2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ ახალ სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომლის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, ამასთანავე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ხდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.
პროგრამა მოიცავს 3 კომპონენტს, პროგრამის მიმართულებებია:
ფინანსური ხელშეწყობა
– სესხზე პროცენტის თანადაფინანსება;
– გირაოში თანადგომა;
– ლიზინგის საგანზე ინტერესის თანადაფინანსება;
ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა
– სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების გადაცემა უსასყიდლოდ – წინასწარ შედგენილი ნუსხიდან – აპლიკანტის მიერ იდენტიფიცირებული ნაკვეთის მიხედვით;
საკონსულტაციო მომსახურება
– ტრენინგები (მარკეტინგი, გაყიდვები, ბიზნესის დაგეგმარება, საექსპორტო ბაზრების მოძიება), სამეწარმეო უნარები, წარმოებაში ხარისხის მენეჯმენტიდა სხვა შესაბამისი სტანდარტების დანერგვა;
– ინოვაციების და თანამედროვეტექნოლოგიების მოძიება/დანერგვის ხელშეწყობა;
პროგრამის კოორდინატორები არიან:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
პროგრამის განმახორციელებელი უწყებები:
სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო
სსიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
აღსანიშნავია, რომ თუ 2014-2016 წლებში მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები ახორციელებდნენ, 2017 წლიდან ეს პროგრამა ერთ საფარქვეშ მოექცა და მთლიანად „აწარმოე საქართველოში“ მიმართულებას დაექვემდებარა. გამომდინარე იქიდან რომ 3 წლის მანძილზე რამდენიმე სახელმწიფო უწყება იყო მეწარმმების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული, პრაქტიკულად შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა ოდენობის თანხები დაიხარჯა 2014-17 წლებში ამ მიმართულებით. იყო შემთხვევები როდესაც სახლმწიფო უწყებების საქმიანობა ერთმანეთს კვეთდა. „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კუთხით ხდება მეწარმეებისთვის სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემაც. შედეგად დღეისათვის მივიღეთ სიტუაცია, როდესაც ზუსტად არ ვიცით რა თანხები დაიხარჯა მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით. ამასთან, უცნობია რა ღირებულების ქონება შეიქმნა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ბიზნესმენების მხარდაჭერის შედეგად.
მიკრო და მცირე ბიზნესის გრანტების პროგრამა
2015 წელს მეწარმეობის წახალისების მიზნით დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში მეწარმეობის განვითარების სააგენტომ ხელი შეუწყო მიკრო და მცირე მეწარმეობის საქართველოს რეგიონებში განვითარებას: 1500-მდე მეწარმეს გადაეცა თანადაფინანსება და 2843 ახალი სამუშაო ადგილის შექმნის შესაძლებლობა გააჩინა.
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ ბიზნეს გეგმების დაფინანსება პროექტის ფარგლებში, 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით:
- გაფორმებულია 999 ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს 1 550 ბენეფიციარის ოდენობას.
- სახელმწიფო თანადაფინანსების ფარგლებში გაცემული თანხის ჯამური მოცულობა შეადგენს 7,174,813 ლარს.
- იგეგმება 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნა.
- დამტკიცებული ბიზნეს გეგმებიდან 36,5% ეკუთვნის ქალ მეწარმეებს.
ანუ ერთი სამუშაო ადგილის შექმნა საშუალოდ 2,4 ათასი ლარი ჯდება. თუ გავითვალიწინებთ იმ ფაქტს, რომ მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ფარგლებში ხდება 5 000 ლარია გრანტების გაცემა, გამომდინარე აქედან ყოველ ერთ გაცემულ გრანტზე საშუალოდ 2 სამუშაო ადგილი იქმნება.
2016 წლის მონაცემებით მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის შედეგები ასე გამოიყურება:
3 205 გამარჯვებული ბიზნეს პროექტი
8 880 გადამზადებული ბენეფიციარი
4 876 დაფინანსებული მეწარმე ქალ მეწარმეთა წილი 40%
5 464 სამუშაო ადგილი
ერთი სამუშაო ადგილი საშუალოდ ჯდება – 2,4 ათასი ლარი.
