აზბესტით განპირობებული დაავადებების გამოვლენის პრობლემა საქართველოში

რუსუდან ჯავახაძე & ინგა ღვინერია – მედიცინის დოქტორები

ნ. მახვილაძის სახ. შრომის მედიცინის და ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი

გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების გონივრული მოხმარება ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების საფუძველს წარმოადგენს. გარემოს მავნე ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედების ეფექტების ყოველწლიური ზრდა, დღესდღეობით 1.4 მლნ ადამიანის დაღუპვის მიზეზად გვევლინება[1]. მათ შორის კვლავ პრიორიტეტულია აზბესტი და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები. მნიშვნელოვანია აზბესტთან დაკავშირებული დაავადებების გლობალური ტვირთი. მსოფლიოში 127 ათასი სიკვდილის შემთხვევა გამოწვეულია მეზოთელიომით და ფილტვების კიბოთი. აზბესტის ყველა სახეობა (ამფიბოლური, ქრიზოტილი) პირველი კლასის კანცეროგენს წარმოადგენს [2].

აზბესტის ბოჭკოს კანცეროგენული მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია სამიზნე ორგანოებში ჟანგბადის აქტიური ფორმის წარმოქმნასთან, რომელიც რკინის გავლენით იწვევს უჯრედის დაზიანებას. აზბესტის „გრძელი ბოჭკოები“ (10 მმკ და მეტი) აზიანებენ ფაგოციტებს, ხოლო “მოკლე ბოჭკოები” (10 მმკ ნაკლები) პირდაპირ აზიანებენ ქრომოსომებს და უჯრედის გამრავლების აპარატს. ონკოლოგიური პათოლოგია მიიჩნევა მულტიფაქტორულად, რომლის საფუძველში დევს მემკვიდრეობითი განწყობა, რაც კანცეროგენის მოქმედების შედეგად რეალიზდება დაავადებად [3].

საქართველო მიეკუთვნება აზბესტისშემცველი მასალების და პროდუქციის შემომტან და მომხმარებელ ქვეყნების ჯგუფს. აზბესტის წარმოება 1992 წლიდანაა შეწყვეტილი. სავარაუდოდ, აზბესტი დღესაც გამოყენება მეურნეობის სხვადასხვა დარგში (ენერგეტიკა, ქიმიური მრეწველობა, მშენებლობა, ავიაცია, გემთშეკეთება, ავტოტექმომსახურება და სხვ.). ინფორმაცია აზბესტშემცველი მასალების დარგების მიხედვით გამოყენების პირობების და დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ არ არის ხელმისაწვდომი, აგრეთვე არ არის ცნობილი აზბესტთან კონტაქტში მყოფი ადამიანების რაოდენობა. დღესდღეობით აზბესტის უტილიზაცია და სათანადო განთავსება არ ხდება. არ ხდება აზბესტით განპირობებული დაავადებების (აგდ) გამოვლენა და რეგისტრაცია, და სათანადო პრევენციული ღონისძიებების გატარება [4]. აზბესტთან დაკავშირებული ეროვნული რეგულაციები საჭიროებენ შემდგომ სრულყოფას და ასამოქმედებელი მექნიზმების შემუშავვებას, რაც საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირებულ ხელშრეკრულებაში არის გათვალისწინებული. ეს ნაწილობრივ ასახულია საქართველოს მთავრობის # 320 დადგენილებაში.

წინამდებარე ნაშრომის მიზანს წარმოადგენს აზბესტის ექსპოზიციით განპირობებული „ინდიკატორული დაავადებების“ მეზოთელიომების, ფილტვისა და ბრონქების ავთვისებიანი სიმსივნეების (IჩD -10: ჩ 45; ჩ 34) ახლადგამოვლენილი შემთხვევების გავრცელების დინამიკის შესწავლა სტატისტიკური მასალის საფუძველზე, ონკოლოგიური სერვისის კლინიკებში აღნიშნული დაავადებებით რეგისტირებულ პაციენტთა სამედიცინო დოკუმენტაციის ანალიზი, აზბესტის ზემოქმედებასა და დაავადების განვითარებას შორის შესაძლო კავშირის დასადგენად.

