ფოტო გარეკანზე, წყარო: flickr
საქართველოს ყველა ყოფილი და ახლანდელი მთავრობა აცხადებდა და აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის უალტერნატივო არჩევანი. საქართველომ 2014 წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რითიც განამტკიცა ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობები მრავალი მიმართულებით. ამასთან, ქართული პოლიტიკური ელიტა გამოხატავს მტკიცე სურვილს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ. შესაბამისად, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მეტწილად დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განვითარდება მოვლენები ევროკავშირში. მოყოლებული 2008 წლიდან, ევროკავშირში ევროსკეპტიკური განწყობები იზრდება, რაც გამოწვეულია ფინანსური კრიზისის და ეკონომიკური ვარდნის უარყოფითი შედეგებით. „ბრექსითი“ იყო ერთგვარი კვინტესენცია ევროკავშირში ამგვარი განწყობების ზრდის მხრივ. შესაძლოა, დეზინტეგრაციულმა პროცესებმა ევროპული პროექტი დასასრულამდე მიიყვანოს. მემარჯვენე პოპულისტური ტენდენციების ზრდა, მათ შორის დასავლეთ ევროპაში კიდევ უფრო ზრდის ამგვარი ნეგატიური დასასრულის ალბათობას. ევროკავშირის მომავალი ასევე დამოკიდებულია საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც მიმდინარე წლის 7 მაისს გაიმართება. საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატი მარინ ლე პენი ღიად აცხადებს სურვილს საფრანგეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შესახებ. თუმცა, პოლიტიკური განწყობები საფრანგეთშიც და სხვა ევროპულ სახელმწიფოებშიც ევროპის მიმართ, კორელაციაშია იმასთან თუ როგორ წარიმართება მოლაპარაკებები ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის „ბრექსითის“ შესახებ.
„ბრექსითის“ მიზეზები
თანამედროვე ეკონომისტთა დიდი ნაწილი თანხმდება, რომ „ბრექსითის“ უმთავრესი მიზეზი იყო 1980-იანი წლებიდან მოყოლებული დიდ ბრიტანეთში არსებული ეკონომიკური უთანასწორობის ზრდა. სიმდიდრის გლობალური ეკონომიკური გადანაწილების მხრივ 1988 წლის შემდგომ ყველაზე ნაკლებად იხეირა დასავლეთ ევროპის, მათ შორის დიდი ბრიტანეთის საშუალო და მუშათა კლასმა. ამის შედეგად შეიქმნა, ე.წ. „ოუთსაიდერების“ უზარმაზარი ფენა, რომელიც უკმაყოფილო იყო გლობალიზაციის შედეგებით. ბრიტანული საშუალო ფენა და მუშათა კლასი, ეკონომიკური განვითარების ამგვარ ნეგატიურ შედეგებს მიაწერდა ერთი მხრივ ევროკავშირს და მეორე მხრივ კი მიგრაციულ ზეწოლას.
პოლიტიკურ კომენტატორთა და მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „ბრექსითი“ იყო პასუხი გლობალიზაციის წინააღმდეგ. პროპორციულად „ბრექსითს“ უფრო მეტმა დაუჭირა მხარი ცენტრალური და ჩრდილოეთი საგრაფოებიდან, სადაც დეინდუსტრიალიზაციის მაღალი დონე იყო და ხელფასები არ იზრდებოდა. რეფერენდუმის წინ არსებული დევიზი „take back control“, სწორედ ამგვარი განწყობების აქტუალობაზე მიუთითებს. ეკონომიკური უთანასწორობის ზრდას ემატება მიგრაციული პრობლემებიც. დაბალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებს მეტწილად მიგრანტები იკავებენ, რაც ბუნებრივად იქცევა ქსენოფობიური განწყობების მიზეზად.
„ბრექსითის“ პროცედურა
2016 წლის რეფერენდუმზე ბრიტანეთის მოსახლეობამ მცირე უმრავლესობით (51.89%) მხარი დაუჭირა ევროკავშირის დატოვებას. მიმდინარე წლის 29 მარტს ბრიტანეთის მთავრობამ ვესტმინსტერის თანხმობის საფუძველზე დაიწყო „ბრექსითის“ პროცესზე მუშაობა. შესაბამისი წერილი გაეგზავნა ევროკავშირს და გადაეცა დონალდ ტუსკს (ევროპული საბჭოს პრეზიდენტს), ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის პროცედურის ამოქმედების შესახებ. ამ მუხლის მიხედვით, ბრიტანეთს და ევროკავშირს აქვთ 2 წელი მოლაპარაკებისთვის, რომელიც 2019 წლის აპრილში უნდა დასრულდეს. თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ ამ ვადაში შესაბამის პირობებზე, ბრიტანეთი მაინც ავტომატურად გაირიცხება ევროკავშირის წევრობიდან. „ბრექსითის“ მნიშვნელოვანი ეტაპები იქნება: ევროპული საბჭოს სამიტი მოლაპარაკების პირობებზე შეთანხმების შესახებ, ევროკავშირის 27 სახელმწიფოსა და ბრიტანეთის სამიტი მოლაპარაკების პროცესის შეთანხმებაზე (ივლისში), გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნები (2017 წლის სექტემბერში ჩატარდება და მოახდენს გავლენას მოლაპარაკების შინაარსზე და პროცესზეც, იქიდან გამომდინარე თუ რომელი პარტია მოვა სათავეში), მოლაპარაკების დამთავრება (რატიფიკაციის დაწყება 2018 წლის ბოლოს) და 2019 წელს შესაბამისი შეთანხმების რატიფიკაცია და ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება.