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით რეგიონებში საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე მიკრო და მცირე გრანტების სახით დამტკიცებული გეგმების 40% ტრადიციულად სოფლის მეურნეობის დარგზე მოდის, თუმცა, ამასთანავე, აღსანიშნავია მომსახურების სფეროს კუთხით დაფინანსებული საქმიანობებიც, კერძოდ სასტუმროსა და ტურიზმის ინდუსტრიასთან დაკავშირებული ბიზნესები, მეტალისა და პლასტმასის საამქროები, ავეჯის წარმოება, ავტო-ტექ. მომსახურების, სილამაზისა და ესთეტიკის სალონების გახსნა. საყურადღებოა, რომ დღეისათვის ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნესების 99%-ს მცირე და საშუალო საწარმოები შეადგენენ, რომლებიც არსებული სამუშაო ძალის 40%-ს ასაქმებენ, მაგრამ მიუხედავად ამ მაჩვენებლისა, აღნიშნული ბიზნესების წილი მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 16%-ს შეადგენს. არსებული ვითარების გამომწვევ მიზეზად ბიზნესების მხრიდან სახელდებოდა ფინანსებზე შეზღუდული წვდომა და ინფორმაციისა თუ ცოდნის ნაკლებობა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით (2017 წლის ივნისი) სულ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია 3 205 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მინიმალური მოცულობა შეადგენს 29 155 007 ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 8 000-მდე ადამიანი, ამასთანავე თანადაფინანსების სახით გაიცა 22 942 704 ლარი, სადაც არის 4 909 ბენეფიციარი. სახელმწიფო გრანტების შედეგად 1 სამუშაო ადგილის შემნაზე დაახლოებით 2,8 ათასი ლარი იხარჯება, ხოლო კერძო ინვესტიციასთან ერთად მიკრო და მცირე ბიზნესის სექტორში საშუალოდ 3 644 ლარად საქმდება ადამიანი.
მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვის
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით 2015 წელს 133 პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებში მოსალოდნელიმა ჯამურმა ინვესტიციის ოდენობამ 355,6 მილიონი ლარი შეადგინა. პროგნოზით, უნდა შექმნილიყო 6 759 ახალი სამუშაო ადგილი. ერთი სამუშაო ადგილის შესამქნელად საშუალოდ 52,6 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ინდუსტრიული მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში მეწარმეობის განვითარების სააგენტომ მხარი დაუჭირა 75 საწარმოს, რომელთაგან 34 სრულიად ახალია, აღნიშნული პროექტების ინვესტიციის საერთო ღირებულება 205 100 000 მილიონ ლარს შეადგენს, სამუშაო ადგილების რიცხვი კი 2 900-ია. ანუ, ინდუსტრიული მიმართულებით ერთი სამუშაო ადგილის შესაქმენალად საშუალოდ 70,7 ათასის ინვესტიცია იყო საჭირო. პროექტების უმრავლესობა (56 ერთეული) თბილისში განხორციელდა, თუმცა ინვესტიციების კუთხით სამეგრელო-ზემო სვანეთი (55,9 მლნ. ლ) და ქვემო ქართლი (49,9 მლნ. ლ.) ლიდერობენ.
რაც შეეხება 2016 წელს, გასული წლის მდგომარეობით სააგენტოს პორტფელში ირიცხება 220 მხარდაჭერილი პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 493.3 მლნ. ლარს, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა ჯამში შეადგენს 266.4 მლნ. ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 10 075 ადამიანი.
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ 2016 წლის შედეგები რიცხვებში
220 მხარდაჭერილი პროექტი
493 310 000 ₾ ინვესტიციის მოცულობა
10 075 ადამიანი დასაქმდება
266 390 000 ₾ სესხის მოცულობა
ერთი სამუშაო ადგილი საშუალოდ – 48,9 ათასი ლარი.
* შენიშვნა: მოცემული მონაცემები ასახავს სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სამივე უწყების, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შედეგებს.
