ლევან იოსელიანი – საერთაშორისო სანქციებს ხელისუფლება უნდა მიუერთდეს და ნაწილობრივ მიერთებულიც არის
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ საქართველოში პოლარიზაციის შემცირება ვერ იქნება ერთ მხარეზე დამოკიდებული, რადგან ბუნებრივად, არსებობს ორი ან მეტი მხარე.
„პოლარიზაციაში არის ჩართული ორი ან მეტი მხარე და ყველას უნდა ჰქონდეს ამისი სურვილი. ყველას პასუხისმგებლობაა ნაბიჯების გადადგმა მის შესამცირებლად. მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე, ვისაც აქვს რესურსი, რათა გამოავლინოს პოლიტიკური ნება; თუნდაც, ამნისტიის კანონპროექტზე შევძლოთ შეთანხმება, ეს იქნება ერთი ნაბიჯი პოლარიზაციის შემცირებისკენ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
იოსელიანმა ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინასთან დაკავშირებულ სანქციებზე. მისი მოსაზრებით, საერთაშორისო სანქციებს ხელისუფლება უნდა მიუერთდეს და ნაწილობრივ მიერთებულიც არის.
„კონკრეტული შემთხვევები არის, როცა კომპანიებს დაედოთ ყადაღა, რადგან ის მოხვდა იმ საერთაშორისო სანქცირებულ პირთა საკუთრებაში. რაც შეეხება, როგორ უნდა გამოხატავდეს, უნდა იყოს თანმიმდევრული, რასაც ის აკეთებს ქვეყნის გარეთ, არის თანმიმდევრული, როცა მხარს უჭერს უკრაინის ხელისუფლებას და ინიციატივებს, ქვეყნის შიგნითაც ამის არტიკულირება არ უნდა ერიდებოდეს და თქვას ხმამაღლა, ეს დამაბნეველი ტონი და ენის მოჩლექვით საუბარი ხშირ შემთხვევაში ამ ქვეყანაში სხვანაირ განცდას აჩენს ადამიანებში, რომ ჩვენ ვერ ვბედავთ ხმამაღლა ვთქვათ ის, რასაც მთელი მსოფლიო ამბობს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ლევან იოსელიანის თქმით, ნათლად უნდა ითქვას გზავნილები, რომელიც არის უკრაინის მხარდამჭერი.
„მე მესმის სიფრთხილის, რომელსაც იჩენს ხელისუფლება, მაგრამ როდესაც ეს სიფრთხილე გადადის სილაჩრეში, ამ შემთხვევაში, ნათლად უნდა იყოს გზავნილები გაჟღერებული, რომელიც არის უკრაინის მხარდამჭერი და რომელიც არის იმ საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგის ნაწილი, რომლის ნაწილიც არის უკრაინა, რომლის ნაწილიც უნდა იყოს საქართველო. საქართველოს სხვა გამოსავალი არ აქვს, ერთი გამოსავალია, რასაც ისედაც გვთავაზობს ჩრდილოელი მეზობელი, გავხდეთ მისი ნაწილი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ამასთან, იოსელიანის თქმით, არ იზიარებს არც ერთ მოწოდებას, რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ძალის გამოყენებით დეოკუპაციას გულისხმობს.
„არ ვიზიარებ არც ერთ მოწოდებას, რომელიც გულისხმობს აფხაზეთში და სამაჩაბლოში ძალის გამოყენებით რაღაც ტიპის წესრიგის დამყარებას თუ დეოკუპაციას. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ამ ადამიანების ნდობა დავიბრუნოთ, ჩვენც თუ ისე უნდა მოვექცეთ, მათ, როგორც ჩვენ გვექცევა რუსეთი, მე ასეთი დეოკუპაციის მომხრე არ ვარ. ჩვენ რისთვის გვინდა აფხაზეთის დაბრუნება, იმიტომ, რომ ის გავწმინდოთ აფხაზებისგან, თუ იმიტომ, რომ აფხაზებთან შევქნათ ძლიერი სახელმწიფო და მოვნახოთ საერთო ენა. ესაა მთავარი, რომ საერთო ენა მოვნახოთ. ვინც ამის წინააღმდეგია და დღესაც ომზე ლაპარაკობს, ის საერთოდ საღი აზრი ჰქონდეს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.