გარემოვაჭრეობის სირთულეები და პრობლემები საქართველოში

მერაბ ჯანიაშვილი, ბაქარ ბერეკაშვილი

გარემოვაჭრეობა როგორც არაფორმალური ეკონომიკის ნაწილი, ქართული პოსტსაბჭოთა ეკონომიკური ტრანზიციის თანმდევი ტრადიცია გახდა. ზოგადად, გარემოვაჭრეობა, ისევე როგორც არაფორმალური ეკონომიკის სხვა ფორმების ზრდა ქვეყანაში სუსტი სოციო-ეკონომიკური განვითარების აღმნიშვნელია, რაც საკმაოდ დრამატულად აისახება ბევრ პოსტსაბჭოთა საზოგადოებების ცხოვრებაში. მაგალითად, მსოფლიო შრომის ორგანიზაცია არაფორმალური ეკონომიკას პირდაპირ უკავშირებს მზარდ სიღარიბეს. სიღარიბის მზარდი ტენდენციები კი პოსტსაბჭოთა კაპიტალისტური წესრიგისთვის დამახასიათებელი უმთავრესი ტენდენციაა, ამიტომაც არც არის გასაკვირი, რომ გარემოვაჭრეობა, რომელიც არაფორმალური ეკონომიკის ერთ-ერთ უმთავრეს ფორმას წარმოადგენს საქართველოში,  ურბანული სივრცის (და არამარტო) განუყოფელი ნაწილი გახდა.

გარემოვაჭრეების რაოდენობის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა სხვადსხვა არაოფიციალური გათვლებით თბილისში მათი რაოდენობა 3000-4000 ადამიანამდე მერყეობს. 2017 წლის აპრილიდან მერიამ გადაწყვიტა გარემოვაჭრეებითვის თბილისის ქუჩებში დგომა აეკრძალა და ამისათვის ქმედითი ზომებიც მიიღო. 5 აპრილის ღამეს მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ვაგზლის მოედანზე დახლები დაშალეს და ტერიტორია გარემოვაჭრეებისგან გაანთავისუფლეს. ამ ეტაპზე მერია მკაცრად დგას პოზიციაზე, რომ გარმოვაჭრეობას არ დაუშვებს, თუმცა რამდენად მყარია ეს პოზიცია ამას დრო აჩვენებს. აღსანიშნავია, რომ 2006 და 2010 წლებშიც მთავრობამ გაილაშქრა გარემოვაჭრეების წინააღმდეგ, თუმცა წინა ხელისუფლება მალევე წავიდა დათმობაზე და კვლავ მისცა მოსახლეობას ქუჩაში ვაჭრობის საშუალება.

არაფორმალური ეკონომიკა და გარემოვაჭრეობა: გამომწვევი მიზეზები

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პოსტკომუნისტურ სივრცეში ძირითადად ოპერირებდა ტრანზიციის ორი მოდელი: შოკური თერაპია და გრადუალისტური ტრანზიცია. შოკური თერაპიის ინტელექტუალური ისტორია ჩიკაგოს უნივერსიტეტში თავმოყრილ ეკონომისტებს და მათ ძიებებს უკავშირდება, რაც გულისხმობს ეკონომიკური სისტემის სწრაფ ლიბერალიზაციას და პრივატიზაციის ეთოსის სრულ წახალისებას და მხარდაჭერას. მარტივად რომ ვთქვათ, შოკური თერაპიის მოდელი გულისხმობს რთულ და მტკივნეულ ეკონომიკურ გარდაქმნებს რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ნეოლიბერალური დემოკრატიის ფორმაციას. ამის საპირისპიროდ, ტრანზიციის გრადუალისტური მიდგომა გულისხმობსარაკაპიტალისტური სისტემიდან კაპიტალისტურზე გადასვლის ნელ და უმტკივნეულო პროცესს, რომელიც უპირისპირდება სწრაფი პრივატიზაციისა და ეკონომიკური ცხოვრების ნეოლიბერალიზაციის ლოგიკას.

მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს რომ, თუკი ქვეყნის მიზანი მსხვილი კაპიტალის გაბატონება და ნეოლიბერალიზაციაა, მაშინ შოკური თერაპია ამ მიზანზე ყველაზე კარგად მორგებული მოდელია. მაგრამ, თუკი მიზანი დემოკრატიზაცია და საშუალო კლასის გაძლიერებაა მაშინ ამ მიზანზე ყველაზე კარგად მორგებული სტრატეგია გრადუალისტური მოდელია. 1990-იან წლებში, საქართველომ, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანამ, ტრანზიციის მოდელად შოკური თერაპიის მკაცრი ელემენტები აირჩია, რამაც საკმაოდ დრამატული სოციალური შედეგები მოიტანა, მათ შორის სიღარიბის, უმუშევრობის და უთანასწორობის არნახულად მზარდი ტენდენციები.

ამასთან აღსანიშნავია 90-იანი წლების დასაწყისში ახალადშექმნილი ქვეყნის წინაშე წარმოშობილი მწვავე პრობლემები, როგორიც იყო ომები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რომლის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიები იქნა ოკუპირებული. რასაც დაემატა შიდა სამოქალაქო ომი, ხოლო შემდგომ ჰიპერინფლაცია და ფინანსური კრიზისი. რა თქმა უნდა ასეთ მოკლე დროში ერთმანეთს მიყოლებულმა უარყოფითმა მოლენებმა თავისი ზეგავლენა ჰპოვა ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკური ცხოვრების დონეზე, გაიზარდა სიღარიბე, სოციალური უთანასწორობა და უმუშევრობა.

გამომდინარე იქედან, რომ საქართველომ აირჩია ეკონომიკური ტრანზიციის ნეოლიბერალური პოლიტიკა, არაფორმალური სექტორი გახდა ადამიანთა დასაქმების ყველაზე ფართოდ გავრცელებული შესაძლებლობა. 1999-2007 წლებში საქართველოში არაფორმალური ეკონომიკა საშუალოდ მშპ-ს 68,8%-ს შეადგენდა.[1] სხვადსხვა პროფესიის ადამიანებმა, რომლებმაც ვერ იპოვეს თავიანთი ადგილი ახალ კაპიტალისტური წესრიგის პირობებში, ხელი მიჰყვეს გარემოვაჭრეობას, რადგან ამით ისინი ერთის მხრივ თავიდან ირიდებდნენ გადასახადების გადახდას და მეორეს მხრივ ეს გახდა ერთგვარი სამეწარმეო საქმიანობის ფორმა რომელიც თავიდანვე არ მოითხოვდა ფართო ფინანსურ ინვესტიციას.

ურთიერთობა სახელწმიფოს და გარემოვაჭრეებს შორის: ევროპა და საქართველო

ურთიერთობები გარემოვაჭრეებსა და პოსტსაბჭოთა ქართულ სახელმწიფოს შორის ძირითადად კონფლიქტური იყო. თუმცა, მათი საქმიანობის აკრძალვა აქტიურ დღის წესრიგში ეხლა დადგა. ამის მიზეზად სახელმწიფო ასახელებს ქალაქის იერსახის დამახინჯებას და ქვეყნის იმიჯს. ძირითადი პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ სიღარიბე და დრამატული ეკონომიკური პირობები ყოველთვის ნეგატიურად აისახება ქვეყნის ესთეტიურ განვითარებაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეუძლებელია ქვეყნის იერსახეზე ზრუნვა თუკი პირველ რიგში არ შეიცვალა მიდგომები და დიალექტიკა თანასწორობის და სიღარიბის დაძლევის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის იერსახის დამახინჯება არ არის შედეგი გარემოვაჭრეობის, ეს არის შედეგი სიღარიბისა, მზარდი უმუშევრობისა და უთანასწორობის, რამაც თავის მხრივ წაახალისა და ძალა შემატა არაფორმალურ სექტორში ადამიანთა მეტ ჩართულობას. შესაბამისად, სიღარიბის დაძლევა და თანასწორობის შესახებ მსჯელობის დაბრუნება არის ალბათ ის პირობა რამაც უნდა დაასუსტოს არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობა და ამით ხელი შეუწყოს ურბანული სივრცის ესთეტიურ განვითარებას.

თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ გარემოვაჭრეობა არ არის მხოლოდ განვითარებადი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს პრობლემა. ასეთ ტენდენციებს ჩვენ ასევე ვხედავთ ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებში სადაც გარემოვაჭრეები საკამოდ თვალშისაცემი ერთგვარი სოციალური ფენაა. თუმცა ეს გამოცდილება იმით განსხვავდება ქართული გამოცდილებიდან, რომ ევროპაში გარემოვაჭრეების დიდი ნაწილი მიგრანტები არიან, რომლებიც აზიისა და აფრიკის განვითარებადი ქვეყნებიდან ევროპაში შრომითი მიგრაციის მიზნით გაემგზავრენ. ასევე, ევროპაში გარემოვაჭრეები ძირითადად დაკავებულნი არიან არასაკვები პროდუქტების რეალიზებით, რაც ცხადია ისევ განსხვავდება ქართული გამოცდილებისგან სადაც სახელმწიფო გარემოვაჭრეთა წინააღმდეგ ერთ-ერთ არგუმენტად საკვებ პროდუქტების ხარისხიანობას ასახელებს, რადგანაც გარემოვაჭრეების საკამოდ სოლიდური ნაწილი საქართველოში საკვები პროდუქტების რეალიზებით არიან დაკავებულნი. ევროკავშირის ქვეყნებში, მაგალითად დანიაში გარემოვაჭრეები გადიან რეგისტრაციის მარტივ პროცედურას ვაჭრობის დაწყებამდე ორი დღით ადრე სპეციალური ვებ-გვერდის საშუალებით. რეგისტრაცია უნდა განახლდეს ყოველწლიურად, რადგან ერთი წლის გასვლის შემდგომ მონაცემები ბაზიდან ავტომატურად უქმდება. გარდა ამისა, საკვებით ვაჭრობის შემთხვევაში გარემოვაჭრეებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია საკვებით კონტროლის სამსახურთან, შესაბამისი რეგულაციების შესახებ.

ხარისხის კონტროლის დასუსტება ან თუნდაც ასეთი სისტემის მოშლა ნეოლიბერალური ეკონომიკისთვის დამახასიათებელი პროცესიარადგან იგი გულისხმობს სახელმწიფოს ნაკლებ ჩართულობას ეკონომიკურ ცხოვრებაში. ცხადია ასეთ პირობებში, სახელმწიფო ასუსტებს ხარისხის კონტროლის პოლიტიკას ან სულაც აუქმებს მას. მიხეილ სააკაშვილის მთავრობის პოლიტიკა შეიძლება ითქვას, რომ იყო დასაწყისი საქართველოში სახელმწიფოს მიერ ხარისხის კონტროლის უკიდურესი შესუსტების. იმდროინდელმა, ქართულმა ნეოლიბერალურმა პოსტსაბჭოთა სახელმწიფომ შეზღუდა და უკიდურესად დაასუსტა სოციალურად ანგარიშვალდებული სახელმწიფოს იდეა, რამაც ხელი შეუწყო ხარისხის კონტროლის ფაქტიურ გაუქმებას და ცხადია ასეთ პირობებში, ანუ ერთგვარი ქაოტური ეკონომიკური წესრიგის პირობებში, ადამიანი დამოკიდებული იყო მხოლოდ საკუთარ თავზე, რაც გულისხმობდა შეგუებას ისეთ წესრიგთან რა დროსაც საკუთარ ცხოვრებაზე მხოლოდ თავად არის პასუხისმგებელი, მათ შორის იმაზეც დააზიანებს თუ არა მის ჯანმრთელობას უხარისხო პროდუქტი.

ამ მხრივ კი მდგომარეობა კარდინალურად განსხვავდება ევროპაში, სადაც სურსათზე კონტროლი არის ევროპული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ერთგვარი ღირებულებაც კი. ამიტომ, ცხადია უმეტეს ევროპულ ქვეყნებში საკვებით გარევაჭრობა დასაშვებია მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში და გარკვეული პერიოდებით რაც გამოხატება მაგალითად ფერმერთა საკვირაო ბაზრობებით, საშობაო ბაზრობებით და ასე შემდეგ.

კანონმდებლობა
,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ”  საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლში განმარტებულია თბილისის თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილებები. გარემოვაჭრეობის რეგულირებაც შედის თბილისის მერიის იურისდიქციაში. 
2014 წელს ძალაში შევიდა საკონონმდებლო ცვლილების შემდეგ გარემოვაჭრეობის საკითხი შემდეგი ფორმით რეგულირდება, – „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 161-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის საკრებულო ადგენს:

  1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობად მიჩნეულ იქნეს ქალაქის ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა.
  2. მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობისათვის დასაშვები საქონლის ნომენკლატურა განისაზღვრება . თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.
  3. საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ ქალაქის იერსახის მოთხოვნებს და არ შეაფერხონ ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ვაჭრობა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულჰიგიენური მოთხოვნების, სხვა ნორმებისა და წესების დაცვით.
  4. . თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით რეგულირდება გარე ვაჭრობის კონკრეტული ადგილები, ამ ადგილებით სარგებლობის ფორმები, სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობა და ამისათვის განსახორციელებელი საჭირო ღონისძიებები;
  5. ძალადაკარგულად გამოცხადდესგარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 29 დეკემბრის №4-27 გადაწყვეტილება.
  6. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე“.