„განხეთქილების ვაშლი“ ანუ კრიტიკული საკითხები მოლაპარაკების პროცესში
როგორც ზემოთ არის აღნიშნული ბრიტანული ელექტორატის ის ნაწილი, ვინც ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი უკმაყოფილოა ბრიტანეთში არსებული ეკონომიკური სტაგნაციით, საშუალო ფენისა და მუშათა კლასის გაღარიბებით და მიგრაციული ზეწოლით. ამიტომაც, ბრიტანეთის კონსერვატიული მთავრობა, ტერეზა მეის მეთაურობით ცდილობს მხედველობაში მიიღოს ამომრჩეველთა უმრავლესობის განწყობები და დააწესოს მკაცრი შეზღუდვები გადაადგილების თავისუფლებაზე. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა თავის მხრივ საფრთხეს უქმნის ევროკავშირის 4 თავისუფლების იდეას, რომელთაგან ერთ-ერთი გადაადგილების თავისუფლებაა ევროკავშირის შიგნით. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თავის ერთ-ერთ მოხსენებაში პირდაპირ დაუკავშირა გადაადგილების თავისუფლების პრინციპი „ერთიანი ბაზრის“ (single market) წევრობასთან, იმაზე მინიშნებით რომ თუ დიდი ბრიტანეთი შეზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას, იგი დაკარგავს ერთიანი ბაზრის წევრობას. მეორე მხრივ, ტერეზა მეი ამ პროცესში უპირატესობას ანიჭებს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და ერთიანი ბაზრის წევრობას მეორე ადგილზე აყენებს, რაც მიანიშნებს იმაზე რომ ბრიტანეთის მზადყოფნაზე დატოვოს „ერთიანი ბაზარი“. „ერთიანი ბაზრის“ დატოვება საფრთხეს უქმნის ბრიტანეთში არსებულ საწარმოებს, რომლებიც თავიანთი პროდუქციის ექსპორტს ახდნენ ევროკავშირში. 2015 წლის მონაცემებით ბრიტანული ექსპორტის 46% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმა არ არსებობს, თუმცა ბრიტანეთის სურვილია ევროკავშირთან დადოს ახალი სავაჭრო ხელშეკრულება, რომელიც შეუნარჩუნებს ბრიტანულ კომპანიებს ევროკავშირის ბაზრის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას. ამ მხრივ მოდელად განიხილება ევროკავშირ-ნორვეგიის სავაჭრო ურთიერთობა, თუმცა სკეპტიკოსები მიიჩნევენ რომ ამგვარი ხელშეკრულების მომზადებაზე მუშაობას შესაძლოა ორი წელი არ ეყოს. იმ შემთხვევაში თუ სავაჭრო საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხდება ბრიტანეთი ემუქრება ევროკავშირს დაბალი გადასახადებით და ფაქტიურად ბრიტანეთის დიდ ოფშორად გადაქცევით, რითიც მიიზიდავს ევროპულ ფინანსებს. ბრიტანული ოპოზიციის ლიდერის ჯერემი კორბინის მოსაზრებით ეს არის ევროკავშირის შანტაჟი, რომელიც ასევე წინააღმდეგობაში მოდის ბრიტანელთა ინტერესებთან, რადგან ახალისებს „სრბოლას ფსკერისკენ“. მეორე უმთავრესი საკითხი, რომელიც დგას ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში ეხება ჯარიმას, რომლის გადახდაც შეუძლია მოუწიოს დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლის გამო. ეს ჯარიმა შეადგენს 60 მილიარდ ევროს. რასაკვირველია, დიდი ბრიტანეთი ამ ეტაპზე უარს ამბობს ამ ჯარიმის გადახდაზე და უფრო მკაცრი პოზიციის მატარებლები ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ თავად ევროკავშირს აქვს დიდი ბრიტანეთის ვალი. ამის გამო ბრიტანეთის პოზიციაა, შეთანხმება მოხერხდეს ერთობლივად როგორც სავაჭრო საკითხებზე, ასევე ბრიტანეთის გასვლის პირობებზე (ანუ ჯარიმის გადახდა-არ გადახდაზე). თავის მხრივ ევროკავშირის პირობაა, რომ ჯერ ბრიტანეთი უნდა დათანხმდეს ჯარიმის გადახდას და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ვაჭრობის საკითხზე შეთანხმება, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ბრიტანეთისთვის ერთი მხრივ ბრიტანული კომპანიების ინტერესებიდან გამომდინარე და მეორე მხრივ დიდი ბრიტანეთის ერთიანობის კუთხით. კერძოდ, შოტლანდიის მთავრობამ უკვე მიმართა დიდი ბრიტანეთს დამოუკიდებლობის თაობაზე ახალი რეფერენდუმის ჩატარებაზე 2018 წლის შემოდგომიდან 2019 გაზაფხულამდე. ამის მიზეზი ის არის რომ შოტლანდიას არ სურს „ერთიანი ბაზრის“ დატოვება. თავის მხრივ, ბრიტანეთის მთავრობა ყველანაირად შეეცდება დაბლოკავს შოტლანდიის რეფერენდუმი ევროკავშირთან მოლაპარაკების დასრულებამდე, რაზეც უკვე ტერეზა მეიმ საკუთრი პოზიცია დააფიქსირა.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.