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ, 2016 წელს, ინდუსტრიული მიმართულებით მხარდაჭერილია 150 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 215.5 მლნ. ლარს, ხოლო ჯამურად 6 498 ადამიანი დასაქმდება.
ინდუსტრიის მხარდაჭერა
150 პროექტი
215.5 მლნ. ლ ჯამური ინვესტიციის მოცულობა
6 498 სამუშაო ადგილი
ერთი სამუშაო ადგილი საშუალოდ – 33 ათასი ლარი.
რაც შეეხება სასტუმრო ინდუსტრიას, მოცემული მიმართულებით მხარდაჭერილია 15 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 29,4 მლნ. ლარს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული 15 სასტუმრო რეგიონებში შექმნის 432 დამატებით ოთახს და 452 ახალ სამუშაო ადგილს.
სასტუმრო ინდუსტრიის მხარდაჭერა
15 პროექტი
29 400 00 ₾ ინვესტიციის ჯამური მოცულობა
432 ახალი სასტუმრო ოთახი
452 სამუშაო ადგილი
ერთი სამუშაო ადგილი საშუალოდ – 65 ათასი ლარი.
2016 წლის ბოლოს 10 ბენეფიციარი კომპანიის მიერ მოხდა პროგრამით გათვალისწინებული 2 წლიანი ვალდებულებების სრული შესრულება. აღნიშნულმა კომპანიებმა სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით განახორციელეს 50 მლნ. ლარამდე მოცულობის ინვესტიცია, შექმნეს 300 ‒ ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი და ბიუჯეტში გადასახადების სახით შეიტანეს იმ სუბსიდიის მოცულობის თანხა, რომელიც მათ პროგრამის ფარგლებში მიიღეს, ხოლო საშუალო ხელფასი კომპანიებში განისაზღვრება 800 ლარით.
2017 წლის ივნისის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სააგენტოს მიერ ინდუსტრიული მიმართულებით მხარდაჭერილია 177 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 391,15 მლნ ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 7 767 ადამიანი.
ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამა
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას საექსპორტო პოტენციალის ზრდა წარმოადგენს. საერთაშორისო გამოფენებსა და სავაჭრო მისიებში მონაწილეობის გზით კომპანიებს საშუალება ეძლევათ სამიზნე ბაზრებზე წარადგინონ საკუთარი პროდუქცია, დაამყარონ ახალი კონტაქტები, გაამყარონ არსებული თანამშრომლობა და შეისწავლონ ახალი საბაზრო ტენდენციები.
ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით სააგენტოს მთავარი ამოცანაა:
> საექსპორტო პროდუქციის პოპულარიზაცია
> საექსპორტო ბაზრების, პროდუქტების და სერვისების დივერსიფიცირება
> ექსპორტის წილის ზრდა ექსპორტის წახალისების კუთხით
სააგენტო მეწარმეებს სთავაზობს შემდეგ მექანიზმებს:
> საერთაშორის გამოფენებზე ქართული კომპანიების მონაწილეობა
> სავაჭრო მისიების ორგანიზება
> განათლებაზე ხელმისაწვდომობა (ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი)
> საექსპორტო ბაზრებზე ინფორმაციის მიწოდება (კონსულტაციები)
> კატალოგის გამოცემა და სავაჭრო ვებ-პორტალზე www.tradewithgeorgia.com რეგისტრაცია.
2015 წელს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით 113-მა მონაწილემ 9 ქვეყანაში 7 საერთაშორისო გამოფენასა და 8 საერთაშორისო ფორუმსა თუ სავაჭრო მისიაში მიიღო მონაწილეობა.
რაც შეეხება 2016 წელს, გასული წლის განმავლობაში მეწარმეობის განვითარების სააგენტომ 150 კომპანიას დაეხმარა ექსპორტის განხორციელებისას. რის ფარგლებშიც მთლიანად 75 მლნ. ლარის პროდუქციის ექსპორტი მოხდა. სააგენტოს დახმარებით 2016 წელს ქართულ კომპანიებს სხვადასხვა შესაძლებლობა მიეცათ, მათ შორის ახალი საექსპორტო ბაზრების მოიძიების თუ გაწეული კონსულტაციების კუთხით. ექსპორტის ხელშეწყობის შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:
ექსპორტის ხელშეწყობა რიცხვებში
150 მხარდაჭერილი საექსპორტო კომპანიები
75 000 000 ₾ მხარდაჭერილი ექსპორტის ღირებულება
20 000 000 ₾ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციართა მიერ განხორციელებული ექსპორტის ღირებულება
40 000 000 ₾ ევროკავშირში განხორციელებული ექსპორტის ღირებულება
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამას დაემატა ახალი მიმართულება კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტისთვის „გადაიღე საქართველოში“. გასულ წელს პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ შედეგადაც 5 პროექტი განხორციელდა, ქვეყანაში 7 მილიონ ლარზე მეტი თანხა დაიხარჯა და 1000-მდე ადამიანი დასაქმდა გადაღებების დროს. შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით, აგრეთვე, ნაბიჯები გადაიდგა დიზაინერების ხელშეწყობის კუთხითაც. სააგენტოს დახმარებით 2016 წელს საქართველოს 20-ზე მეტი საერთაშორისო მყიდველი ეწვია და გაეცნო ადგილობრივი დიზაინერების ნამუშევრებს.
დასკვნის სახით
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ შედეგების შეფასება არსებული ხელმისაწვდომი ინფორმაციის ფარგლებში პრაქტიკულად შეუძლებელია. თვითონ მეწარმეობის განვითარების სააგენტოც კი არ ფლობს სრულ ინფორმაციას თუ რა შედეგები მოიტანა ან მომავალში შეიძლება მივიღოთ აღნიშნული პროგრამიდან. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს უცნობია რა რაოდენობის კომპანია აგრძელებს მუშაობას დღეისათვის იქიდან, რამდენიც იქნა სახელმწიფო პროგრამების დახმარებით შექმნილი. ასევე, უცნობია რამდენი სამუშაო ადგილია კვლავ აქტიური, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა. არ არსებობს მონაცემები თუ რომელ სფეროში რა შედეგებს გვაძლევს სახლემწიფო ფინანსების მიმართვა. ასე მაგალითად, რა ღირებულების პროდუქციას ქმნის ამა თუ იმ მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები. თუ ეკონომიკის მინისტრს და მის აწ უკვე ყოფილ მოადგილეს დავეყრდნობით სააგენტოს მიერ დახარჯულ ყოველ 1 ლარს დამატებით 18 ლარის ინვესტიცია მოყვება, ხოლო 1 სამუშაო ადგილის შექმნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 33 ათასი ლარის სუბსიდირებას ითხოვს.
„სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირებული 1 ლარი ქმნის დაახლოებით 10 ლარის ინვესტიციას და ახდენს დამატებით 8 ლარის მოცულობის კომერციული სესხის გაცემის სტიმულირებას“, – ამბობს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთი ბოჭრიშვილი.
„პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ და ბიზნესის მხარდამჭერი სხვა სამთავრობო პროგრამების შედეგად, 2016 წლისთვის შეიქმნა 361 ახალი და გადაიარაღდა 782 საწარმო, დასაქმდა 25 000-მდე ადამიანი. ბიზნესს შემდგომი განვითარებისთვის გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 81 ქონება. ახალი ბიზნესების გასავითარებლად საფინანსო ინსტიტუტების მიერ გაცემული სესხის მოცულობამ 4 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 778 მილიონი ლარი შეადგინა,“ – აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია.
თუ ეს ციფრები ზუსტია, მაშინ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამა ამ კუთხით დადებითად უნდა შეფასდეს, მაგრამ რადგანაც შეუძლებელია ამ ციფრების გადამოწმება, უცნობია რა შედეგენს ვიღებთ მეწარმეობის მხარდაჭერის მიმართულებით განხორციელებული პროგრამებით.
ასე მაგალითად, უცნობია იმ 25 ათასი სამუშაო ადგილიდან, რომელზეც მინისტრი ლაპარაკობს რამდენი არსებობს 1 წლის თავზე. ან თუნდაც იმ 3 200 მცირე და მიკრო მეწარმეებისთვის გაცემული გრანტებიდან, რომლებმაც 8000-მდე სამუშაო ადგილი შექმნა, რამდენია კვლავ აქტიური. თუ საერთაშორისო გამოცდილებას გადავხედავთ, განვითარებულ ქვეყნებში ყოველი 10 სტარტაპიდან 8-9 პირველ წელსვე კოტრდება. ქართულ პრაქტიკაში ბიზნესის განვითარება უფრო რთულია ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. შესაბამისად, გამოდის რომ უკეთეს შემთხვევაში იმ 8000 ადგილიდან დღეისათვის 2 მაქსიმუმ 3 ათასი სამუშაო ადგილი თუ შემორჩა.
მიუხედავად იმისა, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამა ყოველწლიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება მასში ჩართული მეწარმეებიდან გამომდინარე, სააგენტო კვლავ არ აღრიცხავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი მის მიერ მხარდაჭერილი კომპანია გაკოტრდა, ხოლო რამდენი აგრძელებს მუშაობას. რომელ სფეროში რა თანხის ინვესტირებაა საშუალოდ საჭირო 1 სამუშაო ადგილი შესაქმნელად და სად უფრო სტაბილურია დასაქმება. უცნობია რომელი მიმართულებით უფრო ხარჯეფექტურია სახელმწიფო ფინანსების მიმართვა. რომელ სფეროში ჯობია მეწარმეობის განვითარების სააგენტო რომ გააქტიურდეს ინდუსტრიის, სოფლის მეურნეობის, სასტუმროების თუ სხვა.
ამასთან არაა დათვლილი თუ რა ოდენობის გრანტები თუ როგორი ტიპის დახმარებას მოაქვს უკეთესი შედეგი. ასე მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტომ 2015 წელს, კოოპერატივების შექმნის წახალისების მიზნით, პროგრამის ორივე კომპონენტში (საბრუნავი საშუალებები და ძირითადი საშუალებები) განხორციელდა ცვლილებები. საბრუნავი საშუალებების კომპონენტით ძირითადად სარგებლობდნენ მიკრო და მცირე ფერმერები, თუმცა მისი ეფექტი უფრო სოციალური იყო. ფინანსური (სახელმწიფო) რესურსების უფრო ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად, აღნიშნული კომპონენტი შეიცვალა და ამჟამად მის ფარგლებში ხდება მხოლოდ სეზონური პროექტების დაფინანსება გადამამუშავებელი საწარმოებისთვის.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება უკავშირდება სესხის ქვედა ზღვარს, რომელიც 5,000-დან 20,000 ლარამდე გაიზარდა. ამ ცვლილების მიზანი იყო მცირე ფერმერების წახალისება, რომ გაერთიანდენ და შექმნან კოოპერატივები.
შეჯამების სახით უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთვის უმნიშვნელოვანესია სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაციის არსებობა იმისათვის, რომ სწორად დაგეგმოს და განახორციელოს მისი საქმიანობა. დღეისათვის ის ფაქტობრივად ბრმად ხარჯავს სახელმწიფო ფინანსებს. მისთვის უცნობია როგორც პროგრამის პირდაპირი შედეგები ასევე მისი არაპირდაპირი ზედავლენა ეკონომიკაზე. სტატისტიკური ინფორმაციის მწვავე ნაკლებობა შეუძლებელს ხდის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ობიექტური შეფასების საშაუალებას. ჩვენთვის უცნობია ამ პროგრამის ფარგლებში დახარჯული თანხები იყო თუ არა წარმატებული. მიუხედავად იმისა, რომ გაუგებარია ზუსტად რა შედეგებს გვაძლევს „აწარმოე საქართველოში“ ის კვლავ გრძელდება. სტატისტიკური ინფორმაციის არსებობისა და სწორი მენეჯმენტის პირობებში მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა შეიძლება ეკონომიკისთვის დადებითი შედეგების მომტანი გახდეს.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.