ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

უკრაინის დაცვა რუსული რაკეტებისგან გლობალური უსაფრთხოების საბაზისო ელემენტია, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, კიევისთვის ანტისაჰაერო სისტემების გადაცემაზე მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს. რაც უფრო ხარისხიანი მხარდაჭერა ექნება უკრაინას, მით უფრო მალე დასრულდება ომი, – ამბობს პრეზიდენტი.

გამოსვლაში ზელენსკიმ ასევე ისაუბრა რუსეთის მხრიდან სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიტანილ იერიშებზე და თქვა, რომ მსოფლიოს რეაქცია ასეთ დარტყმებზე უნდა იყოს ხისტი და პრინციპული. ზელენსკიმ ასევე ილაპარაკა ქალაქ იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ სამარხებზე და განაცხადა, რომ მსოფლიომ აუცილებლად უნდა იცოდეს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულის შესახებ და მან რუსეთს პასუხი უნდა აგებინოს.