ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კვირის განმავლობაში 776 კვადრატული კილომეტრი ფართობის ტერიტორია გაათავისუფლეს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია 29 დასახლებული პუნქტი, მათ შორის ექვსი ლუგანსკის ოლქში. მისივე ინფორმაციით, კარგი შედეგია ქვეყნის სამხრეთშიც. უკრაინის ლიდერს, ავსტრალიურ უნივერსიტეტში ვიდეოგამოსვლისას გაკეთებული განცხადების განმარტებაც მოუწია.

ზელენსკის თქმით, ნატო-ს მხრიდან, რუსეთის წინააღმდეგ პრევენციულ დარტყმებში ის სანქციებს გულისხმობდა. „ბიბისი“-სთან საუბარში ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებისთვის საკუთარი საზოგადოების მომზადება დაიწყო, ამიტომ ახლა სანქციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.