2008 წლის აგვისტო - დანაშაულის ტოლფასი შეცდომები

ჩემი მტრების გეგმებზე მეტად ჩვენი შეცდომები მაშინებს

პერიკლე

ამბობენ, ომში ყველაფერი ხდება… იმასაც ამბობენ, რომ ომი ყველაფერს ჩამოწერს… სწორედ ასე მოხდა 2008 წლის აგვისტოშიც – ყველაფერი, და ყველაფერიც ჩამოიწერა, ყოველ შემთხვევაში იმ „ხელმძღვანელებისთვის“, ვინც ამ ომის სათავეში იდგა. შეკითხვა, თუ ვინ დაიწყო ომი – პოლიტიკოსებს ეკუთვნით, სამხედროებისათვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, მითუმეტეს, როდესაც საკუთარი მიწა-წყლისთვის იბრძვიან. თუმცა, არის ისეთი შეკითხვებიც, რომელზეც პასუხის ქონის უფლება თანაბრად აქვთ სამხედროებსაც და სამოქალაქოებსაც: რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში და როგორ მოვახერხეთ 5 დღეში ოკუპირებული ტერიტორების 20 პროცენტამდე გაზრდა და კოდორის დაკარგვა?

აგვისტოს ომი

„ომი პოლიტიკის გაგრძელებაა“- თქვა კლაუზევიცმა და სწორედ ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით წარმოებდა 2008 წლის სამხედრო ოპერაციაც.

დაგეგმარება, მართვა, კონტროლი, კავშირგაბმულობა, ზურგი – სამხედრო ოპერაციების წარმატების ძირითადი ელემენტები, მრავალ სხვა კომპონენტთან ერთად, ისეთთან, როგორიცაა მაგალითად, დაზვერვა, ამ ომს თან არ ახლდა და სწორედ ამიტომაც, მივიღეთ ის სავალალო შედეგი, რომელიც დღემდე მცოცავი ოკუპაციის სახით გრძელდება. სამხედროებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაიწყო ომი. ჯარი სწორედ ამიტომ არსებობს, რომ იმოქმედოს როდესაც ის იწყება. ამისათვის უნდა არსებობდეს გეგმა და არაერთი, მოვლენათა შესაძლო განვითარების სცენარები და პასუხისმგებელი პირები, ვინც ამ გეგმების განხორციელებას უხელმძღვანელებს.

თუკი თვალს გადავავლებთ სამხედრო ქვედანაყოფების გადაადგილებას, ძნელი სათქმელია, არსებობდა თუ არა რაიმე გეგმა მოვლენათა ასეთი (ან ნებიმიერი სხვა) განვითარების შემთხვევისათვის. ეს უფრო ქაოტურ გადაადგილებას წააგავდა, რომლის შესახებ გადაწყვეტილებებს პანიკურ მდგომარებაში მყოფი არასამხედრო პირები იღებდნენ. ამისი ყველაზე ნათელი მაგალითია ცხინვალის აღების არაერთი მცდელობა. პოლიტიკური გადაწყვეტილება – დაეკავებინათ სეპარატისტული რეჟიმის დედაქალაქი, მაშინ, როდესაც ყველა სტრატეგიულ სიმაღლეს მოწინააღმდეგე აკონტროლებდა, არცერთ პროფესიონალ სამხედროს არ მოუვიდოდა თავში. აქვე აღვნიშნავ იმას, რომ უმაღლესი სამხედრო პირი თავადაც არ ყოფილა სამხედრო – შეიარაღებულ ძალებს პოლიციის ოფიცერი ხელმძღვანელობდა, რომელსაც სამხედრო ტაქტიკისა და მითუმეტეს, სტრატეგიის შესახებ არანაირი არც ცოდნა და არც გამოცდილება  ჰქონია. ამის საპირისპიროდ, სეპარატისტული რეჟიმი რუს სამხედროებთან ერთად მუდმივად აწარმოებდა სამხედრო წვრთნებს, ამუშავებდა სცენარებს, საბრძოლო მოქმედებების განვითარების შესაძლო ვარიანტებს. ბოლო ასეთი წვრთნა 2008 წლის  ივლისში  წარმოებდა – სახელწოდებით „კავკასია-2008“

