უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის წევრებსა და სამხედროებს მოუწოდა, არ გაასაჯაროონ უკრაინის შეიარაღებული ძალების გეგმები. ამის შესახებ განცხადება უკრაინის ლიდერმა ომის 169-ე დღის ბოლოს გამოქვეყნებულ ვიდეოში გააკეთა. ზელენსკი ასე გამოეხმაურა გენერალ-მაიორ დმიტრი მარჩენკოს ინტერვიუს, რომელშიც მან განაცხადა, რომ უკრაინა ხერსონის დეოკუპაციასა და ომის აქტიური ფაზის დასრულებას წლის ბოლომდე გეგმავს.
ამ განცხადებაზე დღეს კომენტარი გააკეთა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანნა მალიარმა. მისი თქმით, სამხედროები უკრაინის შეიარაღებული ძალების გეგმებზე არ უნდა საუბრობდნენ, ხოლო ჟურნალისტები არ უნდა კითხულობდნენ. მან ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო ინფორმაციის გამჟღავნება სისხლის სამართლის დანაშაულია.