თუმცა, როგორც ირკვევა თბილისის საკრებულოს  არა აქვს განსაზღვრული მე-2 პუნქტში ნახსენები დასაშვები საქონლის ნომენკლატურა, ასევე გარევაჭრობისთვის განკუთვნილი ადგილები და ამ ადგილებით სარგებლობის შესაბამისი ფორმები. ამასთან, მას ვინც ქუჩაში ვაჭრობით საქმიანობს უნდა ჰქონდეთ ნებართვა, თუმცა მერია არ აძლევს საშუალებას, რომ შესაბამისი ნებართვა მოიპოვოს, იმიტომ რომ თავად არ აქვს გაწერილი ასეთი პროცედურა და, მეორე მხრივ, არ ახდენს ადმინისტრირებას სამართალდარღვევის და დამოკიდებულს ხდის ადამიანების ყოველდღიურ საქმიანობას მერიის შესაბამისი სამსახურების კეთილ ნებაზე.

რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ

ყველაზე მთავარი რაც თანამედროვე ქართულმა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს არის იმგვარი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება, რაც ხელს შეუწყობს სიღარიბის შემცირებას და თანასწორობის ზრდას. თუმცა ცხადია ეს არ შეიძლება მოხდეს ისე სწრაფად, რომ გარემოვაჭრეებმა უარი თქვან საკუთარ საქმიანობაზე. საჭიროა შედგეს ერთგვარი კომპრომისი სახელმწიფოსა და გარემოვაჭრეებს შორის, რაც პირველ რიგში ორიენტირებული იქნება გარემოვაჭრეთა სოციალური რეალობის გაუმჯობესებაზე მაგ. მათ მიმართ დასაქმების სპეციფიკური სტრატეგიის შემუშავება. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გააძლიეროს კონტროლი სურსათზე, როგორც გარემოვაჭრეებზე ასევე მსხვილ სასურსათო ფირმებზეც, რადგან სურსათის უვნებლობა ზოგად პრობლემად არის ქცეული და არ ეხება მხოლოდ გარემოვაჭრეებს.

ამასთან აუცილებელია მერიამ მიიღოს ახალი ნორმატიული აქტი გარემოვაჭრეობის შესახებ, რომლითაც მოხდება ამ საქმიანობის მკაცრ ჩარჩოებში მოქცევა. ასე მაგალითად, წინასწარ განისაზღვრება ის ადგილები სადაც გარევაჭრობა შეიძლება განხორციელდეს, ასევე იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რაც ქუჩაში შეიძლება გაიყიდოს. თვითმმართველობა შეიძლება უზრუნველყოს გარკვეული ინფრასტრუქტურის მოწყობაც ასეთ ადგილებში, რომ ვიზუალურადაც არ დამახინჯდეს ქალაქი. ამასთან აუცილებელია ნებართვების სისტემის დანერგვა. კერძოდ, პირს რომელიც ქუჩაში ვაჭრობას გადაწყვეტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ამაზე მერიის ნებართვა და ეს ნებართვა არ უნდა იყოს მუდმივი, არამედ დროის გარკვეულ პერიოდზე უნდა იყოს გათვლილი.

რეკომენდაციები

 

1. გარემოვაჭრეთა ჩართვა დასაქმების პროგრამებში. ასევე, სპეციალური გადამზადებისა და დასაქმების პროგრამების შექმნა გარემოვაჭრეებისთვის.

 

2. გარემოვაჭრეთა რეგისტრაციის მარტივი ფორმის შექმნა და დროებითი ნებართვების სისტემის დანერგვა.

 

3. ქუჩაში გასაყიდი პროდუქციის ჩამონათვალის გაკეთება და შესაბამისი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბება.

 

4. ქუჩაში სურსათით ვაჭრობის რეგულირების მექანიზმების ჩამოყალიბება.

 

5. გარემოვაჭრეებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.