კვლევის შედეგები და განსჯა: მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში აზბესტისშემცველი პროდუქციის იმპორტის შესახებ მონაცემები წარმოდგენილია – დიაგრამა #1 და #2

დიაგრამა #1 დიაგრამა #2

აზბესტშემცველი პროდუქციის მიმოქცევის შესწავლით დადგინდა, რომ ქვეყანაში რეგულარულად ხორციელდება აზბესტისშემცველი პროდუქციის იმპორტი. მოცულობა 2015-2017 წლებში განისაზღვრებოდა 1500-3012 ტონით (დიაგრამა #1). ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ იმპორტირებული პროდუქციის სახეობა მრავალფეროვანია (დიაგრამა #2) და შეიცავს, როგორც ამფიბოლურ, ასევე ქრიზოტილურ აზბესტს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კიბოს პოპულაციური რეესტრის სამი წლის (2015–2017) წინასწარი შედეგების თანახმად აღნიშნება “აზბესტის ინდიკატორული დაავადებების” მატების ტენდენცია წინა წლებთან (2000-2010) შედარებით. უნივერსალური სამედიცინო ცენტრის მონაცემებით დაფიქსირდა, რომ 2000-2010 წლებში აღინიშნებოდა მეზოთელიომის 28; ფილტვისა და ბრონქების ავთვისებისანი სიმსივნის 3664 შემთხევევა [5].

სტატისტიკური მასალის ანალიზთან ერთად, ჩატარდა ონკოლოგიური სერვისის მიმწოდებელ კლინიკებში, სადაც რეგსტრირებული იყო ჩ 45; ჩ 34 დიაგნოზები, სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის ანალიზი. ავთვისებიანი სიმსივნეების რეგისტრირებული შემთხვევები ლოკალიზაციის მიხედვით ასახულია დიაგრამაში # 3.

დიაგრამა #3

სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ მეზოთელიომას და კიბოს ახალი შემთხვევების70% რეგისტრირებულია 30 – დან 70 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. დაავადების განვითარების I და II სტადიაზე რეგისტრირებულია ფილტვის კიბოს ახალი შემთხვევების მხოლოდ 10%, ხოლო 60%-ზე მეტი – დაავადების IV სტადიაზე. ამასთან, აღსანიშნავია მკვეთრი განსხვავებაა სქესთა შორის (დიაგრამა #4).

დიაგრამა #4
ავთვისებიანი სიმსივნეების ახალი შემთხვევები სქესის მიხედვით

სტატისტიკური მონაცემების და სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის ანალიზით დადგინდა, რომ დოკუმენტაცია არ შეიცავს მონაცემებს პაციენტის პროფესიის, სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს შესახებ, რაც შესაძლებელს გახდიდა აზბესტის ექსპოზიციასა და დაავადების განვითარებას შორის შესაძლო კავშირის გამოვლენას. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია “აზბესტის ინდიკატორული დაავადებების” დიაგნოზის დადგენის შემდგომ, პაციენტისაგან სათანადო ინფორმაციის მოსაპოვებლად, გამოყენებული იყოს იტალიის რესპუბლიკის, ლომბარდიის რეგიონის მეზოთელიომის რეესტრის [7] მიერ რეკომენდებული სამუშაო ისტორიის/პროფესიული მარშრუტისა და ცხოვრების წესის შემსწავლელი ანკეტა, რომელიც მოიცავს მონაცემებს ცხოვრების წესისა და სამუშაო გარემოს შესახებ; დასაქმების სტატუსს, სამუშაოს შეწყვეტის მიზეზს, სრულ პროფესიულ ანამნეზს, დაბინძურებულ გარემოში მუშაობის ეპიზოდებს/ხანგრძლივობას და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს აზბესტის შესაძლო ექსპოზიციასთან დაკავშირებით.

ამრიგად, აზბესტით განპირობებული დაავადებების ელიმინიაციის ხელშეწყობის მიზნით, აუცილებელია შემდეგი ქმედებები: 1. პირველადი პრევენცია – პროფესიული რისკის შემცირება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება, დათვალიერება, შეფასება, მასალების ნიშანდება, დასაქმებულთა მომზადება, ინფორმირება; 2. მეორადი პრევენცია – პროფესიასთან დაკავშირებული დაავადებების გამოვლენა, მკურნალობა, რეგისტრაცია; 3. მესამეული პრევენცია – დაავადებულთა აქტიური რეაბილიტაცია. 4. აგდ გამოვლენის და რეგისტრაციის სისტემის ფორმირება.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი