ფოტო გარეკანზე, წყარო: flickr
23 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურია. არჩევნების მეორე ტური, რაც სავსებით მოსალოდნელია, 7 მაისს გაიმართება. ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, როგორც გლობალურ, ასევე რეგიონულ და პირველ რიგში ლოკალურ დონეზე. ფრანგული საზოგადოება ფრაგმენტირებულია. ახლანდელი პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის მმართველობა კრახით დასრულდა, იმედები რომლებიც მასთან იყო დაკავშირებული ნელ-ნელა ჩაქრა. ამას ადასტურებს, ის რომ ფრანსუა ოლანდმა უარი თქვა კენჭი ეყარა ხელმეორედ პრეზიდენტობაზე, რაც უპრეცედენტო მოვლენაა საფრანგეთის უახლეს ისტორიაში. ეს არჩევნები ყურადღებას იქცევს იმის გამოც, რომ ეჭვის ქვეშ დადგა ევროკავშირის მომავალი. საპრეზიდენტო კანდიდატი მარინ ლე პენი, გამარჯვების შემთხვევაში აპირებს ევროკავშირისთვის ახალი თამაშის წესების შეთავაზებას, რისი დაუკმაყოფილების შემთხვევაში, იმუქრება ევროკავშირის დატოვებით. ფრანგული არჩევნები, საინტერესოა ამერიკაში დონალდ ტრამპის არჩევისა და „ბრექსითის“ კონტექსტშიც. ეს არის პრივილეგირებული ჯგუფებისა და გლობალიზაციის მოწინააღმდეგეთა შორის არსებული კონფრონტაციის კიდევ ერთი გამოვლინება. ცენტრისტული პოლიტიკა საფრანგეთშიც კრიზისშია და ძლიერ შემოტევებს იღებს პოლიტიკური სპექტრის როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე მხრიდან. არჩევნებში 11 კანდიდატი იყრის კენჭს, თუმცა ამ ეტაპზე გამოკვეთილია 5 პოლიტიკური ლიდერი, რომლებსაც მეტ-ნაკლებად აქვთ შანსი გახდნენ საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტი.
ძირითადი კანდიდატები
ფრანსუა ფიონი
62 წლის ფრანსუა ფიიონი, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია. მან გასულ წელს პრაიმერიში დაამარცხა ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და დასკვნით ეტაპზე ბორდოს მერი და ყოფილი პრემიერ მინისტრი შირაკის პრეზიდენტობის დროს ალან ჟუპე. ეს იყო ცხადი მოულოდნელობა ფრანგული პოლიტიკისთვის, რადგან ფიიონის პოლიტიკური კაპიტალი სხვა კანდიდატებთან შედარებით მცირეა (იგი წარუმატებელი პრემიერ მინისტრი იყო 2007-2012 წლებში). ფიიონს მარგარიტ ტეტჩერი ფანს უწოდებენ. მართლაც მისი ეკონომიკური პოლიტიკა ითვალისწინებს ტეტჩერისეულ დერეგულაციას და საჯარო სერვისების პრივატიზაციას, თუმცა ის მაინც ნაკლებად რადიკალურია. ამასთან ერთად ფიიონი კათოლიკე ტრადიციონალისტია. მას ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მხარი არ დაუჭირა 1982 წელს ერთსქესიანთა ურთიერთობების დეკრიმინალიზაციას. წინასაარჩევნო პერიოდში მან პირობა დადო, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ჩამოართმევდა ერთსქესიანთა ოჯახებს შვილის აყვანის უფლებას.
ფიიონი საარჩევნო მარათონის დასაწყისში ლიდერად მოიაზრებოდა, თუმცა არჩევნებამდე ორი თვით ადრე მის წარმატებას საფუძველი გამოეცალა. იანვარში გაზეთმა „Le Canard Enchainé“-მა გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს რომ მან დაიქირავა პარლამენტში ასისტენტებად თავისი ცოლი და შვილები. ამ ამბის მედიაში გავრცელების შემდგომ მის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება, რის გამოც ბევრი წინასწარმეტყველებდა რომ იგი მოხსნიდა კანდიდატურას. თუმცა ფიიონმა გამოაცხადა რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური ანგარიშსწორება და იგი სიმართლის დადგენას ფრანგ ხალხს ანდობს არჩევნების საშუალებით.
ემანუელ მაკრონი
39 წლის ემანუელ მაკრონი შეიძლება საფრანგეთის პრეზიდენტი გახდეს. მის პოლიტიკურ მოძრაობას En Marche ჰქვია და როგორც თავად აცხადებს იგი არც მემარცხენეა და არც მემარჯვენე. მისი პოლიტიკური კარიერა საკმაოდ სწრაფი და შთამბეჭდავი იყო. თავდაპირველად, იგი პრეზიდენტ ოლანდის მრჩეველი იყო ეკონომიკურ საკითხებში, შემდგომ კი 2014 წელს ეკონომიკის მინისტრის პოსტი დაიკავა. იგი ცდილობს თავი წარმოაჩინოს, როგორც ანტი-ისთებლიშმენტურმა კანდიდატმა, თუმცა იგი ყოფილი ბანკირი და ეკონომიკის მინისტრია, რაც ერთიორად ასუსტებს მის ამგვარ იმიჯს.