უდიდეს შეცდომად (თუ არა დანაშაულად) შესაძლოა შეფასდეს ისიც, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე და არც შემდეგ, არავინ  იზრუნა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე, მაშინ, როდესაც სეპარატისტული რეჟიმი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას რამდენიმე დღის განმავლობაში აწარმოებდა და ომის დაწყების მომენტში მოსახლეობის მხოლოდ ის ნაწილი იყო დარჩენილი კონფლიქტის ზონაში, რომელმაც წასვლაზე უარი განაცხადა. ევაკუაცია 4 აგვისტოს უკვე დამთავრებული იყო, მაშინ, როდესაც ქართული მოსახლეობა საკუთარი სახლებიდან ქაოტურად გარბოდა.

უკონტროლო იყო ასევე ყველაზე გზა. როგორც ჩანს, არავის გახსენებია დივერსიების განხორციელების შესაძლებლობა და ნებისმიერ სასიცოცხლო ობიექტამდე, მათ შორის გორის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტლამდე (კიდევ ერთი დანაშაული – ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც როგორც წესი ღრმა ზურგში უნდა იდგეს, ფრონტიდან სულ რამოდენიმე ასეულ მეტრში იყო გაშლილი) თავისუფლად იყო შესაძლებელი მისვლა და სურვლის შემთხვევაში დივერსიის განხორცილება. მოხალისეები საკუთარი იარაღებით თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ნებისმიერი მიმართულებით და არცერთხელ, არცერთ გზაზე ისინი არავის შეუმოწმებია. ის, რომ  დივერსანტები არ მოქმედებდნენ მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ ან საჭიროება არ დადგა, ან უბრალოდ, გაგვიმართლა.

აგვისტოს ომი

ბევრ შეკითხვას ბადებს ისიც, თუ რატომ არ განეიტრალდა სამშვიდობო ბაზები თუ პოსტები, სადაც რუსი სამხედროები იდგნენ.

მიუხედავად საბრძოლო მოქმედებებისა, ისინი დისლოკაციის ადგილიდან არც მოხსნილან. უფრო მეტიც, მათ თავისუფლად შეეძლოთ (და დიდი ალბათობით ახორციელებდნენ კიდევაც), გადაეცათ მონაცემები ქართული ქვედანაყოფების გადაადგილების შესახებ – მათი რაოდებობა, ტექნიკა, აღჭურვილობა, გადაადგილების სისწრაფე და რაც მთავარია, ზუსტი კოორდინატები ცეცხლის კორექტირებისათვის.

საბრძოლო ოპერაციაში ქართულმა მხარემ თითქმის ყველა ქვედანაყოფი ჩართო, მათ შორის პოლიციისა და სასჯელაღსრულების დეპარატამენტის პირადი შემადგენლობაც. უნდა ითქვას, რომ ეს ქვედანაყოფები თვისობრივად სხვა ტიპის ოპერაციებისთვის იწვრთნებიან, რაც ომიანობის შემთხვევაში  ფრონტის ხაზზე მათ მოქმედებას და მითუმეტეს, ასეთი მოქმედებების ეფექტურობას გამორიცხავს. თუმცა, ამაზე არავის უფიქრია და ისინი ფრონტის ხაზზე აღმოჩნდენ.

სამხედრო ოპერაციას რომ დავუბრუნდეთ: ყველაზე დიდ შეცდომად, ალბათ, როგორც უკვე აღვნიშვნეთ, ცხინვალის აღების ბრძანება იყო. დღეს ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდებოდა მოვლენები რომ არა ცხინვალთან განვლილი მარცხი. ფაქტია, რომ იმ რელიეფიდან და მოწინააღმდეგის განლაგებიდან გამომდინარე, ქართული ქვედანაყოფები პირდაპირი მნიშვნელობით საკმაოდ ვიწრო მონაკვეთზე ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდენ. ცხინვალში შესვლის „წარმატება“ მალევე გადაიზარდა ქაოსში. ევაკუირებულ ცხინვალში მოწინააღმდეგეს საკმაოდ კარგი თავდაცვითი გეგმა გააჩნდა და დიდძალი ქართული ძალა იძულებული გახდა უკან დაეხია, ხოლო იმ ვიწრო მონაკვეთზე, საიდანაც შეტევა ხორციელდებოდა ძალის ასეთი კონცენტრაცია საბედისწერო აღმოჩნდა.

