უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს ეჭვმიტანილის სტატუსი მიანიჭა

12:51, 14.09.2026

გენერალურმა პროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, სიმიონ კრივონოაის მიმართ ეჭვმიტანილის სტატუსი გამოსცა.

ამასთან, ანტიკორუფციული პროკურატურის სპეციალიზებულ ოფისს ბრალი დასდო „ოპერაცია კართაგენის“ ფარგლებში მათივე ხელმძღვანელების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჩხრეკისას მასალების ამოღებაში.

აღნიშნულზე კრავჩენკომ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„ოპერაცია „კართაგენი“ მხოლოდ ჩემ წინააღმდეგ არ იყო მიმართული. მისი ნამდვილი მიზანი NABU-სა და SAPO-ს თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების მასალებზე წვდომის მოპოვება იყო, რასაც გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლება და აღნიშნულ საქმეებზე საპროცესო გადაწყვეტილებების მიღების შეჩერება უნდა მოჰყოლოდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კრავჩენკომ ასევე განაცხადა, რომ გენერალური პროკურატურის შენობაში ჩატარებული ჩხრეკისას უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა (NABU) და ანტიკორუფციული პროკურატურის სპეციალიზებული ოფისის (SAPO) წარმომადგენლებმა წვდომა მიიღეს კანონით დაცულ საქმის მასალებზე.

სავარაუდოდ, მოხდა ზოგიერთ დოკუმენტისა და ელექტრონული მონაცემის მოპარვა და ასლის გადაღება. რუსლან კრავჩენკომ ასევე აღნიშნა, რომ გენერალური პროკურატურის წინააღმდეგ მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 4 სექტემბერს გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და ანტიკორუფციული პროკურატურის სპეციალიზებული ოფისის წარმომადგენლები გენერალური პროკურორის, რუსლან კრავჩენკოს, მისი მოადგილის, მარია ვდოვიჩენკოსა და ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის სახლებში ატარებდნენ ჩხრეკას.

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ კორუფციული სკანდალის გამოძიების ფონზე რუსლან კრავჩენკომ გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 7 სექტემბერს განაცხადა, თუმცა ამ დრომდე თანამდებობაზე რჩება.

მსგავსი