ვოლოდიმირ იშჩენკო – უკრაინელი სოციოლოგი; სოციოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი; სოციალურ-კრიტიკული ჟურნალის «Спільне» და ინტერნეტ-ჟურნალ LeftEast-ის თანადამფუძნებელი. არის მრავალი სტატიისა და პუბლიკაციის ავტორი მაიდანის, ანტიმაიდანისა და დონბასის მოვლენებში რადიკალური მემარჯვენე და მემარცხენე ძალების მონაწილეობის შესახებ.
– ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე მოსკოვი, კიევი და კონსტანტინოპოლი ღია კონფლიქტში აღმოჩნდნენ ერთმანეთთან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით; შესაძლოა თუ არა ეკლესია გახდეს დაპირისპირების ახალი კერა უკრაინაში? მოსკოვში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვებისა და ქონების გადანაწილების პროცესი შესაძლოა სისხლისღვრამდეც მივიდეს და კონფლიქტმა უკრაინის მთელი ტერიტორია მოიცვას…
– თუ კონსტანტინოპოლის პატრიარქი აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, კონფლიქტური სცენარის გამორიცხვა ნამდვილად არ შეიძლება. ამჟამად ეკლესიების უდიდესი ნაწილი უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს ეკუთვნის, თუმცა მორწმუნეების უმრავლესობა თავს კიევის საპატრიარქოს მრევლად მოიაზრებს. ავტოკეფალიის მოპოვების შემდეგ შეიძლება შეიქმნას ასეთი სიტუაცია: მღვდელმსახური რჩება მოსკოვის საპატრიარქოსთან, ხოლო მრევლის უდიდესი ნაწილი ან მნიშვნელოვანი უმცირესობა გამოთქვამს სურვილს შეუერთდეს კიევის საპატრიარქოს. აქ აუცილებლად გაჩნდება კითხვა თუ ვის ეკუთვნის ეკლესიის შენობა და დათანხმდებიან თუ არა მორწმუნეები დაუტოვონ ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს და ააშენონ ახალი სალოცავი.
ასეთი კონფლიქტები მრავლად იქნება და ეს საშუალებას მისცემს, მათ შორის, უკრაინულ რადიკალურ, ნაციონალისტურ ძალებს, ჩაერიონ პროცესში და „ჩამოართვან“ ეკლესიები მოსკოვის საპატრიარქოს. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება შესაძლოა იძულებული გახდეს დაიცვას მოსკოვის საპატრიარქო, რომელსაც იგი დიდი ხანია აგრესორი ქვეყნის ინსტრუმენტად განიხილავს. ერთი სიტყვით – ვფიქრობ ახლა ძალიან არახელსაყრელი დროა ავტოკეფალიის საკითხის დღის წესრიგში დასაყენებლად და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი პეტრო პოროშენკოს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. ზოგადად, ესკალაციის რისკები ძალიან მაღალია და მათ თავიდან აცილებას ამჟამინდელი ხელისუფლება ალბათ ვერ შეძლებს. ამ რისკების თავიდან აცილებას სულ სხვა ხელისუფლება ჭირდება.
აუცილებლად გაჩნდება კითხვა თუ ვის ეკუთვნის ეკლესიის შენობა და დათანხმდებიან თუ არა მორწმუნეები დაუტოვონ ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს და ააშენონ ახალი სალოცავი.
– სიტუაცია აზოვის ზღვასა და დონბასში სულ უფრო იძაბება. როგორ ფიქრობთ, რა სცენარით განვითარდება რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები უახლოეს მომავალში – რამდენად მაღალია მასშტაბური ესკალაციის საფრთხე და ხედავთ თუ არა საერთოდ გამოსავალს შექმნილი მდგომარეობიდან?
