საბა ხარებაშვილი – ეს დღე ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება #1TVSPORT
საბა ხარებაშვილმა საქართველოს ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა შეაფასა – „დინამო თბილისის“ მცველი ფარერის კუნძულების ნაკრებთან მატჩში შეცვლაზე შევიდა და საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა – ის მატჩის დროს 16 წლის, 9 თვისა და 2 დღის იყო.
„დაუვიწყარი ემოცია იყო. მოედანზე რომ შევდიოდი, ბავშვობაში რა ოცნებაც მქონდა, ყველაფერი თვალწინ დამიდგა – ეს დღე ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება.
განსაკუთრებული და ამაღელვებელი მომენტი იყო, რომ ეროვნულ ნაკრებში დებიუტი სახლში, „დინამო არენაზე“ მქონდა და თავს თავისუფლად ვგრძნობდი.
დაძაბული შეხვედრა გვქონდა, მეტოქე დაცვაში კომპაქტურად და ორგანიზებულად თამაშობდა, მაგრამ მოვინდომეთ და მოვიგეთ. თან ეს მოგება მივუძღვენით გიორგი ლორიას, რომელიც ქართული ფეხბურთის ლეგენდაა. მეც მინდა, მადლობა გადავუხადო იმისთვის, რაც ეროვნული ნაკრებისთვის აქვს გაკეთებული. მართალია, ახლა პირველად მომიხდა მასთან ერთად თამაში, მაგრამ საქართველოს ნაკრებში მას ყოველთვის ვგულშემატკივრობდი.
ნაკრებში ფეხბურთელებმა კარგად მიმიღეს, გუნდში ოჯახური გარემოა, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს“, – თქვა საბა ხარებაშვილმა.