ქართული შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ერთმანეთს მოწყდნენ, კავშირის არარსებობის გამო მეთაურები ვერ ფლობდნენ სრულ ინფორმაციას საკუთარი ქვედანაყოფების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ. განადგურდა ტექნიკა და რუსულმა საჰაერო იერიშებმა, რომლებიც წერტილოვან დარტყმებს ახორციელებდნენ საკვანძო კომუნიკაციებზე, სრული ქაოსი და პანიკა გამოიწვია.

ჩემი აზრით,  ცალკე დანაშაულად შეიძლება შეფასდეს რეზერვისტების მიმართ გაცემული ბრძანებებიც. რეზერვისტები, რომლებიც სამეთაურო რგოლის გარეშე გაუშვეს კონფლიქტის ზონაში, ამოცანის გარეშე, სამკვირიანი წვრთნების ცოდნითა და გამოცდილებით, საკვებისა და წყლის გარეშე, ცდილობდნენ თავი დაეღწიათ კონფლიქტის ზონიდან. თადარიგის ოფიცრები, რომელთა გამოყენება ასეთ შემთხვევაში აუცილებელი თუ არა, სასურველი მაინც იყო, უშედეგოდ ელოდნენ მობილიზაციას რამდენიმე დღის განმავლობაში. მეტიც, არსებობენ მაშინ მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც საბრძოლო გამოცდილება გააჩნდათ და რომლებიც პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ მათ უბრძანეს არ დაეტოვებინათ საკუთარი საცხოვრებლები და დალოდებოდნენ შემდგომ ბრძანებას, რომელიც 5 დღის განმავლობაში არ მიუღიათ.

ყოველივე იმის ფონზე, რაც კონფლიქტის ზონაში ხდებოდა, თითქოს  არავის გახსენებია დასავლეთ საქართველო, რომელიც სენაკის ბრიგადის და კოდორში დისლოცირებული სამხედრო ძალების იმედზე იყო დარჩენილი. სამაჩაბლოს დანაკარგებისა და ქაოსის პირობებში სენაკიდან ის ერთი ბრიგადაც მოიხსნა და შესაბამასად, დასავლეთის მიმართულებაც, ფაქტობრივად დაუცველი დარჩა იმ პოლიციური ძალების ფონზე, რომლებსაც, როგორც აღვნიშნეთ საომარი მოქმედებებისათვის აუცილებელი წვრთნა არ გააჩნიათ.

არ იმუშავა არც კავშირგაბმულობამ, თუმცა ეს მხოლოდ რადიოსადგურების ბრალი ან დახშობის შედეგი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. იმ თანამედროვე რადიოსადგურებს, რომლითაც ქართული ჯარი ასე ამაყობდა – საკმაოდ დიდი ცოდნა ჭირდება,  სისტემა კი  რთულია და კომპლექსური. თუმცა მხოლოდ სისტემის ხარვეზზე საუბარი ძნელია. კავშირგაბმულობის გეგმა საერთო ოპერატიული გეგმის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მოიცავს კავშირგაბმულობის სიხშირეების რამდენიმე ალტერნატივას: ძირითადს, სათადარიგოს და ა.შ. ქვედანაყოფის შიდა კავშირსა და კავშირს მომხრე ძალების სხვა ქვედანაყოფებთან, ოპერატიულ შტაბთან. უსასრულოდ შეიძლება კავშირგაბმულობის კომპონენტზე საუბარი. თუმცა, ყველაფერი ისევ ოპერატიულ გეგმასთან მიგვიყვანს, რომელიც არ დგება საომარი მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე დღით თუ კვირით ადრე და რომელიც არ გულისხმობს მხოლოდ ქვედანაყოფების გადაადგილებას ამა თუ იმ მიმართულებით. მასში გათვალისწინებულია ყველაფერი – სადაზვერვო მონაცემებით დაწყებული ზურგით დამთავრებული, თუმცა აგვისტოს ომის  მოვლენებზე დაკვირვებით რთული სათქმელია, რომ ამ დეტალების შესახებ ხელმძღვანელობას საერთოდ რაიმე წარმოდგენა გააჩნდა.

სამწუხაროდ,  მოვლენები მხოლოდ ცხინვალსა და გორში არ ვითარდებოდა საბედისწეროდ. დღეს ცოტას საუბრობენ იმაზე, თუ რა დაიკარგა დასავლეთ საქართველოში – კოდორის ხეობა – ანკლავი აფხაზეთზე, რომლის აღებას 1993 წლიდან ამაოდ ცდილობნენ რუსებიც და აფხაზებიც – მიუხედავად იქ განლაგებული საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ძალისა 5 დღეში ჩაბარდა მოწინააღმდეგეებს. კოდორი, რომელიც აუღებელ ციხესიმაგრედ მიიჩნეოდა და წლების განმავლობაში მართლაც ასე იყო, ძლიერი საჰაერო დარტყმების ქვეშ აღმოჩნდა, თუმცა რამდენიმე რუსული საფრენი აპარატის განადგურება მაინც მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მუდმივად იცავდა საკუთარ ხეობას და რელიეფსა და უგზოობას საკუთარ უპირატესობად აქცევდა, რუსულმა და აფხაზურმა ქვედანაყოფებმა ახალდაგებული გზის მეშვეობით ფაქტობრივად უბრძოლველად დაიკავეს როგორც დასავლეთ საქართველო, ისე ხეობა, და ქართული შეიარაღების  მიტოვებული, ძალიან დიდი მარაგიც ჩაიგდეს ხელთ. სრულებით გაიძარცვა სენაკის ბაზაც.

საბრძოლო მოქმედებები 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. არანაირი მართვა ან კონტროლი. არანაირი ზურგი. საკვები სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე ერთ-ერთმა რესტორანმა შეიტანა დაფასოებული ტრეილერებით და ასევე მოიქცა ერთ-ერთი ენერგეტიკული სასმელის კომპანიაც. „მიყრილი“ რეზერვისტები, უმართავი ქვედანაყოფები და სამხედრო მოსამსახურეები – რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა, ბოლომდე ცდილობნენ წინააღმდეგობის გაწევას და გმირულად იბრძოდნენ ომში, რომელსაც ყოვლად არაკომპეტენტური ხელმძღვანელები ყავდა. ცალკე განსჯის თემაა, იცოდა თუ არა სამხედრო ხელმძღვანელობამ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები და ასევე ცალკე ანალიზის თემაა 7 აგვისტომდე რეგიონში მიმდინარე მოვლენები, რაც, ალბათ, სათანადო შეფასების პირობებში აუცილებლად მიიყვანდა ნებისმიერ პოლიტიკურ თუ სამხედრო პირს იმ დასკვნამდე მაინც, რომ საქართველოს წინააღმდეგ „რაღაც“ იგეგმებოდა. რომ ეს „რაღაც“ საომარი მოქმედებებში თუ გადაიზრდებოდა, ამითი აუცილებლად ისარგებლებდნენ და კოდორზეც იერიშს მიიტანდენ. თუმცა პოლიტიკის გაგრძელებაც ისეთივე უგუნური აღმოჩნდა, როგორიც თავად პოლიტიკა იყო.

აგვისტოს ომი

 და კიდევ ერთი,  საქართველოს სამხედრო ბუჯეტი  2008 წელს ისტორიულად რეკორდული იყო და  მილიარდნახევარ ლარს მიაღწია.  ჯარიც, ყველა წესით იმაზე უკეთ უნდა ყოფილიყო აღჭურვილი და გაწვრთნილი, ვიდრე ოდესმე. ნაპოლეონმა თქვა: “ცხვრების ჯარი, რომელსაც მეთაურად ჰყავს ლომი, ყოველთვის დაამრაცხებს ლომების ჯარს, რომელსაც მეთაურობს ცხვარი”  – არაპროფესიონალი ხელმძღვანელების ხელში, მიუხედავად ყველაფრისა, ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობა მხოლოდ ჯარისკაცების სულისკვეთებაზე იდგა და უკანასკნელი ომიდან 2008 წლის მოვლენებამდე 13 თვიდან 5 დღემდე დავიდა. პასუხისმგებლობა კი  ყველა იმ შეცდომაზე, რომელიც ზოგ შემთხვევაში დანაშაულს უტოლდება,  დღემდე, ომიდან 10 წლის შემდეგ , ჯერაც არავის დაკისრებია.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

 

დატოვე კომენტარი