– არჩევნების წინ ესკალაცია სამწუხაროდ ნამდვილად შესაძლებელია. მეტიც – ეს მოსალოდნელიც კი არის. ესკალაცია შეიძლება საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს როგორც რუსეთის ხელისუფლებამ, ისე უკრაინის ხელისუფლებამაც. პოროშენკომ საკუთარ წინასაარჩევნო კამპანია ააგო წინააღმდეგობის რიტორიკაზე, ამიტომ ნებისმიერი ესკალაცია რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლოა ეფექტურად იქნეს გამოყენებული პოროშენკოს წინასაარჩევნო კამპანიაში. აქედან გამომდინარე, სიტუაციის განმუხტვას ალბათ უფრო შეიძლება ველოდოთ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ჩატარდება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები – ანუ 2019 წლის ბოლოს ან 2020-ის დასაწყისში. ეს დამოკიდებული იქნება არჩევნების შედეგებზეც.
– 4 წელი გავიდა, რაც უკრაინამ ხელი მოაწერა ევროკავშრთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია უკრაინა საკმაოდ ეფექტიანად იყენებს თავისუფალი ვაჭრობის უფლებას და ცალკეული პროდუქტებისთვის ექსპორტმა ევროკავშირის მიერ დაწესებული კვოტების მაქსიმუმსაც მიაღწია. რამდენად აისახა ევროპაში ექსპორტის ზრდა ქვეყნის კეთილდღეობაზე და რა შეიცვალა უკრაინის ეკონომიკის სტრუქტურაში 2014 წლის შემდეგ?
– მიუხედავად იმისა, რომ ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს, სოციოლოგიური გამოკითხების თანახმად, სამწუხაროდ, უკრაინელებში არ შეინიშნება ოპტიმიზმი საკუთარ მომავალთან ან ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. პირიქით – განწყობები საკმაოდ პესიმისტურია და იზრდება ემიგრანტთა რაოდენობა. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ხედავენ პერსპექტივას ამ ქვეყანაში და ტოვებენ მას. კვოტების შევსება მიუთითებს იმაზეც, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არ არის განსაკუთრებით მომგებიანი უკრაინისთვის, რადგან საწარმოო პოტენციალი გაცილებით აღემატება იმ კვოტებს, რომელსაც აწესებს ევროპული კავშირი.
მთლიანობაში, გასული 4 წლის მანძილზე ვაჭრობა ევროკავშირთან რასაკვირველია გაიზარდა, თუმცა ამის მიუხედავად რუსეთი კვლავ რჩება ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორად უკრაინისთვის.
– პოლიტიკურ კატაკლიზმებს და კონფლიქტებს ყოველთვის მოსდევს სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, თუმცა უკრაინის შემთხვევაში ეს პრობლემები განსაკუთრებულად იგრძნობა. ანალიტიკოსები საუბრობენ გარდაუვალ დეფოლტზე და მორიგი მაიდანის საშიშროებაზეც, რომელიც უკრაინას უკვე სოციალურ უკმაყოფილების გამო ემუქრება. რეალურად, რამდენად იგრნძობა სოციალურ-ეკონომიკური ვარდნა დღეს უკრაინაში და რამდენად რეალისტურია სოციალური მაიდანის ალბათობა?
– როგორც უკვე აღვნიშნე, განწყობები საზოგადოებაში მართლაც საკმაოდ პესიმისტურია. ადამიანებს არ სჯერათ რომ პირადად მათი ან მათი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება. სწორედ ეს არის ემიგრაციის ზრდის მთავარი მიზეზი. ერთი სიტყვით – კრიზისი აშკარად იგრძნობა. რაც შეეხება მასობრივი პროტესტის პროგნოზებს – პროტესტისთვის საფუძველი ყოველთვის არსებობს, კითხვა და პრობლემა აქ უფრო იმაშია, თუ ვინ იქნება ამ პროტესტის ორგანიზატორი. დღეისათვის უკრაინაში ყველაზე მობილიზებული ძალა რადიკალური ნაციონალისტები არიან. ისინი საზოგადოების უმცირესობას წარმოადგენენ, მაგრამ არიან ძალიან აქტიურები და ორგანიზებულები. უმრავლესობას დიდად არ აინტერესებს ნაციონალისტების მთავარი ლოზუნგები, ბანდერას ფიგურა ან ენის პოლიტიკა, მაგრამ ეს უმრავლესობა ძალიან პასიურია. 90-იანი წლებიდან დღემდე უკრაინამ სამი რევოლუცია გამოიარა და სიტუაცია მთელი ამ დროის მანძილზე სულ უფრო უარესდებოდა. სწორედ ამან გამოიწვია უმრავლესობის პასიურობა.
