ზაზა თავაძის მიმართვას, უმრავლესობასა და იუსტიციის საბჭოში პასუხობენ

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, ზაზა თავაძის მიმართვას, უმრავლესობასა და იუსტიციის საბჭოში პასუხობენ. საბჭოს არამოსამართლე წვერი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ გამონაკლისის დაშვება, პრივილეგიის მინიჭებას ნიშნავს, რაც მიუღებელია.

იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე კი, რომელიც თავადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, აცხადებს, რომ სხვა აპლიკანტთან დაკავშირებით, რაიმე სახის განცხადების გაკეთება, მისი მხრიდან არაეთიკური იქნება.

კომენტარი გააკეთა ანრი ოხანაშვილმაც. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, მსგავსი შემთხვევა რეგლამენტით გათვალისწინებული არ არის, თუმცა კომიტეტზე საკითხის განხილვა არ გამორიცხა.

შეგახსნებთ, რომ ზაზა თავაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართა. თავაძე წერს, რომ მისი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ეჭვი გაუჩნდათ, რის გამოც მისი კანდიდატურის განხილვის დროებით გადადებას ითხოვს, სანამ საკუთარ სიმართლეს არ დაამტკიცებს.

დატოვე კომენტარი