ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა - ომის 158-ე დღე

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას ითხოვს, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდანაც. ამ თემაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ზელენსკის თქმით, ელენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების მასობრივი მკვლელობის შემდეგ, მსოფლიოსგან მხოლოდ რუსეთის დაგმობა საკმარისი არ არის და მას ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოს სტატუსი უნდა მიენიჭოს. უკრაინის პირველმა პირმა საუბრისას მოსახლეობასაც მიმართა და დონეცკის ოლქის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. „ამის გაკეთება ნამდვილად აუცილებელია. რაც უფრო მეტი ადამიანი დატოვებს დონეცკის ოლქს, მით ნაკლები ადამიანის მოკვლას მოასწრებს რუსეთის არმია“- განაცხადა ზელენსკიმ.