თბილისის „დინამოს“ 18 წლის მცველით ევროპული კლუბები დაინტერესდნენ #1TVSPORT
თბილისის „დინამოს“ 18 წლის მცველით ევროპული კლუბები დაინტერესდნენ #1TVSPORT

ნიდერლანდური და ესპანური კლუბები ქართველი ვუნდერკინდის, გიორგი ლომიძისთვის ბრძოლაში ერთვებიან, – „დინამო თბილისის“ ახალგაზრდა მოთამაშის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი რუდი გალეტი საკუთარ გვერდზე წერს.

„გიორგი ლომიძე აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ახალგაზრდა მცველია. ახლა ნიჭიერი ქართველი უკანახაზელის დასამატებლად ბრძოლაში ნიდერლანდური და ესპანური კლუბები ჩაერთვნენ.

„დინამო თბილისის“ 18 წლის ფეხბურთელი ბოლო წლებში კლუბის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება. 1.94 მეტრი სიმაღლის ლომიძე შთამბეჭდავ ფიზიკურ ძალას ინტელექტსა და ტექნიკას უხამებს, მისი აღნაგობის მოთამაშისთვის კი გასაოცარი სიჩქარით გამოირჩევა.

2008 წელს დაბადებული ფეხბურთელი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანია. ის თანდათან ინტეგრირდება „დინამო თბილისის“ პირველ გუნდში, კლუბი კი მის განვითარებას ყურადღებით აკვირდება.

კლუბში სჯერათ, რომ საბა ხარებაშვილის (რომელიც ამ ზაფხულს სტამბოლის „ბაშაქშეჰირს“ შეუერთდება) კვალდაკვალ, ლომიძე „დინამო თბილისის“ აკადემიის მორიგი დიდი საერთაშორისო ტრანსფერი გახდება.

რამდენიმე ევროპული კლუბის სკაუტი მთელი სეზონის განმავლობაში ყურადღებით აკვირდებოდა მის პროგრესს. ისინი აღფრთოვანებულნი დარჩნენ არა მხოლოდ მისი დაცვითი უნარებით, არამედ ასაკისთვის უჩვეულო სიმწიფითა და ლიდერული თვისებებით.

ნიდერლანდური და ესპანური კლუბების მხრიდან მზარდი ინტერესი ადასტურებს, თუ რამდენად მაღალ შეფასებას იმსახურებს ლომიძე ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ ისევ „დინამო თბილისის“ წევრია, ჩნდება მოლოდინი, რომ მხოლოდ დროის საკითხია, თუ როდის გადადგამს ის კარიერაში შემდეგ დიდ ნაბიჯს“, – წერს გალეტი.