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არ არის განსაკუთრებით მომგებიანი უკრაინისთვის, რადგან საწარმოო პოტენციალი გაცილებით აღემატება იმ კვოტებს, რომელსაც აწესებს ევროპული კავშირი.
აღსანიშნავია ისიც რომ ლიბერალური და მემარცხენე ფლანგი უკრაინაში ძალიან სუსტია და მობილიაციური რესურსით ახლოსაც კი ვერ მივა ნაციონალისტებთან. იგივე შეიძლება ითქვას ოლიგარქებზეც – ერთ მხრივ მათ აქვთ ფული და გავლენა მედიაზე, მაგრამ მობილიზაციის უნარი მათ არ აქვთ. ოლიგარქებთან მიმართებაში ისიც საკითხავია, რატომ უნდა გაუჩნდეთ პროტესტის გრძნობა ყველაზე მდიდარ ადამიანებს უკრაინაში.
– თქვენ ენის თემას შეეხეთ. ბოლო პერიოდში უკრაინაში კიდევ ერთხელ გააქტიურდა ენის საკითხი. „განათლების შესახებ“ კანონს ამჯერად ბუდაპეშტი და კარპატების უნგრული უმცირესობა აკრიტიკებს. რატომ არის ეს კანონი ამდენად მნიშვნელოვანი კიევისთვის და როგორი უნდა იყოს თქვენი აზრით უკრაინის პოლიტიკა ენასთან მიმართებაში?
– კიევის დღევანდელი ენობრივი პოლიტიკა აშკარად არასწორია რადგან იგი ქმნის პრობლემებს უკრაინის მნიშვნელოვან მეზობელთან აბსოლუტურად ცარიელ ადგილზე. ამასთანავე, ეს არ არის ერთადერთი და გამონაკლისი შემთხვევა. ზუსტად ასევე, ცარიელ ადგილზე გაღვივდა კონფლიქტი პოლონეთთან, რისი მიზეზიც ნაციონალისტური ხსოვნის პოლიტიკაა. ეს პოლიტიკა პოლონეთში განიხილება როგორც იმ ადამიანების განდიდება, რომლებმაც მოაწყვეს პოლონელების მასობრივი მკვლელობები 1943 წელს.
კიევის მხრიდან ასეთი კანონების მიღების ლოგიკა ალბათ მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლებას სურს ხალხს აჩვენოს რაღაც ცვლილებები. მას სურს დაამტკიცოს რომ რევოლუციის შემდეგ რაღაც შეიცვალა. რეალური ანტიკორუფციული რეფორმების გატარება დაარტყამს იმ ადამიანების მატერიალურ ინტერესებს, რომლებიც ხელისუფლებასთან დაახლოებული არიან და ამ პროცესს სერიოზულ წინააღმდეგობას უწევენ. სწორედ ამიტომ რეფორმები უკრაინაში ძალიან ძნელად და ნელი ტემპებით მიმდინარეობს – ისიც, ძირითადად საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და დასავლეთის წნეხის შედეგად. ერთი სიტყვით – რეალური რეფორმების გატარება რთულია, ხოლო, მაგალითად, რუსული ენის აკრძალვა ან შეზღუდვა საჯარო სივრცეში გაცილებით მარტივია. ასევე შედარებით მარტივია გადაარქვა სახელი ქუჩებსა და ქალაქებს, აიღო ლენინის ძეგლები, მათ ადგილზე დადგა ნაციონალისტური გმირების ძეგლები და ა.შ. ეს ყველაფერი არც თუ ისე რთულია და რაც მთავარია, საზოგადოების ყველაზე აქტიურ და მობილიზებულ ნაციონალისტურ ნაწილს პოზიტიურად განაწყობს ხელისუფლების მიმართ.
რაც შეეხება იმას, თუ როგორი უნდა იყოს ადეკვატური ენობრივი პოლიტიკა – ალბათ უმჯობესია ადგილობრივ ხელისუფლებას ქონდეს უფლება თავად მიიღოს გადაწყვეტილება ენასთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ სამხრეთისა და აღმოსავლეთის მხარეებში მოსახლეობა მიდრეკილია რუსულ ენაზე კომუნიკაციისკენ, მათ ალბათ უნდა ქონდეთ ამის უფლება, მით უმეტეს, რომ უკრაინული ენა მაინც იქნება სახელმწიფო ენა.
დღეისათვის უკრაინაში ყველაზე მობილიზებული ძალა რადიკალური ნაციონალისტები არიან. ისინი საზოგადოების უმცირესობას წარმოადგენენ, მაგრამ არიან ძალიან აქტიურები და ორგანიზებულები.
– ანტიკორუფციული რეფორმები და ეფექტიანი ინსტიტუტების ჩამოყალიბება იყო საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა 2014 წლის რევოლუციაში. ნაწილობრივ თქვენ უკვე უპასუხეთ ამ კითხვას, მაგრამ უფრო კონკრეტულად, რამდენად შეძლო ან საერთოდ შეძლო თუ არა უკრაინის ხელისუფლებამ განვლილი 4 წლის მანძილზე იმ პრობლემების გადაჭრა, რომელთა გამოც ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ? მეტყველებს თუ არა შედეგებზე მმართველი პოლიტიკური ძალის რეიტინგი?
– მუშაობის შედეგები რასაკვირველია აისახება რეიტინგზე და ამ შემთხვევაში ბევრს გვეუბნება არა მხოლოდ პრეზიდენტის – პეტრო პოროშენკოს რეიტინგი, არამედ ყველაზე დიდი საპარლამენტო ფრაქციის – სახალხო ფრონტის რეიტინგიც. მას საერთოდ არ აქვს შანსი მოხვდეს მომდევნო პარლამენტში რადგან მისი რეიტინგი ამჟამად მხოლოდ 1%-ია. შეგახსენებთ, რომ ეს არის მთავარი ძალა მმართველ კოალიციაში და ეს ძალა უკვე მესამე წელია ასეთი რეიტინგის პირობებში მართავს ქვეყანას.
რაც შეეხება ანტიკორუფციულ რეფორმებს – ამ კუთხით ცვლილებები მართლაც შენიშნება – მაგალითად, დღეს ყველა ჩინოვნიკი ვალდებულია შეავსოს ელექტრონული საშემოსავლო დეკლარაცია, შემდეგ ეს დეკლარაციები მოწმდება, საეჭვო გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და ა.შ., თუმცა ეს ყველაფერი ხდება არა იმდენად საზოგადოების მოთხოვნის შედეგად, რამდენადაც დასავლელი პარტნიორების ზეწოლის გამო. ისინი ზოგჯერ პირდაპირი მნიშვნელობით „ხელებს უგრეხენ“ უკრაინის ხელისუფლებას და უყენებენ წინაპირობებს სავალუტო ფონდიდან დაფინანსების მისაღებად.
რეფორმები უკრაინაში ძალიან ძნელად და ნელი ტემპებით მიმდინარეობს – ისიც, ძირითადად საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და დასავლეთის წნეხის შედეგად.
მეორე მხრივ, ანტიკორუფციული რეფორმები უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ აისახება ჩვეულებრივი უკრაინელების ცხოვრების დონეზე. ამიტომ, ეს ყველაფერი თეორიულად რასაკვირველია სასარგებლოა, მაგრამ პრაქტიკული ეფექტი ნაკლებად ჩანს. ადამიანები რეალურად ელოდებიან თავიანთი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. ადამიანებს სურთ, რომ არ გაიზარდოს ფასები, არ დაეცეს გრივნას კურსი, რომელიც მაიდანის შემდეგ სამჯერ გაუფასურდა, ადამიანებს სურთ უკეთესი სამსახური, მეტი ხელფასი, კარგი უნივერსიტეტი თავიანთი შვილებისთვის, კარგი პოლიკლინიკა და ა.შ. – აი ამ რეალურ საკითხებში არათუ გაუმჯობესება არ იგრძნობა, არამედ პირიქით, სახეზე გვაქვს აშკარა გაუარესება. კომუნალური გადასახადები მკვეთრად გაიზარდა და როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რადგან ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნა. დაბალია დასაქმების პერსპექტივა და ამიტომ ადამიანები მასობრივად გადიან ქვეყნიდან – ძირითადად პოლონეთსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში…
– მალე უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებია. როგორ შეაფასებდით უკვე ცნობილი თუ პოტენციური კანდიდატების შანსებს და შესაძლოა თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკრაინაში პოზიტიური გარდატეხა მოხდეს? რამდენად მაღალია იულია ტიმოშენკოს შანსები, რომელმაც უკვე განაცხადა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ და რა შეიცვლება უკრაინაში მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში?
