მშრომელები იღებდნენ საშუალოდ 60%–ით ნაკლებს, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში, თუნდაც ძირითადი მახასიათებლების მხედველობაში გათვალისწინების შემდეგაც კი, როგორიცაა ასაკი და განათლება და შესრულებული დავალებების ტიპები.

საკითხის მთავარი არსია ის, რომ ციფრული შრომითი პლატფორმების საშუალებით სამუშაოს მიმღებნი თვითდასაქმებულები არიან, ხოლო თვითონ პლატფორმას არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება ხელფასზე, ანაზღაურებაზე, სამუშაო საათებსა და პირობებზე. ლოკაციებზე დაფუძნებული ზოგიერთი პლატფორმა, განსაკუთრებით ადგილზე მიტანისა და ტაქსების მომსახურება, ბოლო დროს გარკვეული მარეგულირებელი და იურიდიული კონტროლის ქვეშ იმყოფება იმ ქვეყნებში, რომლებიც მათ თვლის როგორც დამსაქმებლებს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ გამონაკლისია.

უფრო მეტიც, პლატფორმის შრომა – რაც არ უნდა მაღალკვალიფიციური იყოს ის – ნაწილობრივი განაკვეთის ხელფასით (piece-rate wages) ანაზღაურდება. ყველა პრობლემა, რომელიც ნაწილობრივი განაკვეთის ხელფასის მქონე მშრომელებისთვის (piece-rate workers) დგას დიდი ხანია, გახლავთ: არასაიმედო შემოსავალი, რისკის უთანასწორო განაწილება და თვითექსპლუატაციის ტენდენცია, რომელიც ძირს უთხრის მშრომელის ავტონომიურობისა და მოქნილობის ნებისმიერ გაგებას.

ამ კონტექსტში მრავალი შეშფოთება გამოითქმება პლატფორმების ალგორითმების შესახებ, ასევე საკომისიოებისა და მოსაკრებლის შესახებ, რომელსაც ეს პლატფორმები აკისრებენ მშრომელებს, რომელთაც ხშირად არ აქვთ საჩივრის წარდგენის საშუალება, და მათ არ აქვთ რეალური კომუნიკაცია მათთან, ვინც მართავს პლატფორმას. უფრო მეტიც, მათი ინფორმირებულობა უპიროვნო გლობალური კონკურენციის შესახებ კიდევ უფრო ამძაფრებს მშრომელთა უძლურების განცდას და დამატებით წნეხს მათ სახელფასო განაკვეთზე.

ეს ნამდვილად საოცარი ახალი სამყაროა მშრომელებისთვის, რომელსაც აქვს ახალი შესაძლებლობები, მაგრამ უამრავი გამოწვევაც. ბევრ განვითარებულ ეკონომიკაში, როგორც წესი, ასეთი პლატფორმები ასოცირდება სამუშაო ძალის არაფორმალიზაციასთან. მაგრამ, განვითარებად ქვეყნებში, სადაც ძირითადად არაფორმალური მუშაკები ცხოვრობენ, პლატფორმები ზოგჯერ შეიძლება გახდეს ნაბიჯი სამუშაო ძალის ფორმალიზაციისკენ.

როგორ უნდა გაუმკლავდეს რეფულაცია ამ ახალ-ძველ შრომითი ურთიერთობას, რომელიც მშრომელთა უფლებების მიმართ აშკარად საწინააღმდეგოდ გადახრილი ჩანს? ცხადია, ჩვენ უნდა გადავიაზროთ თუ რას წარმოადგენს დამსაქმებელი და უფრო დეტალურად განვსაზღვროთ როგორც მათი პასუხისმგებლობა, ასევე მშრომელთა უფლებები. ჩვენ ასევე გვჭირდება შრომის სტანდარტების უფრო ვრცელი და მოქნილი რეგულაციები, რომლებიც piece-rate მშრომელებსაც მოიცავს.

ამის მხოლოდ ნაწილი შეიძლება გაკეთდეს ეროვნულ დონეზე. იმის გამო, რომ ციფრული შრომითი პლატფორმები მოქმედებს მრავალ იურისდიქციაში, ამიტომ აუცილებელია საერთაშორისო პოლიტიკის კოორდინაცია. ახლა, როდესაც მსოფლიო კიდევ ერთხელ აღიარებს გლობალური დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას, დღის წესრიგში უნდა დადგეს ციფრული შრომითი პლატფორმის მუშაობის რეგულირება.

 

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.  

 

დატოვე კომენტარი