რატომ არის ზოგიერთი ქვეყანა მდიდარი და ზოგი კი – ღარიბი? 248 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ადამ სმიტმა წიგნში „ერების სიმდიდრე“ ეს ფუნდამენტური შეკითხვა დასვა. ეს ის შეკითხვაა, რომელიც კაცობრიობის ისტორიას მუდმივად თან სდევს: ფილოსოფოსები, ეკონომისტები თუ სახელმწიფო მოღვაწეები მუდმივად ცდილობდნენ ამ შეკითხვაზე უფრო სრულყოფილი პასუხების მოძიებას.
სწორედ ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, ეკონომისტებმა დარონ აჯემოღლუმ, ჯეიმს რობინსონმა და საიმონ ჯონსონმა თავიანთ 2012 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში “Why Nations Fail” (რატომ ვერ აღწევენ წარმატებას სახელმწიფოები) შემოგვთავაზეს ძალზე საინტერესო და ამავდროულად, პროვოკაციული ხედვა ეკონომიკური განვითარების შესახებ: საზოგადოებისა და ქვეყნის კეთილდღეობა ძირითადად მათი ინსტიტუტების ხარისხზეა დამოკიდებული. მათი თეორიის მიხედვით, ეკონომიკური წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ის არის, თუ რამდენად ძლიერი და ინკლუზიურია ქვეყნის ინსტიტუტები. ავტორები ამტკიცებენ, რომ ინსტიტუტები ქმნიან იმ ჩარჩოს, რომელშიც ადამიანები, კომპანიები და სახელმწიფოები მუშაობენ. ძლიერი ინსტიტუტები – მათ შორის, უპირველესად, საკანონმდებლო და სასამართლო სისტემები, და საკუთრების უფლებების დაცვის მექანიზმები – ქმნის გარემოს, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციებს, ბიზნესის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას. თუმცა, სადაც ინსტიტუტები სუსტია, ხშირია კორუფცია და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, რაც თავის მხრივ, განაპირობებს სიღარიბეს, უთანასწორობას და ეკონომიკურ ჩამორჩენას.
ეკონომიკური განვითარების თეორიები აჯემოღლუს, რობინსონისა და ჯონსონის (აჯრ) მიხედვით
ამ იდეებმა რომ მყარად დაიმკვიდრა ადგილი თანამედროვე განვითარების პოლიტიკაში, ისიც ადასტურებს, რომ აჯემოღლუმ, ჯონსონმა და რობინსონმა (შემოკლებით „აჯრ“) 2024 წელს ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია მიიღეს „ინსტიტუციების ფორმირების პროცესებისა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე გავლენების კვლევაში“ შეტანილი წვლილისათვის. მართლაც, აჯემოღლუს, რობინსონისა და ჯონსონის თეორია ეკონომიკურ განვითარებაში ინსტიტუტების როლზე, დღეს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ეკონომიკურ წრეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათი მოსაზრებები—რომ ინკლუზიური და ძლიერი ინსტიტუტები ქვეყნის კეთილდღეობის საფუძველია—მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის პოლიტიკის ფორმირებაშიც აისახება. მაგალითად, მსოფლიო ბანკი ამ თეორიაზე დაყრდნობით ურჩევს ქვეყნებს მმართველობის რეფორმებსა და კორუფციასთან ბრძოლას (ე.წ. Good Governance Agenda), რაც ინსტიტუტების გაძლიერებას და საზოგადოების ფართო ფენებისთვის სარგებლის მოტანას ისახავს მიზნად.
იმის მიზეზად, თუ რატომ ჩამოყალიბდა სხვადასხვა ადგილას განსხვავებული ტიპის ინსტიტუტები, ავტორები ევროპულ კოლონიზაციას ასახელებენ. მათი აზრით, ინკლუზიური ინსტიტუტები იქ შეიქმნა, სადაც კოლონიზატორებს საცხოვრებლად შესაფერისი პირობები დახვდათ და ამდენად, ევროპელ ახალმოსახლე კოლონიზატორთა[1] სიკვდილიანობის მაჩვენებელიც დაბალი იყო (მაგ: ჩრდილოეთ ამერიკა, ავსტრალია და ახალი ზელანდია). ხოლო სადაც დასახლება შეუძლებელი იყო ტროპიკული და გაუსაძლისი კლიმატური პირობებისა თუ დაავადებების გამო, და შესაბამისად, ევროპელ კოლონიზატორთა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც – მაღალი, იქ დამყარდა ე.წ. „ექსტრაქციული (მომპოვებლური) ინსტიტუტები, რომლებიც ფოკუსირებული იყო რესურსების ექსპლუატაციაზე (მაგ: სუბ-საჰარული აფრიკა და ლათინური ამერიკა).
რომ შევაჯამოთ, აჯემოღლუ, ჯონსონი და რობინსონი ევროპელი კოლონიზატორების სიკვდილიანობის ფაქტორით ხსნიან იმას, თუ რატომ ჩამოყალიბდა განსხვავებული ინსტიტუციური ჩარჩო სხვადასხვა კოლონიაში, რამაც, თავის მხრივ, რეგიონების ეკონომიკური განვითარების გზების „ბედის შემობრუნებაც“ („reversal of fortunes“) განსაზღვრა. „ბედის შემობრუნება“ აქ აღნიშნავს, რომ კოლონიზაციამდე, ბევრ რეგიონში, სადაც კოლონიზატორების სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალი იყო (მაგ., ლათინურ ამერიკაში, აფრიკისა და აზიის ნაწილებში), მეტი სიმდიდრე არსებობდა. თუმცა, ამ რეგიონებში ევროპელმა კოლონიზატორებმა ჩამოაყალიბეს ექსპლუატაციური ინსტიტუტები, რამაც გრძელვადიანი ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია. ამის საპირისპიროდ, მანამდე ნაკლებად განვითარებული რეგიონები (როგორიცაა ჩრდ. ამერიკა და ავსტრალია) გამდიდრდნენ კოლონიზატორების მიერ შექმნილი ინკლუზიური ინსტიტუტების გამო.
ევროცენტრიზმი და ისტორიული მოვლენების ზედაპირული ანალიზი
აჯემოღლუს, ჯონსონისა და რობინსონის თეორიები არაერთხელ მოექცა აკადემიური და პოლიტიკური დისკუსიების ცენტრში. მკვლევრები ხშირად აკრიტიკებენ „აჯრ“-ის ევროცენტრისტულ ხედვას. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ნობელის პრემიის მფლობელები დასავლურ ინსტიტუტებს განვითარების უნივერსალურ მოდელად წარმოაჩენენ და თავს არიდებენ იმის აღიარებას, რომ კაპიტალიზმის გაფართოება არაევროპულ საზოგადოებათა ექსპლუატაციაზე იყო დამოკიდებული.
მაგალითად, როგორც ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორი და სოციოლოგი ქეით მეაგერი აღნიშნავს, “აჯრ“ უგულვებელყოფს იმ ფაქტს, რომ კოლონიზაცია ისეთ ადგილებშიც, კი სადაც ინკლუზიური ინსტიტუტები ჩამოყალიბდა (მაგ., ამერიკის შეერთებული შტატები), ეფუძნებოდა ადგილობრივი მოსახლეობის ძალადობრივ გადაადგილებას და აფრიკელი მონების ექსპლუატაციას. როგორც მეაგერი წერს, ეს შერჩევითი ისტორია აკეთილშობილებს კოლონიურ გამოცდილებას.
სახელმწიფოს როლის და განვითარების მოდელების სირთულის უგულებელყოფა
აჯემოღლუ, ჯონსონი და რობინსონი ასევე უგულვებელყოფენ სახელმწიფო ჩარევის როლს ინსტიტუციური განვითარების პროცესში. მათი ძირითადი ყურადღება ბაზრებსა და კერძო საკუთრების უფლებებზეა გადატანილი, როგორც განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალებზე. პროფესორი იუენ იუენ ანგი აღნიშნავს, რომ “აჯრ“-ის ინსტიტუციური მოდელი ვერ ითვალისწინებს იმ მრავალფეროვან გზებს, რომლებსაც ქვეყნები წარმატების მისაღწევად გადიან, განსაკუთრებით დასავლეთის დემოკრატიული მოდელის მიღმა. შესაბამისად, ინკლუზიური და კარგი ინსტიტუციური ჩარჩო ხშირად არასაკმარისია არადასავლური წარმატების ისტორიების, მაგალითად, ჩინეთის შემთხვევის, ასახსნელად.
განვითარების დეპოლიტიზაცია
ინსტიტუციური განვითარების თეორია ასევე გააკრიტიკეს განვითარების ტექნოკრატიული ხედვის პოპულარიზაციისთვის. “კარგი მმართველობის” და ინსტიტუციური რეფორმების ნეიტრალურ გადაწყვეტილებებად წარმოდგენით, ნობელის პრემის მფლობელები განვითარების არსებითად პოლიტიკური ბუნების დეპოლიტიზებას ცდილობენ. ეს პერსპექტივა უგულებელყოფს ძალაუფლების დინამიკას და კონფლიქტებს, რომლებიც ეკონომიკურ სისტემებს ახასიათებთ. მსგავსი დეპოლიტიზება ასახავს ინსტიტუციურ ეკონომიკაში უფრო ფართო ტენდენციას, რომელიც მიზნად ისახავს კომპლექსური სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების გამარტივებას მენეჯერულ პრობლემებად, რომლებიც შეიძლება “გადაწყვეტილი იქნას” დასავლური სტილის ინსტიტუტების იმპორტით.
თუ განვითარების პრობლემებს ძალაუფლების და პოლიტიკური ვითარების გათვალისწინების გარეშე შევხედავთ, მივიღებთ ისეთ რეკომენდაციებს, რომლებიც უბრალოდ გარე (ძირითადად დასავლური ინსტიტუტების) მოდელების გადმოტანას მოითხოვს, თითქოს ამ მოდელების იმპორტი ავტომატურად მოაგვარებს ადგილობრივ პრობლემებს. თუმცა, ამ რეკომენდაციებს ხშირად აკლია სიღრმისეული გააზრება იმისა, თუ როგორ არის ძალაუფლება განაწილებული ამ კონკრეტულ ქვეყანაში – ვინ ფლობს გავლენას, როგორია საზოგადოების ძირითადი ჯგუფების ინტერესები და რისი მიღწევა სურთ მათ.
ჩინეთის განვითარების პარადოქსი: ინსტიტუციური მოდელის შეზღუდვები
ინსტიტუციური მოდელის მიხედვით, რომელიც მხოლოდ ინკლუზიურ და ექსტრაქციულ ინსტიტუტებს მოიცავს, ჩინეთი ექსტრაქციული (მომპოვებელი) ინსტიტუტებით ხასიათდება, რაც თეორიულად მის ეკონომიკურ ზრდას უნდა ზღუდავდეს. თუმცა, ჩინეთის ეკონომიკური ტრანსფორმაცია ამ დაშვებას ეწინააღმდეგება. იუენ იუენ ანგის ანალიზი ხაზს უსვამს, რომ ჩინეთის განვითარების მოდელი მოიცავს როგორც ცენტრალურ კონტროლს, ასევე ადგილობრივ ექსპერიმენტებს, ანუ „მართულ იმპროვიზაციას.“ დენ სიაოპინის პერიოდში დაწყებულმა ამ მიდგომამ ადგილობრივ მთავრობებს რეგიონალური საჭიროებების მიხედვით პოლიტიკის ადაპტაციის მოქნილობა მისცა. ეს ჰიბრიდული მოდელი “აჯრ“-ის „ინკლუზიურ“ და „ექსტრაქციულ“ კატეგორიებში მარტივად არ თავსდება და მიანიშნებს, რომ წარმატებული განვითარება შეიძლება განსხვავებული ინსტიტუციური სტრუქტურების ქვეშაც მოხდეს.