მაკრონი „სმარტია“ (სხარტია), იგი პრობლემების ციფრულ (დიჯიტალურ) გადაჭრას უჭერს მხარს და ზოგიერთი სექტორის დერეგულაცია ესახება ეკონომიკური პრობლემების დაძლევის გზად, თუმცა მისი ეკონომიკური პოლიტიკა მინისტრობის ჟამს ისეთივე წარმატებული იყო, როგორც ფრანსუა ოლანდის პრეზიდენტობა. მეინსტრიმულ ლიბერალურ მედიას იგი „მესიად“ მოევლინა, სოციალურად ლიბერალია და ეკონომიკურად მარჯვენა მხარეს დგას. თუმცა მისი ეკონომიკური პოლიტიკა ისეთივე ცხადი და გასაგებია, როგორც საფრანგეთის კიდევ ერთი პრეზიდენტობის კანდიდატის ჟაკ შემინიდეს მთვარისა და მარსის კოლონიზაციის გეგმა. მაკრონის სოციალური პოლიტიკიდან საინტერესოა მისი ინიციატივა მასწავლებლებისთვის ხელფასის მომატების თაობაზე. ფრანგულ მედიაში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა ის ფაქტიც, რომ მაკრონს ცოლად ჰყავს მისი ყოფილი მასწავლებელი, რომელიც მასზე 20 წლით უფროსია და 7 გერი შვილიშვილი ჰყავს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპულ ტექნოკრატიას და მეინსტრიმულ მედიას მაკრონი ევროპის გადამრჩენადაც ესახებათ. მართლაც, მაკრონი ყველაზე პროევროპულია კანდიდატებს შორის, კერძოდ მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციული პროცესების გაღრმავებას. მაკრონი საკუთარი ცდილობს დაემსგავსოს ბარაქ ობამას, თუმცა, ცენტრისტული პოლიტიკური მესიჯებით და სტილით, იგი უფრო ახლოს დგას ჰილარი კლინტონთან და კანადის პრემიერ მინისტრთან ჯასტინ ტრუდოსთან.
მარინ ლე პენი
მარინ ლე პენი, ულტრა-მემარჯვენე პარტია „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერია. შეიძლება ითქვას, რომ მას ეს თანამდებობა „მემკვიდრეობით“ ერგო მამისგან, ჟან მარი ლე პენისგან, რომელიც სათავეში ედგა ამ პარტიას 1972-2011 წლებში. 48 წლის მარინ ლე პენი ფაქტიურად პროფესიით პოლიტიკოსია, რადგან მთელი ცხოვრება პოლიტიკურ მოღვაწეობას მიუძღვნა. 2004 წელს იგი აირჩიეს ევროპული პარლამენტის წევრად, სადაც იგი ჩრდილო დასავლეთ საფრანგეთს წარმოადგენს. დონალდ ტრამპის მსგავსად, ლე პენის მთავარი პოლიტიკური მესიჯია „საფრანგეთი და ფრანგები პირველ რიგში“, ოღონდ ფრანგული აქცენტით: vive la France.
გამარტივების შემთხვევაში, ლე პენის პოლიტიკური სემანტიკა შეიძლება სამ ცვლადზე იქნეს დაყვანილი: პირველი ეს არის იმიგრაციის კონტროლი, მეორე – ევროკავშირის მმართველობისგან თავის დაღწევა და მესამე – ეკონომიკური პროტექციონიზმი. იგი ემხრობა ყველა არალეგალი მიგრანტის დაუყონებლივ დეპორტაციას. განსხვავებით მამამისისგან, მარინ ლე პენმა მოახერხა „ნაციონალური პარტია“ ექცია მეინსტრიმულად. მან განაცხადა რომ ისლამი არ მოდის წინააღმდეგობაში საფრანგეთის კონსტიტუციასთან, ამით სცადა მოეხდინა მისი პარტიის დე-დემონიზაცია ადგილობრივ საზოგადოებაში, რადგან ხშირად მას ფაშისტად და რასისტად აღიქვამენ. მისი ამ მცდელობის მიუხედავად, იგი კვლავ აღიქმება საზოგადოებაში შეფარულ ისლამოფობად.
გარდა ამისა, ლე პენის უმთავრესი პოლიტიკური მესიჯია, ევროკავშირის „მარწუხებისგან“ თავის დაღწევა, რაც უკავშირდება „მომჭირდეობის პოლიტიკის“ გაუქმებას და საზღვრების კონტროლის საფრანგეთისთვის დაბრუნებას. მან ერთ-ერთი წინასაარჩევნო გამოსვლის დროს განაცხადა რომ „ევროკავშირი მოკვდება, რადგან ხალხს ის აღარ სჭირდება… ამპარტავანი და ჰეგემონიური იმპერიები განწირულები არიან დაღუპვისთვის.“ ასეა თუ ისე, ლე პენი განიხილება, ერთ-ერთ ლიდერად ამ საარჩევნო კამპანიაში და მრავალი კომენტატორი უწინასწარმეტყველებს მას მეორე ტურში გადასვლას.
ჟან–ლუკ მელანშონი
„… ისინი აცხადებენ, რომ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში დადგება „ატომური ზამთარი“, მოხდება ბაყაყების შემოსევა, წითელი არმიის შემოსვლა და ვენესუელელების გადმოსხმა“ – ასე გამოეხმაურა 65 წლის რადიკალი მემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონი, მეინსტრიმული მედიის მიერ მის წინააღმდეგ გამოცხადებულ კამპანიას. იგი სოციალისტური პარტიის ყოფილი სენატორია, მან ეს პარტია 2008 წელს დატოვა. ამჟამად, სათავეში უდგას პოლიტიკურ მოძრაობას „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“, თუმცა მას მხარს უჭერს საფრანგეთის კომუნისტური პარტიაც. მელანშონი აჯანყებული სოციალისტია, რომელიც დაუპირისპირდა სოციალისტურ პარტიაში არსებულ მემარჯვენე ტენდენციებს. სწორედ ამგვარი, ე.წ. ანტი-ისტებლიშმენტური ლოზუნგებით გამოდის იგი. მისი ეკონომიკური პოლიტიკა ყველაზე რადიკალურია და მწვავე დაპირისპირებაში მოდის ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალთან, თუმცა იგი სულაც არ არის მსოფლიო მუშათა რევოლუციის ქადაგი. მისი პოლიტიკა უფრო ნეო-კეინსიანურია, ვიდრე მარქსისტული, რაც დგას სახელმწიფო ინვესტიციების წახალისებაზე ეკონომიკაში, მინიმალური ხელფასის გაზრდაზე საჯარო მოხელეებისთვის და საპენსიო ასაკის შემცირებაზე. საგარეო პოლიტიკის მხრივ მელანშონი ნატო-ს კრიტიკოსია და მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების დათბობას. იგი ასევე დღის წესრიგში აყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების წარმოებას, „მომჭირნეობის პოლიტიკის“ შეცვლაზე.
მელანშონმა საარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად გამოიყენა თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის ე.წ. ჰოლოგრამებიც, რომელთა საშუალებითაც რამდენიმე ადგილზე ხდებოდა მისი გამოსვლის ტრანსლირება. იგი ამერიკელი ბერნი სანდერსის და ბრიტანელი ჯერემი კორბინის მსგავსად აქტიურად იყენებდა ფართო მიტინგებს ხალხისთვის საკუთარი პროგრამის გასაცნობად, რითიც სწრაფად მოიპოვა ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილის სიმპათია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მას მწვავედ უპირისპირდება როგორც სოციალისტური პარტიის მემარჯვენე ფრთა, ასევე მსხვილი ბიზნესი და ფინანსური კაპიტალი, მისი გამარჯვების შანსი შემცირებულია. ბიზნესის წარმომადგენლებმა ღიად მიანიშნეს, რომ მელანშონის მეორე ტურში გადასვლის შემთხვევაში საფრანგეთს ბევრი ბიზნესი დატოვებს.
ბენუა ამონი
49 წლის ბენუა ამონიც აჯანყებული სოციალისტია, თუმცა განსხვავებით მელანშონისგან მას სოციალისტური პარტია არ დაუტოვებია და სცადა იგი შიგნიდან შეეცვალა. იგი ყოფილი განათლების მინისტრია და მინისტრთა კაბინეტი იმიტომ დატოვა, რომ არ ეთანხმებოდა პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის მემარჯვენე პოლიტიკას შრომის ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით. მან შიდაპარტიულ არჩევნებში დაამარცხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი, რომელიც პარტიის მემარჯვენე ფრთას წარმოადგენს. მისი პოლიტიკური დაპირებები საკმაოდ მრავალფეროვანია, დაწყებული მარიახუანას ლეგალიზაციით, დამთავრებული სამუშაო დროის კვირაში 32 საათამდე შემცირებით, საბაზისო შემოსავლის შემოღებითა და განახლებადი ენერგიის წყაროების წახალისებით. ამონი პრო-ევროპული ლიდერია და მხარს უჭერს ევროპაში ინტეგრაციული პროცესების დაჩქარებას.
ამონი ურთულესი ამოცანის წინაშე აღმოჩნდა. ერთი მხრივ მას ებრძვის შიდა პარტიული ძალები, რომლებიც მზად არიან მხარი დაუჭირონ სხვა საპრეზიდენტო კანდიდატს, ვიდრე შეეგუონ ამონის ლიდერობას. ამასთან, ფრანსუა ოლანდის უნიათო მმართველობამ და მისმა მემარჯვენე პოლიტიკამ გამოიწვია სოციალისტური პარტიის ამომრჩევლის იმედგაცრუება და მათი მხარდაჭერა გადაიხარა უფრო რადიკალური მელანშონის მხარეს. ამონის მოსალოდნელი მარცხი უფსკრულის წინაშე აყენებს სოციალისტურ პარტიას მომავალსაც. ზემოთჩამოთვლილი ფაქტორებიდან გამომდინარე ამონის წარმატების ამ არჩევნებზე შანსები მინიმალურია.
პოლიტიკური კონტექსტი და 3 ძირითადი საკითხი
უმუშევრობა და სოციალური უთანასწორობა
საფრანგეთს ევროპის მასშტაბით გერმანიის შემდგომ ყველაზე დიდი ეკონომიკა აქვს. თუმცა ევროპის 28 სახელმწიფოს შორის უმუშევრობის დონით საფრანგეთი მე-8 ადგილზეა და ამჟამად ეს მაჩვენებელი 10%-ია, მაშინ როცა გერმანიაში უმუშევრობა მხოლოდ 3,9%-ია. საფრანგეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით გასულ წელს უმუშევრობა მხოლოდ 0,2 პროცენტით შემცირდა.
საფრანგეთს პრობლემები აქვს ეკონომიკური ზრდის კუთხითაც. 2008 წლის შემდგომ საკმაოდ რთულად და ნელა მიდიოდა ფრანგული ეკონომიკის გამოჯანსაღება. გასულ წელს, საფრანგეთის რეალური მშპ მხოლოდ ერთი პროცენტით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მაგალითად გერმანიის მაჩვენებელს.
რაც შეეხება ეკონომიკურ უთანასწორობას, განსხვავებით სხვა განვითარებული ქვეყნებისგან, სადაც სწრაფად იზრდებოდა უთანასწორობა 1980-იანი წლების შემდგომ, საფრანგეთში ამ მხრივ სხვა ვითარებაა. 2014 წლის მაჩვენებლებით, განსხვავებით აშშ-სგან, სადაც მოსახლეობის 1 პროცენტზე შემოსავლების 20% მეტი მოდის, საფრანგეთში ეს მაჩვენებელი 10 პროცენტზე ცოტა მეტია. თუმცა, როგორც გამოჩენილი ფრანგი ეკონომისტიტომას პიკეტი ამტკიცებს, მითი ფრანგული „ეგალიტარიანზმის“ შესახებ დაინგრა და „სოციალურად ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს აქვთ შთაბეჭდილება, რომ ისინი მიატოვეს და მათ სულ უფრო მეტად იზიდავს ქსენოფობიის სირენები“. მართლაც, კვლევები ადასტურებს რომ 1983-2015 წლებში ყველაზე მდიდარი 1%-ის შემოსავლები 100%-ით გაიზარდა, ყველაზე მდიდარი 0,1 პროცენტის შემოსავლები კი – 150%-ით, მაშინ როცა იმავე პერიოდში დანარჩენი მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდა მხოლოდ 25%-ით.
2008 წლის კრიზისმა უზარმაზარი დარტყმა მიაყენა საფრანგეთის ეკონომიკას. ფრანსუა ოლანდის სოციალისტურმა მთავრობამ, რომელიც მემარცხენე პოლიტიკური პლატფორმით მოვიდა ხელისუფლებაში, ფრანგული ეკონომიკა ვერ გამოიყვანა სტაგნაციიდან. სწორედ ფრანსუა ოლანდის ეკონომიკურ რეფორმებს მიაწერენ ფრანგული პოლიტიკის რადიკალიზაციას. მსგავსად ბილ კლინტონისა და ტონი ბლერისა, ოლანდმაც აირჩია ე.წ. „მესამე გზის“ ეკონომიკური სტრატეგია, რაც გულისხმობდა მშრომელთა საბაზრო ძალაუფლების დასუსტებას, კერძოდ, სამუშაო დროის გაზრდას, დასაქმებულებისთვის ხელფასების შემცირებსა და სამსახურიდან განთავისუფლების პრაქტიკის ლიბერალიზაციას. თუმცა, ამ რეფორმებმა ვერ უშველა ვერც უმუშევრობის პრობლემას და ვერც სტაგნაციაში მყოფ ეკონომიკას. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან გამომდინარე, ფუნდამენტური ეკონომიკური ცვლილებების საჭიროება ბუნებრივად დადგა ძირითადი კანდიდატების საარჩევნო დღის წესრიგში.
ფრანსუა ფიიონი, გამარჯვების შემთხვევაში აპირებს უმუშევრობის შემწეობის შემცირებას. იგი ასევე გეგმავს საჯარო სექტორში ნახევარი მილიონი ადამიანის შემცირებას, რაც შეადგენს ამ სექტორში დასაქმებულთა 10 %-ს. ფიიონის პრეზიდენტობის შემთხვევაში საპენსიო ასაკი გაიზრდება 65 წლამდე და ისინი ვინც არ იმუშავებენ ამ ასაკამდე დაკარგავენ პენსიას. ამასთან ერთად, სამთავრობო დანახარჯების წილი მშპ-ში 57%-დან შემცირდება 50%-მდე. ფიიონი აპირებს პოლიციისა და საპატიმროებისთვის დაფინანსების ზრდას. მისი ფისკალური პოლიტიკის ნაწილი იქნება სიმდიდრის გადასახადის გაუქმება.
ემანუელ მაკრონი, პოლიტიკური პოპულიზმის და ნეოლიბერალური იდეოლოგიის თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი საკუთარ თავს არ უწოდებს არც მემარჯვენეს და არც მემარცხენეს და ცდილობს ორივე მიმართულებიდან აიღოს საუკეთესო. თუმცა, პოლიტოლოგიური პერსპექტივით, მისი იდეოლოგიური კომპასი მარჯვნივ იხრება. ფიიონის მსგავსად ისიც გეგმავს საჯარო სექტორისა და სახელმწიფო ხარჯების შემცირებას, ასევე კორპორატიული გადასახადების შემცირებას 25%-მდე. მისი საარჩევნო დაპირებაა ასევე უმუშევრობის 7%-მდე შემცირება. მეორე მხრივ იგი პირობას იძლევა, რომ 35 საათიან სამუშაო საათს არ გაზრდის, მაგრამ ამასთან ერთად უფლებას მისცემს კომპანიებს მოელაპარაკონ დასაქმებულებს. მაკრონის ეკონომიკური სტრატეგია ბუნდოვანია, იგი მოსახლეობას პირდება 50 მილიარდი ევრო ინვესტიციებს ეკონომიკაში, მათ შორის სტრუქტურული უმუშევრობის დასაძლევად, ინფრასტრუქტურის გასაახლებლად და ქვანახშირის წარმოების განახლებადი ენერგიის წყაროებით ჩასანაცვლებლად, თუმცა აპირებს დამატებითი ვალდებულებების დაფინანსებას, გაურკვეველია.
მარინ ლე პენის პოლიტიკა, ჯდება ფაშისტური პარტიების იდეოლოგიურ პარადიგმაში. კერძოდ, ეს არის ნაზავი ულტრა-მემარჯვენე და ნაციონალისტური პოზიციების „რბილ“ მემარცხენე ეკონომიკურ პოლიტიკასთან. მაგალითად, „ნაციონალური ფრონტის“ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ფრანგული მუშათა მოძრაობების უდიდესი მონაპოვარი, 35 საათიანი სამუშაო გრაფიკი შენარჩუნდება, ასევე პენსიაში გასვლის ასაკი გახდება 60 წელი. ამასთან ერთად, ლე პენის პოლიტიკები დაეხმარება მცირე ბიზნესებს დაბალი გადასახადების საშუალებით. ნაციონალური ფრონტის ლიდერის გაპრეზიდენტება ასევე პოზიტიურად აისახება მოხუცებისთვის და ბავშვებისთვის შემწეობის ზრდაზე. ლე პენის ეკონომიკური გეგმა შეიცავს პროტექციონისტულ ელემენტებს, რომლებიც შეფუთულია ნაციონალისტურ საბურველში. მაგალითად, ფირმები რომლებშიც უცხოელები იქნებიან დასაქმებულები გადაიხდიან დამატებით 10%-ის ოდენობის გადასახადს, ამასთან ერთად 3%-ით დაიბეგრება იმპორტი. ლე პენი ეკონომიკურ განვითარებას ევროკავშირის რეგულაციებისგან თავის დაღწევაში ხედავს. UKIP-ის ყოფილი ლიდერის ნაიჯელ ფარაჟის მსგავსად, ლე პენიც მიიჩნევს რომ ევროკავშირის რეგულაციებიდან თავის დაღწევა და წევრობით დაკისრებული ვალდებულებების გაუქმება გამოათავისუფლებს თანხებს, რომლითაც შესაძლებელი იქნება გაზრდილი სოციალური პასუხისმგებლობების დაფინანსება.
ჟან-ლუკ მელანშონის ეკონომიკური პლატფორმა სულაც არ არის კომუნისტური. ის შეიძლება შეფასდეს როგორც ნეოკეინსიანური ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც სახელმწიფო ინვესტიციების ზრდაზეა ორიენტირებული. მაგალითად, მელანშონი გეგმავს 100 მილიონიანი (ევრო) სტიმულირების გეგმის განხორციელებას, რომელიც მოემსახურება ინფრასტრუქტურის განახლებას და მწვანე ინდუსტრიის განვითარებას. მელანშონის პრეზიდენტობის პირობებში 275 მილიარდი ევროთი გაიზრდება საჯარო სექტორის დაფინანსება, რათა მოხდეს საჯარო მოხელეებისთვის მინიმალური ხელფასების ზრდა. ამასთან ერთად, მელანშონი ლე პენის მსგავსად ფრანგებს პირდება რომ 60 წლამდე შეამცირებს საპენსიო ასაკს. უმუშევრობის შემცირების კუთხით, მელანშონის წინასაარჩევნო დაპირება ყველაზე ამბიციურია. იგი პირობას დებს რომ უმუშევრობა მისი პრეზიდენტობის პირობებში 6%-მდე შემცირდება. ამასთან, იგი აპირებს ნულამდე დაიყვანოს უსახლკაროთა რაოდენობა. მელანშონის ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია, საფრანგეთის ისეთი ეკონომიკური ინსტიტუტებიდან გამოყვანა, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლებიც მისი რიტორიკის თანახმად ხელს უშლიან საფრანგეთის ეკონომიკურ განვითარებას.
სოციალისტური პარტიის წარმომადგენლის ბენუა ამონის ეკონომიკური პოლიტიკა ძირითადად აგებულია ტექნოლოგიური ცვლილებების შედეგად წარმოქმნილი უთანასწორობის აღმოფხვრაზე. იგი ემხრობა ე.წ. მინიმალური საბაზისო შემოსავლის შემოღებას. ამონი პირდება მოსახლეობას, რომ უმუშევრები მიიღებენ 600 ევრომდე შემწეობას. მელანშონის მსგავსად ისიც ემხრობა განახლებადი ენერგიის ინდუსტრიის განვითარებას და გაპრეზიდენტების შემთხვევაში გეგმავს 2025 წლისთვის გამომუშავებული ელექტროენერგიის 50%=ი იყოს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან. ამონი ეწინააღმდეგება ატომური ელექტროენერგიის ინდუსტრიას და ემხრობა მის ეტაპობრივ ჩანაცვლებას.
მიგრაციული წნეხი
საფრანგეთი 1960-იანი წლების დეკოლონიზაციის პერიოდიდან მოყოლებული აქტიურად განიცდის მიგრაციულ წნეხს. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ 30 წლიან პერიოდში, რომელსაც „Trente Glorieuses“ უწოდებენ, საფრანგეთის ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა მოსახლეობის შემოსავლების ყოველწლიური 4%-იანი ზრდის პარალელურად. ამგვარი ეკონომიკური პროცესები ხელს უწყობდა მიგრანტთა სწრაფ აბსორბაციას ფრანგულ საზოგადოებაში. თუმცა 80-იანი წლებიდან მოყოლებული ვითარება შეიცვალა. მოსახლეობის შემოსავლები ნაკლებად იზრდებოდა, გაიზარდა უმუშევრობაც და შრომამ პრეკარიატული ფორმა შეიძინა. შესაბამისად, გაიზარდა კონკურენცია სამუშაო ადგილებზე. საფრანგეთში არსებობდა მცდელობა გლობალიზაციის და ახალი ეკონომიკური მოდელის წინააღმდეგ გამოსვლისა, მაგალითად პრეზიდენტი ფრანსუა მიტერანი გეგმავდა ამგვარი ეკონომიკური პროცესების ხელის შეშლას აქტიური სახელმწიფო პოლიტიკით. თუმცა, გლობალიზაციის შედეგად გაზრდილმა კაპიტალის მობილობამ ძირი გამოუთხარა ამგვარ მცდელობებს. „სრბოლა ფსკერისკენ“ ფრანგული ეკონომიკის აჩრდილი გახდა. საფრანგეთში ანტი-იმიგრაციული სენტიმენტების ზრდა, სწორედ ამგვარ პოლიტეკონომიურ განვითარებას უკავშირდება.
2015 წლის შემდგომ სხვა ევროკავშირის ქვეყნების მსგავსად საფრანგეთშიც კიდევ უფრო იზრდება მიგრანტთა რაოდენობა სირიიდან და ერაყიდან. ბოლო მონაცემებით, საფრანგეთის 65,8 მილიონიანი მოსახლეობის 8,9 პროცენტს მიგრანტები შეადგენენ. საფრანგეთს ჰყავს ევროპაში ყველაზე დიდი რაოდენობის მუსლიმური მოსახლეობა. ბრუკინგის ინსტიტუტის ერთ-ერთი კვლევის მიხედვით საფრანგეთში დაახლოებით ცხოვრობს 5 მილიონამდე მუსლიმი. ამასთან, Pew Research Centre-ის კვლევის მიხედვით ფრანგი მოსახლეობის 29%-ი არაკეთილგანწყობილია მუსლიმების მიმართ.
ამ შიშებს ამძაფრებს “ისლამური სახელმწიფოს” აქტივობები საფრანგეთში და ასე ე ლოკალური რადიკალიზაციის ფენომენი. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ისლამურ სახელმწიფოს მხარეს იბრძვის 700-მდე საფრანგეთის მოქალაქე. 2015 წლის შემდგომ ტერორისტული აქტების შედეგად საფრანგეთში 230 ადამიანი დაიღუპა. უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური უთანასწორობა და უმუშევრობა „ლოკალური რადიკალიზაციის“ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. მიგრანტთა დიდი ნაწილი ღარიბ გარეუბნებში ცხოვრობს და მათ სათანადოდ არ მიეწოდებათ სახელმწიფო სერვისები. მიგრანტებში უმუშევრობის დონე 17,2 პროცენტს აღწევს, რაც 7 პროცენტზე მეტით აღემატება საერთო ეროვნულ მაჩვენებელს.
გასაკვირი არ უნდა იყოს რომ „ნაცონალური ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი საკუთარ საარჩევნო კამპანიას საფრანგეთის მოსახლეობის ამ შიშებზე და უკმაყოფილებაზე აფუძნებს. იგი გეგმავს ყველა არალეგალური იმიგრანტის ავტომატურ დეპორტაციას და ყოველწლიური იმიგრაციის 10 000-მდე შემცირებას. ამასთან, მისი ინიციატივაა ყველა „ექსტრემისტული“ მეჩეთების დახურვა და მუსლიმ მოსახლეობაზე სამართალდამცავი სტრუქტურების კონტროლის გამკაცრება. ლე პენმა საჯარო ადგილებში მუსლიმთა ლოცვა ნაცისტების მიერ საფრანგეთის ოკუპაციას შეადარა.
ლე პენისგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ სხვა ძირითად კანდიდატებს. ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ „არცერთი რელიგია არ წარმოადგენს პრობლემას“ საფრანგეთისთვის და იგი არაერთხელ გამოვიდა მუსლიმთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ტერორიზმზე საუბრის დროს კი მაკრონი ხაზს უსვამს საერთაშორისო თანამშრომლობის და სადაზვერვო საქმიანობის გააქტიურების მნიშვნელობას. „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერმა მელანშონმა მუსლიმების წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა ფრანგი პროტესტანტებისა და ებრაელების წინააღმდეგ განხორციელებულ დანაშაულებს შეადარა, თუმცა იგი გულმხურვალე სეკულარისტია და ეწინააღმდეგება რწმენის საჯაროობას. მელანშონს მიგრაციის კონტროლთან დაკავშირებით არა აქვს განცხადებული პოლიტიკა. სოციალისტი ბენუა ამონი კი მიიჩნევს რომ სეკულარული რიტორიკა გამოიყენება მუსლიმების წინააღმდეგ. რესპუბლიკელი ფრანსუა ფიიონი „ფრანგულ ისლამზე“ საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ადგილობრივმა ზომიერმა მუსლიმებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეიტანონ რადიკალიზაციის შემცირებაში. ფიიონი ლეპენის მსგავსად მომხრეა იმიგრაციის შეზღუდვის და მხარს უჭერს კვოტების დაწესებას იმიგრაციაზე.
საგრეო პოლიტიკა და ევროკავშირის მომავალი
კანდიდატების წინასაარჩევნო განცხადებები საგარეო პოლიტიკის შესახებ სამ განზომილებად შეიძლება განვიხილოთ: 1) ევროკავშირი და ევროპული ინტეგრაცია 2) ურთიერთობა რუსეთთან და ნატო-სთან 3) პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთის მიმართ (განსაკუთრებით სირიაში).
ემანუელ მაკრონი, ცდილობს საკუთარი თავი წარმოაჩინოს როგორც პროევროპულ ლიდერად. იგი მხარს უჭერს ევროკავშირში უფრო ღრმა ინტეგრაციას. მაკრონის გაპრეზიდენტებისა და გერმანიაში სექტემბერში დანიშნულ არჩევნებზე პრო-ევროული ძალების გამარჯვების შემთხვევაში (მაგ. SPD), არ არის გამორიცხული რომ ევროპაში ინტეგრაციული პროცესები კიდევ უფრო გაღრმავდეს. საუბარი ერთიანი ფისკალური პოლიტიკის შემოღებაზე და საერთო ევროპული არმიის შექმნაზე. მაკრონს არ „უყვარს“ პუტინი და ცდილობს გააკრიტიკოს რუსეთი სირიის მიმართ არსებული პოლიტიკის გამო. აღსანიშნავია, რომ მან დაადანაშაულა რუსეთი მისი საარჩევნო კამპანიის წინააღმდეგ მუშაობაში. მაკრონი გამორჩეულია იმითაც რომ მან მწვავედ გააკრიტიკა საფრანგეთის კოლონიური პოლიტიკა რეგიონში და ალჟირში კოლონიურ წარსულს „კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული“ უწოდა.
მარინ ლე პენი მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირის ინსტიტუტებს და საკუთარი საარჩევნო რიტორიკა აწყობილი აქვს საფრანგეთისთვის სუვერენიტეტის დაბრუნებაზე. ლე პენი აცხადებს რომ არჩევიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში იგი შეეცდება ევროკავშირთან მოლაპარაკებას, განსაკუთრებით საზღვრების კონტროლის საკითხზე. თუ მოლაპარაკება არ შედგა, მაშინ ლე პენი აპირებს რეფერენდუმის გამოცხადებას საფრანგეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შესახებ. თუ ფრანგები უარს იტყვიან ევროკავშირის დატოვებაზე, მაშინ იგი გადადგომას გეგმავს. ევროკავშირის დატოვების შემთხვევაში საფრანგეთი უარს იტყვის ევროზე და შემოიღებს ფრანკს. ცხადია, ამგვარი სცენარის რეალური განხორციელება ბოლოს მოუღებს ევროკავშირს, რადგან საფრანგეთი გერმანიასთან ერთად წარმოადგენს ევროკავშირის უმთავრეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ საყრდენს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლე პენი მკაცრად აკრიტიკებს ნატო-საც და ეწინააღმდეგება საფრანგეთის ნატო-ში ყოფნას. იგი მხარს უჭერს მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობებს.
თუმცა ლე პენი ამ მხრივ მარტო არ არის. მოსკოვთან ურთიერთობების გაღრმავებას მხარს უჭერს მელანშონიც და ფიიონიც, თუმცა ეწინააღმდეგება ამონი და მაკრონი. მელანშონის საგარეო პოლიტიკა მაინც შიდა ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას უკავშირდება. კერძოდ, იგი ევროკავშირთან მოლაპარაკებებში აპირებს „მომჭირნეობის პოლიტიკის“ (austerity policy) ინსტრუმენტების გაუქმების საკითხის დაყენებას, რომელიც მისი აზრით ხელს უშლის საფრანგეთს აქტიური სახელმწიფო პოლიტიკის გატარებაში. მელანშონი ლეპენის მსგავსად ეწინააღმდეგება ნატო-ს წევრობას და გაპრეზიდენტების შემთხვევაში აპირებს ამ ორგანიზაციის დატოვებას.
ფრანსუა ფიიონი არ ჯდება ტრადიციულ რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების დიქოტომიაში. ფიიონი ერთი მხრივ მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების დათბობას (მაგ. რუსეთის მიმართ სანქციების მოხსნას), მეორე მხრივ კი ემხრობა ნატო-სთან და ამერიკასთან მჭიდრო ურთიერთობებს. ფიიონის საგარეო პოლიტიკური ხედვა საინტერესოა იმითაც, რომ იგი მხარს უჭერს სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც ლე ფიგარო იუწყება ბაშარ ალ-ასადი მიესალმა ფიიონის ამ განცხადებას.
პროგნოზები: ვინ მოიგებს არჩევნებს?
„ბრექსითისა“ და ამერიკაში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდგომ, სოციოლოგიური გამოკითხვები კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. თუმცა, სოციოლოგიური გამოკითხვების კრიტიკა არც ქართველი ამომრჩევლისთვის უნდა იყოს გასაკვირი, რადგან ერთ-ერთი წამყვანი სოციოლოგიური კვლევების ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ 2012 წლის წინასაარჩევნო გამოკითხვის შედეგებსა და არჩევნების რეალურ შედეგებს შორის 43 პროცენტიანი განსხვავება დაფიქსირდა. თუმცა, სხვადასხვა კვლევებსა და პოლიტიკური კომენტატორების განცხადებების ანალიზზე დაყრდნობით მოკრძალებული პროგნოზის გაკეთება მაინც შესაძლებელია. სავარაუდოა, რომ არჩევნების მეორე ტურში საფრანგეთში რადიკალურად ზომიერი (ან ზომიერად რადიკალური) ემანუელ მაკრონი და „მადამ ფრექსიტი“ ანუ იგივე მარინ ლე პენი დაუპირისპირდება. რაც შეეხება იმას, თუ ვინ მოიგებს მეორე ტურს 7 მაისს, ამის პროგნოზის გაკეთება ისეთივე „მარტივია“, როგორც იმის განსაზღვრა იქნება თუ არა მომავალ წელს მიწისძვრა. ის ფაქტი, რომ მთელი საერთაშორისო და ლოკალური პოლიტიკური ელიტა, მეინსტრიმული მედია და ბიზნესი გაერთიანდება მაკრონის გარშემო, სრულიადაც არ ნიშნავს იმას რომ მარინ ლე პენი აუცილებლად დამარცხდება, ისევე როგორც ის ფაქტი რომ შარშან მიწისძვრა მხოლოდ რამდენჯერმე მოხდა, ხვალ მისი მოხდენის შესაძლებლობა ნულის ტოლია. გაბრაზებულ და არჩევანის გარეშე დატოვებულ ამომრჩეველს ყოველთვის შეუძლია პოლიტიკური „მიწისძვრის“ მოხდენა, რაც დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამაც დაადასტურა.
მეორე მხრივ, ნებისმიერი სცენარის განვითარების შემთხვევაში, ვინც საფრანგეთში სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებებს ელოდება, ცდება. ივნისში, საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ძალაუფლება საფრანგეთში საკმაოდ დიდია და მას აქვს უფლება დაითხოვოს პარლამენტი, საფრანგეთის მომავალ პრეზიდენტს აუცილებლად მოუწევს არსებულ პოლიტიკურ სპექტრთან თანამშრომლობა. მითუმეტეს იმ პირობებში, როცა არც ლე პენს და არც მაკრონს პოლიტიკური წარმომადგენლობა პარლამენტში არ ჰყავს და საეჭვოა რომ მომავალ არჩევნებზე შეძლონ მისი შეძენა.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.