– ჯერ-ჯერობით პროგნოზების გაკეთება ძალიან ადრეა, მით უმეტეს, რომ რამდენიმე ადამიანი, რომელსაც პოტენციურად შეულია სერიოზულ მოთამაშედ იქცეს მომავალ არჩევნებზე, ჯერ კიდევ ფიქრობს მიიღოს თუ არა მასში მონაწილეობა. მათ შორის შეიძლება დავასახელოთ სვიატოსლავ ვაკარჩუკი და ვლადიმირ ზელენსკი. საკუთარ არჩევანში ჯერ არ არის ჩამოყალიბებული ამომრჩეველთა დიდი ნაწილიც. 30-40%-მა ჯერ ისიც კი არ იცის საერთოდ წავა თუ არა არჩევნებზე. შეინიშნება აშკარა მოთხოვნილება პოლიტკაში ახალი სახეების გამოჩენაზე და ამიტომ ე.წ. ცნობად სახეებს – მაგალითად მომღერლებს ან კლოუნებს ფაქტობრივად იგივე რეიტინგი აქვთ კვლევებში, რაც მოქმედ პრეზიდენტს. ეს რა თქმა უნდა ძალიან არასტაბილური სიტუაციაა. არჩევნებთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით მთავარია კანდიდატურებზე ჩამოყალიბება – მაგალითად, გასარკვევია, შეძლებენ თუ არა რადიკალური ნაციონალისტები ერთ კანდიდატზე შეთანხმებას. თუ შეძლებენ, მაშინ ეს კანდიდატი უკვე ანგარიშგასაწევი ფიგურა იქნება არჩევნებზე. ამჟამად ასევე მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, ეყოლება თუ არა ერთი კანდიდატი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინას ანუ შეძლებენ თუ არა ფირტაში, მედვედჩუკი და ახმეტოვი მოლაპარაკებას საერთო კანდიდატზე. თუ ასეთი კანდიდატი იქნება, იგი, სავარაუდოდ, გავა მეორე ტურში და უკვე მეორე ტურში ალბათ დამარცხდება ცენტრალური და დასავლეთ უკრაინის კანდიდატთან.
ანტიკორუფციული რეფორმები უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ აისახება ჩვეულებრივი უკრაინელების ცხოვრების დონეზე. ამიტომ, ეს ყველაფერი თეორიულად რასაკვირველია სასარგებლოა, მაგრამ პრაქტიკული ეფექტი ნაკლებად ჩანს.
იულია ტიმოშენკოს ამ წუთისთვის ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ის აუცილებლად გაიმარჯვებს მეორე ტურში პოროშენკოს ან გრიცენკოს წინააღმდეგ, რომელიც ასევე პროდასავლურ კანდიდატად მოიაზრება.
ტიმოშენკოს თეორიული გამარჯვების შემთხვევაში მისი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ იქნება მისი სპონსორი და ასევე იმაზე, თუ ვინ იქნება მის გუნდში და ვის ჩააბარებს იგი საკვანძო თანამდებობებს. ზოგადად, კანდიდატების დიდ ნაწილს ფაქტობრივად არ ყავთ გუნდი და არ აქვთ გუნდში მუშაობის გამოცდილება. ეს განსაკუთრებით ეხება ე .წ „ახალ სახეებს“. აქედან გამომდინარე, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განსაკუთრებულ პოზიტიური გარდახეტები ნაკლებად სავარაუდოა. უფრო მოსალოდნელია, რომ არსებული მდორე დესტაბილიზაცია და კრიზისი ასევე გაგრძელდება არჩევნების შემდეგაც.
ესაუბრა ზვიად ავალიანი
გამოყენებული მასალა: Flickr.com
ავტორი - ზვიად ავალიანი