ჩინეთის წარმატება ძირითადად სახელმწიფო მართული პოლიტიკითა და ინდუსტრიული განვითარების სტრატეგიებით არის მიღწეული, და არა მხოლოდ საკუთრების უფლებებითა და საბაზრო მექანიზმებით, რასაც ინსტიტუციური განვითარების თეორია განიხილავს. ჩინეთისა და სამხრეთ კორეის განვითარების მოდელები აჩვენებს, რომ ეკონომიკური განვითარება შესაძლებელია ავტორიტარული მმართველობის პირობებშიც აქტიური სახელმწიფო ჩარევითა და სტრატეგიული ინვესტიციებით კონკურენტუნარიანი ინდუსტრიების ხელშეწყობის გზით.
“აჯრ“-ის მოდელი სათანადოდ ვერ ითვალისწინებს, თუ როგორ შეუძლიათ სხვა ტიპის რეჟიმებს ნაწილობრივი ანგარიშვალდებულების დანერგვა საკუთარი სისტემის ფარგლებში. დენ სიაოპინის რეფორმებმა მმართველ პარტიაში ნაწილობრივი კონტროლი და კონკურენცია დანერგა, რამაც ხელი შეუწყო ზრდსასა და განვითარებას დემოკრატიული მმართველობის გარეშე. ინსტიტუციური მოდელი ამ ნიუანსირებულ პოლიტიკურ მოდელს ვერ აღიქვამს და ლიბერალური დემოკრატიული მოდელის გარდა ყველა სხვა მოდელს ხელისშემშლელ ფაქტორად მიიჩნევს.
შეჯამება
საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ “აჯრ“-ის ნაშრომებმა პოპულარიზაცია გაუწია ინსტიტუტების მნიშვნელობას განვითარებაში, მას რამდენიმე მიმართულებით აკლია სიღრმე. როგორც უკვე აღვნიშნე, მათი არგუმენტები სიმარტივით არის გაჯერებული და ვერ ითვალისწინებს ისტორიული ფაქტორების სრულ სპექტრს. ისინი ასევე უგულვებელყოფენ ძალადობისა და კოლონიური ექსპლუატაციის როლს გლობალური უთანასწორობის შექმნაში. მათი ინსტიტუციური მიდგომა ვერ იაზრებს კაპიტალიზმის სტრუქტურულ დინამიკას, რომელიც განაპირობებს არათანაბარ განვითარებას. ეს კრიტიკა მიანიშნებს, რომ განვითარების გასაგებად და მის მხარდასაჭერად საჭიროა უფრო ნიუანსირებული, ისტორიული ანალიზი და მრავალპოლარული მიდგომა განსხვავებულ კონტექსტში.
ბიბლიოგრაფია
Acemoglu, Johnson and Robinson (2001): “The Colonial Origins of Comparative Development: An Empirical Investigation,” American Economic Review, Vol 91, No 5, pp 1369–401.
Acemoglu, and Robinson (2012): “Why Nations Fail: The Origins of Power, Prosperity and Poverty”, New York: Crown.
Ang, Yuen Yuen (2024): “The 2024 Nobel Laureates Are Not Only Wrong About China, But Also About the West,” The Ideas Letter, 31 Oct., 2024. Available at: https://theideasletter.substack.com/p/the-2024-nobel-laureates-are-not.
Fernandez-Landa, Yaku (2024): “The Nobel of Influence in Economics or Why Theories Fail,” A Critical Perspective on Development Economics, 21 Oct., 2024
Kvangraven, Kesar, and Dut (2024): “The Colonial Origins of Economics,” Vol. 59, Issue No. 42, 19 Oct., 2024.
Meagher, Kate (2024): “Does the Nobel Prize in Economics 2024 Signal a Reversal of Fortunes for Settler Colonialism?” LSE International Development Blog, 29 Oct., 2024.
[1] ახალმოსახლეთა კოლონიალიზმი (settler colonialism) კოლონიზაციის ფორმაა, როდესაც კოლონიური ძალები სამუდამოდ სახლდებიან ახალ მიწებზე, ადგილობრივ მოსახლეობას კი ხშირად ძალით ასახლებენ ან მათ კულტურასა და რესურსებს ითვისებენ.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას